სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებული რედაქტორის სარჩელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის, მაია მერკვილაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

“თქვენ იგივე ფუნქციით და ხელფასით განაგრძობთ მუშაობას,” – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს პროდუსერობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი – მაია მერკვილაძე სასამართლოში იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს.

მაია მერკვილაძე ამ დროისთვის აჭარის რადიოში რედაქტორად მუშაობს.

მოსამართლემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოშორებულ ყოფილ რედაქტორს ასევე უთხრა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “პირდაპირი და უშუალო ზიანი” მოსარჩელისთვის არ მიუყენებია, ხოლო არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა.

“ამ გადაწყვეტილებით თუ არაფერი შეცვლილა, არ ვიცი. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,” – უთხრა მაია მერკვილაძემ მოსამართლეს, ვიდრე იგი სასამართლო დარბაზს დატოვებდა.

პენსიონერები პენსიას ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვამდე მიიღებენ

პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შეძლებენ – ამის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში.

„მოგეხსენებათ, პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს ლიბერთი ბანკის ფილიალებში მუდმივად რიგების, დისკომფორტის საბაბი იყო. პანდემიის პირობებში ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გარცელებისთვის. ყველამ ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად, გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება და ვერ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს რიგების შემცირება და, შესაბამისად, კორონავირუსის რისკგუფში მყოფი პენსიონერების დაცვა.

„ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არა ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 29-30 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მოზარდია – 27 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 2 საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, 4 – საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ოჯახის წევრებს, 2 – ქობულეთის საოჯახო სასტუმროს. ახალი შემთხვევიდან ერთი 15 წლის მოზარდია.

8 ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, აქ ამ დროისთვის სულ 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, კორონავირუსის დადასტურებულია 1447 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1190, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება – 5943, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი.

_________________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

ამოღებულია 2 კილოგრამამდე ჰეროინი, დაკავებულია ერთი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული – თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს.

„აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო“, – აცხადებს შს სამინისტრო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, განიკურნა 40 პაციენტი

27 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 40 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1447 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1190 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

___________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმის მერია მიწას ყიდის, მყიდველს კი ამ ნაკვეთთან ქუჩის მოწყობას ჰპირდება

ბათუმის მერია გმირთა ხეივნის მიმდებარედ, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ადგილას 5 958 კვ.მ. ტერიტორიას პირობიანი აუქციონით ყიდის. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 6 მილიონ 559 000 ლარია, ბიჯი  -100 000 ლარი.

საპრივატიზებო პირობაში მერია წერს, რომ გვერდით მიწის ნაკვეთზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მერია ქუჩას მოაწყობს, რომელიც მომიჯნავე ოძელაშვილის ქუჩას მიუერთდება.

მერიის ინფორმაციით, ქუჩის მოწყობას ხელს უშლის ოძელაშვილის ქუჩაზე №4-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი [113,27 კვ.მ.]. სწორედ ამ შენობის გამოსყიდვას სთხოვს მერია აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის პოტენციურ მყიდველს [სავარაუდოდ ქუჩის მოწყობის სანაცვლოდ].

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში მესაკუთრესთან უშუალო შეთანხმებით და საკუთარი ხარჯებით გამოისყიდოს ეს სახლი, მოახდინოს მისი დემონტაჟი, თავისუფალი მიწის ნაკვეთი კი ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში და საჯარო რეესტრშიც დაურეგისტრიროს.

აუქციონი 8 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

მთავარი ფოტო: მერია ქუჩის მოწყობას წითლად მოხაზულ ტერიტორიაზე გეგმავს, ხოლო მწვანედ მონიშნული ნაკვეთი მერიამ აუქციონზე გამოიტანა.

გახდებოდით თუ ვერა დაწყებითი კლასების მასწავლებელი [ტესტი]

ქვემოთ მოცემული კითხვები წელს, 2020 წლის ზაფხულში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე იყო გამოყენებული. ტესტი შედგებოდა ქართული ენის, ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  საკითხებისგან. ტესტის რეალური ვერსია 42-კითხვიანია. ჩვენ მის მარტივ, ადაპტირებულ და შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. თუ ჩვენი ტესტი ძალიან გეადვილად, შეგიძლიათ ნამდვილი საგამოცდო ტესტის ვერსიაც შეავსოთ, აი აქ.

რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფს მისივე მიღებული კანონების აღსრულებას? ვინ და როგორ უნდა იყოს ჩართული ბავშვის უფლებების დაცვაში, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ ძალადობის პირისპირ მარტო და დაუცველები და რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს.

  • ანა, რატომ ვერ იცავს კანონი საქართველოში ბავშვის უფლებებს და რა მაგალითები შეგვიძლია ავიღოთ ევროპული პრაქტიკიდან?

აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, საიდანაც მშობლები გავიდნენ შრომითი მიგრაციით, ბავშვების მონაცემთა ბაზა აქვს სოციალურ სამსახურს. უფრო მეტიც, მშობელი ვერ გავა ქვეყნიდან, თუ სოციალურ სამსახურს არ შეატყობინა. სოციალური სამსახური იღებს მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზედამხედველობას, რადგან ნათესავი, რომელთანაც ბავშვი დარჩა, არასანდოა ან არ შეუძლია ბავშვის მოვლა. ბავშვი რჩება ამ ადამიანთან, მაგრამ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის და მხარდაჭერის ქვეშ.

ამ მოდელის შესახებ ინფორმაცია მივიღე ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც ორი წლის წინ, ევროპაში გაიმართა და მთლიანად ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა. იქ გავეცანი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების პრაქტიკებსაც. ამ მიმართულებით ქვეყნები ძალიან შორს წავიდნენ, ეს საკითხი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, რადგან შრომითი მიგრაცია მზარდია და ეს არ შემცირდება. ყველა ქვეყანა მიხვდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ მოდელის დანერგვაზე ზრუნვა. როგორც აღმოჩნდა, იგივე რუმინეთში ასობით ათასი ბავშვი იყო დატოვებული წლების განმავლობაში მშობლების მეთვალყურეობის გარეშე და ამან მოიტანა უმძიმესი შედეგები, რადგან ამ ბავშვებს დააკლდათ მზრუნველობა.

იფიქრეს ქვეყნებმა და გადაწყვიტეს, რომ ბავშვების ინტერესია არ დაკარგონ მშობლები, ამიტომ არა მხოლოდ იმ ქვეყნის, საიდანაც წავიდა მშობელი, არამედ მიმღები ქვეყნის სოციალური სამსახურებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან. როცა მშობელს სჭირდება კომუნიკაცია შვილთან, უკავშირდებიან სოციალური სამსახურები ერთმანეთს და ეხმარებიან დედას, რომ ეს კომუნიკაცია შეინარჩუნოს. მეტსაც გეტყვით, სკოლები ვალდებულები არიან მიაწოდონ მიგრაციაში მყოფ მშობლებს ბავშვის ნიშნების ფურცელი, ვირტუალურად ჩართონ ე.წ. მშობელთა კრებებში, რადგან როგორც აღმოჩნდა, ეს ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ეს არის მშობლისთვისაც უმნიშვნელოვანესი, რომ არ გაუცხოვდეს ბავშვთან და იზრდება ალბათობა, რომ მშობელი უფრო მალე დაბრუნდება, ესეც კვლევებმა დაადასტურა.

რაც მთავარია, ამ ქვეყნებში ჩაატარეს კვლევები და გამოიკვლიეს, რომ სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ შეექმნათ განშორებულ დედას და ბავშვს, ან ბავშვი არ ჩაერთოს ანტისოციალურ ჯგუფებში, მისი ქცევა რომ არ შეიცვალოს, მშობელთან კავშირი უნდა არსებობდეს.

ქვეყნებმა და ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ აბსოლუტურად უმიზნოა იმაზე მოთქმა, რატომ მიდიან მშობლები ემიგრაციაში, ვერ შევამცირებთ შრომის მიგრაციას, ამიტომ ან ხელი უნდა შევუწყოთ მშობლებისა და შვილების კავშირების შენარჩუნებას.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ფორმით ზედამხედველობს ევროპაში სოციალური სამსახური მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვს?

სანამ მშობელი ქვეყნიდან გასულია, სოციალური სამსახური მარტო იმას კი არ ამოწმებს ფიზიკურად კარგად არის თუ არა ბავშვი, ამოწმებს იმასაც, მეორე მშობელი, ვინც დარჩა, ართმევს თუ არა თავს ბავშვზე ზრუნვას და ეხმარება მას.

საქართველოში, რადგან სამართლებრივი ცნობიერება ძალიან დაბალია, არ იციან, რომ ნათესავებს, იქნება ეს ბებია თუ სხვა, არ აქვთ უფლება ბავშვთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ მშობლის გარეშე. თუნდაც ის, რომ ბავშვს ჩაუტარონ რაიმე მკურნალობა და ა.შ. სამართლებრივად მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ყველა სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამაზე თვალს ხუჭავს. ეს ყველაფერი ევროპის ქვეყნებში ძალიან გამკაცრებულია.

ის, რომ მშობელი ბავშვს არ მოიკითხავს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში, შეუმჩნეველი ვერაფრით ვერ დარჩება მასწავლებლისთვის და თუ ამჩნევს, რომ ბავშვის ქცევა ან აკადემიური მოსწრება გაუარესდა, მასწავლებელი იწყებს კითხვების დასმას – ხომ არ წავიდა მშობელი, ანუ რა ცვლილება მოხდა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, სოციალურ სამსახურს, თუნდაც მშობელმა არ განუცხადოს, სკოლისგან ინფორმაცია მაინც აქვს.

როცა ჩვენს სოციალურ სამსახურს დავუსვით კითხვა ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ისინი არ ფლობენ ემიგრაციაში მყოფი მშობლების შესახებ ბაზებს, არც აღრიცხავენ და არც ვალდებულად თვლიან თავს, რომ ამ ბავშვებზე იზრუნონ, რაც არ არის სწორი. სწორედ ამიტომ მივმართავთ მედიას, დაგვეხმარონ, რომ სახელმწიფომ შეცვალოს დისკურსი.

  • საქართველოში ძალიან სუსტია სოციალური სამსახური. გვახსოვს სოციალურ მუშაკთა გამოსვლები, როცა ისინი საუბრობდნენ თავიანთი უფლებების დარღვევაზე სახელმწიფოს მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს, რატომ არ ხარჯავს ამაზე გაცილებით მეტ რესურსს?

ის, რომ სახელმწიფოს ასე მდგომარეობაში ჰყავს სოციალური სამსახური, ჩვენი აზრით, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა. სახელმწიფოს არ აქვს არჩევანი ან ნება რომ ეს არ გააკეთოს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. თუმცა, საქართველოში, სამწუხაროდ, არ ითხოვს სასამართლო, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება კარგად შეასრულოს.

  • ნათლად რომ ვაჩვენოთ, რის შესრულებაზეა აქ საუბარი. 

კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები არის დაცული კანონით. ამას მოყვება სოციალური დახმარების შესახებ კანონი, შემდეგ მოდის ცალკ-ცალკე კანონები, იქნება ეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი თუ სხვა, რომელიც უდიდეს მოვალეობებს აკისრებს სოციალურ სამსახურს და ამ მოვალეობების განხორციელება იმ რესურსებით რაც სოციალურ სამსახურს აქვს დღეს, შეუძლებელია. სწორედ ამის იგნორირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ, არასამთავრობოები მივმართავთ სასამართლოს, რომ მართლმსაჯულების კონტროლი განხორციელდეს. სამწუხაროდ არც პარლამენტი აკონტროლებს კანონის აღსრულებას, იმის მაგივრად, რომ ობიექტურად აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუდმივად ცდილობს პასუხისმგებლობის ტვირთი საზოგადოებას დააკისროს, როგორც ახლა აკეთებს 11 წლის ბავშვის ტრაგედიის შემთხვევაში.

რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს? – იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო ისეთი გადაწყვეტილება, სადაც დაიწერება, რომ ინდივიდუალური სოციალური მუშაკი აუცილებლად დაარღვევდა ბავშვის უფლებას, რადგან მას არ ჰქონდა რესურსი. დღეს კი ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასება არ ხდება სწორად, ყველა მიადგება ინდივიდუალურ სოციალურ მუშაკს, რომელსაც ფიზიკურად აღარ შეუძლია მეტის გაკეთება და სამართლებრივად ეს არის პრობლემური.

ჩვენ ბავშვთა უფლებების კომიტეტში ორი საქმე გვაქვს გაგზავნილი, სადაც ვასაჩივრებთ სისტემურ დარღვევებს და ვამბობთ, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიღმა გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც ყველა დაარღვევს კანონს.

  • საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები ან მზარდი ფსიქიკური დარღვევები მოზარდებში არ არის საკმარისი ნიშანი სახელმწიფოსთვის იმისთვის, რომ ამ პრობლემის მიმართ უფრო სენსიტიური გახდეს? როგორ უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ სხვა რაკურსიდან შეხედოს პრობლემას?

პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომელსაც დღეს ვერ გრძნობს. უნდა ვუთხრათ სახელმწიფოს – თქვენ არღვევთ ბავშვის უფლებებს ცუდი პოლიტიკით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სოციალური დაცვის პოლიტიკა არ გვაქვს, არა?! მაშინ რატომ გვგონია, რომ ბავშვები დაცულები იქნებიან. როგორ უნდა აღასრულო კანონი, თუ არ გაქვს პოლიტიკის ინსტრუმენტი, თუ არ გაქვს კანონქვემდებარე აქტები?

დღეს, სამწუხაროდ, არაინფორმირებული მსჯელობა მიდის ბავშვთა უფლებებზე, ვმსჯელობთ პოპულარულ ენაზე, მაშინ როცა ბავშვთა უფლებებს აქვს მკაცრი საზღვრები, აქვს თავისი მოთხოვნები და როცა ჩვენ ვმუშაობთ და შემდეგ ვსაუბრობთ კანონის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე, პარლამენტი აიოლებს ამ საკითხს და ბავშვთა უფლებების დარღვევას აფასებს როგორც მოვლენას, ამ ფაქტორების უგულებელყოფით.

  • პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე 11 წლის ბავშვის ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობას ოჯახის წევრებს და ახლობლებს აკისრებს და საყვედურობს, რომ მათ არ განაცხადეს ამის შესახებ. როგორი უნდა ყოფილიყო მისი შეფასება და მსჯელობა რეალურად?

მას უნდა ეთქვა, რომ კანონმდებლობას, სადაც წერია, რომ მეზობელს და ახლობელს აქვს ჩარევის და ბავშვის დაცვის ვალდებულება, სჭირდება აღსრულება. იმისათვის, რომ ეს კანონმდებლობა აღსრულდეს, უნდა ვიცოდეთ ვის ევალებოდა იმ მეზობლისთვის ეთქვა, რომ შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და რატომ არ მიაწოდა ეს ინფორმაცია მას. რა ფარგლებში ევალებოდა, რომელი პოლიტიკის დოკუმენტით ევალებოდა, მეზობლების კანონისმიერი ვალდებულებების შესახებ რატომ არ გვაქვს არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რატომ არის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის მასწავლებელს შეუტყობინებლობისთვის, არცერთხელ არ აღსრულებულა – აი, ამაზე უნდა ესაუბრა კილაძეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ბავშვის რეფერირებაზე უმოქმედობა არის დასჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არის სანქცია მთელ სკოლაზე ან მასწავლებელზე. როცა მოვითხოვეთ აღსრულება, გვიპასუხეს, რომ ვერ არკვევენ, ვინ უნდა გამოუწეროს სანქცია, წარმოგიდგენიათ? ოქმი ვინ უნდა ამოწეროს, ამაზე არ აქვთ პასუხი არც ჯანდაცვაში, არც პოლიციაში და არც განათლების სისტემაში. თუ არ ვიცით ვინ უნდა გამოუწეროს ოქმი, მაშინ ვერც კარგი კანონი აღსრულდება. თუ ბავშვზე ძალადობაზე ეჭვი შეგეპარა და რეფერირებას არ გააკეთებ, შენ უკვე სამართალდამრღვევი გამოდიხარ. აი, ამაზე უნდა ესაუბრა კილაძეს და არა რიტორიკული, დაახლოებით ფეისბუკის ტიპის განხილვები დაეწყო.

როცა ჩვენ ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ვსვამთ კითხვას – თუ ყველაფერი კანონით არის გარანტირებული, აღსრულება რატომ არ ხდება? კანონის აღსრულება ვერ იქნება ვინმეს კეთილი ნება, რადგან კანონი იმიტომ არის კანონი, რომ მას აქვს იძულების მექანიზმები. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გვქონდეს პრეცედენტი იძულების. მაშინ რად გვინდა კარგი კანონი თუ არ განსაზღვრავ, ვინ უნდა შეასრულოს, როგორ უნდა შეასრულოს, როდის უნდა შეასრულოს და როცა არ შეასრულებს – რა მოხდება.

  • გარდა კანონის აღსრულების სისუსტეებისა, საზოგადოებაში არსებობს აღზრდის შესახებ სტერეოტიპიც, რომ მშობელს აქვს შვილის ცემის უფლება. 

ვინმემ ასწავლა ამ ადამიანებს რა მომენტში მთავრდება აღზრდა და იწყება ძალადობა? იციან ძალადობის ნიშნები? ისევ 11 წლის ბავშვის ისტორიას მინდა დავუბრუნდე, ინტერვიუს დროს ითქვა, რომ მამა არ უშვებდა ბავშვს დეიდასთან. ვინმე მიხვდა, რომ ეს არის ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა ოჯახში? სანამ დაიწყებოდა ფიზიკური ძალადობა, ცემა, თვეებით ადრე ბავშვის უფლებები უკვე ირღვეოდა. საქართველოში არცერთი კამპანია არ ჩატარებულა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, არცერთი სატელევიზიო სემინარი არ მინახავს, რომელიც აჩვენებს რა არის ბავშვის უფლება. როცა ბავშვი ამბობს, რომ თამაში მინდა და თუ მას ეტყვიან – „არა, ვერ ითამაშებ, მარტო ისწავლი, მარტო დისციპლინას დაემორჩილები“, ეს არის ბავშვის უფლების დარღვევა და ბავშვს შეუძლია სასამართლოში წასვლა, მას ეკუთვნის ადვოკატის მომსახურება უფასოდ და ამაზე იდავებს. ეს ინფორმაცია არავის არ გაუცნია ადამიანებისთვის.

  • სკოლაშიც ნაკლებად ასწავლიან ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი…

სინამდვილეში, ვინც ამაზე პროფესიულად ვმუშაობთ, არ გვაძლევენ უფლებას ეს ინფორმაცია ბავშვებს მივაწოდოთ. როგორც ისწავლება, ის არ კმარა. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღარ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ, ავუხსნათ, როგორ უნდა ისწავლებოდეს ბავშვის უფლებები. ბავშვთა კოდექსის განხილვის დისკუსიიდან კი საერთოდ გაგვიყვანეს.

დარღვევას ჩვენ ვეღარ ვხედავთ, სანამ არ მოხდება რაიმე ტრაგიკული. ეს არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა.

როდესაც ამბობენ, რომ ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, მათ პირველ რიგში უნდა გვაჩვენონ, თავად სად აქვთ ნასწავლი ბავშვთა უფლებები, რამდენი აკადემიური კრედიტი აქვთ გავლილი, რა აქვთ დაწერილი ამაზე, რამდენ სტატიას ეცნობიან. ბავშვთა უფლებები არ არის პოპულარული თემა, ეს ურთულესი თემაა. უფრო ძნელია ბავშვთა უფლებების დაცვა, ვიდრე – პატიმრების უფლებების, რადგან ბავშვთა უფლებები ძალიან ბევრ კანონმდებლობას, ძალიან ბევრ კონტექსტსა და ნორმას უყურებს. ჩვენს შემთხვევაში კი პროფესიული ნიშნით კი არ ხდება მსჯელობა, არამედ დაყვანილია აქამდე – „კარგი ადამიანია, კეთილი ადამიანია, არ დაარტყამდა“. აი, ეს არის ბავშვთა უფლებები საქართველოში.

დღეს დისკურსი საზოგადოებაში ბავშვთა უფლებებზე ძალიან გამარტივებულ, არაპროფესიულ დონეზე მიდის, ჩვენ შეგვიძლია ეს დისკურსი ავწიოთ. შეგვიძლია მოსამართლეებს ვთხოვოთ განმარტება, რას ნიშნავს შეუტყობინებლობა, მაგრამ ჯერ ვერ მივედით აქამდე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც გავასაჩივრეთ კარანტინში მყოფი ბავშვის სეირნობის უფლება, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სასამართლომ იმსჯელა იმაზე, რომ სეირნობა ისეთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკაც კი უნდა გადაიხედოს და მისცა ბავშვს სეირნობის უფლება. სწორედ კონსტიტუციით უნდა ასაბუთო ბავშვის უფლებები და არა იმით, რომ ვიღაც „კაი ტიპია, კეთილია, ყურადღებიანია“. ეს არ კმარა.

_____________

ფოტოზე: ანა არგანაშვილი. ნეტგაზეთის ფოტო 

ვინ და როგორ ახერხებს პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებზე გვერდის ავლას

პირბადეს თითქმის აღარავინ ატარებს, მაღაზიაში, ტაქსიში, სამარშუტო ტაქსიში, აფთიაქში და არც სხვაგან. გამოსავალი მოძებნეს საქორწინო დარბაზებმაც – ისინი რესტორნებად გადააკეთეს, სადაც იმართება ქორწილები იმ განსხვავებით, რომ ზოგჯერ პატარძალს სადედოფლო კაბა არ აცვია.

შენობებზე ამ წესის დაცვის აუცილებლობის შესახებ მხოლოდ წარწერებიღა დარჩა, წესი კი თითქმის ყველგან უგულებელყოფილია.

ტაქსების მძღოლებმა [არა ყველამ] კი დაშვებულზე მეტი მგზავრი რომ ჩაისვან, ავტომანქანებს ტაქსის აღმნიშვნელი ტრაფარეტი მოხსნეს. მგზავრების გადაყვანის წესები სხვა მხრივაც დარღვეული აქვთ სამარშუტო ტაქსების მძღოლებს. იმას გარდა, რომ ისინი არც თავად ატარებენ პირბადეს და არც მგზავრებისგან მოითხოვენ ამას, იმაზე მეტი მგზავრი აჰყავთ, ვიდრე ეს დასაშვებია. არაერთ ფოტოს ნახავთ სოციალურ ქსელში, როცა სამარშრუტო ტაქსიში მგზავრების რაოდენობა დასაჯდომი ადგილების რაოდენობას აღემატება.

ამ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც  გაამახვილა ყურადღება: „ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით… დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადის ტარება.“ მან ისაუბრა ასევე ზოგ შემთხვევაში ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზეც და ამ წესის კონტროლის ევროპულ გამოცდილებაზეც გააკეთა აქცენტი:

„დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა – საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე, ნაკლებად, მაგრამ არის ზრდის ტენდენცია გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარდა. დღეს პირბადის ტარება განიხილება ძალიან მკაცრად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრევენციული საშუალების, სავალდებულოდ ტარების აუცილებლობა. ჯარიმა რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია აყვანილი.

მე არ ვსაუბრობ ჯარიმებზე აქ. მე ვსაუბრობ თვითშეგნების ამაღლებაზე მოსახლეობაში. საფრანგეთის მთავრობამ განიხილა, ასევე ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობა, ვინაიდან, ხაზს ვუსვამ, დაცვის ამაზე უკეთესი საშუალება, ჯერჯერობით, არ არის“, – განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 2316-მა ადამიანმა მიიღო – 25 აგვისტოს მონაცემი

„ჩაის კრეფის მეორე სეზონი უკვე დასრულდა, ახლა ველოდებით მესამეს დაწყებას რამდენიმე დღეში. იმედი მაქვს, ამ დროისთვის მაინც ჩამოვლენ ქართველები,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ. იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაციები აქვს. ერჰანის თქმით, ჩაი ძირითადად სინეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში ჩასულმა მიგრანტებმა დაკრიფეს, თუმცა მას მეზობლები დაეხმარნენ.

„გავიგე, რომ რამდენიმე ქართველი უკვე ჩამოსულა სამუშაოდ. მეც მოსაწვევი გავუგზავნე იმ ბიჭებს, ვინც მე მეხმარებოდნენ და ველოდები,“ – დასძინა ერჰანმა.

თურქეთში სამუშაოდ წასვლა აჭარიდან 25 აგვისტოს ჩათვლით 1333-მა ადამიანმა მოახერხა. ამ დრომდე თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის რეგისტრაცია აჭარის რეგიონში მცხოვრებმა 3194-მა ადამიანმა გაიარა.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, დადებითი პასუხი მიიღო 2316-მა პირმა. სააგენტოს ჯერ არ შეუსწავლია 373 განაცხადი, რომელიც მოქალაქეებმა გუშინ, 25 აგვისტოს, შეავსეს. რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრის კვეთას მოქალაქე უპრობლემოდ შეძლებს. საზღვარზე შესაბამისი უწყებები თავად წყვეტენ, აქვს ამ მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება თუ არა.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე]

თემურ კახიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფზე, რომლებიც მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლაში დახმარებას სთავაზობენ ფულის მიღების სანაცვლოდ. თემურ კახიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს დასაქმების სააგენტოში კონსულტაციასაც გაუწევენ და რეგისტრაციის გავლაშიც უფასოდ ეხმარებიან.

რუსეთს სანქციები ელოდება, თუ ნავალნის მოწამვლაში კრემლის ბრალეულობა დადასტურდება

აშშ რუსეთს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუკი ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის ვერსია დადასტურდება – წერს „ბიბისი“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სტივენ ბიგანმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში „ვაშინგტონი მიიღებს ზომებს, რაშიც აისახება ასევე ამერიკული საზოგადოების რეაქცია აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე“.

ევროპის ლიდერებმა დაგმეს ნავალნის მოწამვლის მცდელობა და მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, ჩაატარონ საფუძვლიანი გამოძიება.

ევროკავშირის პოლიტიკოსები ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლას, ასევე ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობას იხსენებენ და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ნავალნის მოწამვლაში კრემლის და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის სავარაუდო ბრალდებას „ცარიელი ხმაური” უწოდა.

ნავალნი ჯერ კიდევ კომაშია. მას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მეთვალყურეობენ. ექიმების თქმით, რუსი პოლიტიკოსი მოწამლულია. კრემლის განცხადებით კი, გერმანელმა ექიმებმა ნაადრევად გამოიტანეს დასკვნები.

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოსკოვიდან ტომსშკი ბრუნდებოდა, თუმცა ფრენისას შეუძლოდ გახდა, მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა. ნავალნი ფრენისას გაითიშა, შესაბამისად, თვითმფრინავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, ომსკში დასვეს.

ნავალნის პრესსამსახურმა, კირა იარმაშმა  ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ვარაუდით ნავალნი ჩაის ჭიქაში გარეული ნივთიერებით მოწამლეს.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება დასჭირდა. ამჯერად მას ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ მკურნალობენ.

„კლინიკურ მონაცემებში მითითებულია ინტოქსიკაცია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერება ჯერ არ არის ცნობილი“,  – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მთავარ ფოტოზე: ალექსეი ნავალნი

15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად ორგანიზაციამ საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გაგზავნა გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად.

საქართველოში შესყიდულ იქნა სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია – ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები – სულ 40 ნიმუში, რომლებიც შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

ორგანიზაციის ცნობით, 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში – ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.

„ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.

ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენ მიერ შემოწმებულ ნიმუშებში“, – აღნიშნულია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა სარეცხ ფხვნილ „ტაიდში“; ბორი და ფორმალდეჰიდი – ფხვნილ „სავექსში“, მათეთრებელ „ბოსში“ აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი; მათეთრებელ „ეურეკაში“ –  ბორი  და ფორმალდეჰიდი; ქსოვილის დამარბილებელ ქსოვილის  სითხე „სემანაში“ – ფორმალდეჰიდი; თეთრეულის კონდიციონერ “ვერნელში” – ფორმალდეჰიდი; ხალიჩების საწმენდ „ვანიშში” – ბორი და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხ საშუალება “ფეირიში” – ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხში “ბიომიო” – ბორი და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხშ “აოსიში” – ტყვია და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხ “ბიოლანში” – ფორმალდეჰიდი; შუშის საწმენდ “ეკო პლანეტში” – ფორმალდეჰიდი და იატაკის საწმენდ “ჩისტინიში” აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი.

„ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, – წერს momxmarebeli.ge.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 5-6 სექტემბერს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის.

„პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინრეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები“, – აცხადებს სამინისტრო.

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ებს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ, ტესტირების თარიღის შესახებ და სხვა დეტალები.

ბარათის მისაღებად პირს თან უნდა ჰქონდეს სარეგისტრაციო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე თან უნდა იქონიონ  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი, პირბადე და კალამი.

15 სექტემბრიდან კინოთეატრები იხსნება, პირველი ოქტომბრიდან – თეატრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები გაიხსნება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან – თეატრები.

„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – ვკითხულობთ გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

Covid19-ის პანდემიის მიზეზით, 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში  კინოთეატრები და თეატრები დახურულია.

______________

ფოტოზე: კინოთეატრი „აპოლო“ ბათუმში

ბათუმში ციფრულ ჰუმანიტარიაში სეზონური სკოლა გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის IX სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა.

სეზონური სკოლის თემაა „ციფრული რუსთველოლოგია“, ხოლო მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ მულტილინგვური პარალელური კორპუსის“ შექმნა. რუსთაველის პოემა ქართველების სავიზიტო ბარათია, რომელიც 55 ენაზეა ნათარგმნი, ზოგიერთ ენაზე კი – არაერთხელ.

ამგვარად, კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება დიგიტალური ქართველოლოგიის უმთავრესი ამოცანაა. თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები, დარგის ცნობილი ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები. სალექციო კურსი მიეძღვნება დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც ახალი მიმართულების განსაზღვრას და თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებას, დიგიტალურ ქართველოლოგიაში და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა-ათვისებას (მულტიმედიური ფორმატის ფაილები EAF და FLEX, ფორმატი XML). საგანგებო ყურადღება დაეთმობა დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებისა და განვითარების პერსპექტივებს; აგრეთვე, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების (ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Spoken BNC2014, ELDP–SOAS) სტუდენტებისათვის გაცნობას.

სეზონური სკოლა დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი სეზონური სკოლა გაიმართება.

საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს – 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს – 2 სექტემბრიდან“,  – ვკითხულობთ გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

საბავშვო ბაღებმა მუშაობა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე, მარტში შეაჩერეს.

ამავე თემაზე: 

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბავშვების 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

საქართველოს მთავრობის ცნობით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ – შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეთანხმების თანახმად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. მთავრობის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

_________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კომპანიის ხელმძღვანელი ყალბი დოკუმენტების გამო პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს კომპანიის ხელმძღვანელი.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ტენდერში მონაწილისათვის  სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას.

დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 აგვისტოს, მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა საქართველოში – 26 აგვისტოს მონაცემები

26 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1436 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1150 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6018 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

ამავე თემაზე: 

ბათუმში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

ბათუმში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა ქობულეთის ე.წ. “ჰავანას” კონტაქტია, ხოლო მეორე ინფიცირებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში დაბრუნდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში ჩატარდა 776 ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 29 პაციენტი. ბათუმიდან სხვა კლინიკებში სამკურნალოდ გადავიდა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი – მცხეთაში, მეორე კი – თბილისში, რადგან პაციენტები აღნიშნული ქალაქების მკვიდრნი არიან.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა.

_____________

NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

წელს ბათუმის სასამართლოში 34 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე 34 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი – 7 საქმეზე. ამ პერიოდში სულ სასამართლომ 694 საქმის განხილვა დაასრულა. სტატისტიკურ ინფორმაციას ბათუმის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლოს ინიციატივით 11 საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა, საპროცესო შეთანხმება შედგა 444 საქმეზე, არსებითი განხილვით კი დასრულდა – 245 საქმე. წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა 6 საქმე.

როგორ იტაცებს ბიზნესი ტროტუარებს ბათუმში და რა პასუხი აქვთ მერიაში 

გუგლის საძიებო სისტემა მარტივად დაგარწმუნებთ, რომ ისეთი ჩაბეტონებული და შავი შუშით შემოსაზღვრული კაფეები ტროტუარებზე, როგორიც ბათუმშია, თითქმის არსად, არც ერთ ევროპულ ქალაქში შეგხვდებათ. რა თქმა უნდა, ვერც იმას ნახავთ, რომ ქალაქის მერიას უსინათლოთა ბილიკი მოეწყოს ბიუჯეტის ფულით და შემდეგ ამ ბილიკზე კაფეს ინვენტარის განთავსების უფლება მიეცეს ვინმესთვის. ის, რომ  ტროტუარის დიდი ნაწილი, უსინათლოთა ბილიკის ჩათვლით, სამშენებლო კომპანიის ოფისს აქვს გადაფარული, საერთოდ უნიკალური მაგალითია, ბათუმისთვის დამახასიათებელი.

უსინათლოთა ბილიკი ბათუმში პუშკინის ქუჩაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიის ოფისის შუშის კარის წინ დაფენილ დეზობარიერთან სრულდება და უსინათლოსთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს

მართალია, ბათუმში უფრო ხშირად და მწვავედ განიხილავენ კაფეების მიერ ტროტუარების, როგორც საზოგადოებრივი სივრცის მაქსიმალურად ათვისების პრობლემას, მაგრამ ახლა ცალკე სამსჯელოა ტროტუარებზე კაფეების ინფრასტრუქტურა.

მხოლოდ ფოტოების დათვალიერება დაგარწმუნებთ, რომ ევროპულ ქალაქებს ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად ერთიანი ხედვა და სტანდარტი აქვთ დაწესებული. აქ განსხვავება შესაძლებელია შეგხვდეთ მხოლოდ ფერებში, მაგიდების ფორმებში ან გამწვანების მეტ-ნაკლებობაში, მათი უმეტესობა მსუბუქი ქსოვილით, ე.წ. ტენტითაა გადახურული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება ან იშლება. მაგიდები კი ყოველგვარი შემოღობვის გარეშე ისეა განლაგებული, რომ ქვეითისთვის გადასაადგილებელი ადგილი რჩება.

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ბათუმში ღია კაფეების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შეთანხმებული და დამტკიცებული რეგულაცია არ არსებობს. ბათუმს არ აქვს დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადგენდა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მოაწყო ტროტუარზე ან სკვერში, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეა. ვერ იპოვით დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს რესტორნის მეპატრონემ, რომელსაც ტროტუარზე კაფეს მოწყობა სურს. არსად წერია, ბათუმში კაფეს მოწყობის მიზნით დაშვებულია თუ არა ტროტუარის რკინის ან ხის კონსტრუქციით, შავი ან გამჭვირვალე შუშით ან სხვა რაიმე მასალით შემოღობვა, ჩებეტონება, ბეტონის აგურით ან კერამო გრანიტით ან საერთოდაც ე.წ. კაფელით მოპირკეთება. ამიტომაც პრინციპით, რომ რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია ტროტუარზე განსათავსებელი კაფეს ვიზუალი ჯერ მეპატრონის და შემდეგ ნებართვის გამცემის, მერიის შესაბამისი სამსახურის გემოვნების საკითხია.

ბათუმში, სადაც ქალაქის არქიტექტურაზე ყველაზე მეტს მსჯელობენ, ბრაზობენ და აქციებსაც აწყობენ, ამ დრომდე ვერც ბათუმის მერიამ და ვერც საკრებულომ ვერ მოახერხა, ქალაქის იერსახის ამ ნაწილზე ეფიქრა, წესები შეემუშავებინა და შემდეგ დოკუმენტად ექცია.

რა არის ტროტუარზე, იქ სადაც არ არის კაფე, ნახეთ აქ

ამ დრომდე ბათუმის მერია ტროტუარებზე კაფეების განთავსების საკითხს ბათუმის #16 დადგენილებით არეგულირებს. დადგენილება ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესებს ადგენს, რაც ღია კაფეების მოწყობის საკითხსაც მოიცავს, დოკუმენტში მხოლოდ რამდენიმე ტექნიკურ საკითხზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, რომ ღია კაფეს ესკიზი ნებართვის მაძიებელმა მერიის შესაბამის სამსახურს უნდა შეათანხმოს. დოკუმენტი არ ადგენს სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც კაფეს მოწყობის დასაშვებ ფორმებს, მასალებს, ფერებს და სხვა საკითხებს შეიძლებოდა შეხებოდა:

ამონარიდი დადგენილებიდან: დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორმატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

რაც შეეხება შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს, ასეთი ბათუმში ორია და ორივე მერიას ექვემდებარება. პირდაპირი კავშირი ამ საკითხთან მუნიციპალური ქონებისა და სერვისების სამსახურს აქვს, რომელიც ითანხმებს პროექტს და ნებართვას გასცემს. ამ სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ გვითხრა, რომ შემოსული პროექტის ვიზუალს ის არ ამოწმებს და ამ ნაწილს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ითანხმებს.

„ჩაბეტონებულ ტროტუარებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენთან მსგავსი არაფერი იყო შემოსული. შეესაბამება თუ არა შეთანხმებული პროექტი ნებართვაგაცემულს, ამას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. ასეც რომ იყოს, ვადის გასვლის შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან სრულად გაათავისუფლონ ტერიტორია და ტროტუარს დაუბრუნონ პირვანდელი მდგომარეობა“, – გვითხრა დავით კოპინაძემ.

ჩაბეტონებულ ტროტუარებზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. მერიის ქონებისა და სერვისების მართვის უფროსს კითხვები სწორედ ამ სტატიაზე მუშაობისას დავუსვით. მისი განმარტება – „რაც არ უნდა იყოს, ისინი ვალდებულები იქნებიან დაუბრუნონ პირვანდელი მდგომარეობა“, მერიის სტანდარტული პასუხია, როცა ვიღაც რაღაცას აფუჭებს, ან ვიღაც ქალაქში რაღაცის გამო წუხს და მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ასეთი პასუხი მოგვისმენია მაშინაც, როცა შეთანხმებულ რვა სართულს ორი უნებართვოდ დააშენეს, ან რვავე სართული უნებართვოდ ააშენეს, როცა სახლს აივანი მიაშენეს, პროექტი გადააკეთეს, უნებართვოდ დაიწყეს და დაასრულეს. მერიაში ყოველთვის ამბობენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, რის უფლებასაც მათ კანონი აძლევს. თუმცა ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა მერიის სამსახურების კონკრეტული ჩარევისა და მონდომების შედეგად, რაღაც შეიცვალა და ისეთიც, როცა არ შეიცვალა, რა შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე, ეს ცალკე კვლევის საგანია.

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში

განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ისიც, რომ ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში ჩაკეტილი ტროტუარები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სეზონური არ არის. კაფეები, რომლებსაც მხოლოდ მაგიდები აქვთ განთავსებული, შემოდგომის მიწურულს, როცა მომხმარებელი იკლებს, ტროტუარებს სრულად ათავისუფლებენ. შემოღობილი ტროტუარები კი იგივე მდგომარეობაში  რჩება. მათი უმეტესობა ზამთარში ცარიელია, თუმცა ღობეს – ბეტონის იქნება, შუშის თუ სხვა მასალის, არ შლიან, ის მთელი წელი რჩება და მუშაობას მეორე წელსაც იგივე მდგომარეობით აგრძელებს.

ამ საკითხს პრობლემად განიხილავს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე. „დიახ, არ არის სწორი“, – ამბობს ის. ასევე განმარტავს, რომ მსგავს რესტორნებთან მერიას „სამართლებრივი ჭიდილი“ აქვს. „ვაჯარიმებთ და ვავალდებულებთ შეცვალონო“ – როგორც ჩანს, მერია ამ „სამართლებრივ ჭიდილში“ არცთუ ისე წარმატებულია.

„აუცილებლად გვექნებოდა სანქციები გატარებული, ყველა არ მემახსოვრება ზეპირად, პერიოდულად ჩვენ შემოვლებს ვაკეთებთ და ვაჯარიმებთ“, – ამბობს დავით კოპინაძე. დამრღვევ რესტორნის მეპატრონეს აფრთხილებენ და 500 ლარით აჯარიმებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში მაქსიმუმ ჯარიმა გასამმაგდეს. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამის შემდეგ პროცედურა დროში დაუსრულებლად იწელება.

დავით კოპინაძემ გვითხრა ისიც, რომ ტროტუარზე მოწყობილი კაფეს ვიზუალსა და ზომებზე მისი სამსახური პასუხისმგებელი არ არის და ეს საკითხი ნებართვის გაცემამდე მერიის ქალამშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს თანხმდება: „ჩვენ მათი დასკვნის საფუძველზე  გავცემთ ნებართვას“.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს მირიან მეტრეველი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ტროტუარის ჩაბეტონების ნებართვა მის სამსახურს არ გაუცია, მაგრამ ვარაუდობს, რომ ბეტონი ან აგური იქ შეიძლება დალაგებული იყოს და არა ჩამოსხმული.

„ჩვენ არ ვაძლევთ ჩაბეტონების უფლებას, მსუბუქი კონსტრუქციით ღია კაფეს მოწყობა ნიშნავს, რომ ეს არის დასხმის გარეშე მოწყობილი შენობა, ასაწყობ-დასაშლელი, რომლის დემონტაჟიც შეიძლება მარტივად, თავისი სიმძიმით, როცა ნაგებობა ეყრდნობა გრუნტს ან ტროტუარს. დასხმის უფლებას ჩვენ არ ვაძლევთ“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

რაც შეეხება ვადებს, ამ საკითხსაც მერიის #16 დადგენილება არეგულირებს. დადგენილების მიხედვით, „ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.“ თუმცა, როგორც ჩანს, ბათუმში რესტორნების მეპატრონეები, ისინიც, რომლებიც შეთანხმებულ წესებს არღვევენ, ნებართვის ვადების გაგრძელებაზე თანხმობის მიღებას ახერხებენ.

რა ხდება ველობილიკებზე ბათუმში ნახეთ აქ:

და ბოლოს, მირიან მეტრეველმა გვითხრა და დავით კოპინაძემაც დაგვიდასტურა, რომ  მერია აპირებს ღია კაფეების განთავსების ერთიანი სტანდარტი შეიმუშავოს: „როგორც მახსოვს, ასეთი დოკუმენტის მომზადებაზე ტენდერიც გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ჩაიშალაო“. როდის დაბრუნდება ეს საკითხი დღის წესრიგში, დაზუსტებული პასუხი ჯერ არ გვაქვს“.

ბათუმში ქალაქის იერ-სახესთან დაკავშირებული დაპირებების გრძელ ვადაში შეუსრულებლობა აღარ უკვირთ. მაგალითად, ორი არჩეული მერი ქალაქის მოსახლეობას დაჰპირდა გენგეგმას შემუშავებას, მაგრამ ბათუმს გენგეგმა ისევ არ აქვს.

რას ითხოვენ ქალები ხულოდან

ხულოში მცხოვრები ქალები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რომელთა დაკმაყოფილებაც, მათი აზრით, აუცილებელია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ერთ-ერთი საჭიროება დღის ცენტრების არსებობაა, სადაც ქალები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგის მომსახურებასაც მიიღებენ. ქალები ასევე მოითხოვენ შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს. ხულოში 2 200-მდე შშმ პირი ცხოვრობს, ამის მიუხედავად, მაღალმთიან აჭარაში ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს, ადამიანებს ქალაქში ჩამოსვლა უწევთ ძვირი სერვისის მისაღებად, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

სოფლად მცხოვრები ქალები ასევე საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალთა გაძლიერებაზე.

ნათია მელაძე მარტოხელა დედაა, მას ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს. დედა ამბობს, რომ ბავშვებზე მამამ იძალადა, რის გამოც მათ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ და ვეღარ ლაპარაკობენ. დედის თქმით, ბავშვებს ინტენსიურად სჭირდებათ შესაბამისი სერვისების მიღება, რისი საშუალებაც ხულოში არ არის.

„თქვენ იცით რა მიჯდება ორი ბავშვის თბილისში წაყვანა? მამა მათზე არ ზრუნავს, არც ალიმენტს იხდის, ასეთ პირობებში სახელმწიფომ ხომ უნდა შემიწყოს ხელი. სამი მუნიციპალიტეტიდან არცერთში არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი, ბავშვს რომ ვუმკურნალო“, – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“.

ნინო ზოიძე, ინდირა აბულაძე და ეთერ აბაშიძე – დისკუსიაში მონაწილე ქალები ხულოდან

ზიგიერთი მათგანი, ვისაც ვესაუბრეთ, „ქალთა ოთახის“ აქტივისტია. თუმცა ვესაუბრეთ სხვა ქალებსაც, რომლებიც ცდილობენ უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ საკითხებში, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს გააძლიერებს.

ფატიმა ბოლქვაძე, ხულოს „ქალთა ოთახის“ მენეჯერი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები ხშირად ითხოვენ ფსიქოლოგთან შეხვედრას. „ყველაზე მეტად მაშინ ინტერესდებიან შეხვედრით, თუ ფსიქოლოგი მოდის სტუმრად“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, დღეს ქალებს სხვადასხვა სახის წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა თუ მძიმე შრომა, რის გამოც მათ გაძლიერება სჭირდებათ. „ადრე იყო შეხედულება, რომ თუ ფსიქოლოგს მიმართე, ესე იგი, გიჟი ხარ, მაგრამ დღეს ეს დამოკიდებულება შეცვლილია სოფლებშიც და ადამიანები ფსიქოლოგთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ. ბევრი ქალისგან მოვისმინე, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ ისინი სხვანაირად უყურებენ ცხოვრებასაც და პრობლემის გადაჭრის გზებსაც პოულობენ.

ხულოდან ბათუმში რომ ჩახვიდე, იქ რამდენიმე დღე შეგიძლია მოგიწიოს დარჩენა, ბინა, კვება, ექიმის, გზის ხარჯი, რამდენი გჭირდება არა? ამიტომ კარგი იქნება, თუ ადგილზე იქნება ფსიქოლოგი და აქ გაუწევს ადამიანებს მომსახურებას“, – ამბობს ფატიმა.

მისი თქმით, სოფლად მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საკითხებში უფრო მეტად ჩართვა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეუმსუბუქდებათ მათ შრომა და სტრესი.

„სოფლის კრებებზე ქალები იშვიათად დადიან ან საერთოდ არ დადიან. ამბობენ, რომ „ჩვენს აზრს მაინც ვერ დავაფიქსირებთ“, „კაცები რასაც იტყვიან, მაინც ის გადაწყდება“, „რა აზრი აქვს, მირჩევნია სახლი მივალაგო“ და ასე შემდეგ. ქალები, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მაშინ, როცა ქალებს ამდენი საჭიროება აქვთ“, – ამბობს ფატიმა.

დღის ცენტრების, შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის, საბავშვო ბაღების გარდა, გარკვეულ სოფლებში წყლის პრობლემებიც გაჩნდა ჰესების მშენებლობის გამო. მადონა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქალებს იმის საშუალებაც კი აღარ აქვთ, სარეცხი მანქანა გამოიყენონ და შრომა შეიმსუბუქონ.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი, სადაც დავსვი ეს საკითხი, უცხოელი ინვესტორიც ესწრებოდა შეხვედრას და დაინტერესდა ამ თემით. თუმცა საბოლოოდ, პრობლემა არ მოგვარდა, წყალი აღარ არის ბევრ სოფელში“, – გვითხრა მადონამ.

მადონა ბოლქვაძე, აქტივისტი

მადონა წყლის რესურსების პრობლემის გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეც აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, დღესაც კი ბევრ ქალს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ის აკეთოს, რაშიც საკუთარ განვითარებას ხედავს.

„მე, პირადად, ვიყავი ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მიშლიდნენ სამსახურში წასვლას. დილიდან საღამომდე ბაღჩაში უნდა მემუშავა, მაშინ, როცა ეს არც კი მიღირდა. ჩემს პრინციპებზე ვერ ვთქვი უარი და ქმარს დავშორდი. ახლა ორი სამსახური მაქვს, ვმუშაობ თეატრშიც, მსახიობი ვარ. მირჩევნია ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონდეს, ვიდრე სხვაზე ვიყო დამოკიდებული და ვერ ვაკეთო ის, რაც მე მაბედნიერებს“, – გვეუბნება მადონა.

მისი აზრით, სოფლად მცხოვრები ქალები, მძიმე ფიზიკური შრომის მიუხედავად, საკუთარ საჭიროებებზე მინიმალურად ზრუნავენ. „წარმოიდგინეთ, მთელი დღე შრომობს ქალი ყანაში, ბაღჩაში, საქონელი ჰყავს… თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ქალები ლაქის ფულსაც კი ვერ იმეტებენ თავისთვის. ენანებათ. არც სხვა ეუბნება, რომ „შენს თავზეც იზრუნე“. თუ რამეს გაყიდიან, ფულს ქმარი ჩაიდებს ჯიბეში და ქალს 20 ლარის მოთხოვნაც ერიდება ხოლმე“.

თუმცა მოვუსმინეთ ქალებს, რომლებიც ახლაც ფიქრობენ, რომ „კაცს ფულზე არ უნდა გამოეკიდო“. ცხადია, ამ აზრს არ იზიარებს ქალების გარკვეული ნაწილი და მიიჩნევს, რომ საერთო ოჯახური მეურნეობის წარმოებისას, დოვლათიც თანასწორად უნდა გადანაწილდეს ქალსა და კაცს შორის, „მით უმეტეს, როცა ქალის შრომის წილი ამ მეურნეობაში ხშირად გაცილებით მეტია, ვიდრე კაცის“, – მიიჩნევენ ქალები.

მარჯვნიდან: მზია შავაძე, დარინა ცეცხლაძე და ხათუნა თავართქილაძე

იმავეს ფიქრობ მზია შავაძეც, რომელიც ჩაოს საჯარო სკოლის ფიზიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

„წარმოიდგინეთ ქალი, რომლის აისიც და დაისიც ყანაში და ბაღჩაში, თუთუნის ძირში იწყება. ზოგჯერ ტიტანური შრომა უწევთ ქალებს და ეს გარეგნობაზეც აისახება ხოლმე. ხელი გაუხეშებული, ფეხი გაუხეშებული… მათ ამ შრომის გარდა, სჭირდებათ სხვა გარემოში ყოფნაც, ამიტომ არის დღის ცენტრები საჭირო, ფსიქოლოგთან საუბარი, სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხში ჩართვა, მათი თანამონაწილეობა, რომ მოწყდნენ ხოლმე რუტინას და სხვა ჰაერი და განწყობაც შევიდეს მათ ცხოვრებაში“, – ამბობს მზია.

ერთი წელია, რაც მზია „ქალთა ოთახის“ ქალებს დაუახლოვდა და ცდილობს სხვა, ნაკლებად აქტიური ქალებიც დააინტერესოს საზოგადოებრივი ცხოვრებით.

„ეს არის თავის დროზე დაშვებული შეცდომების, ნაადრევი ქორწინებების შედეგი, როცა ოჯახმა, საზოგადოებამ, სკოლამ დაუშვა შეცდომები. ეს სამი რგოლია, რომელიც ქალს შესაძლებლობას აძლევს იყოს რეალიზებული, მიიღოს განათლება, შეიმეცნოს რაიმე ახალი. ერთი რგოლი მეორეს მოაკლდა, მეორე, მესამე და მივიღეთ ცხოვრებისთვის მოუმზადებელი შვილები“, – ამბობს მზია.

მისი თქმით, ქალს იმიტომ სჭირდება გაძლიერება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და შიშებს. „ჩემ დროს იტაცებდნენ გოგოებს, მამაჩემს ეშინოდა და არ მიშვებდა სასწავლებლად. თუმცა ჩემი გავიტანე და მოვედი ამ დღემდე. ყველას ეს არ შეუძლია, ამიტომ არის საჭირო გოგონების თავიდანვე გაძლიერება“, – მიიჩნევს მზია.

ეთერ აბაშიძე მუსლიმ ქალთა კავშირის თავმჯდომარეა. ის აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებრივად გაძლიერებაში და ამბობს, რომ ქალების პასიურობას განსაზღვრავს არა რელიგია, არამედ კულტურული სტერეოტიპები.

„ჩემი მეუღლე მუფთია, მეც თავსაფარს ვატარებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ნაკლები უფლებები მაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რადგან ქალი ვარ, კარჩაკეტილი უნდა ვიყო, ამას არ მასწავლის ჩემი რელიგია. არც იმას მავალდებულებს, ყანაში ან ბაღჩაში ვიმუშაო. თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. სკოლაში მშობელთა კრებებზე რომ დავდიოდი, ზოგი ქალი მეუბნებოდა – „შენ არ წასულიყავი ისეც შეიძლებოდა“. რატომაც არა, თუ ქმარს აქვს რაიმე უფლება, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს, როგორც მის მეუღლეს“, – ამბობს ეთერ აბაშიძე.

მისი აზრით, საჭიროა ქალების სოლიდარობის გაძლიერება ერთმანეთის მიმართ. „მეტი თანადგომა, მეტი ქალური სოლიდარობა გვჭირდება“, – მიიჩნევს ის.

ხათუნა თავართქილაძე  აქტიურია საზოგადოებრივ საკითხებში და მიაჩნია, რომ სხვა ქალების როლის გაზრდაც მნიშვნელოვანია. ამჯერად ის ხულოს პროფესიულ კოლეჯში სწავლობს, სადაც 150 სტუდენტიდან მხოლოდ ათი ქალია. „იმედია, სამომავლოდ მეტი ქალი ისარგებლებს ამ კოლეჯით“, – ამბობს ის.

ნინო ზოიძე სოფლის ექთანია, თუმცა ფუტკრების ოჯახიც ჰყავდა და საოჯახო მეურნეობაც აქვს. მისი თქმით, ქალების დიდი ნაწილი ტრენინგებით და შეხვედრებით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, თუ დასაქმების პერსპექტივას ხედავს. „თუ ეუბნები, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ინიციატივებია საჭირო, მაშინ ნაკლებად ინტერესდებიან. ფსიქოლოგთან შეხვედრაზე ბევრი მოვიდა, ბევრმა აღნიშნა, რომ ოჯახური კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარა მასთან კონსულტაცია“.

სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე, მათი საჭიროებების ლობირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი მუშაობს ხულოში. მათი წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან სოფლად მცხოვრებ ქალებს და ურჩევენ, რომ იყვნენ აქტიურები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების განხილვის დროს, რომ მათი საჭიროებები და მოთხოვნები ბიუჯეტში აისახოს.

აქტიური ქალები მიიჩნევენ, რომ ქალების ხმა მნიშვნელოვანია და სოლიდარობით და ერთად ყოფნით ბევრ რამეს გააკეთებენ.

___________________

მთავარი ფოტო: დისკუსიაში მონაწილე ქალები ხულოდან: ფატიმა ბოლქვაძე და ეთერ აბაშიძე.

200-ლარიანი დახმარების პორტალზე უკვე 772 000 ბავშვი დარეგისტრირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების პორტალზე, 25 აგვისტოს 10 საათის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 772 000 ბავშვი. მოზარდების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. პორტალზე ამ დროისთვის 459 000 ოჯახია რეგისტრირებული [ბავშვებს პროგრამაში მშობელი არეგისტრირებს-ავტ.].

უკვე დარეგისტრირებული ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 154 400 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა რეგისტრაცია გრძელდება და, შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

2020 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 18-წლამდე 880 375 მოზარდი ცხოვრობს.

სააგენტოს ინფორმაციით, თანხის დარიცხვა მშობლების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომრებზე 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყება. აღნიშნულ დახმარებებზე ყადაღა არ ვრცელდება.

რაც შეეხება რეგისტრაციას, მშობლებს 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდების 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება 2020 წლის პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ.

ელექტრონულ პორტალზე განცხადების შესავსებად გადადით ამ ბმულზე

ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტების ატვირთვა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ.

თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს:

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
  •  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებს;
  • იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს;
  • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/474529/

აგვისტოს ბოლოს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

29 – 30 აგვისტოს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში ბულვარის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება ფესტივალის კოლექციაში შესული 100-მდე პროფესიონალური და სამოყვარულო ფრანების შოუ, ახალი ფრანის პრეზენტაცია და აშვება, რომელიც ფესტივალისთვის სპეციალურად შეიკერა ახალ ზელანდიაში,  მოწვეული მხატვრების მონაწილეობით ხელნაკეთი ფრანების დამზადება და მოხატვა და სამოყვარულო ფრანების აშვების მასტერკლასები.

ანონსის თანახმად, ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები.

ფრანების ფესტივალის ორგანიზატორია Kitedreams Georgia. ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ბიუჯეტიდან 25 000 ლარით ფინანსდება.

ფრანების ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გამოდარებისთანავე გაიმართება.

გოდერძის ალპური ბაღი – ულამაზესი, უნიკალური და აუცილებლად სანახავი ადგილი აჭარაში

რატომ არის გოდერძის ალპური ბაღი ულამაზესი და უნიკალური? – ამ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია, ის აუცილებლად უნდა ნახო და შეიგრძნო. ბაღი ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

აქ ველურად მზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარეა. ბაღში ნახავთ ყველაფერს, რაც აჭარის სუბალპურ და ალპურ ზონებს ახასიათებს.

ნახეთ კადრები და სანამ კიდევ დროა დაგეგმეთ წასვლა ხულოში, გოდერძის ალპური ბაღის მოსანახულებლად. გაითვალისწინეთ – ბაღის სანახავად იდეალური დრო მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდია.

გოდერძის ალპური ბაღის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps).

პროექტის მხარდამჭერები არიან: „აჭარისწყალი ჯორჯია“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ბაღის განვითარების ტექნიკური მხარდამჭერები არიან მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები.

„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

„გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და საფრთხის შემცველია როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო, ამ ეტაპზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთის ცენტრალური მონაკვეთის ჩამონგრეული ნაწილის გადაუდებელ რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 24 აგვისტოს მიმართა.

დოკუმენტების მიხედვით, გალავნის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 124 501 ლარი იქნება საჭირო.

სააგენტოს ინფორმაციით, გალავნის კედელი მოულოდნელად ჩამოიშალა: „ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, რადგან სიძველისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად გამოიფიტა გალავნის შემაკავშირებელი კირხსნარი. ობიექტი დაფარული იყო ხშირი მცენარეული საფარით და გალავანზე დალექილი მიწისა და ჰუმუსის ფენებით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვიზუალური დაკვირვებით შეუძლებელი იყო ობიექტის დაზიანების განვითარებისა და ნაგებობის ჩამოშლის საფრთხის შეფასება“.

არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახელმწიფო იმიჯს და დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს – აცხადებს ძეგლთა დაცვის სააგენტო.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სააგენტოს გათვლით, გალავნის დაზიანებული ფრაგმენტის აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან 65-75 დღეში უნდა დასრულდეს.

გელათის გალავნის ჩამონგრეული მონაკვეთი / ფოტო: სააგენტო

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებზე ჯერ ღიად არ საუბრობს. „უახლოეს მომავალში პრეზენტაციას ვგეგმავთ და იქ გავაჟღერებთ ინფორმაციას“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ზუსტად როდის გეგმავს პარტია პრეზენტაციას ბათუმში, ჯერ არ ვიცით, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია. მათ შორის არც ერთი არ არის ქალი.

ჩვენი ინფორმაციით, პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე იქნება, სახელისუფლებო პარტიიდან მისი კონკურენტი სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ტიტე აროშიძეა. მას ჯერ თანამდებობა არ დაუტოვებია.

გიორგი კირთაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2010 -2013 წლებში.

რაც შეეხება საპარლამენტო კანდიდატს, პარტია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ვარშალომიძეს განიხილავს, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მას კანდიდატად დაასახელებენ, მისი მთავარი კონკურენტი „ოცნებიდან“ რესან კონცელიძე იქნება.

ქობულეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატად ბონდო თედორაძეს  დაასახლებს, ის ქობულეთის ამ მოწვევის საკრებულოს წევრია. „ოცნებიდან“ მისი კონკურენტი უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ცოტნე ანანიძეა.

ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში კი ელგუჯა ბაგრატიონს დაასახელებენ, ის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეა. სახელისუფლებო გუნდიდან მისი კონკურენტი აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე იქნება.

ხელვაჩაურში, შუახევში, ქედასა და ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე იბრძოლებს. „ოცნებიდან“ მას შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაუპირისპირდება.

ამ ოლქის საპარლამენტო კანდიდატი კი მიშა ბოლქვაძე იქნება, ის ხელვაჩაურის ამ მოწვევის საკრებულოს წევრია. „ოცნებიდან“ ამ საარჩევნო ოლქის კანდიდატი მოქმედი პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძეა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26  აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 აგვისტოს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

პროფესიული სასწავლებლებისთვის ახალი ელექტრონული ჟურნალი შეიქმნება

პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის 430 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ჟურნალი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად.

„ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანია პროფესიული მასწავლებლის მიერ ჩატარებული საათების, სტუდენტის დასწრების და შეფასების გამარტივებული აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

ჟურნალის მომხმარებლები იქნებიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, პროფესიული მასწავლებელი და პროფესიული სტუდენტი. ყველა მომხმარებელს ექნება წვდომა, მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ მონაცემებზე. ჟურნალი უზრუნველყოფს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საათების დათვლას, რის საფუძველზეც მოხდება ანაზღაურების დაანგარიშება,“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ახალ ელექტრონულ სისტემას ექნება მოდულები, რომლებიც ხილვადია სხვადასხვა მომხმარებლისთვის იმის მიხედვით, თუ რა უფლებები ექნება ჩართული მას. ეს მოდულებია:

[checklist]

  • მომხმარებლის პროფილი
  • ჯგუფები (უჩანს კოლეჯს)
  • განრიგი (კოლეჯი და მასწავლებელი, სტუდენტი)
  • აღრიცხვა/შეფასება
  • უწყისები
  • სასწავლო რესურსები
  • კალენდარი
  • შეტყობინებები
  • განაცხადი
  • რეპორტინგი
  • მომხმარებელთა უფლებების მართვა

[/checklist]

„ახალი პროგრამა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რომელიც ყველა აუცილებელ მოთხოვნას დააკმაყოფილებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“.

 

 

სად შეგიძლიათ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება ბათუმში – 214 კვლევის პასუხი უარყოფითია

ოთხი დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში ორ ადგილზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე უფასო PCR ტესტი  214-მა ადამიანმა ჩაიტარა, მათგანის კვლევის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, აჭარაში ასევე მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

ბათუმში კარვები განთავსებულია ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან – „აჭარული სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ადგილზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევრიდან შეუძლია.

სამინისტროს ცნობით, ტესტირება 17 -დან 22 საათამდე მიმდინარეობს. პირს, რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში პასუხი 24 საათის განმავლობაში ეცნობება.

____________

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

2 ქობულეთის კლასტერი, 2 მძღოლი – კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბათუმში – 25 აგვისტო

ბათუმში covid-19 კიდევ 4 პაციენტს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი – საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი. მძღოლებიდან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

ამჟამად, 25 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ბათუმში დაუდასტურეს კორონავირუსი, სამკურნალოდ ქუთაისში გადავიდა. ის ქუთაისში ცხოვრობს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ბათუმში 608 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

კორონავირუსით ერთი ადამიანი გუშინ გარდაიცვალა, ერთიც დღეს.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 1 429 ადამიანს, გამოჯანმრთელდა – 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინშია – 7005, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

კორონავირუსით მე-19 ადამიანი გარდაიცვალა – 25 აგვისტო

stopcov.ge-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს, 25 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 150.

კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება.

stopcov.ge-ს ინფიცირებულების შესახებ გუშინდელი მონაცემები ჯერჯერობით არ განუახლებია.

კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა გუშინ, 24 აგვისტოსაც.

ვინ მოაწყო „რუსული ბანაკი“ ბაკურიანში

„რუსულ ბანაკში“ ბავშვები, 15-17 წლის მოზარდები, ისევ შეკრიბეს. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი ამას აფინანსებს… მაგრამ წელს მე აღარ გამიშვია ბავშვი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლარისა აგაბალაევა. იგი „რუსეთის თანამემამულეთა კავშირის“ ხელმძღვანელია და სენაკში მუშაობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „რუსული ბანაკი“ წინა ორი წლის მსგავსად, წელსაც მოაწყო „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირმა“ ბაკურიანში, სასტუმრო „ანა მარიაში“.

„რუსი ახალგაზრდობის კავშირში“ დღეს, 24 აგვისტოს, მათი საქმიანობით და „რუსული ბანაკით“ დაინტერესება გაიკვირვეს. შემდეგ კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა საბოლოოდ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

„რუსული ბანაკის“ შესახებ „ბათუმელებთან“ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, რომლებმაც „რუსული ბანაკისთვის“ მოზარდების შერჩევაზე უარი თქვეს ან მონაწილე ჯერ არ შეურჩევიათ.

„არა, რუსეთი არაფერ შუაშია, მე ვერ ვხედავ პრობლემას… ამ ბანაკში ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, რუსული ენის დონეს იუმჯობესებენ, ინტელექტუალური და სპორტული კონკურსები ეწყობა, ისვენებენ. უკვე მესამე წელია ეს ტარდება, წელს არის რაღაცნაირად გასაიდუმლოებული,“ – გვიყვება ლარისა აგაბალაევა. მას სენაკელი ახალგაზრდების შერჩევაზე ორი მიზეზით უთქვამს უარი.

„ერთია პანდემია და მეორე განხეთქილება… ამ „რუსი ახალგაზრდობის კავშირს“ და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის იყო განხეთქილება, ჩვენ ვთანამშრომლობდით… ეს ალექსანდრე ბეჟენცევი [საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის პრეზიდენტი] არაორდინალური პიროვნებაა… გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა ბანაკში ხელმძღვანელობა იღებდა ალკოჰოლს ბავშვების თვალწინ, ასევე იყო უხერხული მომენტები გოგონებთან… მოკლედ, მე დავინახე საფრთხე და აღარ შევარჩიე ახალგაზრდა,“ – ამბობს ლარისა.

ლარისა აგაბალიევას თქმით, არსებობს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირი და ეს ორგანიზაციები არჩევენ მოზარდებს „რუსული ბანაკისთვის“.

„შარშან, მაგალითად, 28 მონაწილე იყო სულ, აქედან სამი იყო სენაკელი… მე თვითონ ვარჩევდი ახალგაზრდებს. პირველ რიგში, ისეთი უნდა ყოფილიყო, ვინც რუსული კარგად იცის. მეორეა ინტელექტუალური განვითარება. სენაკიდან რომ ბავშვი წავა, კარგი უნდა იყოს. მე თვითონ განათლებით იურისტი ვარ, პედაგოგიურზეც ვსწავლობდი, ასე რომ, მე თავად ვარჩევდი ბავშვებს,“ – გვითხრა ლარისა აგაბალაევამ.

„ხელისუფლებამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ რეაგირებს, ჩვენი რა საქმეაო, სკოლის დირექტორები იძახიან, ჩვენ რა შუაში ვართო, აბა, ვინაა შუაში?“ – კითხულობს მიხეილ თათევოსოვი. ის „თბილისის სომეხთა კავშირის“ ხელმძღვანელია და თბილისის 98-ე სკოლის ყოფილი დირექტორი. მიხეილ თათევოსოვი ამბობს, რომ „რუსულ ბანაკთან“ არც ადრე არ თანამშრომლობდა და ამჯერად ბანაკის შესახებ განათლების სამინისტროს ოფიციალურად წერილიც გაუგზავნა.

„არც განათლების სამინისტროდან და არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან პასუხი არ მიმიღია, ორივეს მივწერე… არ ვიცი, რას ასწავლიან იქ, ბანაკში, მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ საგანმანათლებლო პროგრამა. მითხრეს, რომ ესაუბრებიან თანამედროვე ფაშიზმზე. მაგალითად, ისიც უთქვამთ, რომ საქართველოში მარტო რუსულ ენაზე საუბრისთვისაც სჯიან ადამიანებს და ასე შემდეგ. მე, როგორც ვიცი, რუსული ფონდებიდან ფინანსდება ეს ბანაკი… არ შეიძლება, ქვეყანა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს, ბანაკი მოაწყობინო საქართველოში,“ – მიიჩნევს მიხეილ თათევოსოვი.

მიხეილ თათევოსოვის თქმით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს „რუსული ბანაკისთვის“ რეგიონებში ძირითადად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან საჯარო სკოლის დირექტორები არჩევენ.

„ბათუმიდან წელს რუსულ ბანაკში არავინ წასულა,“ – ირწმუნება არჩილ გოგიტიძე. იგი აჭარის რუსულ დიასპორას წარმოადგენს ბათუმის „მეგობრობის სახლში“. არჩილ გოგიტიძის თქმით, მოზარდებს „რუსული ბანაკისთვის“ თავად არჩევს, თუმცა წელს ამის სურვილი არავინ გამოთქვა.

„მივაწოდეთ ინფორმაცია ახალგაზრდებს და ბათუმში არავინ მოინდომა რუსულ ბანაკში წასვლა. ამ ბანაკის მიზანი მხოლოდ დასვენებაა და გარკვეული ღონისძიებები ტარდება, ფინანსდება რუსეთის საელჩოდან… დეტალები მე არ ვიცი, შეგიძლიათ ხელმძღვანელებს ჰკითხოთ,“ – გვითხრა არჩილ გოგიტიძემ.

„არ ჯობია ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ? მე ეს დეტალები არ ვიცი, რა ხდება და რას ასწავლიან რუსულ ბანაკში, ძალიან კარგი ბანაკია, როგორც ვიცი,“ – ეს შურა ანისიმოვამ გვითხრა. იგი ბათუმში ხელმძღვანელობს სამოქალაქო ორგანიზაციას – „რუსულ-ქართული ურთიერთობები აჭარაში“. შურა გვიყვება, რომ ახალგაზრდებს ბანაკისთვის ისიც თავად არჩევს, მაგრამ წელს ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი.

„ჯერ არ შემირჩევია, ვეძებ… ბათუმიდან ბევრი მაინც არ არის, სულ ერთი მონაწილე შეიძლება იყოს. მე ვთავაზობ რამდენიმე კანდიდატს თბილისს და შემდეგ ისინი არჩევენ ერთს,“ – აღნიშნა შურა ანისიმოვამ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვეს, ან „რუსულ ბანაკთან“ კავშირი საერთოდ უარყვეს სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, რომლებმაც რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ბავშვები შეარჩიეს „რუსული ბანაკისთვის“.

„არ მაინტერესებს მე თქვენთან ურთიერთობა,“ – გვიპასუხა, მაგალითად, ალექსანდრე მიასნიკოვმა. იგი ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციას ფოთში ხელმძღვანელობს.

საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის თქმით, „რუსული ბანაკის“ ორგანიზატორია, საქართველოში მცხოვრები რუსი ახალგაზრდების გაერთიანებაა. ამ ორგანიზაციას ალექსანდრე ბეჟენცევი ხელმძღვანელობს. ეს ორგანიზაცია ხშირად არის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც გორჩაკოვის ფონდი აფინანსებს.

„საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. „ბათუმელებს“ უპასუხა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბრეგვაძემ. ის საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

„რუსული ბანაკის“ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს განათლების სამინისტროდან. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ბანაკები წელს პანდემიის გამო საერთოდ არ გამართულა და თუ სადმე „რუსული ბანაკი“ მოეწყო, „ამას სამინისტროსთან კავშირი არ აქვს“.

რას აკეთებს განათლების სამინისტრო, თუკი რუსული ფონდებიდან დაფინანსებული „რუსული ბანაკი“ მოაწყვეს საქართველოში და ამ ბანაკში საგანმანათლებლო პროგრამებიც აქვთ? – სამინისტროს პოზიციის გაგება ამ დრომდე ვერ შევძელით.

____

მთავარი ფოტო: 2019 წლის „რუსული ბანაკის“ მონაწილეები

Exit mobile version