კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

25.08.2020
„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

„გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და საფრთხის შემცველია როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო, ამ ეტაპზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთის ცენტრალური მონაკვეთის ჩამონგრეული ნაწილის გადაუდებელ რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 24 აგვისტოს მიმართა.

დოკუმენტების მიხედვით, გალავნის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 124 501 ლარი იქნება საჭირო.

სააგენტოს ინფორმაციით, გალავნის კედელი მოულოდნელად ჩამოიშალა: „ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, რადგან სიძველისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად გამოიფიტა გალავნის შემაკავშირებელი კირხსნარი. ობიექტი დაფარული იყო ხშირი მცენარეული საფარით და გალავანზე დალექილი მიწისა და ჰუმუსის ფენებით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვიზუალური დაკვირვებით შეუძლებელი იყო ობიექტის დაზიანების განვითარებისა და ნაგებობის ჩამოშლის საფრთხის შეფასება“.

არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახელმწიფო იმიჯს და დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს – აცხადებს ძეგლთა დაცვის სააგენტო.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სააგენტოს გათვლით, გალავნის დაზიანებული ფრაგმენტის აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან 65-75 დღეში უნდა დასრულდეს.

გელათის გალავნის ჩამონგრეული მონაკვეთი / ფოტო: სააგენტო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: