განათლება,მთავარი,სიახლეები

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2021 წლიდან

29.12.2020 • 14156
რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2021 წლიდან

როდის მოუწევთ მასწავლებლებს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება, რა აუცილებელი მოთხოვნებია სტატუსის შესაცვლელად და რა იგეგემება 2021 წელს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის. ამ და სხვა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე  საუბრობს.

  • ბატონო ბერიკა, სქემაში განხორციელებული ხშირი ცვლილებების გამო, მუდმივად არსებობს კითხვები სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. იქნებ ამჯერადაც განმარტოთ, რა მოეთხოვება მასწავლებელს მოიპოვოს წამყვანის ან მენტორის სტატუსი?

უფროსს მასწავლებელს, რომელსაც არ სურს სტატუსის ცვლილება და აპირებს ისევ უფროს მასწავლებლად დარჩეს, მისთვის წლის განმავლობაში აუცილებელია 20 საათიანი პროფესიული განვითარების ტრენინგის გავლა. არც დამატებითი კრედიტები დასჭირდება და არც რაიმეს ატვირთვა-ჩამოტვირთვა.

დადგინდა, რომ ხარისხის მართვის ჯგუფმა ასეთ მასწავლებელს უნდა ჰკითხოს, თუ რა სჭირდება მას პროფესიული განვითარებისთვის. ხომ არ გაიუმჯობესებს დროის მენეჯმენტს, ან კრიტიკულ აზროვნებას, ან სტემის საგნებში ხომ არ აიმაღლეს ცოდნას და ასე შმდეგ. 20 საათის ფარგლებში „მასწავლებლის სახლი“ შესთავაზებს მას ტრენინგებს და ამის გავლის შემდეგ ის დარჩება უფროს მასწავლებლად.

წამყვან მასწავლებელს ევალება 12 საათიანი ტრენინგების გავლა, მენტორს კი 8 საათის, იმისთვის, რომ არ შეწყდეს მუდმივი პროფესიული განვითარება. ოღონდ ეს არის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება.

რაც შეეხება სტატუსის ცვლილებას, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? – მასწავლებელი, რომელსაც აქვს სურვილი შეიცვალოს სტატუსი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 პროცენტზე ზემოთ. ეს ნიშნავს 7 ან 10 კრედიტს. ამის შემდეგ ის აბარებს გამოცდას დიდაქტიკაში, რომელიც აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის.

  • რა განსხვავებაა ამ გამოცდაში უფროსი ან წამყვანი მასწავლებლებისთვის?

ზღვარი. უფროსისთვის მინიმალური ზღვარი იქნება დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებში, წამყვანობა ვისაც სურს, მისთვის 80 პროცენტის ფარგლებში.

გარდა ამისა, მასწავლებელს, ვისაც სტატუსის ცვლილება სურს, სხვა მოთხოვნაც უნდა დააკმაყოფილოს. ეს არის პორტფოლიოს წარმოდგენა. კომისია, რომელშიც შევა რესურსცენტრის, მასწავლებლის სახლის თანამშრომელი და ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი, მივლენ სკოლაში და ეტყვიან მასწავლებელს, რომ თუ გინდა გახდე წამყვანი უნდა წარმოადგინეთ პორტფოლიო, სადაც ჩანს თქვენს მიერ შესრულებული საქმიანობა. პორტფოლიოსთვის გვექნება ფართო ჩამონათვალი, სულ ცოტა 10-15 პროექტი. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს პროექტი დენდროლოგიურ პარკზე, შეუძლია გვაჩვენოს ინტეგრირებული გაკვეთილები ქიმიის, ფიზიკის ან მათემატიკის მასწავლებლებთან, გვაჩვენოს კვლევა, რომელიც  ჩაატარა და ასე შემდეგ. ჯგუფი შეაფასებს სტანდარტებიდან გამომდინარე რამდენად იმსახურებს ეს მასწავლებელ წამყვანის ან მენტორის სტატუსს.

  • ეს აქტივობები თუ არ შეუფასდა დადებითად, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება ვერ დაეხმარება სტატუსის შეცვლისთვის?

არა, გამოცდა ვერ უშველის. ეს სამი პირობა აუცილებელია, – საგნის გამოცდა, დიდაქტიკის გამოცდა და მასწავლებლის პორტფოლიო.

ოღონდ, თუ საგნის გამოცდა ერთხელ უკვე აქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული, მეტს აღარ აბარებს. დიდაქტიკაში ყველას უწევს გამოცდის ჩაბარება. ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ მასწავლებლისგან, მიმართულია იქეთკენ, რომ ბავშვმა მიიღოს ხარისხიანი განათლება. მასწავლებელს გამოცდებით კი არ ვამოწმებთ მარტო, მის მიერ შესრულებული საქმიანობებითაც.

  • ხომ არ გაჩნდება პრეტენზიები მასწავლებლების მხრიდან, შესაძლოა თქვან, რომ პორტფოლიო არაობიექტურად შეუფასეს.

შეთქმულების თეორიები განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ რა ვქნათ, მარტო გამოცდების ჩაბარებით სტატუსის ცვლილება არ მოხდება. უნდა ვნახოთ, მასწავლებელი იმსახურებს თუ არა და მოსწავლისთვის გაწეული საგანმანათლებლო მომსახურება არის თუ არა ხარისხიანი.

  • როგორც ვიცით, მასწავლებლებს ევალებათ კვლევების ჩატარება და ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობა. ამ კვლევების შეფასებას, ანალიზს თუ აკეთებთ და თუ გამოარჩიეთ რომელიმე კვლევა, რომლის ნიმუშად გამოყენებაც შესაძლებელია?   

პრაქტიკის კვლევა, ეს არის კონკრეტულ პოპულაციაზე მორგებული კვლევა და არ შეიძლება მისი შედეგები სხვა კლასზე ან სკოლაზე გავრცელდეს, ეს კანონით აკრძალულია.

  • ზოგადად კვლევის მიზანი ხომ ის არის, რომ პრობლემა დავადგინოთ და გამოსავალი ვიპოვოთ ამ პრობლემისგან. რატომ არ შეიძლება მისი განზოგადება?

 ეს კვლევები ამ მხრივ შეზღუდულია და იმავე სკოლის პარალელურ კლასშიც კი ვერ გაავრცელებ, რადგან მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლასზეა მორგებული.

კვლევის მოთხოვნას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არასწორი იყო, რადგან მასწავლებელს არ უნდა მოსთხოვო ის, რაც არ უსწავლია. ვფიქრობ, ჯერ უნდა ჩატარებულიყო ფუნდამენტური გადამზადება პედაგოგების კვლევის მეთოდებში და მერე უნდა დაგვევალებინა კვლევა. ეს არ იყო სამართლიანი.

  • მაშინ რატომ ითხოვდით?

აღარ ვთხოვთ. ახლა ვამბობთ, რომ ჩვენი კვლევის სამსახური გააკეთებს 3-4 დონიან ტრენინგს, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე დირექტორებისთვის – გადავამზადებთ პედაგოგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოვთხოვთ კვლევის გაკეთებას. 2021 წელს ჩვენ კვლევის მოდულებზე ვიმუშავებთ.

  • თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაც აქამდე კვლევები გაკეთდა, დიდი ალბათობით, ფორმალურია?

ძალიან ბევრი მათ შორის, რადგან ვიცით, რომ ბევრმა ადამიანმა სტუდენტების დაწერილი კვლევები შეიძინა. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ჯერ გადავამზადებთ მათ.

როგორც ნაეკი გვეუბნება, დიდაქტიკაში მასწავლებლების გამოცდა შემოდგომისთვის იგეგმება, მანამდე ჩვენ კვლევის მიმართულებით პედაგოგებს გადავამზადებთ. კვლევის ჩატარება სავალდებულოა ყველა სტატუსის მქონე პედაგოგისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ამაზე კარგი საშუალება არ მოუგონიათ იმისთვის, რომ შენი კონკრეტული სკოლის, კლასის საჭიროებები გამოიკვლიო.

  • გარედაკვირვებაზე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, უკვე დასრულდა პროცესი. რამდენმა პედაგოგმა მიიღო დადებითი შეფასება და რამდენმა – უარყოფითი?

ახლა გასაჩივრება მიმდინარეობს და ზუსტი მონაცემები არ ვიცი, რამდენი ასაჩივრებს. წელს გავაფრთხილეთ დამკვირვებლები, რომ გაითვალისწინონ არსებული მდგომარეობა პანდემიიდან გამომდინარე და შევიდნენ მასწავლებლის მდგომარეობაში.

ვაღიარებ, რომ 15 გარედამკვირვებელი ჩემი გადაწყვეტილებით იყო დათხოვილი, რადგან რამდენიმეს შევამჩნიეთ გადაცდომა. მაგალითად, გარედამკვირვებელი დაჯდა მასწავლებლის მაგიდაზე, დასვა ისეთი კითხვები, რისი უფლებაც არ ჰქონდა, მასწავლებელს ცოტა აგრესიულად ელაპარაკებოდა, მაშინ, როცა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს წარმოვაჩინოთ მასწავლებლის საუკეთესო მხარე. გამოჭერა არ უნდა იყოს გარედამკვირვებლის მიზანი და ვისაც ამის ნიშნები შევამჩნიეთ, წელს აღარ გავუფორმეთ ხელშეკრულება.

  • თუ გააკეთეთ იმის ანალიზი, რა შედეგები დადეს  იმ პედაგოგებმა ან მასწავლებლობის მსურველებმა, ვინც „ეროვნული სკოლა“ გაიარა. გაამართლა თუ არა პროექტმა მოლოდინი?

არ შემისწავლია. სად უნდა მოვძებნო 3 ათასი ადამიანი და ვკითხო დასაქმდა თუ არა. ეს მაშინ გამოჩნდება, როცა ვაკანსიები გამოცხადდება. წინასწარ როგორ გითხრათ. ვაკანსია არ გამოცხადებულა, რადგან პრაქტიკოსები არ გასულან სკოლიდან.

  • თუ ვაკანსიები არ იყო, თუ სპეციალისტების  პრობლემა არ ჰქონდათ სკოლებს, მაშინ რისთვის გადამზადდა 3 ათასი ადამიანი?

პრაქტიკოს მასწავლებლებს ორჯერ გადაუვადეს – გამოცდა ამას წინასწარ გამოვიცნობდი? მე არ წარმოვადგენ პოლიტიკურ გუნდს, ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მინისტრმა თქვა, რომ პანდემიის დროს მიიღეს ოპტიმალური, მაგრამ არა სასურველი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ სახელმწიფო დავაზღვიეთ, რადგან რამე რომ მოხდეს, გვეყოლება მასწავლებლების რეზერვი, რომლებიც გადაინაცვლებენ სკოლაში.

  • „ახალი სკოლის მოდელის“ შედეგი რა პერიოდში უნდა აისახოს სისტემაზე?

განათლება ხეჭეჭური მსხალივითაა, დიდი ხანი უნდა ელოდო შედეგს. ამ მოდელის შეფასებას მსოფლიო ბანკი აკეთებს ახლა და ეროვნული სასწავლო გეგმის ჯგუფმაც გააკეთა. მათ ცალსახად უნდა ეთქვათ ის, რომ უფრო საინტერესო გახდა სასწავლო პროცესი და ბავშვისთვის უფრო მიმზიდველი. თუმცა სანამ საბოლოო, პროფესიული შეფასება არ იქნება, მანამდე  მე ვერ დავამტკიცებ ვერაფერს. ჩემი აზრით, სანამ სწავლა კეთებით, აღმოჩენით, კვლევით, რამდენიმე საგნის ინტეგრირებით არ იქნება და ბავშვები არ დადებენ სასარგებლო პროდუქტებს, მანამდე სწავლის ხარისხი საქართველოში არ გვექნება.

  • 2021 წლისთვის ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე, რაზეც ახლა შეგიძლიათ ისაუბროთ?

გვექნება ფუნდამენტურად ახალი მიდგომა, მასწავლებლის სახლი თითქმის სრულად იცვლის ფორმატს და ვქმნით განათლების ელექტრონულ სახლს, სადაც იქნება მასწავლებლის, დირექტორის და მშობლის ეროვნული სკოლა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს 24 საათის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი ექნება მაღალი კლასის ვებინარები, ონლაინტრენინგები, ფორუმები, სასწავლო რესურსები, ინტეგრირებული გაკვეთილები ახალი პლატფორმით, რომლის გაკეთებასაც იმედია მომავალ წელს მოვასწრებთ. ასეთივე სერვისები გვექნება დირექტორებისა და მშობლებისთვისაც.

ტრენინგებს შევთავაზებთ პედაგოგებს საგანში, საგნობრივ მეთოდიკაში, გამჭოლ კომპეტენციებში, კვლევაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინკლუზიურ განათლებაში, დემოკრატიულ კულტურაში, მდგრად განვითარებაში… მასწავლებელს უნდა საგანში განივითარებს კომპეტენციას, უნდა დიდაქტიკაში.

გარდა ამისა, ვირტუალური ლაბორატორიების ავტორი პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი თანამშრომელი გახდა, რომელიც მიეხმარება სკოლებს ვირტუალური ლაბორატორიების ჩატვირთვაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: