აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა.
ამ დოკუმენტის მიხედვით:
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის კი, გამოყოფილი იყო 5 322 800 ლარი, ხოლო დაიხარჯა მხოლოდ 2 861 900 ლარი.
შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, პროგრამა, რომელიც კარანტინის მოწყობას ითვალისწინებდა, 90,9 პროცენტით შესრულდა, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამა – 53,8 პროცენტით.
აჭარის მთავრობის განმარტებით: „გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულყოფილად აღჭურვის მიზნით სამედიცინო აპარატურის შესაძენად, რბილი ავეჯის და სხვა, რომლის შესრულება განხორციელდება IV კვარტალში, რის გამოც დაბალია შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებაში“.
აქ აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით თითქმის ყველა შესყიდვა ტენდერის გარეშე განხორციელდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი, მიუხედავად ქვეყნის მთავრობის და ეპიდემიოლოგების განცხადებებისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდნენ, რატომღაც ტენდერი გამოაცხადეს.
საკარანტინო ზონების პროგრამას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.
აჭარის მთავრობის ანგარიშიდან
გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, კარანტინში მომუშავე პერსონალისთვის შეიძინეს სხვადასხვა სამედიცინო ტანსაცმელი და ჰიგიენური მასალები. მთავრობის დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში კარანტინი სექტემბრის თვის ჩათვლით, სულ 32 430-მა პირმა გაიარა.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აღჭურვის მიზნით დაიხარჯა 2 მილიონ 8 ათას 200 ლარი, ასევე გაწეულია სხვა ხარჯი, მათ შორის, 154 500 ლარი კარანტინში დასაქმებული ექიმ/სპეციალისტებისთვის.
აჭარის მთავრობის ანგარიშიდან
ბათუმელების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მარტო კარანტინისთვის ბიუჯეტიდან 78,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ბათუმში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე, ძველ თუ ახალ ავტობუსებზე, ყველგან, მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ეს სარეკლამო სივრცე მიუწვდომელია, ზოგისთვის ფასის გამო ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ უარი უთხრა.
ეს სარეკლამო სივრცეები გაჩერებებსა და ავტობუსებზე შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ „ვისოლის“ შვილობილი კომპანიაა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნესმენების ბოლო შეხვედრისას თქვა, რომ მათ „პრემიერი გაამხნევეს“, სანაცვლოდ კი ბიზნესმა დაგროვილი გადასახადის ჩამოწერა მოითხოვა.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ექიმი ვახტანგ კალოიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისმა პარტიამ კომპანია „ალმას“ ავტობუსის გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო ბილბორდების განთავსება ჯერ კიდევ ზაფხულში სთხოვა, თუმცა უარი მიიღეს.
„ჯერ კიდევ აგვისტოში გვითხრეს, რომ ცენტრში გაჩერებებზე ყველა ადგილი დაკავებული იყო. სადაც შემოგვთავაზეს, ენით აუწერელი ფასი გვითხრეს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და ამის შემდეგ აღარც მიგვიმართავს“, – ამბობს კალოიანი.
როგორც ვახტანგ კალოიანი ამბობს, ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ ბათუმში სულ 4 ბილბორდი აქვს, რისთვისაც სარეკლამო სივრცე კომპანია „აჯადისგან“ იქირავა.
როგორც პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, „ალმასგან“ მხოლოდ რამდენიმე ადგილი იქირავეს.
„ჩვენს პარტიას ისედაც არ ჰქონდა დიდი თანხა ამისთვის გათვალისწინებული, სულ გვაქვს 6 ბანერი ბათუმში. ავტობუსის გაჩერებებს რაც შეეხება, იქ ეს სივრცე „ვისოლის“ ხალხს ეკუთვნის. რადგან „ალმაც“ მათი შვილობილი კომპანიაა, ამიტომ მანდ განსხვავებული ფასი ჰქონდათ, ბევრად უფრო ძვირი ოპოზიციისთვის, ვიდრე სახელისუფლებო პარტიისთვის, ამიტომ ამ სივრცეებში ჩვენ არც ერთი ბილბორდი არ გვაქვს“, – გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.
ბათუმის ცენტრალურ ადგილებში ავტობუსების მოსაცდელებზე სარეკლამო ადგილები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ათვისებული.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდნენ „ბათუმელებთან“, რომ „ალმამ“ არარეალური ფასი მოითხოვა მოსაცდელებზე საარჩევნო ბანერების განთავსებისთვის.
პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ერთ მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ 1000 დოლარი მოითხოვა, რაც ბევრად აღემატება იმ ფასს, რა ფასადაც ამ კომპანიას რეკლამირების უფლება აქვს მოპოვებული ბათუმის საკრებულოსგან.
კირთაძის თქმით, ამას გარდა, კომპანიამ უარი უთხრა რეკლამის განთავსებაზე სხვა მიზეზითაც – რომ თავისუფალი ადგილი უკვე აღარ ჰქონდათ: „თუ გამოუჩნდებოდათ ადგილი, 800 დოლარი უნდა გადაგვეხადა და დამატებით დღგ ერთ ავტობუსზე, რომელიც 1 კვ. მეტრზე გადაანგარიშებით, 300 ლარია. ანუ, ამ ფასად ყიდის კომპანია ადგილს, რაც მერიისგან იყიდა 2,2 ლარად“.
5 ოქტომბრიდან ბათუმში ელექტროავტობუსებმა დაიწყო მოძრაობა და ამ შემთხვევაშიც, ხუთივე ავტობუსზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბილბორდები განთავსდა.
„ქართული ოცნების“ რეკლამა მოსაცდელებზე
გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, რადგან კომპანია ფართობის არქონას იმიზეზებდა, ახალი ავტობუსების გამოჩენის შემდეგ, კიდევ ხომ არ მიუმართავთ სარეკლამო სივრცის გამოყოფაზე, რაზეც კირთაძე ამბობს, რომ არა.
ენმ-ს პოზიციაა, რომ რადგან „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით ფინანსდება, ავტოტრანსპორტი, თუკი მას სარეკლამო სივრცის გაქირავებით ამხელა მოგება აქვს, მაშინ სუბსიდიას აღარ უნდა იღებდეს ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება კომპანია „ალმას“, „ბათუმელები“ მას ჯერ კიდევ სექტემბერში დაუკავშირდა და სარეკლამო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.
კომპანიაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხს წერილობით მოგვაწვდიდნენ, თუმცა მათ მიმართ პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
კომპანიას ვთხოვდით განემარტა, რა ღირდა ავტობუსების გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო რეკლამის განთავსება კვადრატული მეტრის მიხედვით, რამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა ფართობის ქირავნობის მოთხოვნით და ჰქონდათ თუ არა თავისუფალი ადგილები. ასევე გვინდოდა გვეკითხა, რამდენად რეალურია პარტიების პრეტენზიები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, ოპოზიციას რამდენჯერმე ძვირი ტარიფი შესთავაზა.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს შპს „ალმაში“ ამჯერად არ უპასუხეს.
___
მთავარი ფოტო: ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული.
28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“.
ასევე, გარდაიცვალა 83 წლის ქალი, რომელსაც 17 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ კლინიკაში. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, შოკი, გულის გაჩერება. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა“.
რესპუბლიკურ საავადმყოფო გარდაიცვალა 59 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 22 ოქტომბერს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. თანმხლები: თირკმლის ქრონიკული დაავადება“.
რესპუბლიკურ საავადმყოფო ასევე გუშინ გარდაიცვალა 81 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 57 წლის კაცი, რომელსაც კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია“.
ასევე, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 72 წლის კაცი. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება“.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 90 წლის კაცი, დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწვავე უკმარისობა“.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1731ახალი შემთხვევა დადასტურდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 3 511 853 ამომრჩეველია ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 14 170 მოქალაქეს.
შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, 3 526 023 ამომრჩეველს აქვს.
წყარო: ცესკო
აღნიშნული მონაცემებით აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია სულ 314 889 ამომრჩეველი. აქედან:
N28 მაჟორიტარული ოლქი – 147 292 ამომრჩეველი [ბათუმი]
N29 მაჟორიტარული ოლქი 70 837 ამომრჩეველი [ქობულეთი და მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული]
N30 მაჟორიტარული ოლქი 96 760 ამომრჩეველი [ხელვაჩაური (მახინჯაურის გარდა), ქედა, შუახევი და ხულო]
კონსტიტუციური კანონით, აჭარის ტერიტორიაზე, სადაც 6 მუნიციპალიტეტია ქალაქ ბათუმის ჩათვლით, შეიქმნა 3 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
შესაბამისად, ქალაქი ბათუმი პარლამენტში აირჩევს ერთ მაჟორიტარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მახინჯაური – ერთ მაჟორიტარს და ასევე, ერთ მაჟორიტარს აირჩევს ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური [მახინჯაურის გარდა]. აჭარის სამ ოლქში ასევე აირჩევენ თითო მაჟორიტარს აჭარის უმაღლეს საბჭოში.
29 ოქტომბრიდან დისტანციური განათლების ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კინოს შესახებ მოისმენენ გაკვეთილებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.
„პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველი შეხვედრა გაიმართება ხვალ, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3jGxb8R
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები – დათო ტურაშვილი და დათო მაღრაძე, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე და სხვები.
სამინისტროს განმარტებით, პროექტის მიზანი სკოლებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.
stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა.
მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება.
„ონლაინკლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ადმინისტრაციულ, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერის დავალებებს შეასრულებს.
მთავრობის ამავე დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით;
სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეულ პირებს უნდა მიაწოდონ კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციული საკითხების შესახებ; აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, კოვიდცენტრებში დასაქმებულ ექიმებს დაეხმარონ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ქვეყანაში 27-28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან, თუმცა სამედიცინო განათლება აქვთ. მისივე თქმით, 27 ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსით 1 678 მედიკოსი დაინფიცირდა.
რა პირობით ჩაერთვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები კოვიდის მართვაში, ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარეს ესაუბრა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 30 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 31 ოქტომბერს დღისით და მომდევნო 2 დღეს კი დროგამოშვებით იწვიმებს.
საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს.
თუმცა, თიბისი დაზღვევა სვამს კითხვას – იცი თუ არა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების დადგომისას რა აგინაზღაურდება? უფრო ნათლად რომ გითხრათ, კითხვა შემდეგია: შენი აზრით, რას აზღვევ, როცა ბინას აზღვევ?
შენი პასუხი, შენ გვითხარი. თიბისი დაზღვევის კი მარტივია: აზღვევ ბევრად მეტს, ვიდრე გეგონა.
თითოეულ სახლში ასობით ნივთია, ამ ნივთებიდან კი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უამრავი ნივთიდან, ძალიან ბევრი სწორედ ბინის დაზღვევით არის დაცული. იქნება ეს, მაცივარი, ტელევიზორი, ლეპტოპი, სკამი თუ მაგიდა. რაც მთავარია, რემონტი და შიდა მოპირკეთებაც არ უნდა დაგავიწყდეს, ვინაიდან, მართლა ბევრად მეტს აზღვევ, ვიდრე გეგონა.
და ისიც გაითვალისწინე, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბინის დაზღვევის შეძენა, თვეში მხოლოდ 12 ლარიდან შეგიძლია.
დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია.
ბათუმის ახალი სტადიონის გაიხსნაახალი სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახი კალაძე და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნაზებათუმის ახალი სტადიონის გახსნაბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნაბათუმის ახალი სტადიონის გახსნაბათუმში სტადიონის გახსნა
მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას” წევრის, ხათუნა ბერიძის თქმით, მაშინ, როცა კორონავირუსის გამო ასობით მოქალაქე დახმარებას ითხოვს და მათთვის საავადმყოფოებში ადგილი არაა, პრემიერს სტადიონის გასახსნელად არ უნდა ეცალოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახალი სტადიონი ისე დატოვა, “ალტერნატივას” წევრებს არ შეხვედრია. მას კომენტარი არც ჟურნალისტებთან გაუკეთებია.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ბიზნესიდეა 26 307-მა პირმა წარადგინა. ეს იმ პროექტების რაოდენობას 4-ჯერ და მეტად აღემატება, რაც 4 წლის განმავლობაში მთლიანად დაფინანსდა [2015-18 წლებში დაფინანსდა სულ 6 212 პროექტი].
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გააგზავნა განაცხადები“.
მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან შესულია 5 993 განაცხადი. მაშინ, როცა „აწარმოე საქართველოში“ ამ რეგიონებიდან 6 300 განაცხადის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა, არანაკლებ 235 დაფინანსდება.
განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს დასრულდა [რეგისტრაციის ვადა სააგენტომ ორჯერ გაახანგრძლივა].
„პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით“, – აცხადებენ სააგენტოში.
შემოსული განაცხადები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
წყარო: „აწარმოე საქართველოში“
„აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ.
ამასთან, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ერთი ზოლი რამდენიმე დღეა ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. გადაკეტილია ქუჩის სავალი ნაწილი „კარფურსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მონაკვეთში. ორმხრივი მოძრაობაა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რის გამოც აქ მუდმივად საცობია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არაერთი მონაკვეთია გადაკეტილი.
რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, „სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვეა, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მაქსიმალურად სწრაფ ვადებში დასრულდება, “ – გვითხრეს მერიაში დღეს, 27 ოქტომბერს, თუმცა სამუშაოების ზუსტი დრო ვერ დაგვიკონკრეტეს.
ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა / 25.10.2020
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთში [ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ლორიას ქუჩამდე] წყალარინების „E” კოლექტორის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან დადებული სასესხო შეთანხმება 60 მილიონ ევროზე საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამ თანხით ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ახალი ფაზა უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად, ეს თანხა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობისთვის იყო გათვალისწინებული.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.
ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. ფილმი ირინე ჟორდანიას პირველი, დამოუკიდებელი კინოპროექტია, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თავადაა.
წელს ამავე კინოდაჯილდოებაზე ლევან გელბახიანიცაა წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] შესრულებული მთავარი როლისთვის.
ირინე გელბახიანის მოკლემეტრაჟიანი, 15-წუთიანი ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იმზადებს ფინჯან ყავას, ჯდება ერთსა და იმავე ადგილზე და რეკავს ყოველთვის ერთ, საკუთარ ნომერზე – ასეთია ფილმის სინოფსისი.
კანდიდატი ფილმების სია ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა, საკონკურსოდ სულ 24 ფილმი შეირჩა. ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად ამ სიაშია ფილმები საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და ა.შ.
ფილმები კანდიდატებად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, მათ შორის, ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალებმა. ირინე ჟორდანიას ფილმი კი კანდიდატად ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა, PÖFF Shorts-მა წარადგინა.
ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც, რომელიც პირველიდან 8 დეკემბრამდე იმართება.
წარმოდგენილი 24 კანდიდატი ფილმიდან ევროპული კინოდაჯილდოების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი უნდა გახდეს. ნომინანტების სრული სიის გასაჯაროების შემდეგ ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს.
გამარჯვებულ ფილმებს ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე, რეიკიავიკში გამოავლენენ 12 დეკემბერს.
ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად
3 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 4 ლარად
400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად
კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას:
ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი. სასაუბრო წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის კავშირისას.
დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.
„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში.
ამავე დროს, ბათუმს ექნება ახალი სივრცე იპოდრომისთვის და ეს განავითარებს როგორც სარეკრეაციო მიმართულებას ბათუმში, ასევე გახდება ახალი ატრაქცია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებული იქნება მილიონნახევარი ლარი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.
მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ინკლუზიური პარკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ველობილიკების მოწყობა, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.
ბათუმში აქამდე მიუსაფარი ცხოველების კასტრაციაზე, ცოფის აცრასა და ბუნებრივ არეალში დაბრუნებაზე ბათუმის ცხოველთა თავშესაფარი „აიბოლიტი“ზრუნავდა ბათუმის მერიის დაფინანსებით. როგორ იმუშავებს ახალი თავშესაფარი, ამ დეტალებს „ბათუმელები“ მერიაში აზუსტებს.
პროექტი მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბათუმში ქალაქში ყველაზე ცნობილი ძაღლის, „კუპატას“ სახელთან დაკავშირებული აქტივობა ანონსდება. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა, რაც თვეში 60 ლარია. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროგრამა არ დაწყებულა.
დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა.
ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების დროს დაავადება უფრო მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
პაციენტი აშშ-დან – რეინფიცირება დაახლოებით 48 დღის ინტერვალით
ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კოვიდ-19 ხელმეორედ შეეყარა, 25 წლის ახალგაზრდა კაცია აშშ-დან, რომელსაც პირველად ვირუსი 2020 წლის 22 აპრილს დაუდასტურდა, მეორედ კი – 5 ივნისს, ანუ დაახლოებით 6 კვირის შემდეგ. ჰონგკონგელი პაციენტისგან განსხვავებით, რომელიც რეინფიცირებისას ასიმპტომური იყო, ამერიკელ პაციენტთან მეორედ ინფექცია სიმპტომურად უფრო მწვავედ მიმდინარეობდა, ვიდრე პირველ შემთხვევაში – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.
გენომურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი SARS-CoV-2– ით ორჯერ, გენეტიკურად განსხვავებული ვირუსის მიერ იყო ინფიცირებული. ამრიგად, SARS-CoV-2– ის წინა ზემოქმედება შეიძლება არ უზრუნველყოფდეს სრულ იმუნიტეტს ყველა შემთხვევაში. გენეტიკურმა ანალიზმა ჰონგ-კონგელი პაციენტის შემთხვევაშიც დააფიქსირა სხვაობა კორონავირუსის შტამებს შორის – წერსCNN.
პაციენტი ბელგიიდან – რეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით
ბელგიაში კოვიდით ხელმეორედ დაინფიცირებული პაციენტი 51 წლის ქალი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა). პაციენტი იმუნოკომპეტენტური იყო, ანუ გააჩნდა ნორმალური იმუნური პასუხის აღძვრის უნარი, თუმცა ასთმის საწინააღმდეგო ყოველდღიურ მედიკამენტს იღებდა.
ბელგიელი პაციენტი თვითიზოლაციაში მკურნალობდა, მას სიმპტომები 5 კვირის განმავლობაში უფიქსირდებოდა. მისი საწყისი სიმპტომებიდან სამი თვის შემდეგ (2020 წლის 10 ივნისი) პაციენტს კვლავ აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ხველა, დაღლილობა და რინიტი. მას კოვიდზე ტესტმა კვლავ დადებითი უჩვენა. ამჯერად სიმპტომები მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა და პაციენტი კვლავ ჰოსპიტალიზაციის გარეშე განიკურნა.
„გენომის სრულმა თანმიმდევრობამ აჩვენა 11 განსხვავება ორი ეპიზოდის იზოლატებს შორის, რაც ადასტურებს ვირუსის განსხვავებული შტამებით ინფიცირებას“ – წერია დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.
პაციენტი ეკვადორიდან – რეინფიცირება დაახლოებით 60 დღის ინტერვალით
ეკვადორში კოვიდით რეინფიცირება მაისში, 46 წლის, ასევე იმუნოკომპეტენტურ კაცს დაუფიქსირდა, როცა მას ძირითადი სიმპტომების სახით თავის ტკივილი და ძილიანობა აღენიშნებოდა. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, 3 ივნისს გაკეთებულმა ტესტმა პაციენტს კოვიდზე უარყოფითი უჩვენა.
გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ივლისის ბოლოს ახლო კონტაქტი ჰქონდა ნათესავთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა. უკვე აგვისტოს თვეში, ეკვადორელ პაციენტს კოვიდ-19 კვლავ დაუდასტურდა.
“მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის სიმპტომები მეორე ეპიზოდისას უფრი მძიმე იყო ვიდრე პირველი ეპიზოდისას, პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭრდა” – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.
დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.
პაციენტები ინდოეთიდან – რეინფიცირება დაახლოებით 110 დღის ინტერვალით
ინდოეთში კოვიდით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი იმუნოკომპეტენტური ჯანდაცვის მუშაკი იყო.
25 წლის ახალგაზრდა კაცს, პაციენტ А-ს, კორონავირუსი 5 მაისს, გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა. ის ასიმპტომური იყო და სისხლში ვირუსის გაქრობამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან გააგრძელა საქმიანობა და 17 აგვისტოს კვლავ კოვიდი დაუდასტურდა. პაციენტი იზოლაციაში გადავიდა და მეორე ეპიზოდის განმავლობაშიც ასიმპტომური დარჩა.
28 წლის ქალს, B პაციენტს, კორონავირუსი, ასევე გეგმიური შემოწმებისას, 17 მაისს დაუდასტურდა. სიმპტომები არც მას აღენიშნებოდა, თუმცა ისიც სისხლში ვირუსის გაქრობამდე იზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისიც დაუბრუნდა სამსახურს და უკვე 5 სექტემბერს ხელმეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. ის მეორეჯერაც ასიმპტომური იყო.
ამ პაციენტების დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.
შვედი პაციენტი – რეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით
შვედეთში განმეორებით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა 53 წლის ქალს, რომელსაც კოვიდზე დადებითი ტესტი ჰქონდა ჯერ მაისში, შემდეგ კი აგვისტოში.
სალგრენსკას საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი ვირუსის შტამის გენომის ანალიზის შემდეგ დაადასტურა, რომ იგი ორჯერ დაინფიცირდა.
„მაისის ვირუსის შტამი ათი პოზიციით განსხვავდებოდა აგვისტოს თვეში შემოწმებული შტამისგან”, – ამბობს ექიმმი იოჰან რინგლანდერი შვედურ გამოცემაDangens Niheter-თან – „ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ცალკეული ინფექციაა და არა იგივე, მიძინებული ინფექცია“.
ექიმების შეფასებით ქალმა პირველი ინფიცირების შემდეგ ნაწილობრივი იმუნიტეტი გამოიმუშავა. მისი დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა მეორე ჯერზე. სექტემბერში შემოწმებისას პაციენტს ანტისხეულების დაბალი დონე დაუფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში წერია, რომ შემთხვევების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტთა უმეტესობას აქვს იმუნური რეაქცია პირველი SARSCoV-2 ინფექციის შემდეგ, მაგრამ ეს იმუნიტეტი შეიძლება დროთა განმავლობაში შესუსტდედ. განიხილება, რომ ანტისხეულების რეაქციის სიმძლავრე ასოცირდება დაავადების სიმძიმესთან და არსებობს მინიშნებები, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებული იმუნიტეტი SARS-CoV-2– ის წინააღმდეგ შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ასიმპტომური ინფექცია ან მსუბუქი დაავადება.
SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები პაციენტების უმრავლეობას უვითარდება ინფიცირებიდან დაახლოებით მე-10 და 21-ე დღეებს შორის. სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, SARS-CoV-2-ით პირველადი დაინფიცირებისას პაციენტთა უმეტესობას (> 91%) უვითარდება IgG სეროპოზიტიურობა და გამანეიტრალებელი ანტისხეულები (> 90%) .
SARS-CoV-2 ანტისხეულების დონე, როგორც ჩანს, ინფიცირებიდან 94 დღის განმავლობაში რჩება სისხლში და ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ანტისხეულების ტიტრები პიკს აღწევს 3-4 კვირის განმავლობაში და დიაგნოზიდან 4 თვემდე შედარებით სტაბილური რჩება. ამის მიუხედავად, განეიტრალების ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხელმეორედ ინფიცირების მიმართ საშუალოდ რამდენიმე თვე რჩებიან იმუნურები, ამიტომ პირმა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აქამდე დადასტურებული COVID-19 დიაგნოზი, უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილოს SARS-CoV-2-ის ინფექცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აპრილში განაცხადა, რომ ანტისხეულები, სავარაუდოდ, „გარკვეული დონის დაცვას“ წარმოადგენენ ხელახალი დაინფიცირებისგან, მაგრამ ამის ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს.
რა ადგილი უკავია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვის როგორ ესმის მათი უფლებები და რა რჩება ძირითად გამოწვევად ამ სფეროში? თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული შშმ პირების გარემოსთან ადაპტაციის გაზრდის პროექტებში და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა შეხვედრას, რომელიც მათი უფლებების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
ნინო, როგორც ვიცით, პოლიტიკური პარტიები გყავდათ მოწვეული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, რომელი პარტიისთვის აღმოჩნდა ეს თემა საინტერესო, ვინ როგორ ხედავს საზოგადოების ამ ნაწილის გაძლიერებას და ვინ ვერა?
ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოვიწვიეთ დისკუსიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, პირისპირ შეხვედრას მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ დათანხმდა. „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრაზე არ მოვიდა. როგორც ვიცი, ZOOM შეხვედრა ჰქონდათ გარკვეულ შშმ პირებთან. მე, პირადად, გადავხედე „ქართული ოცნების“ პროგრამას, უფრო სწორედ, ბუკლეტს, რასაც ავრცელებენ ხოლმე კარდაკარ სიარულის დროს. ვერაფერი ვიპოვე სამწუხაროდ ამ ბუკლეტში, არსად არ არის ნახსენები შშმ პირები.
შესაძლოა ვიღაცისთვის არ იყოს საგანგაშო ის, რომ პროგრამაში შშმ თემი არ ჰყავთ ნახსენები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისეთი განვითარებული რომ იყოს, სადაც დაცული იქნება თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპი, მაშინ არც გვექნებოდა პრეტენზია. მაგრამ ამ ადამიანების სიცოცხლე რომ დღემდე, ისევ იმ ერთი პენსიის თემაზე და „გეხვეწებით პროგრამა შეიმუშავეთ“ ასეთ რამეებზე იხარჯება, ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ცალკე და კონკრეტულად იყო წარმოდგენილი მათი ხედვები შშმ პირებთან დაკავშირებით.
როგორია იმ პარტიების ხედვები, რომლებიც მოვიდნენ ამ შეხვედრაზე?
ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ჰქონდათ ნაფიქრი ამ თემაზე, მაგრამ კონკრეტიზაცია მაინც აკლდა ამ ყველაფერს.
გიორგი კირთაძის [ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში] პოზიციები უფრო კონკრეტული იყო, იქედან გამომდინარე, რომ ერკვეოდა პრობლემების არსში. ევროპული საქართველოს კანდიდატმა საერთოდ „ინვალიდი“ გამოიყენა საუბრის დროს, მით უმეტეს ექიმია ეს ადამიანი.
შესაძლოა იმიტომ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში შშმ პირი დღემდე მოიხსენიება როგორც „ინვალიდი“?
ახალი კანონი, რომელიც შშმ პირების დაცვის კუთხით მიიღეს, თავისთავში მოიაზრებს ამ ტერმინის ამოღებას და აკრძალვას ყველა სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად, ამ ადამიანების ხედვა მაინც მხოლოდ სამედიცინო კუთხით მიდის შშმ პირების აღქმის თვალსაზრისით და სოციალური მოდელი მათთვის ჯერ კიდევ არ არის აღქმადი. სოციალური მოდელი შშმ პირების პრობლემას გარემოში ხედავს და არა ადამიანში. ამ შემთხვევაში კი ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდებოდა თუნდაც პრობლემების იდენტიფიცირება.
ასევე ძალიან საინტერესო იყო მშობლების ჩართულობა დისკუსიაში, მაგალითად, სმენისარმქონეთა პრობლემებზე დასვეს კითხვები. იყო შეკითხვა, წინასაარჩევნო შეხვედრებზე იყენებდნენ თუ არა სურდო თარჯიმანს და ამ თემს რამდენად აღიქვამენ პარტიები მათ რეალურ ამომრჩევლად. სამწუხაროდ, სამივე პარტიამ თავი დახარა და ვერც ერთმა ვერ თქვა, რომ ეს მიმართულება მათთვის მნიშვნელოვანია.
ყველაფერზე ამბობდნენ, რომ „კი, ეს მნიშვნელოვანია“ და „ჩვენი არჩევის პირობებში გავითვალისწინებთ“, მაგრამ მე შევახსენე მათ, რომ წინასაარჩევნოდ კარდაკარ პრინციპით სიარული, შემდეგ იცვლება კაბინეტ-კაბინეტ ჩაკეტილობით და რეალობა სხვა ხდება.
რა აწუხებთ შშმ ბავშვების მშობლებს ყველაზე მეტად, კიდევ რა პრობლემა დაასახელეს?
მშობლებისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მათი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავის გადადება უწევთ. ისინი ითხოვენ ასისტენტის პროგრამის შემუშავებას. რეალურად ეს მშობლები არიან ბავშვების მომვლელების პოზიციაზე და განვითარებულმა ქვეყნებმა ცალკე კადრი შექმნეს, რომელიც პროფესიონალია და შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში ეხმარება. სწორედ ამას გულისხმობს ასისტენტის პროგრამა. ეს აძლევს მშობელს შესაძლებლობას, რომ იმუშაოს, სახლიდან გავიდეს. როცა მშობელი ვერ მუშაობს, ეს ამძიმებს მათ სოციალურ ყოფას.
რა პოზიცია ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს და მიაჩნიათ თუ არა რეალურად ამ პროგრამის დანერგვა საქართველოში?
თავიანთ პროგრამებში გაწერილი არ აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეთავაზებული იდეა მოეწონათ. საინტერესო იყო ერთ-ერთი შშმ პირის მიერ დასმული შეკითხვა – თქვენ თვითონ როგორ აღიქვამთ შშმ პირებს, ვინ არიან ისინი თქვენთვისო და აქ წამოვიდა ზუსტად საუბარი თემის სენსიტიურობაზე. მე პირადად დავინახე, რომ აქაც მთავარი პრინციპი ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებს აღიქვამდნენ თანასწორად და სხვა დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად.
გულისხმობთ იმას, რომ სიბრალული გამოხატეს?
კი. სამწუხაროდ, შშმ პირები ისევ მოწყალების ობიექტად რჩებიან. „მე შენ მოგიმატებ პენსიას“, – ეს დამოკიდებულებაა და არა ის, რომ მე შენ მოგცემ შესაძლებლობას მიიღო განათლება, დასაქმდე, იყო დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ეს ნაკლებად ისმის პოლიტიკოსების მხრიდან და ესაა პრობლემა.
ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც, რომელსაც თვითონაც აღიარებენ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობდა, რომ არ ცოდნის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რომ სადღაც არასწორი ბილიკია გაკეთებული, ვიღაცამ ტენდერის დროს იცუღლუტა და ჩამბარებელმაც თვალი დახუჭა, რომ ხშირად, ფასადურობა თუნდაც ამ ბილიკების, პანდუსების და ასე შემდეგ არსებობა.
საბოლოო ჯამში, ამ სამი პარტიის პოზიცია მაინც იყო ზოგადი და თვითონ სფეროს მიმართ ცოდნა არის ნაკლები. რომ ვთქვა, რომ გულწრფელი ინტერესით საუბრობდნენ შშმ თემის გაძლიერებაზე, ეს ვერ შევამჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კირთაძე უფრო აქტიურად იყენებდა საუბარში თემის გაძლიერების ნაწილს.
ბოლო ოთხი წელია რა მიმართულებითა პროგრესი შშმ თემთან მიმართებაში?
სახელმწიფო დონეზე თუ ვიტყვით, ტერმინების დონეზე არსებობს ცვლილება და ასევე, ცვლილებაა იმ კუთხით, რომ თვითონ შშმ თემი გახდა უფრო აქტიური და გაიზარდა მოტივაცია რომ უფრო მეტად იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.
რაც შეეხება პარტიებს, ისევ ვრჩებით ტრაფარეტული დამოკიდებულების დონეზე. განსაკუთრებული არაფერია.
საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით მეცნიერება, განათლების სისტემა, ხელოვნება (სოცრეალიზმი) სრულად იყო მობილიზებული სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების უსახური მასის შესაქმნელად. დისიდენტური მოძრაობის ყველა ტალღა ჩაიხშო. სისტემამ მოახერხა და ადამიანთა ყოველდღიური ყოფაც საბჭოთა სტანდარტებში მოაქცია. ყველაზე ტრაგიკული და ვერაგული გეგმა – ადამიანების ცნობიერებაში შეღწევაც განხორციელდა.
თანასწორობის სახელით შემოსაღებული იქნა კიდევ ერთი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელსაც მენტალიტეტში იმდენად ძლიერად აქვს ფესვი გადგმული, რომ დღესაც კი ყველაზე რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ,,თანასწორობის“ ეს ფორმა სინამდვილეში თანაბრობის (ერთნაირობის) მოთხოვნაა და სოციალური სამართლიანობის ეგიდით ხორციელდება.
თანასწორობის ცნების მხოლოდ ერთი გაგება შეიძლება განვიხილოთ. ეს არის უფლებების თანასწორობა, კანონის წინაშე თანასწორობა. მისი სხვა ფორმებისკენ სწრაფვა, როგორიცაა შედეგების თანაბრობა და ყველა ადამიანის შესაძლებლობის ინტერესების და სურვილების გათანაბრება არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ მისი მიღწევის ყველანაირი მცდელობაც კი ბოროტებაა.
სწორედ საბჭოთა მემკვიდრეობად შეიძლება განვიხილოთ ის სისტემები, რომლებიც კვლავ უნიფიცირებულია და ისევ ვერტიკალის ძალით იმართება: მართლმსაჯულებაში, ძალოვან სტრუქტურებში, განათლების სისტემაში. სახელისუფლებო შტოებს შორისაც ვერ მოხერხდა ურთიერთდაბალანსებული ჰორიზონტალური მმართველობის დაფუძნება. უფრო მეტიც, საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებებიც ამომრჩეველთა ტოტალური უპირატესობით ხდებოდა, რაც საბოლოო ჯამში საბჭოთა ხელისუფლების ელფერს იძენდა. შეიქმნა ერთგვარი სიმბიოზი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მთლიანად პარაზიტულ პრინციპებზე დაფუძნდა: ხელისუფლებებმა მოირგეს ,,მოწყალე პატრონის“ როლი, ხოლო საზოგადოება მოწყალების მომლოდინე მასის პოზიციაში აღმოჩნდა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას, მისი ცხოვრების განკარგვას და მიზნების განსაზღვრას ხელისუფლებებს უნდა უმადლოდეს.
დღეს, როგორც არასდროს, სახეზეა ტოტალური კრიზისი, რაც თანასწორობის ერთგვარობად გაგებამ მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ყინული გალღვა. საზოგადოებაში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც გამოჩნდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ძალები, რომლებიც რაციონალური გამოსავლის ძიებას ესწრაფვიან. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში გაჩნდა წინაპირობა კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისთვის. გამოსავალი მხოლოდ მრავალფეროვნებაშია. მხოლოდ განსხვავებული, თუნდაც რადიკალური პოზიციების გატარების საფუძველზეა შესაძლებელი განვითარება და საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევა.
ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. ბევრს აქვს გააზრებული მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და მისი გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ,,პროკრუსტეს სარეცელიდან“ წამოდგომას და ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში – მრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების მდგომარეობაში დაბრუნებას.
არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ.
„ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.
ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.
„ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.
2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინო სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
ცესკოს დადგენილებით, ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის დღის 2 საათის მდგომარეობით იმყოფებიან კოვიდკლინიკებში ან კარანტინში, შეჰყავთ სპეციალურ სიაში და მათ განთავსების ადგილზე მიუტანენ საარჩევნო ყუთს 31 ოქტომბერს.
ჯანდაცვის მინისტრის ახალ ბრძანებამდე კი, ის პირები, რომლებიც იქნებოდნენ სპეცსიაში და 27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გამოჯანმრთელდებოდნენ და დატოვებდნენ კოვიდკლინიკას/სასტუმროს, საარჩევნო უბანზე ხმას ვეღარ მისცემდნენ. მინისტრის ბრძანებით, ხმის მიცემა უკვე აღნიშნული ცნობის საფუძველზე შესაძლებელი იქნება.
ცნობა გაიცემა ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე.
ცნობის დამტკიცებული ფორმა
მინისტრის ბრძანების მიხედვით:
ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
ამ ბრძანებით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამის უფლებამოსილი უწყების სახელით.
ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ხოლო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – საკარანტინო სივრცეების სათანადო ინფორმირება.
მუხლი 199. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში;
ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა;
ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ა.ე) მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებული;
გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომლებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფლის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას;
ე) სპეციალურ სიაში შეყვანილ სპეციალური ჯგუფის წევრებზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის;
ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არჩევნების ჩასატარებლად, ასევე სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ან მთელი საარჩევნო კომისია ვერ ასრულებს (ასრულებენ) თავის (თავიანთ) მოვალეობას, ცესკო სხდომაზე დამსწრეთა ხმების არანაკლებ 2/3-ის საფუძველზე განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს (სპეციალურ ჯგუფებს) და ამტკიცებს მის (მათ) შემადგენლობას და მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება 12 წევრისაგან (საჭიროებისამებრ, ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა ნახევარს, მათ შორის, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. მეორე ნახევარს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები − იმავე დღეს ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ, დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფი საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით.
5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს:
ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილების ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით;
ბ) საარჩევნო კომისიების წევრთათვის, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთათვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებელთათვის და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის, ამომრჩევლების) მიერ პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ, სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარეშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;
გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.
6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 65 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელსაც 13 ოქტომბრიდან კლინიკაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“.
დღეს, 27 ოქტომბერს, გარდაიცვალა 82 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო 9 ოქტომბრიდან. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თანმხლები: ფილტვის სიმსივნე“.
ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის ქალი, რომელსაც 12 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი – „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი“.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე. უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, თანმხლები: გულის კორონალური სტენტირება“.
კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა 76 წლის კაცი. დიაგნოზი – „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თანმხლები – არტერიული ჰიპერტენზია,ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.“
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 71 წლის კაცი. დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. თანმხლები: მოციმციმე არითმია, გულის კორონალური სტენტირება“.
იმავე კლინიკაში დღეს გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 25 ოქტომბერს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტისშემდგომი მდგომარეობა“.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 73 წლის ქალი, მას ათი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: თავის ტვინის ინფარქტი, ესენციური ჰიპერტენზია“.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს, 27 ოქტომბერს, ოფიციალურად გახსნიან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის გახსნილად გამოცხადების ღონისძიება დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გახსნა გადაიდო. ამავე დღეს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა გამართულიყო.
ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში კვლავ რთულია. 27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება 18 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის შეხვედრაც.
27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.
საქართველოში მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ საწარმოებს ობიექტებზე მტვრის შემაკავებელი თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დაყენებას და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოები 20 000-დან 80 000-მდე ლარით დაჯარიმდებიან ან პრობლემის აღმოფხვრამდე – შეაჩერებენ მუშაობას.
აქამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმა 500-დან 1 000-მდე ლარი იყო.
საუბარია რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, მოძრაობა “გავიგუდეთ” წარმომადგენლებისა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. მას წინ უსწრებდა 2019 წელს რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გულისხმობს, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდას; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესებას; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭებას; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელებას მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე; ახალი რეგულაციები პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ორი მოსმენით დაამტკიცა.
რეგულაციების თანახმად, თუ საწარმო არ ფლობს შესაბამის ფილტრაციის სისტემას, ან ფლობს, მაგრამ იგი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ჰაერში და ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, საწარმო 20 000-30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ზენორმულად, ანუ დადგენილ ნორმაზე დიდი გადაჭარბებით, ასეთ შემთხვევაში საწარმო 40 000-80 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მრავალჯერადად გახდება დამრღვევი და არ გამოასწორებს დარღვევას, ზედამხედველობის სამსახური დროებით შეაჩერებს საწარმოს საქმიანობას, ვიდრე საწარმო, დათქმულ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას.
სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი: „ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის, რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, ამძიმებს ჰაერის მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს”.
გეგმის ბიუჯეტი 63 მილიონი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით ეს თანხა 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს. გეგმის მიხედვით, უშუალოდ რუსთავში იგეგმება ახალი მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც მოიცავს ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას და ველობილიკების შექმნას. ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოებას.
ჰაერის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, სადაც ჩანს, რომ ამ წუთებშიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჭიათურაში, რუსთავში, საჩხერესა და ბათუმში, მტვრის ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია ზღვარს აჭარბებს.
თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის დღის 2 საათის ნაცვლად, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე გადაიწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. სპეცსიაში შეყვანილ ამომრჩეველს სპეცჯგუფი საარჩევნო ყუთს თვითიზოლაციის მისამართზე მიუტანს.
შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“ დარეკონ 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე.
შენიშვნა:აღნიშნული ვადა ცესკოს გადაწყვეტილებით თავდაპირველად 26 ოქტომბრის 22 საათამდე განისაზღვრა; შემდეგ 27 ოქტომბრის დღის 2 საათამდე; ამჯერად კი, ცესკომ ეს ვადა 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გადაწია.
„შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.“ – აცხადებს ცესკო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით კი, ამომრჩევლები, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან, სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში დასარაგისტრირებლად ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.
კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4 და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
26 ოქტომბრიდან Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში iPad და iPhone შეძენისას, მომხმარებლები სილქნეტისგან საჩუქრად მიიღებენ მობილური ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს.
ერთობლივ აქციაში Apple-ის მოდელებზე ყოველთვიურად შემდეგი პაკეტები გააქტიურდება:
ყოველთვიური 10 გბ ინტერნეტი საჩუქრად
iPad 7th Generation
iPad mini
iPad air
მეტი ულიმიტო 25 ლარიანი საჩუქრად
iPhone 11
iPhone 11 pro
iPhone 11 pro max
ყოველთვიური 20 გბ ინტერნეტი
iPad pro 11
iPad Pro 12.9
პაკეტები ხელმისაწვდომია სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია ადგილზე SIM-ბარათის შეძენა ან სილქნეტის ქსელში პორტირება და აქციით სარგებლობა.
პაკეტის სტატუსის შემოწმება ხდება კომბინაციით *218#.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფიდან ცხრა წლის შემდეგ წყალი, რომელსაც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ, შესაძლოა „წყნარ ოკეანეში გაათავისუფლონ“, რადგან საცავის სივრცე იწურება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წყალთან დაკავშირებით, რომელშიც არსებობს ნახშირბად 14-ის “საშიში” დონე.
ხელისუფლებამ, მათ შორის, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ წყლის გათავისუფლება ოკეანეში. გეგმას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები და მეთევზეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
დაბინძურებული წყალი, რომელიც შესაძლოა დაზიანებული ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში ჩაეშვას, რადიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც შეუძლია ადამიანის დნმ დააზიანოს – წერია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია გრინფისის ანგარიშში.
გარემოსდამცველთა ჯგუფი ირწმუნება, რომ 1.23 ტონა წყალი, რომელიც ქარხანაში 1000 რეზერვუარში ინახება, რადიოაქტიური იზოტოპის ნახშირბად 14-ის “საშიშ” დოზას შეიცავს, ტრიტიუმის შემცველობასთან ერთად – წერს „გარდიანი“.
„გრინფისის“ ანგარიში – “ფუკუშიმას რადიოაქტიური წყლის კრიზისის რეალობა”, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც იაპონურმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ახლოსაა დათანხმდეს გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში წყლის ჩაშვების თაობაზე, მიუხედავად ადგილობრივი მეთევზეების წინააღმდეგობისა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს – წერს „გარდიანი“.
“ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის გადადება სამუდამოდ” – თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ. – “ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება”.
ვიდრე მეტი ყურადღება ტრიტიუმს ეთმობა, რომელსაც სადგურის ოპერატორის Tokyo Electric Power-ის [Tepco] ადგილზე განთავსებული ფილტრაციის სისტემა ვერ ფილტრავს, “გრინფის იაპონიამ” და “გრინფის აღმოსავლეთ აზიამ” განაცხადეს, რომ დაკონსერვებული წყალში შემავალი რადიოაქტიური ნახშირბადიც წყნარ ოკეანეში ჩაიღვრებოდა.
ანგარიშში წერია, რომ ნახშირბად 14 კონცენტრირდება თევზში ათასჯერ უფრო მაღალი დონით, ვიდრე ტრიტიუმი. ნახშირბად 14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის კოლექტიური რადიაციული დოზის მთავარი კონტრიბუტორი და აქვს ადამიანის დნმ-ს დაზიანების პოტენციალი”. გრინფისის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა წყალს რომელიც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ მოიხსენიებს, როგორც “გასუფთავებულ წყალს” და ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ის მხოლოდ ტრიტიუმს შეიცავდეს.
თუმცა TEPCO-ს სპიკერმა რიუნოსუკე ტაკანორიმ CNN-თან თქვა, რომ ავზებში გაზომვების შედეგად გაწმენდილ წყალში ნახშირბად 14-ის კონცენტრაცია არის 2–220 ბეკერელი ლიტრზე. ტაკანორის თქმით, “მაშინაც კი, თუ ეს წყალი დაილევა ყოველდღე 2 ლიტრი, წლიური ექსპოზიცია დაახლოებით 0,001-დან 0,11 მილიზივერტამდეა, რაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო დონე”.
”ნებისმიერი რადიოაქტიური გამონადენი შეიცავს გარკვეულ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის საფრთხეს”, – განუცხადა CNN-ს მანჩესტერის უნივერსიტეტის რადიოქიმიის პროფესორმა ფრენსის ლივენსმა და განმარტა, რომ რისკი გაიზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ნახშირბადი 14 ჩაეშვება ოკეანეში.
“კატასტროფიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Tepco და იაპონიის მთავრობა კვლავ ფარავს კრიზისის მასშტაბებს ფუკუშიმა დაიიჩში”, – თქვა მოხსენების ავტორმა და გერმანიის Greenpeace-ის ბირთვულმა სპეციალისტმა, შონ ბურნიმ. – ”მათ წლების განმავლობაში, შეგნებულად დამალეს დეტალური ინფორმაცია დაბინძურებულ წყალში რადიოაქტიური მასალების შესახებ. მათ არ განუმარტეს ფუკუშიმას მოქალაქეებს, ზოგადად იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს, რომ დაბინძურებული წყალი, რომელიც წყნარ ოკეანეში უდნა ჩაეშვას, შეიცავს ნახშირბად 14-ის საშიშ დონეს”.
„გარდიანის“ ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა, სავარაუდოდ, წყლის ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს. მედიის ცნობით, პროექტი დაიწყება ყველაზე ადრე 2022 წელს და მის დასრულებას ათწლეულები დასჭირდება. წყალი გამოთავისუფლებამდე Fukushima Daiichi– ში, ქარხნის შიგნით განზავდება, ისე, რომ იგი 40-ჯერ უფრო ნაკლებად კონცენტრირებული იყოს – წერს გაზეთი Yomiuri Shimbun-ი.
ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა 25 ოქტომბერს აქცია გამართეს სომხეთის საკონსულოსთან. აქცია ბოლო თვეში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, მალე დამყარდეს მშვიდობა და შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია ყარაბაღის მოსახლეობაზე,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი.
აქციის ორგანიზატორი აჭარის სომხური დიასპორა იყო.
აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში
27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.
სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.
სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 638 681 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, წერია, რომ კომპენსაცია ბაგრატ მანველიძესაც ერგება.
სეტყვისგან მიყენებულ ზიანის კომპენსაცია მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ ჩაერიცხა. ისინი თვეებს განმავლობაში ელოდნენ ამ თანხას. დაზარალებულთა ნაწილს კი, ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღია.
„კი, ჩამერიცხა ეს ფული, მე ვენახის ბაღი მაქვს და დამიზიანა სეტყვამ… რის საშუალებაც იყო, ის მომცეს, პრეტენზია არ მაქვს,“ – უთხრა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება 27 აგვისტოთი თარიღდება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ ამ დრომდე ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა და ქედაში კომპენსაცია უკვე ყველამ მიიღო.
ბაგრატ მანველიძე 2019 წელს აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, როცა იგი მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დააკავეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე დააჯარიმა 20 ათასი ლარით.
ბაგრატ მანველიძის შვილი – გიორგი მანველიძე უმაღლესი საბჭოს წევრია. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-5 ნომერია 31 ოქტომბრის არჩევნებში. გიორგი მანველიძის ოჯახი ზღვასთან ახლოს მრავალბინიან სახლს აშენებს.
ბაგრატ მანველიძის ოჯახს ასევე უკავშირდება უკანონო მშენებლობა ახვლედიანის ქუჩაზეც, რომელიც სასამართლომაც ვერ შეაჩერა.
კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4, და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ბინაზე მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს სპეცსიაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ავტომატურად შეიყვანს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან სპეცჯგუფები 31 ოქტომბერს მათ ადგილზე მიაკითხავენ.
რაც შეეხება თვითიზოლაცაში მყოფ პირებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე უწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.
[შენიშვნა:აღნიშნული ვადა დღეს ცესკომ 27 ოქტომბრის დღის 2 საათამდე გადაწია. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს შეუძლია აღნიშნულ ნომერზე დარეკოს 27 ოქტომბერსაც, დილის 10 საათიდან დღის 2 საათამდე].
აჭარაში დღეს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, კოვიდპაციენტებს 9 კლინიკა და 4 კოვიდსასტუმრო ემსახურება; ხოლო სხვადასხვა სასტუმროში 49 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.
ცესკოს განმარტებით, არჩევნების დღეს სპეცჯგუფები მიაკითხავენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობის მიერ შედგენილ თვითიზოლაციაში მყოფი პირების სიაში იქნებიან. ვინც იზოლაციაში თავისი სურვილით იმყოფება და არ არის დაფიქსირებული თუნდაც 112-ში, მათ სპეცსიაში არ შეიყვანენ და ადგილზე ხმის მისაცემად არ მიაკითხავენ.
„იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის მათთან მიტანის შესახებ აცნობებენ ცესკოს, გადამოწმდება იმ სიების მეშვეობით, რომლებსაც კომისიას მთავრობა მიაწვდის. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი არ იქნება შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიაში, ის ვერ იქნება შეყვანილი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის შედგენილ სპეციალურ სიაში. ადამიანებთან, ვინც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში, მათთან გადასატან ყუთს ვერ მიიტანენ“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ „ნეტგაზეთთან“.
ნახეთ აჭარაში იმ უბნების მისამართები, რომლებიც კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურება:
სპეციალურ სიებში ასევე მოხვდებიან სპეცჯგუფში მყოფი ცესკოს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლები, რათა მათ იქვე მისცენ ხმა.
როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, ნახეთ ამ ბმულზე:
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა – დაიწყოს გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე.
„საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, რასაც სჭირდება საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატური შეფასება, გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ აღწერილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგნად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო.
„უდავოა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება შესაძლო დანაშაულის (დევნის) საკმარის საპასუხო მოქმედებად. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება არ გამორიცხავს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
7 ოქტომბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მედიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს, სახალხო დამცველისსაპასუხო წერილით მიმართა. წერილში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „სახალხო დამცველის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ გამოთქმული ვარაუდები ეყრდნობა დაინტერესებული პირების მიერ მიწოდებულ სუბიექტურ მოსაზრებებს და არის ზედაპირული“.
„სახალხო დამცველისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ვარაუდები, რომ თითქოს ჩვენს მაუწყებელში ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და რომ თითქოს ჩვენთან ადგილი აქვს ჟურნალისტთა შევიწროებას, საგრძნობლად აზიანებს არა მარტო ზოგადად მაუწყებლის, არამედ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტის რეპუტაციას. მსგავს შეფასებებს განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო პერიოდში, როცა აჭარის რეგიონის მოსახლეობა სწორედ ჩვენი სატელევიზიო და რადიოარხებისგან ელის პოლიტიკური მოვლენების, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ამომწურავ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებით, მოავლინოთ თქვენი წარმომადგენელი ჩვენს მაუწყებელში, რათა ადგილზე გაეცნოთ მდგომარეობას, შეაფასოთ ჩვენს ჟურნალისტთა პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი, გამოიკვლიოთ, ირღვევა თუ არა გამოხატვის თავისუფლება,“ – წერს გიორგი კოხრეიძე გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება.
საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და პანდემიის პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, ნოემბერში დადგება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, განაცხადა საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.
„რომ შევაჯამო, ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ პიკი სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია სიტუაცია მართვადია და უნდა იყოს მართვადი,“ – განაცხადა მან.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვისა და სამედიცინო პერსონალის მობილიზების მნიშვნელობას.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მართვაში.
26 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს. „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა,“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 86 წლის ქალი, რომელიც 21 ოქტომბერს შეიყვანეს კლინიკაში. დიაგნოზი: „ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი“.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.