მთავარი,სიახლეები

რუსეთს სანქციები ელოდება, თუ ნავალნის მოწამვლაში კრემლის ბრალეულობა დადასტურდება

26.08.2020 • 1085
რუსეთს სანქციები ელოდება, თუ ნავალნის მოწამვლაში კრემლის ბრალეულობა დადასტურდება

აშშ რუსეთს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუკი ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის ვერსია დადასტურდება – წერს „ბიბისი“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სტივენ ბიგანმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში „ვაშინგტონი მიიღებს ზომებს, რაშიც აისახება ასევე ამერიკული საზოგადოების რეაქცია აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე“.

ევროპის ლიდერებმა დაგმეს ნავალნის მოწამვლის მცდელობა და მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, ჩაატარონ საფუძვლიანი გამოძიება.

ევროკავშირის პოლიტიკოსები ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლას, ასევე ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობას იხსენებენ და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ნავალნის მოწამვლაში კრემლის და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის სავარაუდო ბრალდებას „ცარიელი ხმაური” უწოდა.

ნავალნი ჯერ კიდევ კომაშია. მას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მეთვალყურეობენ. ექიმების თქმით, რუსი პოლიტიკოსი მოწამლულია. კრემლის განცხადებით კი, გერმანელმა ექიმებმა ნაადრევად გამოიტანეს დასკვნები.

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოსკოვიდან ტომსშკი ბრუნდებოდა, თუმცა ფრენისას შეუძლოდ გახდა, მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა. ნავალნი ფრენისას გაითიშა, შესაბამისად, თვითმფრინავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, ომსკში დასვეს.

ნავალნის პრესსამსახურმა, კირა იარმაშმა  ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ვარაუდით ნავალნი ჩაის ჭიქაში გარეული ნივთიერებით მოწამლეს.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება დასჭირდა. ამჯერად მას ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ მკურნალობენ.

„კლინიკურ მონაცემებში მითითებულია ინტოქსიკაცია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერება ჯერ არ არის ცნობილი“,  – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მთავარ ფოტოზე: ალექსეი ნავალნი

გადაბეჭდვის წესი