მთავარი,სიახლეები

სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს

28.12.2020 • 1375
სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს

ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ „სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია და ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა“. რამდენით ითხოვს გაზრდას, არც კომპანია აცხადებს და არც სემეკი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე ხვალ, 29 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

იგეგმება თუ არა დენის ტარიფის გაზრდა? – სემეკის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხზე კომისიამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებენ.

ტარიფებთან დაკავშირებით სემეკმა უნდა გამოსცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომისიის მიერ 29 დეკემბერს დადგენილი დენის ტარიფი კი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2021-2023 წლებში, შენარჩუნდება.

სემეკის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით: ელექტროენერგიის მიმწოდებელი საწარმო ვალდებულია სატარიფო განაცხადები კომისიაში წარადგინოს 3 წელიწადში ერთხელ; სატარიფო განაცხადის წარდგენის თარიღია – ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისი; დადგენილი ტარიფები მოქმედებს 3 წელი.

დღეს მოქმედი ტარიფები კი დადგენილია 2018-2020 წლებისთვის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღეს, დღგ-ს ჩათვლით შემდეგი ტარიფი მოქმედებს:

220/380 ვოლტ ძაბვაზე, თუ 30 კალენდარულ დღეში მოხმარება არის:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის – 14.2367 თეთრი /ყოველ 1 კვტსთ-ზე
  • 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 18.2133 თეთრი / 1 კვტსთ-ზე
  • 301 კვტსთ-დან და მეტი –  22.7327 თეთრი / 1 კვტსთ-ზე

ამასთან,

  • 220/380 ვოლტის შემთხვევაში [არასაყოფაცხოვრებო, კომერციული მომხმარებლებისთვის] ტარიფი არის – 21.08306 თეთრი /1 კვტსთ-ზე
  • 6-10 კილოვოლტი – 16.25096 /1 კვტსთ-ზე
  • 35-110 კილოვოლტი – 14.85974 /1 კვტსთ-ზე

სემეკი 29 დეკემბერს დენის ტარიფებს სს „თელასისთვისაც“ დაადგენს.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ სემეკში განაცხადეს, რომ „როცა მოქმედი ტარიფი დამტკიცდა 2018-19-20 წლებისთვის, გათვალისწინებული იყო მიმწოდებელი ენერგოკომპანიების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი ინვესტიციები. ამიტომ, სემეკი კომპანიების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინვესტიციებს, განიხილავს 2021-22-23 წლების ტარიფების დადგენისას და მხოლოდ მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

სემეკთან „ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური. სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დღეს, 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადება სრულად იხილეთ აქ:

დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: