მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე

22.05.2020 • 1222
რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ზომიერი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში 1 საათზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს, ასრულებს მოზარდების 20%-ზე ნაკლები“, – წერია კვლევაში. ანგარიშის თანახმად – “ევროპის რეგიონის ქვეყნების ნაწილში კვლავ მატულობს მოზარდებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევათა რაოდენობა. კერძოდ, ეს პრობლემები ყოველ მეხუთე მოზარდს ეხება”.

კვლევის მიხედვით, მართალია, მოზარდებში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება შემცირებულია, თუმცა მოხმარების ბოლო მაჩვენებლები კვლავ მაღალია.

ასეთია ძირითადი მიგნებები კვლევისა, რომელშიც 2017-2018 წლებში 11, 13 და 15 წლის მოზარდები გამოკითხეს. კვლევაში 227 441 მოზარდი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით:

  • მოზარდების 48% ყოველდღიურად არ ჭამს არც ხილს და არც ბოსტნეულს (52% – ბიჭები, 44% – გოგონა).
  • მოზარდების მხოლოდ 2/3 იხეხავს კბილებს დღეში ორჯერ (73% – გოგონა, 57% – ბიჭი).
  • ყოველ ხუთ მოზარდში ერთს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე (25% – ბიჭები, 16% – გოგონები)
  • ოთხ მოზარდში ერთზე მეტმა თქვა, რომ თავს ძალიან მსუქნად მიიჩნევს (31% – გოგონა, 22% – ბიჭები).
  • მოზარდების მესამედზე მეტი (35%) მეგობრებს ეკონტაქტება ონლაინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში. პრევალენტობა უფრო მაღალია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.
  • მოზარდების 7%-მა დაასახელა, რომ პრობლემურად იყენებს სოციალურ მედიას, რაც ხასიათდება დამოკიდებულების მსგავსი სიმპტომებით.
  • ყოველი ოთხი მოზარდიდან ერთი აცხადებს, რომ ნერვიულობს, გაღიზიანებულად გრძნობს თავს ან განიცდის ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს ყოველკვირეულად.
  • კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქვეყნებიდან იმ მოზარდების 25-მა პროცენტმა, ანუ ოთხიდან ერთმა (15 წლის მოზარდთაგან), ვისაც ჰქონია სქესობრივი კავშირი, აღნიშნა, რომ არ გამოუყენებია კონტრაცეპტივი ბოლო აქტის დროს.
  • 15 წლის ასაკისთვის, ხუთიდან თითქმის სამი მოზარდი ამბობს, რომ დაულევია ალკოჰოლი ცხოვრების მანძილზე. ოთხიდან ერთს მოუწევია თამბაქო და შვიდიდან დაახლოებით ერთს – მარიხუანა.
  • მოზარდების მეოთხედმა თქვა, რომ სკოლა ძალიან მოსწონს. თუმცა, სკოლით კმაყოფილებამ მოზარდებში 2014 წლიდან იკლო ქვეყნების მესამედში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: