მთავარი,სიახლეები

რას ითხოვენ ქალები ხულოდან

25.08.2020 • 3130
რას ითხოვენ ქალები ხულოდან

ხულოში მცხოვრები ქალები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რომელთა დაკმაყოფილებაც, მათი აზრით, აუცილებელია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ერთ-ერთი საჭიროება დღის ცენტრების არსებობაა, სადაც ქალები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგის მომსახურებასაც მიიღებენ. ქალები ასევე მოითხოვენ შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს. ხულოში 2 200-მდე შშმ პირი ცხოვრობს, ამის მიუხედავად, მაღალმთიან აჭარაში ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს, ადამიანებს ქალაქში ჩამოსვლა უწევთ ძვირი სერვისის მისაღებად, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

სოფლად მცხოვრები ქალები ასევე საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალთა გაძლიერებაზე.

ნათია მელაძე მარტოხელა დედაა, მას ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს. დედა ამბობს, რომ ბავშვებზე მამამ იძალადა, რის გამოც მათ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ და ვეღარ ლაპარაკობენ. დედის თქმით, ბავშვებს ინტენსიურად სჭირდებათ შესაბამისი სერვისების მიღება, რისი საშუალებაც ხულოში არ არის.

„თქვენ იცით რა მიჯდება ორი ბავშვის თბილისში წაყვანა? მამა მათზე არ ზრუნავს, არც ალიმენტს იხდის, ასეთ პირობებში სახელმწიფომ ხომ უნდა შემიწყოს ხელი. სამი მუნიციპალიტეტიდან არცერთში არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი, ბავშვს რომ ვუმკურნალო“, – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“.

ნინო ზოიძე, ინდირა აბულაძე და ეთერ აბაშიძე – დისკუსიაში მონაწილე ქალები ხულოდან

ზიგიერთი მათგანი, ვისაც ვესაუბრეთ, „ქალთა ოთახის“ აქტივისტია. თუმცა ვესაუბრეთ სხვა ქალებსაც, რომლებიც ცდილობენ უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ საკითხებში, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს გააძლიერებს.

ფატიმა ბოლქვაძე, ხულოს „ქალთა ოთახის“ მენეჯერი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები ხშირად ითხოვენ ფსიქოლოგთან შეხვედრას. „ყველაზე მეტად მაშინ ინტერესდებიან შეხვედრით, თუ ფსიქოლოგი მოდის სტუმრად“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, დღეს ქალებს სხვადასხვა სახის წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა თუ მძიმე შრომა, რის გამოც მათ გაძლიერება სჭირდებათ. „ადრე იყო შეხედულება, რომ თუ ფსიქოლოგს მიმართე, ესე იგი, გიჟი ხარ, მაგრამ დღეს ეს დამოკიდებულება შეცვლილია სოფლებშიც და ადამიანები ფსიქოლოგთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ. ბევრი ქალისგან მოვისმინე, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ ისინი სხვანაირად უყურებენ ცხოვრებასაც და პრობლემის გადაჭრის გზებსაც პოულობენ.

ხულოდან ბათუმში რომ ჩახვიდე, იქ რამდენიმე დღე შეგიძლია მოგიწიოს დარჩენა, ბინა, კვება, ექიმის, გზის ხარჯი, რამდენი გჭირდება არა? ამიტომ კარგი იქნება, თუ ადგილზე იქნება ფსიქოლოგი და აქ გაუწევს ადამიანებს მომსახურებას“, – ამბობს ფატიმა.

მისი თქმით, სოფლად მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საკითხებში უფრო მეტად ჩართვა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეუმსუბუქდებათ მათ შრომა და სტრესი.

„სოფლის კრებებზე ქალები იშვიათად დადიან ან საერთოდ არ დადიან. ამბობენ, რომ „ჩვენს აზრს მაინც ვერ დავაფიქსირებთ“, „კაცები რასაც იტყვიან, მაინც ის გადაწყდება“, „რა აზრი აქვს, მირჩევნია სახლი მივალაგო“ და ასე შემდეგ. ქალები, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მაშინ, როცა ქალებს ამდენი საჭიროება აქვთ“, – ამბობს ფატიმა.

დღის ცენტრების, შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის, საბავშვო ბაღების გარდა, გარკვეულ სოფლებში წყლის პრობლემებიც გაჩნდა ჰესების მშენებლობის გამო. მადონა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქალებს იმის საშუალებაც კი აღარ აქვთ, სარეცხი მანქანა გამოიყენონ და შრომა შეიმსუბუქონ.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი, სადაც დავსვი ეს საკითხი, უცხოელი ინვესტორიც ესწრებოდა შეხვედრას და დაინტერესდა ამ თემით. თუმცა საბოლოოდ, პრობლემა არ მოგვარდა, წყალი აღარ არის ბევრ სოფელში“, – გვითხრა მადონამ.

მადონა ბოლქვაძე, აქტივისტი

მადონა წყლის რესურსების პრობლემის გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეც აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, დღესაც კი ბევრ ქალს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ის აკეთოს, რაშიც საკუთარ განვითარებას ხედავს.

„მე, პირადად, ვიყავი ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მიშლიდნენ სამსახურში წასვლას. დილიდან საღამომდე ბაღჩაში უნდა მემუშავა, მაშინ, როცა ეს არც კი მიღირდა. ჩემს პრინციპებზე ვერ ვთქვი უარი და ქმარს დავშორდი. ახლა ორი სამსახური მაქვს, ვმუშაობ თეატრშიც, მსახიობი ვარ. მირჩევნია ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონდეს, ვიდრე სხვაზე ვიყო დამოკიდებული და ვერ ვაკეთო ის, რაც მე მაბედნიერებს“, – გვეუბნება მადონა.

მისი აზრით, სოფლად მცხოვრები ქალები, მძიმე ფიზიკური შრომის მიუხედავად, საკუთარ საჭიროებებზე მინიმალურად ზრუნავენ. „წარმოიდგინეთ, მთელი დღე შრომობს ქალი ყანაში, ბაღჩაში, საქონელი ჰყავს… თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ქალები ლაქის ფულსაც კი ვერ იმეტებენ თავისთვის. ენანებათ. არც სხვა ეუბნება, რომ „შენს თავზეც იზრუნე“. თუ რამეს გაყიდიან, ფულს ქმარი ჩაიდებს ჯიბეში და ქალს 20 ლარის მოთხოვნაც ერიდება ხოლმე“.

თუმცა მოვუსმინეთ ქალებს, რომლებიც ახლაც ფიქრობენ, რომ „კაცს ფულზე არ უნდა გამოეკიდო“. ცხადია, ამ აზრს არ იზიარებს ქალების გარკვეული ნაწილი და მიიჩნევს, რომ საერთო ოჯახური მეურნეობის წარმოებისას, დოვლათიც თანასწორად უნდა გადანაწილდეს ქალსა და კაცს შორის, „მით უმეტეს, როცა ქალის შრომის წილი ამ მეურნეობაში ხშირად გაცილებით მეტია, ვიდრე კაცის“, – მიიჩნევენ ქალები.

მარჯვნიდან: მზია შავაძე, დარინა ცეცხლაძე და ხათუნა თავართქილაძე

იმავეს ფიქრობ მზია შავაძეც, რომელიც ჩაოს საჯარო სკოლის ფიზიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

„წარმოიდგინეთ ქალი, რომლის აისიც და დაისიც ყანაში და ბაღჩაში, თუთუნის ძირში იწყება. ზოგჯერ ტიტანური შრომა უწევთ ქალებს და ეს გარეგნობაზეც აისახება ხოლმე. ხელი გაუხეშებული, ფეხი გაუხეშებული… მათ ამ შრომის გარდა, სჭირდებათ სხვა გარემოში ყოფნაც, ამიტომ არის დღის ცენტრები საჭირო, ფსიქოლოგთან საუბარი, სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხში ჩართვა, მათი თანამონაწილეობა, რომ მოწყდნენ ხოლმე რუტინას და სხვა ჰაერი და განწყობაც შევიდეს მათ ცხოვრებაში“, – ამბობს მზია.

ერთი წელია, რაც მზია „ქალთა ოთახის“ ქალებს დაუახლოვდა და ცდილობს სხვა, ნაკლებად აქტიური ქალებიც დააინტერესოს საზოგადოებრივი ცხოვრებით.

„ეს არის თავის დროზე დაშვებული შეცდომების, ნაადრევი ქორწინებების შედეგი, როცა ოჯახმა, საზოგადოებამ, სკოლამ დაუშვა შეცდომები. ეს სამი რგოლია, რომელიც ქალს შესაძლებლობას აძლევს იყოს რეალიზებული, მიიღოს განათლება, შეიმეცნოს რაიმე ახალი. ერთი რგოლი მეორეს მოაკლდა, მეორე, მესამე და მივიღეთ ცხოვრებისთვის მოუმზადებელი შვილები“, – ამბობს მზია.

მისი თქმით, ქალს იმიტომ სჭირდება გაძლიერება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და შიშებს. „ჩემ დროს იტაცებდნენ გოგოებს, მამაჩემს ეშინოდა და არ მიშვებდა სასწავლებლად. თუმცა ჩემი გავიტანე და მოვედი ამ დღემდე. ყველას ეს არ შეუძლია, ამიტომ არის საჭირო გოგონების თავიდანვე გაძლიერება“, – მიიჩნევს მზია.

ეთერ აბაშიძე მუსლიმ ქალთა კავშირის თავმჯდომარეა. ის აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებრივად გაძლიერებაში და ამბობს, რომ ქალების პასიურობას განსაზღვრავს არა რელიგია, არამედ კულტურული სტერეოტიპები.

„ჩემი მეუღლე მუფთია, მეც თავსაფარს ვატარებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ნაკლები უფლებები მაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რადგან ქალი ვარ, კარჩაკეტილი უნდა ვიყო, ამას არ მასწავლის ჩემი რელიგია. არც იმას მავალდებულებს, ყანაში ან ბაღჩაში ვიმუშაო. თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. სკოლაში მშობელთა კრებებზე რომ დავდიოდი, ზოგი ქალი მეუბნებოდა – „შენ არ წასულიყავი ისეც შეიძლებოდა“. რატომაც არა, თუ ქმარს აქვს რაიმე უფლება, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს, როგორც მის მეუღლეს“, – ამბობს ეთერ აბაშიძე.

მისი აზრით, საჭიროა ქალების სოლიდარობის გაძლიერება ერთმანეთის მიმართ. „მეტი თანადგომა, მეტი ქალური სოლიდარობა გვჭირდება“, – მიიჩნევს ის.

ხათუნა თავართქილაძე  აქტიურია საზოგადოებრივ საკითხებში და მიაჩნია, რომ სხვა ქალების როლის გაზრდაც მნიშვნელოვანია. ამჯერად ის ხულოს პროფესიულ კოლეჯში სწავლობს, სადაც 150 სტუდენტიდან მხოლოდ ათი ქალია. „იმედია, სამომავლოდ მეტი ქალი ისარგებლებს ამ კოლეჯით“, – ამბობს ის.

ნინო ზოიძე სოფლის ექთანია, თუმცა ფუტკრების ოჯახიც ჰყავდა და საოჯახო მეურნეობაც აქვს. მისი თქმით, ქალების დიდი ნაწილი ტრენინგებით და შეხვედრებით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, თუ დასაქმების პერსპექტივას ხედავს. „თუ ეუბნები, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ინიციატივებია საჭირო, მაშინ ნაკლებად ინტერესდებიან. ფსიქოლოგთან შეხვედრაზე ბევრი მოვიდა, ბევრმა აღნიშნა, რომ ოჯახური კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარა მასთან კონსულტაცია“.

სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე, მათი საჭიროებების ლობირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი მუშაობს ხულოში. მათი წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან სოფლად მცხოვრებ ქალებს და ურჩევენ, რომ იყვნენ აქტიურები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების განხილვის დროს, რომ მათი საჭიროებები და მოთხოვნები ბიუჯეტში აისახოს.

აქტიური ქალები მიიჩნევენ, რომ ქალების ხმა მნიშვნელოვანია და სოლიდარობით და ერთად ყოფნით ბევრ რამეს გააკეთებენ.

___________________

მთავარი ფოტო: დისკუსიაში მონაწილე ქალები ხულოდან: ფატიმა ბოლქვაძე და ეთერ აბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: