ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

29.12.2020 • 2967
ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით.

ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება ქედის ტურიზმის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია.

ახალი კომპანიის საქმიანობაა:

  • არსებული ტურისტული ლოკაციების, მოვლა, შენახვა და განვითარება;
  • ტურისტული სერვისების დახვეწა და ახლის შექმნა;
  • დონორებთან ურთიერთობა და გრანტების მოძიება;
  • მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების, თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ, ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა;
  • გადასახადების ამოღება;
  • მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი და სხვა, კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით.

„ასევე მნიშვნელოვანია სამსახურის მდგრადობა და შემოსავლები, რათა წლიდან წლამდე უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი შემოსავლებით ირჩენს თავს“ – აცხადებს ქედის მერია.

ბიუჯეტის მიხედვით:

  • „ახალი კორონავირუსის გამოწვევების მიუხედავად აღნიშნული ორგანიზაცია არ გაჩერებულა და არსებული მდგომაროება გამოიყენა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს და რომლის საფუძველზეც უნდა შედგეს ტურისტული პროგრამები.
  • ამ პერიოდის მანძილზე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, კავშირები დაამყარა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამსახურებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი [CENN] დაგვეხმარება სამსახურის სრულყოფაში, თანამშრომლების გადამზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ასევე ვებსაიტის დამზადებასა და ბილიკების მართვის პროგრამის შემუშავებაში.
  • ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ( LAG) პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააკეთა LAG-თან ერთად საგრანტო განაცხადი, რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და ველოდებით ოფიციალურ პასუხს. პროექტის მიზანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის რესურსის პოპულარიზაცია სხვადასხვა ტიპის აქტივობებით…
  • „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას და მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ხშირი კომუნიკაციის საფუძველზე სამდივნო განიხილავს ქედაში ღვინის ინდუსტრიის, აგრო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტების დახმარებას აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ქედა, შუახევი და ხულო ერთად არის ჩართული და გააჩნია საერთო ეკონომიკური გეგმა, რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოში.

  • აღსანიშნავია მახუნცეთის პრობლემა, რომელიც ეხება გარე მოვაჭრეებს. სამსახურმა გააკეთა რამდენიმე შეხვედრა, მიაღწია მათთან შეთანხმებას, რომ შექმნას საერთო ზომის და ფორმის დახლი, რათა ტურისტული ლოკაცია გახდეს ევროპული სტანდარტის და იყოს მეტად მოწესრიგებული“.

ქედის მერია იმედოვნებს, რომ „მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებით შეიქმნება ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.

მთავარი ფოტო: მახუნცეთის ჩანჩქერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: