განათლება,მთავარი,სიახლეები

ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

30.12.2020 •
ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს.

გადავადების მოთხოვნის გამო ეკა დგებუაძეს შენიშვნა მისცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ შეძლო ავტორიზაციის პროცესის დასრულება 4 წელიწადში და რას გააკეთებს ამ ერთ წელში.

„ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ ცვლილებას მხარი. იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა გაკეთდა ამ 4 წელში. ჩამონათვალის სახით რომ გაკეთდა ეს – ამის მერე გაკეთდა ის, რომ გავიგოთ საერთოდ რა გაკეთდა. არ ვარ მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი და ვიცი, როგორია გადავადების პრაქტიკა. ამიტომ, როცა გადავადებას ითხოვთ, დაგვისაბუთეთ რა გაკეთდა და რაში არ გეყოთ დრო“, – მიმართა  თეა წულუკიანმა.

მან გადავადების მაგალითად სამტრედიის სკოლა-პანსიონი მოიყვანა, სადაც რეფორმა არათუ არ განუხორციელებია სამინისტროს, არც კი დაუწყია.

„საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის სამტრედიაში და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის არაფერი კარგი იქ არ ხდება, იქაც პირველ სექტემბერს იყო ვადა, მაგრამ ეს რეფორმა დაწყებულიც კი არ არის“, – თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ პარლამენტი ბაღების ავტორიზაციის ვადის გადაწევას დათანხმდება, სამინისტრომ განათლების კომიტეტს ყოველ ერთ თვეში ანგარიში უნდა ჩააბაროს.

„იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და ისევ არ მოითხოვოთ გადავადება.  ყველა ბაღი პირობებს ვერ დააკმაყოფილებს ალბათ და ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმათთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ. მასიურად ბაღებს ხომ ვერ დავკეტავთ. ან გადავარქვათ სახელი და ეს არ იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს აქვს მოლოდინი, რომ იქ ბავშვი რამეს ისწავლის. ან ორი ტიპის დაწესებულება გავაკეთოთ და შესაძლოა ეს იყოს კარგი, მაგრამ ეს ხედვა თქვენგან უნდა მოდიოდეს. და არც მშობლებს ექნებათ იმის განცდა, რომ ბავშვი მიიყვანეს საბავშო ბაღში, სადაც ისინი მუშაობენ, ვინც არ უნდა იყოს აღმზრდელი საერთოდ და ბავშვიც კი არ უყვარს ზოგიერთს.

ამიტომ, თვეში ერთხელ – ოფიციალურად მოგმართავთ კომიტეტის სახელით, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, რომ ამ თვეში ეს გავაკეთეთ და ამ თვეში ის, რომ ვიცოდეთ რაზე ლაპარაკობთ თქვენ და რაზე ჩვენ“, – თქვა თეა წულუკიანმა.

ეკატერინე დგებუაძეს კომიტეტის სხდომაზე ბაღების ბიუჯეტთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები.  „თუ არც ეს გაქვთ აქამდე გაკეთებული, მაშინ ეს ერთი წელიც არ გეყოფათ ავტორიზაციისთვის,“- განაცხადა წულუკიანმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: