მთავარი,სიახლეები

თურქეთში სამუშაო მისაწვევი 150-200 აშშ დოლარის სანაცვლოდ

24.08.2020 • 2461
თურქეთში სამუშაო მისაწვევი 150-200 აშშ დოლარის სანაცვლოდ

თურქეთში სამუშაოდ ან სტუმრად მიწვევის შესახებ დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს სხვადასხვა ჯგუფი 150-200 დოლარის გადახდის სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს.  მოქალაქეების თქმით, რომლებსაც ასეთი დახმარება დასჭირდათ, მათ განუმარტეს, რომ  ამ თანხას ნოტარიუსი ითხოვს.

საუბარია ოფიციალურ მიწვევაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქემ თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად დამსაქმებლისგან უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საზღვრის გადაკვეთას ვერ მოახერხებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან კომპანიის მიერ გაცემულ, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ სამთვიან მიწვევას. მიწვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მიწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს მითითებული როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევაც.

სწორედ ასეთი მოსაწვევის მისაღებად დახმარებას მოქალაქეებს ძირითადად ფეისბუქით სთავაზობენ, შექმნილია სპეციალური გვერდები, სადაც მოსაწვევის მიღებასთან დაკავშირებული დეტალები თანხმდება.  აქ გამოქვეყნებული სტატუსების მიხედვით არინ ისეთებიც, რომლებსაც შესაბამისი დახმარება უკვე მიუღიათ, რისთთვისაც შუამავლებს ემადლიერებიან კიდეც.

ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს დავუკავშირდით – „ემიგრანტები სტამბოლიდან“ , რომელსაც თავისი „იუთუბის“ არხიც აქვს. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნუგზარ მერკვილაძის ინფორმაციით, მომსახურებას ძირითადად იმ მოქალაქეებს სთავაზობენ, ვისაც თურქეთში სამუშაოდ წასვლა უნდა, მაგრამ იქ სამუშაო ჯერ არ აქვს, ან მათი დამსაქმებელი შესაბამისი დოკუმენტების გამოგზავნას ვერ ახერხებს.

„ჩვენ მივდივართ, ვეძებთ სამუშაოს, გვაქვს მოლაპარაკებები თურქეთის მოქალაქეებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომ საჭირო დოკუმენტებს მოვამზადებთ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ. ვარწმუნებთ, რომ ეს აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდეს აქ სამუშაოდ. გვიკავშირდებიან ისეთებიც, რომლებიც ადრე მუშაობდნენ აქ, მაგრამ იმავე ოჯახებში აღარ უნდათ დაბრუნება. ჩვენ მათთვის სხვა სამუშაოს ან სხვა ოჯახებს ვეძებთ, სადაც უკეთესი პირობები ექნებათ. ამ ყველაფერის ფასი 1200 ლირაა და აქედან 130 ლირა ნოტარიუსის მომსახურების საფასურია. გვაქვს სხვა ხარჯებიც“, – გვითხრა ნუგზარ მერკვილაძემ.

მისივე თქმით, არის ისეთი შემთხვევები, როცა დამსაქმებელს უჭირს დოკუმენტების მომზადება: „რომელი იყო სახელი და რომელი გვარი ვერ გაარჩია ერთმა დამსაქმებელმა, რომ მონაცემები შეევსო, ჩვენ ამ ყველაფერში ვეხმარებით. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ ნოტარიუსის თანხა დავარიცხინეთ, სხვა დახმარება უფასოდ გავუწიეთ, რადგან მათ ჰყავთ თავიანთი დამსაქმებელი“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კიდევ რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ასევე ფეისბუქში ღიად არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთმა მათგანმა „ბათუმელებთან“ საუბარი საერთოდ არ ისურვა. არიან ისეთებიც, ვინც პირად საუბარში გვითხრა, რომ „ასეთი ოფისები დიდი ხანია არსებობს, ჩვენ ვეხმარებით აქ ჩამოსულ მოქალაქეებს, რომ სასურველი სამსახური იპოვონ. ამაში ახალი არაფერია“.

თურქეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის მაქსიმალური ფასი თურქეთში 150 ლირაა. 150 ლირა დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 დოლარია.

2020 წლამდე მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ გადასვლას მარტივად ახერხებდნენ. მართალია, ზუსტად არ აქვს სახელმწიფოს დათვლილი, რამდენი ოჯახი შოულობდა სარჩოს თურქეთში დასაქმების გზით, მაგრამ არაოფიციალური მონაცემით, მათი რიცხვი 200 ათასსაც კი აღწევს წელიწადში. ბევრი მათგანისთვის დაუძლეველი ბარიერი გახდა თურქეთიდან მისაწვევის მიღება და შემდეგ ვებგვერდზე დარეგისტრირება, რის შესახებაც ასობით შეტყობინებას იღებს „ბათუმელებიც“.

და მაინც, მიწვევის გამოსაგზავნად არსებობს ორი გზა – დედნის საქართველოში გამოგზავნა შეიძლება ფოსტით ან პირადი კონტაქტების საშუალებით. ფოსტით გამოგზავნის ღირებულება არის 25 ლირა, დაახლოებით 4 დოლარი. პანდემიამდე საფოსტო მომსახურებას 3-5 დღე სჭირდებოდა. ახლა ეს ვადები ორ კვირამდეა გაზრდილი.

ასევე, დამსაქმებელს შეუძლია გამოაგზავნოს მიწვევა ელექტრონული ფოსტით.

მიწვევის ფორმა არის განთავსებული moh.gov.ge-ზე, როგორც თურქული, ასევე ქართული ვარიანტები.

თურქეთიდან ელექტრონულად გამოგზავნილი მისაწვევის [2 გვერდის] თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება საქართველოში, ჯამში 30-50 ლარი ღირს. ერთ-ერთმა თარჯიმანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დოკუმენტის თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტები – მიწვევა თურქულ ენაზე, მისი ქართული თარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად შექმნილ საიტზე.

შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505 [მასთან დაკავშირებას 20-30 წუთი მაინც სჭირდება] ან უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 70/72 .

სამუშაო საათებში კი, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0422 24 78 83

და ბოლოს, კონკრეტულმა პირებმა რეგისტრაციაში დახმარება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, 200- ლარიანი დახმარების მისაღებად, არასრულწლოვნების მშობლებსაც შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მან ამ ფაქტს კრიმინალი უწოდა.

განცხადება გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამაც:

“ხანდახან სამწუხარო მოვლენებს ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. აქ პირველ რიგში იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს და შესაბამისი უწყებები მიხედავენ”, – განაცხადა გახარიამ 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე.

 

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

 

გადაბეჭდვის წესი