მთავარი,სიახლეები

მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით Covid 19-ის ვირუსს

16.04.2020 • 10387
მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით Covid 19-ის ვირუსს

საფრანგეთში მცხოვრებმა სტუდენტმა, 28 წლის მარიკა მეგრელიშვილმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსის 2 ტალღა გადაიტანეს. მარიკამ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელშიც დაწერა და „ბათუმელებთან“ 25 დღიან ავადმყოფობაზე, კარანტინის რეჟიმზე და  უკვე გადატანილ ვირუსზე საუბრობს.

„ჩემი მეუღლე საფრანგეთში კარანტინის გამოცხადებისთანავე, 16 მარტს გახდა ავად, მეორე დღეს მეც დამეწყო სიმპტომები. არ გვიფიქრია, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი შეგვხვდა, გვქონდა ოდნავი სისველე ცხვირის და ყელის უმნიშვნელო ტკივილი. ჩავთვალეთ, რომ გავცივდით და ჯანჯაფილიანი, ლიმონიანი ჩაის სმით გამოვიდოდით.

მაგრამ შუაღამისას ჩემი მეუღლის საშინლად აჩქარებულმა პულსმა გაგვაღვიძა, ხელებსა და ფეხებზე თითები დაულურჯდა, სასწრაფო გამოვიძახეთ და წაიყვანეს. ყვებოდა მხოლოდ ამერიკულ ფილმებში მაქვს მსგავსი ნანახიო: კუსტარულად დამზადებულ კომბინიზონებსა და ნიღბებში გამოწყობილი ექიმები, რადგან საფრანგეთმა ვერ უზრუნველყო ექიმთა აღჭურვა საკმარისად.

14 საათის შემდეგ გამოუშვეს, ცხვირში გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა კოვიდ 19-ის ინფექციაზე.

საღამოს ისევ დაგვირეკეს და გვითხრეს – მხოლოდ ტესტი არ არის სანდო და დაკვირვების ქვეშ უნდა დარჩეთო.

დავკარგეთ გემოს, სუნის შეგრძნება, თავს ვაძალებდით საკვები მიგვეღო, შხაპს ვიღებდით დამჯდარი, ფეხზე დგომა არ შეგვეძლო. ძალებს მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვისა და კვებისთვის ვიყენებდით, სრულ დაღლილობას ვგრძნობდით. ვერც კი ვსაუბრობდით მოთენთილობისგან. ყრუდ, მთელი ძალით გვტკიოდა ტანი.

ტესტირებაზე, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიყავით, საშინლად გადატვირთული იყო.

25 დღე ვიყავით სრულიად უუნაროდ. როგორც აგვიხსნეს, ჩვენი ვირუსი არ იყო მიღწეული ფილტვებამდე და ამ მხრივ გაგვიმართლა.

სპეციალურ აპლიკაციას ვავსებდით სახლიდან, დიაგნოზის დასმის დღიდანვე ჩავერთეთ. გვყავდა ჩვენი ექიმი დისტანციურად. ჰოსპიტალში ვერ მოგვათავსეს, ადგილები არ იყო და რადგან სუნთქვის მსუბუქი გაძნელება გვქონდა, შინ მკურნალობა დაგვინიშნეს. კლინიკაში მიჰყავთ ისინი, ვისაც ფილტვები აღარ ეხსნება სუნთქვისას. აღარ არის რეანიმაციაში მათი ადგილებიც, საფრანგეთში რეანიმაციის 5000 საწოლი იყო სულ და ახლა ამ განყოფილებაში 7000-ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.

სახლიდან ვავსებდით აპლიკაციაში ჩვენს ყოველდღიურ მონაცემებს: ტემპერატურას, ხველას, სუნთქვის სიძნელეს, ყველაფერს. ექიმი დღეში 2, 3 ჯერ გვირეკავდა, თუ საჭიროა ექიმი მოდის ბინაზე.

ჩვენ მარსელის პროტოკოლით დაგვენიშნა მკურნალობა, ანუ ანტიბიოტიკით, ამით ვირუსს არ მივეცით საშუალება ჩაეღწია ფილტვებამდე. როგორც ექიმმა გვითხრა, გაგვიმართლა და ფილტვებამდე რომ მისულიყო სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. დაგვინიშნეს იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვიტამინების კომპლექსიც. ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები გრძელდებოდა 10 დღე და ავადმყოფობიდან ორი კვირის თავზე გავხდით უკეთ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ჩემი მეუღლე ისევ ავად გახდა და აღმოჩნდა, რომ ორივეს გვქონდა ვირუსის მეორე ტალღა. ეს ნიშნავდა, რომ კიდევ რამდენიმე დღე ვიქნებოდით ავად. გვითხრეს, რომ ასე ხშირად არ ხდება და ვირუსის მეორე ტალღა ყველას შესაძლოა არ განუვითარდეს. ზოგადად ექიმები ერიდებიან ვირუსზე კონკრეტული ინფორმაციის გაცემას. გეუბნებიან, რომ ეს არის ,,სიურპრიზებით” სავსე ვირუსი და ჯერ კიდევ არ იციან ყველაფერი მის შესახებ.

გამოჯანმრთელების შემდეგ გადავწყვიტეთ პლაზმის გაცემა, რაც ექიმებს დაეხმარება ვირუსის წინააღმდეგ ჩატარებულ კვლევებში და ჩვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები რამდენიმე პაციენტის გადარჩენისთვის გამოდგება.

პლაზმის ჩაბარება ერთსაათიანი პროცედურაა. გაგვიკეთეს ტესტი, რომ გაეგოთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები და გამოსადეგი იქნებოდა თუ არა სხვა პაციენტებისთვის ჩვენი პლაზმა. მრავალი სხვა ტესტიც, მალარიის, ჰეპატიტის და ა.შ. რახან ახალგაზრდები ვართ, არ გვქონდა თანხმლები დაავადებები და გამოვჯანმრთელდით, ჩვენი ანტისხეულები და პლაზმაც იყო გამოსადეგი. ახლა გვაქვს ოფიციალური პასუხი, რომ ვირუსი აღარ გვაქვს.

ავადმყოფობის დროს, ცხადია, გარეთ არ და ვერ გავდიოდით, ვიყავით ძალიან სუსტად. არამალფუჭებადი პროდუქტი ვირუსის აფეთქებისთანავე მოვიმარაგეთ და დავამზადეთ 3 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი შინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით. ჩვენი ფრანგი მეგობრები დაგვცინოდნენ კიდეც, ომი ხომ არ იწყებაო.

როცა დავინფიცირდით გარეთ გასვლის საჭიროება არ გვქონია, ხილს და ბოსტნეულს ჩემი მეუღლის დედა გვიტოვებდა კარებთან.

კარანტინის წესებით იკრძალება სახლიდან ერთ კილომეტრზე მოშორებით წასვლა. გასვლა ნებადართულია მხოლოდ მაღაზიასა და აფთიაქში, მაგრამ პოლიცია მკაცრად არ აკონტროლებს გარემოს და ხალხი ხშირად სეირნობს.

თავიდან პანიკამ მოიცვა ქალაქი, დახლები იყო ცარიელი და დღემდე, როცა საყიდლებზე კვირაში ერთხელ გავდივართ, არის რაღაც პროდუქტები, რასაც ვერ იყიდი, უბრალოდ აღარ არის. პურის ფქვილი და ალკოჰოლი 70 %-იანი მაგალითად, ნიღბები და რეზინის ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები.

ორი კვირის წინ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი გვეუბნებოდა, რომ საფრანგეთის მოსახლეობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ქვეყანაში უკვე 17 ათასზე მეტი გარდაცვლილია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

თუ ეს დაემართა საფრანგეთს, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს, სადაც მხოლოდ 800 საწოლია რეანიმაციებში?

წესების უგულებელყოფის შემთხვევაში წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში.

რა სჭირდებათ იმის გასაგებად ადამიანებს, რომ ეს ვირუსი მართლაც საშიშია? თუ ჩვენ ადვილი ფორმა შეგვხვდა და 25 დღის მანძილზე საწოლს მიგვაჯაჭვა, მაშინ რას გრძნობენ ისინი, ვისაც ვირუსის რთული ფორმა აქვთ?..

სანამდე მოვიგონებთ შეთქმულების თეორიებს ვირუსის შექმნის და გავრცელების შესახებ?

რატომ არასოდეს არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ, ადამიანები და რატომ გვჭირდება მუდმივად უჩინარი მტრის ხატის შექმნა?

თუ უბრალოდ სახლში დარჩენით სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, რატომ არ ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას?

სანამ დავიწყებთ გაუთავებელ კრიტიკას მთავრობის, ამერიკის, ჩინეთის, ზოგიერთი კულტურის, ეკლესიის, ღმერთის, მასონების და ა.შ. ჩვენ, ინდივიდები, დამოუკიდებელი ადამიანები, ჩვენს წილ რომელ საქმეს ვაკეთებთ?“.


შენიშვნა: მასალას თავიდან ერქვა ,,მე და ჩემი მეუღლე Covid 19-ით ორჯერ დავინფიცირდით” რაც არ შეესაბამება რეალობას და ნაგულისხმევი იყო, რომ წყვილმა ვირუსის ორი ტალღა გადაიტანა – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ,,მეორედ დაინფიცირება” და ,,ვირუსის მეორე ტალღა” ორი სხვადასხვა რამეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: