Batumelebi | უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან – Batumelebi
RU | GE  

უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

ახალი რეგულაციით შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გულისხმობს შემდეგს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას შეისწავლის საქართველოდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებს და ამ მიზნით, ფასდება მგზავრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოწმდება მგზავრის მონაცემები სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზებში, საჭიროებისამებრ, ფასდება მგზავრის წარსულში ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, მხედველობაში მიიღება შს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებები:

  • პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია;
  • მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე.

და რისკფაქტორები:

  • პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
  • პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის საფუძველი (მიზეზი);
  • ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი;
  • პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე.

აღნიშნული შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ,  საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას. ხოლო აეროპორტებში, შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პირის მიერ საპასპორტო კონტროლის გასვლამდეც.

წესი ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიემგზავრება როგორც პირდაპირ, ისე მე-3 ქვეყანაში ტრანზიტით გავლის გზით და აღნიშნული ცნობილია სამინისტროს მოსამსახურისათვის.

ევროკავშირის ქვეყნებში მიმავალმა საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოს საზღვრის კვეთისას, ასევე, დანიშნულების ქვეყანაში საპასპორტო კონტროლისას წარსადგენად უნდა წარადგინოს:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ვარგისი უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა სათანადო დოკუმენტი ან მასნპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
  • ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მგზავრმა თან იქონიოს  ღონისძიების/კონფერენციის/სემინარის მოწვევა/პროგრამა.
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია მგზავრმა თან იქონიოს: იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც დაგეგმილია მკურნალობა ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, შესაბამისი მკურნალობის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მგზავრის მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30  დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90 დღიანი ვადით სარგებლობის პირობები;
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

________________

ფოტო: ნეტგაზეთი 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com