მთავარი,სიახლეები

„ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

30.12.2020 • 1129
„ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

კორონავირუსი და სოციალური პრობლემები – 2020 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელების“ მკითხველი ამ თემებზე მომზადებულ სტატიებს კითხულობდა. წლის ბოლოს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ სტატიას „ბათუმელებზე“.

1. მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს.

2. როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

300-ლარიანი კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად წაკითხულ მასალებს შორისაა. „ბათუმელებს“ ასობით ადამიანი უკავშირდებოდა და დღემდე უკავშირდება კითხვებით კომპენსაციის შესახებ.

3. თურქეთმა საზღვრები გახსნა, თუმცა საქართველოდან ამ ქვეყანაში ჯერ ვერ წახვალთ 

პანდემიისას თურქეთის საზღვართან დაკავშირებული საკითხები საქართველოში განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებიც თურქეთში იყვნენ დასაქმებული, შეუწყდა შემოსავლის წყარო.

4. სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებშია ინფორმაცია სკოლის შენობაში სწავლის განახლების შესახებ. სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის პირველი მარტს შეჩერდა და დღემდე არ განახლებულა საქართველოს დიდ ქალაქებში.

5. ხმოვანი ზღაპრები და ლექსები ბავშვებისთვის თვითიზოლაციაში ვასილ გულეურისგან 

2020 წლის მარტში, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მწერალმა ვასილ გულეურმა საკუთარი ზღაპრებისა და ლექსების  ხმოვანი ვერსიების ნაწილი ატვირთა  youtube არხზე. ამის შესახებ მომზადებულმა ინფორმაციამ ბევრი მშობელი დააინტერესა.

6. უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ 

უცხოეთში თვითდასაქმებული პირებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბათუმში არაერთი აქცია გამართეს თურქეთში თვითდასაქმებულმა ქალებმა. ისინი თურქეთთან საზღვრის გახსნას ან კომპენსაციის გაცემას ითხოვდნენ.

7. მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით COVID 19-ის ვირუსს

2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ამ სტატიაში საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა გაგვიზიარა კოვიდთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება. იმ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 348 შემთხვევა იყო დადასტურებული.

8. გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან

ჟურნალისტ ნათია როყვას წერილი აშშ-დან, ნიუ ჯერსის შტატიდან. 2020 წლის აპრილში აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცხელი წერტილი გახდა მსოფლიო კოვიდრუკაზე.

9. გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

2020 წლის მარტში ბანკებმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზეს. ამ თემაზე მომზადებულმა სტატიამ „ბათუმელების“ მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

10. ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმელი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ირმა დიმიტრაძის წერილი, რომელშიც ირმამ „ბათუმელებს“ კოვიდისგან თავის დაცვის გამოცდილება გაუზიარა.

გადაბეჭდვის წესი