სიახლეები

ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმლი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

22.03.2020 • 10542
ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმლი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

ირმა დიმიტრაძე, ჩინეთი. 2020 წლის 22 მარტი

დღეს დილით მომწერა მეგობარმა ამერიკიდან, ამბობენ ნივთებზე 72 საათამდე შეიძლება დარჩეს ვირუსი და გარეთ დატოვე ან დასპირტეო, აქამდე რამდენიმე საათით ვტოვებდი და რა ვქნაო.

მოგეხსენებათ, ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია, ისევე როგორც არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაერში დარჩენილი ვირუსით შეიძლება დაინფიცირდე, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სრულიად უცნობ ვირუსთან, ამიტომ ჩვენი სიფრთხილე წინ უნდა უსწრებდეს რეკომენდაციებს. ესეც რომ არა, ძალიან ბევრისთვის სიმშვიდის გარანტია, თუ თავს კარგად იზღვევს. ამ ეტაპზე, სიმშვიდე ნამდვილად ძალიან ძვირფასი რამეა.

მოკლედ, მინდა გაგიზიაროთ მეთოდები, რითაც ჩვენ ვცდილობ(დი)თ თავის დაცვას. აქვე შეგახსენებთ, რომ არ ვარ ეპიდემიოლოგი ან რომელიმე მიახლოებული სამეცნიერო ხარისხის მფლობელი და ჩემი გამოცდილება ემყარება სპეციალისტებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოქვეყნებულ კვლევებს.

თუ სახლში ვრჩებით

იდეალურ მდგომარეობაში, ოჯახის ყველა წევრი უნდა რჩებოდეს სახლში. შესაბამისად, იმის რისკი, რომ რომელიმემ მოიტანოს ვირუსი ძალიან დაბალია. თუ ეს ვერ ხერხდება, ოჯახის იმ წევრმა, ვინც მუშაობს, უნდა დაიცვას გარკვეული დისტანცია და წესები:

გამოყოს თავისი ჭურჭელი, არ დაიძინოს სხვასთან ერთად, საპირფარეშოს ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. რასაკვირველია ძალიან მკაცრად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს სურს მაქსიმალური სიმშვიდე და პრევენცია. ყველას იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საყვარელ ადამიანებს არასდროს დაემართებათ ვირუსი და ამის დაშვება უხერხულობას თუ გვიქმნის, გასაგებია. თუმცა უხერხულობაზე პრიორიტეტული ჯანმრთელობაა. მაგალითად, ჩემ მეგობარს ერთი თვის განმავლობაში არ მოუნახულებია მშობლები.

თუკი არავინ მუშაობს და ოჯახის ყველა წევრი რჩება სახლში

ეს შემთხვევა ბევრად მარტივია, რადგან თითქმის თანაბარია ჩვენი (არ) დაინფიცირების შესაძლებლობა.

პირველი რეკომენდაციაა, გარეთ ჩასაცმელი ტანსაცმლის ცალკე გამოყოფა. მაგალითად, გვაქვს ქურთუკი, შარვალი და ქუდი, რომელსაც გარეთ გასვლისას ვიცვამთ, ხოლო დაბრუნების შემდეგ ვიხდით და ვათავსებთ იზოლირებულ ადგილას (ამისთვის გამოდგება შემოსასვლელის პატარა კარადა, მუყაოს ყუთი, განცალკევებული ოთახი ან აივანი.). სახლში ქუჩის ფეხსაცმლით არ შემოვდივართ. შემოსვლისთანავე ვაწყობთ ნივთებს, ვიხსნით პირბადეს, ვაგდებთ ნაგავში ისე, რომ შიდა მხარეს გარეთ ვატრიალებთ და ვახვევთ, ვიხდით “საგარეო” ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ვათავსებთ იზოლირებულად და კარგად ვიბანთ ხელებს საპნით (შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო). ხელების დაბანამდე სასურველია სპირტით გავწმინდოთ ტელეფონი და გასაღები, თუ მის მაგიდაზე ან საცხოვრებელ სივრცეში დატოვებას ვაპირებთ. როგორც მე წავიკითხეთ, სპირტი მაშინვე არ უნდა გავამშრალოთ, არამედ დავტოვოთ ზედაპირზე და რამდენიმე წუთი დაველოდოთ.

მე სპრეის ბოთლში მაქვს ჩასხმული და ვაშხურებ ხოლმე ტელეფონს, ველოდები სანამ არ დაიწყებს აორთქლებას სპირტი, მერე ხელსახოცით ვწმენდთ. თუ კი სპირტი არ გაქვთ ან დეფიციტშია, შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც სხვა სადეზინფექციო საშუალება, ასევე შეიძლება წყალგაუმტარი ტელეფონების გარეცხვა ხელების დაბანასთან ერთად.

სამუშაო ადგილზე

ერთხმად ვთანხმდებით, რომ საუკეთესო გამოსავალია თუ სახლში დავრჩებით და გარეთ ვიზიტებს მინიმუმამდე დავიყვანთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იმუშაონ, მაღაზიებში, აფთიაქებში, ოფისებში და ა.შ.

თუ განვმარტავთ, რატომ არის აუცილებელი ხლების ხშირი დაბანა ან/და რატომ ვატარებთ ქუჩაში პირბადეს, უფრო მარტივი გახდება იმის გაგება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ თავს.

მაშ ასე, რადგან შესაძლოა ხელით შევეხოთ ვირუსიან ზედაპირს, ან ხელზე მოგვხვდეს დავირუსებული ადამიანის შხეფები, ხოლო შემდგომ ეს ხელი სახესთან (თვალი, ცხვირი, პირი) მივიტანოთ და თავი დავიინფიციროთ, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. შესაბამისად, ხელების ტანსაცმელზე, ღიად დატოვებული ხელსახოცით ან სხვა ღია სივრცეში დატოვებული საშუალებით გამშრალება სარისკოა. ასევე დაბანილი ხელებით ტელეფონს, კომპიუტერს, მაგიდას რომ შევეხებით, ესეც ხელის დაბინძურებაა. ამიტომ სასურველია ჩვენი სამუშაო მაგიდა და ნივთები კარგად გავწმინდოთ, სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით, შემდეგ დავიბანოთ ხელები და გავიმშრალოთ დახურული კოლოფიდან ამოღებული ხელსახოცით. დღის განმავლობაში, სამუშაო სივრცე, თუ საერთო ოფისში ვართ, აუცილებლად დაბინძურდება, ამიტომ თუ გამუდმებით არ შეგვიძლია ყველაფრის წმენდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ხელებს ვუფრთხილდეთ.

თუკი ხელთათმანს ვიყენებთ, ხელთათმანით არ უნდა მივირთვათ ან შევეხოთ სახეს, როდესაც მოვიხსნით გამოქცეულ მდგომარეობაში უნდა გადავაგდოთ. კრიზისის შემთხვევაში, ალბათ შესაძლებელია კარგად გარეცხვა ან დამუშავება, ამის გამოცდილება არ მაქვს. ოფისში, ყველა თუ ატარებს პირბადეს, ეს რისკებს შეამცირებს.

ხშირად ვანიავებთ ოფისს, გამოყოფილი გვაქვს საკუთარი ჭიქა ყავისთვის/წყლისთვის, ან გამოყენებამდე ვრეცხავთ ჟელეთი. მწეველებს არ უნდა დაავიწყდეთ, ხელების დაბანა მოწევის წინაც საჭიროა. არ ვეწევით ჯგუფურად, ვცდილობთ გავიდეთ მარტო, ან ვიყოთ დიდ დისტანციაზე. საერთოდ, ჯობია მოწევას თავი დავანებოთ, რადგან კორონავირუსი ისედაც ფილტვებს და სასუნთქ გზებს მტრობს.

თუ გვაქვს შესაძლებლობა, ქურთუკებს ცალკე სივრცეში ვტოვებთ.

და ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი: საპირფარეშო! საერთო გამოყენების საპირფარეშო არის ძალიან მაღალი რისკის მატარებელი, რადგან ბევრი კვლევის თანახმად, ფეკალიებში გადადის ვირუსი და ასეც ვრცელდება. რადგან დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომელიმე თანამშრომელს, ან საპირფარეშოთი მოსარგებლეს აქვს თუ არა ვირუსი, ჩემი აქაური მეგობრები, ყოველი შესვლის წინ, ქლორით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით რეცხავენ.

რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ჩახეხვას და მთელ “უბორკას”. გამიგია, რომ აქვთ პატარა თასი და ქლორი, ამ თასში ასხამენ წყალს, მასში აზავებენ ქლორს და ასუფთავებენ ხოლმე. თუ დასაჯდომი ტუალეტია, სანიტაიზერით წმენდენ დასაჯდომსაც. ოფისში, მაგიდები, ერთმანეთისგან შესაბამის დისტანციაზე უნდა იყოს.

ჩანთებისა და ყუთების დეზინფექცია

დაპანიკებულ ადამიანებს, ვის სულიერ სიმშვიდეს კრიტიკულად სჭირდება, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ, რამდენჯერმე გაწმინდონ, ვერავინ გაამტყუნებს. თუმცა დროისა და რესურსების ეკონომიის გაკეთებაც შეიძლება.

ის ნაწილი, რის შენახვასაც არ ვაპირებთ, ან შემდეგ გასვლამდე არ დაგვჭირდება, არ საჭიროებს აუცილებელ დეზინფექციას, შეგვიძლია დავტოვოთ იზოლირებულ სივრცეში, აივანზე ან ჩავაგდოთ პარკში და შევკრათ. თუ ეგრევე არ გვჭირდება შეძენილი პროდუქტი, სასურველია, რამდენიმე საათი დავტოვოთ ღია სივრცეში, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით. თუმცა ზოგ ზედაპირზე ვირუსი შეიძლება დღეებიც დარჩეს. საჭიროებს თუ არა დეზინფექციას, მაგალითად, კარაქის, პურის შეფუთვა – ამაზე პასუხი ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, რომ სრულიად შესაძლებელია ვირუსი მოხვდეს შეფუთვაზე. თუ თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობთ, სპირტით გავწმინდოთ, ან თუ შესაძლებელია გავრეცხოთ. თუმცა ასევე შესაძლებელია ფრთხილად გავხსნათ და ისე გადავიტანოთ ჭურჭელში, რომ შეფუთვაზე მოხვედრილი ხელით არ შევეხოთ, ხოლო შემდეგ შეფუთვა გადავაგდოთ. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიქცეოდით. როდესაც ეს მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება, ხვდები, რომ მსგავსი წვრილმანების ნერვები არ გრჩება და დამშვიდების ნაცვლად გაგიჟებს, ამიტომ დეტალ-დეტალ წმენდა არც ისე დიდხანს გაგვიგრძელებია.

საჭმელი უნდა მომზადდეს კარგად, განსაკუთრებით ხორცი. არ ვჭამთ უმად ან ნახევრად უმად. კარგად ვრეცხავთ ბოსტნეულს. დეზინფექციას ალბათ ნაკლებად ეხება, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ რაც აქ ვისწავლე: ხილს რეცხავენ მარილით. ძალიან ჭკვიანურია, მარილს კარგად ამოჰყავს ჭუჭყი. მოკლედ, ჩვენ არასდროს გაგვიწმენდია ხილი სპირტით. რეკომენდირებულია არ ვიყიდოთ შეუფუთავი პროდუქცია, რომელიც არ გაირეცხება. მსგავსი პროდუქტი შეიძლება უსაფრთხო იყოს, თუ კი ყველა ატარებს პირბადეს და ხელით შეხება აკრძალულია, თუმცა ამ წესებს იშვიათად იცავენ, ამიტომ  თავს ვარიდებთ ასეთ პროდუქციას.

სველი წესით (ვიყენებთ შესაბამის ხსნარს) ვწმენდთ იატაკს, ზედაპირებს და ვანიავებთ სახლს. აივანზე გასვლა კარგია, თუმცა როდესაც უჰანში, მოქალაქეებმა აივნებიდან და ფანჯრებიდან შეძახილებისა და სიმღერის პერფორმანსი მოაწყეს, მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ეს არაა უსაფრთხო. ანუ, დისტანციის აზრი ისაა, რომ თავი შორს დავიჭიროთ ერთმანეთისგან, სიმღერა და შეძახილები, დიდი ალბათობით გამოიწვევს ნერწყვის შხეფების გამოფრქვევას, რა დროსაც ჩვენმა მეზობელმა შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად დაგვაინფიციროს. ასევე, რადგან ვიცით, რომ ვირუსი ჰაერში საათობით რჩება, ვარჩევდით სასეირნოდ არ გავსულიყავით პირბადის გარეშე.

საჭმლის გამოძახების სერვისი

ყველაზე უსაფრთხოა თუ კი თავად მოვამზადებთ. ამიტომაც მე სულ ორჯერ გამოვიძახე საჭმელი. როდესაც საჭმელი მოაქვთ, გარედან ვაცლით შეფუთვას, ვათავსებთ ჭურჭელზე (ისე, რომ საჭმელი შეფუთვის გარე მხარესთან კონტაქტში  არ მოვიდეს), ვიბანთ ხელებს და შემდეგ ვეახლებით მშვიდად.

ეს ყველაფერი ეპიდემიის პირობებში. მოგეხსენებათ, ახლა სიტუაცია დალაგდა ჩინეთში და ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველებური ცხოვრების წესს. რაც დარჩა, არის პირბადეებით გადაადგილება და დაწესებულებებში შესვლის წინ სიცხის გასინჯვა. ასევე რესტორნებში არ შეიძლება ერთმანეთთან ახლოს დასხდომა. ცოტა მაშინებს კიდევაც, ისე სწრაფად დაუბრუნდა ქალაქი ძველებურ ცხოვრებას. ამიტომ ვცდილობ მოვერიდო ხალხმრავლობას. მჯერა, ძალიან მალე მთელი მსოფლიო დაამარცხებს ამ ვირუსსაც და აქიდან უფრო გაძლიერებულები და სოლიდარულები გამოვალთ.

გადაბეჭდვის წესი