ბათუმი,მთავარი,სიახლეები

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

30.12.2020 • 5610
არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკადრო ცვლილებებს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილებითა და ახალი პირების დანიშვნით იწყებს.

არჩილ ჩიქოვანი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ხვალ, 31 დეკემბერს გეგმავს, თუმცა გათავისუფლებული, ასევე ახალი კადრების შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია.

დადასტურებით ვიცით, რომ თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო.

თანამდებობას დატოვებს ასევე სულხან ევგენიძე, ის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სულხან ევგენიძის თანამდებობას აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მჟავანაძე დაიკავებს.

„ბათუმის წყლის“ დირექტორი ირაკლი ბაკურაძე იქნება, მანამდე ის ამავე ორგანიზაციაში მოადგილედ მუშაობდა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ბადრი ფარტენაძეც, მის ადგილს ბიძინა ბიბილეიშვილი დაიკავებს, ის ამავე ორგანიზაციაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დუმბაძეც, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორი, მის ნაცვლად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე დანიშნეს.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი, მას თენგიზ აფხაზავა ჩაანაცვლებს, ის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ოცნებიდან“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კი, გოდერძი დავითაძეს მინდია გოგუაძე ჩაანაცვლებს.

გაათავისუფლეს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯონი საბაშვილიც, მას ირაკლი შაფათავა ჩაანაცვლებს.

გაათავისუფლეს მამუკა მუჯირიც, ის „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ეს პოსტი ჯუმბერ კობალაძემ დაიკავა.

თანამდებობა დატოვა ბათუმის საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელმა ბექა ხაბაძემ და ეს თანამდებობა ლევან დოლიძეს ჩააბარეს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა ასლან გელაძემ, ეს პოსტი მამუკა შამილიშვილმა დაიკავა.

თანამდებობები შეინარჩუნეს ბათუმის შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანლმა არჩილ კონცელიძემ , ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით დიასამიძემ და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: