მთავარი,სიახლეები

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

31.07.2020
ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის [11:30 საათის] მდგომარეობით, 842 ბავშვია რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. რიგი ნიშნავს, რომ სასურველ ჯგუფში, სადაც მშობელი ბავშვს არეგისტრირებს, შევსებულია. რეგისტრაციის პროცესი კი, გრძელდება.

ბათუმში 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიმიტი სულ არის 8080 [ყველა ჯგუფში, როგორც ადრე, ისე ახალჩარიცხულების რაოდენობა ჯამში]. მიმდინარე წელს კი, ჩასარიცხი იყო 3 015 ბავშვი.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩარიცხულია 2 885 ბავშვი და 130 ადგილი არის თავისუფალი. ეს თავისუფალი ადგილები, ძირითადად, ბათუმის გარეუბნებშია [ ბარცხანის დასახლებაში – მე-20 და 30-ე ბაღებში, თამარის დასახლებაში – 22-ე ბაღში, ადლიაში – 28-ე ბაღში და მახინჯაურში – 26-ე ბაღში].

საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია განუწყვეტლივ, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს კი ელექტრონული პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში.

„ადგილი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გადაიფიქრებს ამა თუ იმ ბაღში ბავშვის მიყვანას და გააუქმებს რეგისტრაციას, ან რეგისტრაციის დროს იყო, ვთქვათ, რაიმე უზუსტობა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან“, – გვითხრა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პროგრამის სპეციალისტმა გივი გოგოლაძემ.

რა ხდება იმ დროს, თუ რიგში არის შშმ ბავშვი ან ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან? – გივი გოგოლაძის თქმით, თუ ასეთი ბავშვები არიან რიგში, მათი ჩარიცხვა ჩვეულებრივად, დადგენილი წესის მიხედვით მოხდება და მათ რაიმე უპირატესობა ვეღარ მიენიჭებათ.

„შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ბაღების გაერთიანება, როგორც წესი, პირველი ივნისიდან აცხადებს ათდღიან პერიოდს, როცა ამ კატეგორიის ბავშვების ჩარიცხვა ხდება პირველ რიგში. მიმდინარე წელს კი, პანდემიის გამო, თითქმის თვე-ნახევრამდე გავზარდეთ ეს დრო – რეგისტრაცია 1 მაისიდან დავიწყეთ და შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჰქონდათ უპირატესობა და ჩაირიცხნენ. თუ ვინმემ მაინც ვერ მოახერხა, დღეს უკვე რიგში ვეღარ მივანიჭებთ უპირატესობას, რათა სხვისი უფლებაც იყოს დაცული“, – გვითხრა გივი გოგოლაძემ.

სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბეს დაიწყება. „ჩვენ ვემზადებით, რომ პროცესი ამ დროისთვის განახლდეს. ჯერჯერობით სხვა რაიმე რეკომენდაცია ან დირექტივა არ მიგვიღია“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: