მთავარი,სიახლეები

„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო

26.06.2020 • 1403
„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო

აჭარის ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაიწყო. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი. იგი 24 თებერვალს გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს.

მოსამზადებელ სხდომაზე EMC-ის იურისტმა და მაია მერკვილაძის ინტერესების დამცველმა, ლელა გვიშიანმა მოწმეების სახით შორენა ღლონტის და გიორგი მურვანიძის დაბარება ითხოვა. შორენა ღლონტი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო და ისიც სასამართლოში დავობს, გიორგი მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეა.

„შორენა ღლონტი მიკერძოებული იქნება, მას ორი დავა აქვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს მიმართ,” – უთხრა მოსამართლეს აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველმა იურისტმა, ნინო უსტიაშვილმა. მას უნდოდა, რომ არც გიორგი მურვანიძე დაეკითხათ სასამართლოში.

“უფრო მიზანშეწონილი იქნება სამსახურის უფროსის დაკითხვა,” – თქვა ტელევიზიის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა იურისტმა, ემზარ პაქსაძემ.

“გამოდის, თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩვენი მოწმეებიც,” – რეპლიკით ისარგებლა მაია მერკვილაძემ.

ტელევიზიის ინტერესების დამცველებმა ასევე უარი თქვეს ამ საქმისთვის სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციის დართვაზე, სადაც კრიტიკულად შეფასდა აჭარის ტელევიზიაში ახალი მენეჯმენტის დროს მიღებული გადაწყვეტილებები.

“ეს არანაირ ფაქტობრივ გარემოებას არ ადასტურებს,” – აღნიშნა იურისტმა ემზარ პაქსაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.

საბოლოოდ, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მაია მერკვილაძის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოწმეების დაკითხვა ითხოვეს ტელევიზიის ადმინისტრაციის ინტერესების დამცველებმაც. მათ მოწმეებად ფინანსური ეფექტიანობის სამსახურის უფროსი – რაულ ბერიძე და ადმინისტრაციის წინა უფროსი – ეკატერინე შაინიძე დაასახელეს.

“ეს რა დოკუმენტია, თავსართი სადაა, რა ეწოდება ამ დოკუმენტს?” – იკითხა მოსამართლემ დოკუმენტზე, რომელიც ტელევიზიის ინტერესების დამცველებმა წარმოადგინეს. მათი განმარტებით, დოკუმენტი თავსართის გარეშე კომპანია “სინერჯის” მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტია და აღწერს ტელევიზიაში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებს.

“ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში მოფიქრებული არ ყოფილა,” – თქვა იურისტმა ემზარ პაქსაძემ.

მოსამართლემ ეს დოკუმენტიც დაურთო საქმეს იმის მიუხედავად, რომ გაურკვეველია, ვინ მოამზადა ეს დოკუმენტი და რატომ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 14 თვის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს ნათია კაპანაძის საქმის განხილვა. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.

ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კი მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: