განათლება,მთავარი,სიახლეები

წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

30.12.2020 • 2172
წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

სკოლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანის ვადა 12 იანვრამდე გადაუვადეს.

როგორც მასწავლებლების ნაწილი ფეისბუქში წერდა, ჟურნალში ადრე შეყვანილი მონაცემების ნაწილი დაიკარგა, რის გამოც მათ ამ მონაცემების თავიდან შეყვანა უწევთ.

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლას სამინისტრო უარყოფს, თუმცა ხარვეზის არსებობას არ უარყოფს.

„იყო პრობლემები, რადგან როცა სისტემა არ გიშვებს, ვერ ასრულებ მონაცემების შეყვანას. ახლა 12 იანვრამდე გადაგვივადეს და მალე დავასრულებთ პროცესს“-  ამბობს „ბათუმელებთან“ ზედა კვირიკეს სკოლის დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი.

„ხარვეზები ჰქონდა ელექტრონულ ჟურნალს და რესურსცენტრიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ 12 იანვრამდე გადაიტანეს მონაცემების შეყვანის ვადა“ – გვეუბნება ხუცუბნის სკოლის დირექტორი რეზო ბასილაძეც.  თუმცა, კონკრეტულად რა ხარვეზებზეა საუბარი, ის არ აკონკრეტებს.

ხალას საჯარო სკოლაში  კი გვითხრეს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მთელი სემესტრის რედაქტირებაა შესაძლებელი, ამიტომ რაიმე მონაცემი რომც წაიშალოს, მისი გამოსწორება შესაძლებელია.

სხალთის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მათ სკოლაში მასწავლებლებმა მოსწავლეების შეფასება დაასრულეს, ამ მონაცემების გადამოწმება კიდევ ერთხელ მოხდება და სემესტრიც დაიხურება.

შესაძლებელია თუ არა ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლა და ჰქონდა თუ არა  ადგილი მსგავს შემთხვევას? – ვკითხეთ განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემას, რომელიც ელექტრონულმა სისტემების, მათ შორის ელექტრონული ჟურნალის გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სისტემაში მონაცემები ვერ გაქრება:

„უბრალოდ, ონლაინისა და ოფლაინის გაკვეთილები რადგან სხვადასხვა ადგილზეა შენახული, ამის გამო, შესაძლოა, რაღაც პერიოდი ეს მონაცემები არ გამოჩნდეს“.

ნინო ეფხოშვილის თქმით, თუ მასწავლებელი მონაცემებს ვერ ხედავს, მას შეუძლია EMIS-სის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს და დაეხმარებიან:

„ბევრი ასეთი შემთხვევა იყო და ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ონლაინგაკვეთილების ცხრილი ცალკეა და დასწრებული გაკვეთილების – ცალკე. ამის გაყოფა როცა მოხდა, მოსწავლეების შეფასებებიც სხვადასხვა ადგილას ჩაიწერა. ჩვენ ამას ვამოწმებთ და ვეუბნებით, თუ სად უნდა მონახოს ჩანაწერები“.

მისივე განმარტებით, ელექტრონულ ჟურნალს მონაცემები მოაქვს სისტემა „ისქულიდანაც“, სადაც  ყველა გაკვეთილი უნდა იყოს ასახული. „თუ ამ სისტემაში გაკვეთილი ასახული არ არის, ელექტრონულ ჟურნალშიც არ ჩანს“ – ამბობს ის.

რაც შეეხება მონაცემების დაკარგვას, ნინო ეფხოშვილის თქმით, როცა სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ, სისტემას ერთი კვირა დასჭირდა ონლაინზე გადასასვლელად. „და ეს პერიოდია კრიტიკული, აქ იყო ტექნიკური ხარვეზები და ამ პერიოდში შეყვანილ ნიშნებზე ვეუბნებით ხოლმე, რომ თავიდან შეიყვანონ“ – ამბობს ის.

სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს სრულდება, ახალი, 2021 წლის სასწავლო სემესტრი კი 17 იანვარს განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: