მთავარი,სიახლეები

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

30.12.2020 • 2275
“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა.

პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება.

„პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის რომ გავხდი, რაღაცების კეთება მომიწია. დავალებები უნდა შევასრულო. ბაღში დავალებები არ იყო. სკოლაში კიდევ უნდა დავწერო, წავიკითხო. ბაღში უფრო ადვილი იყო. სკოლაში მერე  გაძნელდა. სხვა ასოზე რომ გადავიდე, უნდა ვწერო. ბაღში არც ვწერდი, არც ვკითხულობდი, მარტო ლექსებს ვსწავლობდი.

ბაღში მომწონდა ის, რომ მეგობრები მყავდა. კიდევ დავალებები არ მქონდა გასაკეთებელი. მარტო ლექსები.

სანამ სკოლაში წავიდოდი, მითხრეს სკოლაში წახვალ და ყველას გაიცნობო. მაგრამ არავინ გამაცნეს, რადგან სკოლა კომპიუტერშია. არადა უნდა წავსულიყავი, დამეთვალიერებინა როგორი იყო შიგნიდან სკოლა და კორონამ ყველაფერი ჩაშალა.

ერთხელ გამოაჩინა მასწავლებელმა ეკრანზე და დავინახე როგორია. ერთხელ მივედი კიდეც, მაგრამ შიგნით არ შემიშვეს. რატომ არ შემიშვეს, არ ვიცი. მე მგონი იმიტომ, რომ კორონა იყო მაგ დროს და ეგონათ კორონა მქონდა. არ ვიცი. შიგნით არ შევსულვარ, მარტო კომპიუტერით ვარ ნამყოფი.

იოანე და მისი ძმა სკოლის წინ. სკოლაში დედამ წაიყვანა, რომ ერთხელ მაინც ენახა, როგორი იყო სასკოლო გარემო

მარტო ორი კლასელის სახელი ვიცი – იოანე ქურიძე და სალომე. სხვას არავის არ ვიცნობ. სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყავს.

კორონამ მართლა ხელი შემიშალა. კომპიუტერით დავდივარ სკოლაში და შიგნით ვერ შევდივარ.

კიდევ პირბადე უნდა მეკეთოს და მცხელა პირბადეში.

კიდევ სხვებთან არ შეიძლება ახლოს მისვლა.

ამიტომ ყველაზე მეტად პატარაობა მენატრება.

პატარა რომ ვიყავი, არც დავალებებს ვწერდი, არც არაფერს. რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი. ახლა კიდევ დავალებები უნდა გავაკეთო, წავიკითხო და მაგენი ძნელია.

სწავლაში ყველაზე რთული არის კითხვა და ასოების სწავლა.

იოანე ზუმში მიმდინარე სემესტრის ბოლო გაკვეთილს ერთვება.

რას ვნატრობ და მინდა, დილას რომ ავდგები გაკვეთილები მაშინ იყოს. იმიტომ, რომ შუადღეზე გაკვეთილები აღარ მექნება და რასაც მინდა იმას ვიზამ. ეზოში წავალ და ვითამაშებ, რამდენიც მინდა.

ვოცნებობ, რომ დიდი გავხდე. იმიტომ, რომ მერე მანქანა მეყოლება, ფული მექნება და მეცნიერი ვიქნები. რაღაცებს გამოვიგონებ, რაც მინდა. რაკეტას გამოვიგონებ, რომელიც ზემოთ აფრინდება, ცაში ოთკუთხედს გააკეთებს და ძირს დაბრუნდება.

კიდევ მინდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიმოგზაურო. ვნახო, როგორია სხვა ქვეყნები შიგნიდან”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: