მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ

26.08.2020 •
რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფს მისივე მიღებული კანონების აღსრულებას? ვინ და როგორ უნდა იყოს ჩართული ბავშვის უფლებების დაცვაში, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ ძალადობის პირისპირ მარტო და დაუცველები და რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს.

  • ანა, რატომ ვერ იცავს კანონი საქართველოში ბავშვის უფლებებს და რა მაგალითები შეგვიძლია ავიღოთ ევროპული პრაქტიკიდან?

აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, საიდანაც მშობლები გავიდნენ შრომითი მიგრაციით, ბავშვების მონაცემთა ბაზა აქვს სოციალურ სამსახურს. უფრო მეტიც, მშობელი ვერ გავა ქვეყნიდან, თუ სოციალურ სამსახურს არ შეატყობინა. სოციალური სამსახური იღებს მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზედამხედველობას, რადგან ნათესავი, რომელთანაც ბავშვი დარჩა, არასანდოა ან არ შეუძლია ბავშვის მოვლა. ბავშვი რჩება ამ ადამიანთან, მაგრამ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის და მხარდაჭერის ქვეშ.

ამ მოდელის შესახებ ინფორმაცია მივიღე ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც ორი წლის წინ, ევროპაში გაიმართა და მთლიანად ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა. იქ გავეცანი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების პრაქტიკებსაც. ამ მიმართულებით ქვეყნები ძალიან შორს წავიდნენ, ეს საკითხი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, რადგან შრომითი მიგრაცია მზარდია და ეს არ შემცირდება. ყველა ქვეყანა მიხვდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ მოდელის დანერგვაზე ზრუნვა. როგორც აღმოჩნდა, იგივე რუმინეთში ასობით ათასი ბავშვი იყო დატოვებული წლების განმავლობაში მშობლების მეთვალყურეობის გარეშე და ამან მოიტანა უმძიმესი შედეგები, რადგან ამ ბავშვებს დააკლდათ მზრუნველობა.

იფიქრეს ქვეყნებმა და გადაწყვიტეს, რომ ბავშვების ინტერესია არ დაკარგონ მშობლები, ამიტომ არა მხოლოდ იმ ქვეყნის, საიდანაც წავიდა მშობელი, არამედ მიმღები ქვეყნის სოციალური სამსახურებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან. როცა მშობელს სჭირდება კომუნიკაცია შვილთან, უკავშირდებიან სოციალური სამსახურები ერთმანეთს და ეხმარებიან დედას, რომ ეს კომუნიკაცია შეინარჩუნოს. მეტსაც გეტყვით, სკოლები ვალდებულები არიან მიაწოდონ მიგრაციაში მყოფ მშობლებს ბავშვის ნიშნების ფურცელი, ვირტუალურად ჩართონ ე.წ. მშობელთა კრებებში, რადგან როგორც აღმოჩნდა, ეს ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ეს არის მშობლისთვისაც უმნიშვნელოვანესი, რომ არ გაუცხოვდეს ბავშვთან და იზრდება ალბათობა, რომ მშობელი უფრო მალე დაბრუნდება, ესეც კვლევებმა დაადასტურა.

რაც მთავარია, ამ ქვეყნებში ჩაატარეს კვლევები და გამოიკვლიეს, რომ სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ შეექმნათ განშორებულ დედას და ბავშვს, ან ბავშვი არ ჩაერთოს ანტისოციალურ ჯგუფებში, მისი ქცევა რომ არ შეიცვალოს, მშობელთან კავშირი უნდა არსებობდეს.

ქვეყნებმა და ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ აბსოლუტურად უმიზნოა იმაზე მოთქმა, რატომ მიდიან მშობლები ემიგრაციაში, ვერ შევამცირებთ შრომის მიგრაციას, ამიტომ ან ხელი უნდა შევუწყოთ მშობლებისა და შვილების კავშირების შენარჩუნებას.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ფორმით ზედამხედველობს ევროპაში სოციალური სამსახური მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვს?

სანამ მშობელი ქვეყნიდან გასულია, სოციალური სამსახური მარტო იმას კი არ ამოწმებს ფიზიკურად კარგად არის თუ არა ბავშვი, ამოწმებს იმასაც, მეორე მშობელი, ვინც დარჩა, ართმევს თუ არა თავს ბავშვზე ზრუნვას და ეხმარება მას.

საქართველოში, რადგან სამართლებრივი ცნობიერება ძალიან დაბალია, არ იციან, რომ ნათესავებს, იქნება ეს ბებია თუ სხვა, არ აქვთ უფლება ბავშვთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ მშობლის გარეშე. თუნდაც ის, რომ ბავშვს ჩაუტარონ რაიმე მკურნალობა და ა.შ. სამართლებრივად მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ყველა სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამაზე თვალს ხუჭავს. ეს ყველაფერი ევროპის ქვეყნებში ძალიან გამკაცრებულია.

ის, რომ მშობელი ბავშვს არ მოიკითხავს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში, შეუმჩნეველი ვერაფრით ვერ დარჩება მასწავლებლისთვის და თუ ამჩნევს, რომ ბავშვის ქცევა ან აკადემიური მოსწრება გაუარესდა, მასწავლებელი იწყებს კითხვების დასმას – ხომ არ წავიდა მშობელი, ანუ რა ცვლილება მოხდა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, სოციალურ სამსახურს, თუნდაც მშობელმა არ განუცხადოს, სკოლისგან ინფორმაცია მაინც აქვს.

როცა ჩვენს სოციალურ სამსახურს დავუსვით კითხვა ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ისინი არ ფლობენ ემიგრაციაში მყოფი მშობლების შესახებ ბაზებს, არც აღრიცხავენ და არც ვალდებულად თვლიან თავს, რომ ამ ბავშვებზე იზრუნონ, რაც არ არის სწორი. სწორედ ამიტომ მივმართავთ მედიას, დაგვეხმარონ, რომ სახელმწიფომ შეცვალოს დისკურსი.

  • საქართველოში ძალიან სუსტია სოციალური სამსახური. გვახსოვს სოციალურ მუშაკთა გამოსვლები, როცა ისინი საუბრობდნენ თავიანთი უფლებების დარღვევაზე სახელმწიფოს მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს, რატომ არ ხარჯავს ამაზე გაცილებით მეტ რესურსს?

ის, რომ სახელმწიფოს ასე მდგომარეობაში ჰყავს სოციალური სამსახური, ჩვენი აზრით, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა. სახელმწიფოს არ აქვს არჩევანი ან ნება რომ ეს არ გააკეთოს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. თუმცა, საქართველოში, სამწუხაროდ, არ ითხოვს სასამართლო, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება კარგად შეასრულოს.

  • ნათლად რომ ვაჩვენოთ, რის შესრულებაზეა აქ საუბარი. 

კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები არის დაცული კანონით. ამას მოყვება სოციალური დახმარების შესახებ კანონი, შემდეგ მოდის ცალკ-ცალკე კანონები, იქნება ეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი თუ სხვა, რომელიც უდიდეს მოვალეობებს აკისრებს სოციალურ სამსახურს და ამ მოვალეობების განხორციელება იმ რესურსებით რაც სოციალურ სამსახურს აქვს დღეს, შეუძლებელია. სწორედ ამის იგნორირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ, არასამთავრობოები მივმართავთ სასამართლოს, რომ მართლმსაჯულების კონტროლი განხორციელდეს. სამწუხაროდ არც პარლამენტი აკონტროლებს კანონის აღსრულებას, იმის მაგივრად, რომ ობიექტურად აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუდმივად ცდილობს პასუხისმგებლობის ტვირთი საზოგადოებას დააკისროს, როგორც ახლა აკეთებს 11 წლის ბავშვის ტრაგედიის შემთხვევაში.

რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს? – იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო ისეთი გადაწყვეტილება, სადაც დაიწერება, რომ ინდივიდუალური სოციალური მუშაკი აუცილებლად დაარღვევდა ბავშვის უფლებას, რადგან მას არ ჰქონდა რესურსი. დღეს კი ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასება არ ხდება სწორად, ყველა მიადგება ინდივიდუალურ სოციალურ მუშაკს, რომელსაც ფიზიკურად აღარ შეუძლია მეტის გაკეთება და სამართლებრივად ეს არის პრობლემური.

ჩვენ ბავშვთა უფლებების კომიტეტში ორი საქმე გვაქვს გაგზავნილი, სადაც ვასაჩივრებთ სისტემურ დარღვევებს და ვამბობთ, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიღმა გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც ყველა დაარღვევს კანონს.

  • საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები ან მზარდი ფსიქიკური დარღვევები მოზარდებში არ არის საკმარისი ნიშანი სახელმწიფოსთვის იმისთვის, რომ ამ პრობლემის მიმართ უფრო სენსიტიური გახდეს? როგორ უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ სხვა რაკურსიდან შეხედოს პრობლემას?

პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომელსაც დღეს ვერ გრძნობს. უნდა ვუთხრათ სახელმწიფოს – თქვენ არღვევთ ბავშვის უფლებებს ცუდი პოლიტიკით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სოციალური დაცვის პოლიტიკა არ გვაქვს, არა?! მაშინ რატომ გვგონია, რომ ბავშვები დაცულები იქნებიან. როგორ უნდა აღასრულო კანონი, თუ არ გაქვს პოლიტიკის ინსტრუმენტი, თუ არ გაქვს კანონქვემდებარე აქტები?

დღეს, სამწუხაროდ, არაინფორმირებული მსჯელობა მიდის ბავშვთა უფლებებზე, ვმსჯელობთ პოპულარულ ენაზე, მაშინ როცა ბავშვთა უფლებებს აქვს მკაცრი საზღვრები, აქვს თავისი მოთხოვნები და როცა ჩვენ ვმუშაობთ და შემდეგ ვსაუბრობთ კანონის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე, პარლამენტი აიოლებს ამ საკითხს და ბავშვთა უფლებების დარღვევას აფასებს როგორც მოვლენას, ამ ფაქტორების უგულებელყოფით.

  • პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე 11 წლის ბავშვის ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობას ოჯახის წევრებს და ახლობლებს აკისრებს და საყვედურობს, რომ მათ არ განაცხადეს ამის შესახებ. როგორი უნდა ყოფილიყო მისი შეფასება და მსჯელობა რეალურად?

მას უნდა ეთქვა, რომ კანონმდებლობას, სადაც წერია, რომ მეზობელს და ახლობელს აქვს ჩარევის და ბავშვის დაცვის ვალდებულება, სჭირდება აღსრულება. იმისათვის, რომ ეს კანონმდებლობა აღსრულდეს, უნდა ვიცოდეთ ვის ევალებოდა იმ მეზობლისთვის ეთქვა, რომ შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და რატომ არ მიაწოდა ეს ინფორმაცია მას. რა ფარგლებში ევალებოდა, რომელი პოლიტიკის დოკუმენტით ევალებოდა, მეზობლების კანონისმიერი ვალდებულებების შესახებ რატომ არ გვაქვს არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რატომ არის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის მასწავლებელს შეუტყობინებლობისთვის, არცერთხელ არ აღსრულებულა – აი, ამაზე უნდა ესაუბრა კილაძეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ბავშვის რეფერირებაზე უმოქმედობა არის დასჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არის სანქცია მთელ სკოლაზე ან მასწავლებელზე. როცა მოვითხოვეთ აღსრულება, გვიპასუხეს, რომ ვერ არკვევენ, ვინ უნდა გამოუწეროს სანქცია, წარმოგიდგენიათ? ოქმი ვინ უნდა ამოწეროს, ამაზე არ აქვთ პასუხი არც ჯანდაცვაში, არც პოლიციაში და არც განათლების სისტემაში. თუ არ ვიცით ვინ უნდა გამოუწეროს ოქმი, მაშინ ვერც კარგი კანონი აღსრულდება. თუ ბავშვზე ძალადობაზე ეჭვი შეგეპარა და რეფერირებას არ გააკეთებ, შენ უკვე სამართალდამრღვევი გამოდიხარ. აი, ამაზე უნდა ესაუბრა კილაძეს და არა რიტორიკული, დაახლოებით ფეისბუკის ტიპის განხილვები დაეწყო.

როცა ჩვენ ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ვსვამთ კითხვას – თუ ყველაფერი კანონით არის გარანტირებული, აღსრულება რატომ არ ხდება? კანონის აღსრულება ვერ იქნება ვინმეს კეთილი ნება, რადგან კანონი იმიტომ არის კანონი, რომ მას აქვს იძულების მექანიზმები. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გვქონდეს პრეცედენტი იძულების. მაშინ რად გვინდა კარგი კანონი თუ არ განსაზღვრავ, ვინ უნდა შეასრულოს, როგორ უნდა შეასრულოს, როდის უნდა შეასრულოს და როცა არ შეასრულებს – რა მოხდება.

  • გარდა კანონის აღსრულების სისუსტეებისა, საზოგადოებაში არსებობს აღზრდის შესახებ სტერეოტიპიც, რომ მშობელს აქვს შვილის ცემის უფლება. 

ვინმემ ასწავლა ამ ადამიანებს რა მომენტში მთავრდება აღზრდა და იწყება ძალადობა? იციან ძალადობის ნიშნები? ისევ 11 წლის ბავშვის ისტორიას მინდა დავუბრუნდე, ინტერვიუს დროს ითქვა, რომ მამა არ უშვებდა ბავშვს დეიდასთან. ვინმე მიხვდა, რომ ეს არის ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა ოჯახში? სანამ დაიწყებოდა ფიზიკური ძალადობა, ცემა, თვეებით ადრე ბავშვის უფლებები უკვე ირღვეოდა. საქართველოში არცერთი კამპანია არ ჩატარებულა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, არცერთი სატელევიზიო სემინარი არ მინახავს, რომელიც აჩვენებს რა არის ბავშვის უფლება. როცა ბავშვი ამბობს, რომ თამაში მინდა და თუ მას ეტყვიან – „არა, ვერ ითამაშებ, მარტო ისწავლი, მარტო დისციპლინას დაემორჩილები“, ეს არის ბავშვის უფლების დარღვევა და ბავშვს შეუძლია სასამართლოში წასვლა, მას ეკუთვნის ადვოკატის მომსახურება უფასოდ და ამაზე იდავებს. ეს ინფორმაცია არავის არ გაუცნია ადამიანებისთვის.

  • სკოლაშიც ნაკლებად ასწავლიან ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი…

სინამდვილეში, ვინც ამაზე პროფესიულად ვმუშაობთ, არ გვაძლევენ უფლებას ეს ინფორმაცია ბავშვებს მივაწოდოთ. როგორც ისწავლება, ის არ კმარა. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღარ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ, ავუხსნათ, როგორ უნდა ისწავლებოდეს ბავშვის უფლებები. ბავშვთა კოდექსის განხილვის დისკუსიიდან კი საერთოდ გაგვიყვანეს.

დარღვევას ჩვენ ვეღარ ვხედავთ, სანამ არ მოხდება რაიმე ტრაგიკული. ეს არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა.

როდესაც ამბობენ, რომ ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, მათ პირველ რიგში უნდა გვაჩვენონ, თავად სად აქვთ ნასწავლი ბავშვთა უფლებები, რამდენი აკადემიური კრედიტი აქვთ გავლილი, რა აქვთ დაწერილი ამაზე, რამდენ სტატიას ეცნობიან. ბავშვთა უფლებები არ არის პოპულარული თემა, ეს ურთულესი თემაა. უფრო ძნელია ბავშვთა უფლებების დაცვა, ვიდრე – პატიმრების უფლებების, რადგან ბავშვთა უფლებები ძალიან ბევრ კანონმდებლობას, ძალიან ბევრ კონტექსტსა და ნორმას უყურებს. ჩვენს შემთხვევაში კი პროფესიული ნიშნით კი არ ხდება მსჯელობა, არამედ დაყვანილია აქამდე – „კარგი ადამიანია, კეთილი ადამიანია, არ დაარტყამდა“. აი, ეს არის ბავშვთა უფლებები საქართველოში.

დღეს დისკურსი საზოგადოებაში ბავშვთა უფლებებზე ძალიან გამარტივებულ, არაპროფესიულ დონეზე მიდის, ჩვენ შეგვიძლია ეს დისკურსი ავწიოთ. შეგვიძლია მოსამართლეებს ვთხოვოთ განმარტება, რას ნიშნავს შეუტყობინებლობა, მაგრამ ჯერ ვერ მივედით აქამდე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც გავასაჩივრეთ კარანტინში მყოფი ბავშვის სეირნობის უფლება, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სასამართლომ იმსჯელა იმაზე, რომ სეირნობა ისეთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკაც კი უნდა გადაიხედოს და მისცა ბავშვს სეირნობის უფლება. სწორედ კონსტიტუციით უნდა ასაბუთო ბავშვის უფლებები და არა იმით, რომ ვიღაც „კაი ტიპია, კეთილია, ყურადღებიანია“. ეს არ კმარა.

_____________

ფოტოზე: ანა არგანაშვილი. ნეტგაზეთის ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: