მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი.
პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და ერთსართულიან ბელეტაჟებში ცხოვრება თანდათან უფრო გაუსაძლისი გახდა.
არის შემთხვევები, როცა სამშენებლო კომპანიებმა პატარა სახლების ეზოები შეავიწროვეს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის ეზოს ღობე ან კორპუსის კედელი გვერდით მდებარე დაბალი სახლების ეზოების ნაწილში, საზღვრის დარღვევით გაავლეს.
„მშენებელმა ჩემი ეზო გამოიყენა საკუთარი კარკასის თუნუქით შეფუთვის სამუშაოებისთვის ისე, რომ ჩემთვის არ უკითხავს. სახლში მოსულ ჩემს მეუღლეს კომპანიის ბრიგადა ეზოში დახვდა, გამოვიძახე პოლიცია, ვუთხარი, ჩემი ეზოს გამოყენების უფლება არ მიმიცია-მეთქი. არ შეიძლება ქალბატონოო – პოლიციამ. როგორ არ შეიძლება? გამოდის ჩემი ეზოს პატრონი მე არ ვყოფილვარ“ – გვიყვება ფარნავაზ მეფის #119 -ში, ორსართულიან სახლში მცხოვრები ტატიანა მარიკოდა.
როგორც ტატიანა ყვება, მის ოჯახს კომპანიასთან კონფლიქტი ბევრჯერ ჰქონდა, მათ შორის ისეთიც, როცა დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა – შემოხლაშიც გადაიზარდა. გარდა ამისა, მშენებელ კომპანიას ტატიანას ეზოდან გაუყვანია გაზის მილის საკუთარი კორპუსისთვის ისე, რომ ეზოს მესაკუთრისთვის არაფერი უკითხავს: „რომ მოვედი, დამხვდენენ და დამცინეს, აი ხომ ხედავ, უშენოდაც მოვაგვარეთ ყველაფერიო“ – ყვება ტატიანა. კომპანიასა და ტატიანას ოჯახს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა.
ტატიანამ დაგვათვალიერებინა სახლის შიდა ინტერიერიც. კედლები უმეტესწილად დანესტილი და დაბზარულია, ტატიანა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გვერდით ახალი მაღლივი კორპუსები აშენდა, სახლში მზის სხივი საერთოდ ვეღარ აღწევს.
ასეთი ვითარება მხოლოდ ტატიანას სახლში არ არის.
ბათუმში ახალი, მრავალბინიანი კორპუსების გვერდით მდებარე პატარა სახლებს ხავსი მოედო, სახლის შიდა ინტერიერი ნესტმა დაფარა, დაიბზარა კედლები, მშენებელსა და მომიჯნავედ მცხოვრებთა დავები სასამართლოში გაგრძელდა და დროში გაიწელა, წლები გავიდა, მომჩივანისთვის კი არაფერი შეიცვალა.
სასამართლო პროცესებში, როცა მაღალი კორპუსის მეზობლად, დაბალ სახლში მცხოვრები ოჯახი მშენებელს ედავება, ერთ-ერთ მხარედ ერთვება ბათუმიც მერიაც, რომელიც უმეტესწილად მშენებლის მხარესაა, რადგან ნებართვის გამცემი სტრუქტურაა და ახალი განაშენიანებით გამოწვეული პრობლემები მისი პასუხისმგებლობაც არის.
ბათუმში ხშირად კონფლიქტის საგანია ისიც, რომ ახალი კორპუსების უმეტესობას ეზო საერთოდ არ აქვს ან იმდენად მცირე ზომისაა, რომ აქ მაცხოვრებლების, განსაკუთრებით ავტომანქანის მფლობელთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამ ეზოებში გამწვანების არსებობაზე კი საუბარიც ზედმეტია.
მაშინ როცა პატარა, ორსართულიანი სახლისა და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლები ერთ ეზოს იყოფენ, პრობლემა უფრო მწვავეა და კონფლიქტიც უფრო ხანგრძლივი.
არის შემთხვევები, როცა მშენებელმა კომპანიამ კორპუსის კომუნიკაციები არსებულ სისტემას დააერთა, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ძველი სისტემა დატვირთვას ვეღარ უძლებს და ფეკალური მასა იქვე, დაბალი სახლის შესასვლელებთან იღვრება. ახალ კორპუსებში მცხოვრებნი პრობლემის მოსაგვარებლად თავს იშვიათად იწუხებენ, რადგან თვლიან, რომ ეს პრობლემა მათ ეზოში არსებულ დაბალ სახლებში მცხოვრებლებს უფრო აწუხებთ და საჭირო ზომებსაც ისინი მიღებენ.
ქალაქის მწვანე პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ბათუმის მერიაა. ბათუმს 16 წელია არ აქვს გენგეგმა, რომლის გარეშეც ქალაქის სწორი ურბანული განვითარება რთულად წარმოსადგენია.
ახალი ურბანული გარემოს და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბათუმში გადაწყვეტილების მიმღებს, ბათუმის მერს [ამ დროისთვის ბათუმს მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს] ხშირად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ურბანული ქაოსი ქალაქში მერიის პოლიტიკის შედეგია. მერიაში კი ხელს კანონმდებლობიკენ იშვერენ – თუ პროექტი კანონმდებლობის ჩარჩოში ჯდება, უფლება არ გვაქვს მშენებელს ნებართვის გაცემაზე უარი ვუთხრათო.
პარალელურად ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები ამ საკითხის კომენტირებისას აცხადებენ, რომ მწვანე პოლიტიკა ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია თავს იწონებს EBRD-ის პროექტის, მწვანე ქალაქების ჩარჩოში მონაწილეობით და აცხადებს, რომ „ბათუმმა გამოხატა სურვილი, სისტემურად მიუდგეს ურბანულ გარემოსდაცვით გამოწვევებს“. ამ ინიციატივის ფარგლებში ბათუმმა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა (GCAP). გეგმაში ნათქვამია, რომ ბათუმი, შესაძლოა, „სამოდელო მწვანე ქალაქად“ იქცეს.
მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ გეგმის მომზადება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქალაქის ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევების გამოსავლენად და მწვანე მომავლის ხედვის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად.
„ჩვენ გვსურს ჩვენი ქალაქის განვითარებაში მწვანე აზროვნებისა და ინოვაციის ინტეგრირება. ეს ბათუმს საცხოვრებლად უკეთეს, უსაფრთხო და წარმატებულ ქალაქად აქცევს როგორც მისი მოსახლეობის, ასევე სტუმრებისათვის“ – ეს ამონარიდია მერიის სამოქმედო გეგმიდან, ფაქტობრივად კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
ბოლო რამდენიმე წელში აშენებულ მრავალბინიან სახლებს, მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ან გაცემულ სამშენებლო ნებართვებს თუ გადავხედავთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამწვანების კოეფიციენტი, ურბანული გაგეგმარება და მწვანე ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშნები უმეტესწილად უგულებელყოფილია და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
გარდა ამისა ბათუმი მერების შეთანხმების ხელმომწერია, რომლითაც ცალკეული მუნიციპალიტეტები იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე.
უკვე ათ წელზე მეტია იდენტურია აჭარის მთავრობის პოლიტიკაც. ამ დრომდე აჭარაში ინვესტიციის განხორციელების პირობით ათეულობით ნაკვეთი გაასხვისეს, ინვესტიციის განხორციელება კი უმეტესწილად მოიაზრებდა მშენებლობასა, რაც თავისთავად მშენებლობის მასშტაბსაც განსაზღვრავდა, მაგალითად „ასნომრიანი სასტუმრო, კაზინო და სპა ცენტრი“ და ასე შემდეგ, ამას ემატებოდა დასაქმების პირობაც.
ამ პოლიტიკით გამოწვეულ უკმაყოფილებას აჭარის მთავრობა ხშირად პასუხობდა ხისტად და უკან არ დახევის პოლიტიკით: „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“ – ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიტყვებია. „შენება უნდა გაგრძელდეს“ – ეს კი აჭარის მთავრობის გვერდზე განთავსებული ფოტოზე მინაწერი.
2020 წლის არჩევნებამდე ცოტა ადრე, როცა პოლიტიკოსებს ბათუმისთვის გენგეგმის საჭიროებაც გაახსენდათ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ აღიარა, რომ ხარვეზები არის: „შეცდომები, გადაცდომები შესაძლოა იყოს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ხედვა, განსაკუთრებით ლოკალურ ჭრილში არის, რომ ეს გამოწვევები, პირველ რიგში, ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
ამას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას მოულოდნელი განცხადება და აღიარება წლების განმავლობაში ბათუმში გენგეგმის არარსებობის ფულის კეთებასთან კავშირზე: „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა“ – თქვა პრემიერმა.
„ქაღალდზე ყველაფერს ლამაზად წერენ, უერთდებიან შეთანხმებებს და ქარტიებს, რეალობაში კი ახორციელებენ საწინააღმდეგო პოლიტიკას“ – ასე აფასებს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ბათუმის და არამხოლოდ ბათუმის ურბანულ პოლიტიკას.
„პრობლემა იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მერიის ზონალური საბჭო უმატებს კოეფიციენტს კომპანიებს, რომ შეძლონ მაქსიმალურად მაღლივი კორპუსების აშენება. ერთი მხრივ კანონმდებლობა უშვებს კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას და სწორედ ეს არის ხარვეზი. რაც არის დადგენილი, არის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის გამწვანების კოეფიციენტიც.
მწვანე პოლიტიკაში მხოლოდ სიმწვანე არ იგულისხმება, ცალკე პრობლემაა ავტომანქანების მომატებული რაოდენობა, რაც იწვევს დიდი ოდენობით მავნე გამონაბოლქვს. როცა გამონაბოლქვი მეტია, პარალელურად მზის შუქი ვერ შემოდის, ვინტილაცია და აირაცია გართულებულია. გამწვანების ტერიტორიასაც ითვისებენ ავტოსადგომები, არც მერია არ აკონტროლებს ამას.
კანონმდებლობა უშვებს კოეფიციენტების გაზრდას, მაგრამ იქვე წერია ისიც, რომ ამისთვის უნდა იყოს რაღაც დასაბუთება. ასეთი დასაბუთებები არ გვაქვს და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებით იღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამისად ქმედება აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ქაღალდზე დაწერილ პოლიტიკასთან“ – ამბობს ირაკლი ჟვანია.
2019 წელს ბათუმში თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა.