ბათუმი,მთავარი,სიახლეები

23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

22.05.2020 • 1620
23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში].

მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]; დახურულ საჯარო სივრცეში, დაწესებულებებში, მარკეტებში სავალდებულოა პირბადე და სხვა.

მთავრობის განცხადებით, „რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. აქედან დღემდე, ანუ 22 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 985 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 23 მილიონ 955 ათას ლარს გადააჭარბა.

ბოლო 5 დღე-ღამის  განმავლობაში, ანუ 17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 415 პირი დააჯარიმა. აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 382 პირი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 27, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 6 პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი გუშინ, 21 მაისს დაუჭირა. კენჭისყრას 101 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკნით, კანონპროექტი დასახვეწია სამართლებრივი ტექნიკისა და რედაქციული თვალსაზრისით:

https://netgazeti.ge/news/454501/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: