მთავარი,სიახლეები

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

29.12.2020 • 2540
„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც.

„ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა პირების საკუთრებაში არსებულ კოტეჯებს უვლის და აქირავებს. გულო ამბობს, რომ წელს ყველა კოტეჯი გამოკეტილია, უმუშევარი დარჩა მისი ძმა, რომელიც თხილამურების ინსტრუქტორია.

„ფაქტობრივად უმუშევარია ჩემი მეუღლეც, ის ტაქსისტია…“ – დასძენს გულო, რომელიც მცირეწლოვან შვილს ზრდის.

„მხოლოდ ჩემი მეუღლის პენსიაა ახლა ჩვენი შემოსავლის წყარო,“ – ამბობს ბაკურიანში მცხოვრები ემზარ საფარიანი. ის ორ შვილთან ერთად თხილამურებით სრიალს ასწავლიდა. სამი დასაქმებულიდან ერთჯერადი კომპენსაციის მიღება მხოლოდ ემზარმა შეძლო.

„მხოლოდ მე ავიღე 300 ლარი, ჩემი შვილების სამსახური ვერ დადასტურდა… ახლა ყველა საბაგირო დაკეტილია, სხვა სამუშაო კი აქ არაფერია… წელს წლის დასაწყისშიც არ იყო მუშაობა, თოვლი არ იყო კარგი, შემდეგი წლის თებერვლის იმედი გვაქვს, რომ იქნებ მუშაობის საშუალება მოგვცენ, თორემ არ ვიცი, რ გვეშველება…“ – უთხრა ემზარ საფარიანმა „ბათუმელებს“.

ანალოგიური სხვების ისტორიებიც. ბაკურიანელების თქმით, გაზაფხულისგან განსხვავებით დეკემბერში სესხების გადავადებაზე ბანკებმა უარი უთხრეს. აქაურები ჰყვებიან, რომ მხოლოდ ზოგიერთი კერძო სახლის მესაკუთრე ახერხებს ჩუმად დამსვენებლის მიღებას.

„ამბობენ, ნათესავები არიანო, მაგრამ ესენიც ძალიან ცოტა არიან, აჯარიმებენ და ბევრი თავს იკავებს,“ – გვითხრეს ბაკურიანელებმა. მათი თქმით, მხოლოდ ის კოტეჯებია გახსნილი, სადაც უშუალოდ მესაკუთრე ისვენებს.

ბაკურიანისგან განსხვავებით მესტიაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროში გვითხრეს, რომ სტუმრებს 2 იანვრამდე იღებენ, ხოლო 2 იანვრის შემდეგ სტუმრებს არაფორმალურად მიიღებენ.

„ვიღებთ სტუმრებს, მაგრამ არავინ არის, ნახევარი სახლი ცარიელია, შარშან ამ დროს უარს ვეუბნებოდი ხალხს, იმდენი ჯავშანი იყო, წელს არაფერი, ჩავარდა ყველაფერი… უცხოელები არ არიან, ადგილობრივიც იშვიათად მოდის,“ – გვითხრა მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ.

სასტუმროების მესაკუთრეების კი ამბობენ, რომ სასტუმრო ნამდვილად დაკეტილია და მთავრობის დახმარება შეღავათი ვერ იქნება, თუკი სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ.

„სესხი მაქვს 150 ათასი დოლარი და აქედან დამიფინანსეს დაახლოებით 2400, მთელი ოჯახი აქ ვართ დასაქმებულები, ანუ ყველა შემოსავლის გარეშე დავრჩით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით ჟორჟოლიანმა, ის მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმროს მესაკუთრეა.

მთავრობის ცხელი ხაზის – 144-ის ინფორმაციით, 2 იანვრის ჩათვლით ზამთრის კურორტებზე სტუმრების მიღების უფლება არ აქვთ სასტუმროებს, კოტეჯებს, საოჯახო ტიპის სასტუმროებს.

„3 იანვრის შემდეგ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ჯერ არ ვიცით,“ – გვიპასუხეს 144-ზე. აქ განმარტავენ, რომ კერძო სახლების შემთხვევაში, მესაკუთრე შეიძლება დაჯარიმდეს, თუკი დადასტურდება, რომ ბინა გაქირავებულია.

გაჩერებული საბაგირო ბაკურიანში, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის პარკი, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის ცენტრი, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის ცენტრალური ქუჩა, ლიზი საფარიანის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: