ბათუმელების მომზადებული 10 ყველაზე პოპულარული ვიდეო

2020 წლის განმავლობაში „ბათუმელებმა“ ასობით სიუჟეტი, ვიდეო რეპორტაჟი თუ ლაივჩართვა მოამზადა თავისი მკითხველისთვის. აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესები კი იმ მასალებმა გამოიწვია, რომლებიც კორონავირუსს და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა.

წლის ბოლო დღეს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ ვიდეოს, რომლებიც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა.

1. ტრაილერის მძღოლი

ვიდეო ფორმატში მომზადებული მასალა ლევან მუდოშვილს ეხება. ის 57 წლისაა და 34 წელია მძღოლია. აქედან 12 წელია რაც ტრაილერს მართავს. თურქეთი, საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი – ასეთია მისი სტანდარტული მარშრუტი. ლევან მუდოშვილის ამბავი ხშირად ნახვადი ვიდეო მასალაა.  პოპულარული მასალაა

აქ ნახეთ სტატია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/278859/

2. სუდანელი ოჯახი ბათუმში

 

ეს არის ვიდეორეპორტაჟი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს სუდანელი ოჯახი ბათუმში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი მასალაა. აბდინების ოჯახი სუდანიდან საქართველოში 8 წლის წინ ჩამოვიდა. 6 წლის წინ კი საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდნენ.

ნახეთ, რას ჰყვებიან ისინი საქართველოში ცხოვრებაზე და აქ შეძენილ მეგობრებზე

სტატია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/286977/

3. მუფთის ცოლი

 

ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელიც ხულოში მცხოვრებ აბაშიძეების ოჯახს ეხება. ეთერ აბაშიძე მეუღლესთან ერთად სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს. ორი შვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობენ. ეთერის ქმარი ხულოს სამუფთოს ხელმძღვანელობს. თავად ეთერი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მუსლიმ ქალთა კავშირის“ ხელმძღვანელია. მისი ორგანიზაცია ბევრ ადამიანს ეხმარება ხულოს მუნიციპალიტეტში.

4. გომის მთაზე ავტობუსი მიდიოდა

 

ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ყოველ დილით 8 საათზე ქედიდან, სოფელ ცხმორისის ცენტრიდან, ძველი საბჭოთა ავტობუსი გომისმთისკენ მიდის.

5. ველოსიპედის გამქირავებელი

 

ეს არის ამბავი ველოსიპედის გამქირავებელ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც მცირე ბიზნესი 4 ველოსიპედით დაიწყო.

6. 85 წლის ქალის მეურნეობა

 

როგორც სათაურიდან ვიგებთ, ეს არის ნინა დუმბაძის, ანუ 85 წლის ქალის ისტორია. მას 7 შვილი და 15 შვილიშვილი ჰყავს, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე ბათუმიდან მაინც მიდის სოფელში და თავის საკარმიდამო ნაკვეთს ამუშავებს. შემოდგომაზე კი მოსავალს – კარტოფილს, კომბოსტოს, ნიგოზს, თაფლს, ყველს, კარაქს და სხვა არაერთ პროდუქტს იმარაგებს და მთელი ზამთრის სარჩო მოაქვს ბათუმში, შვილებთან.

7. პენსიონერ ცოლ-ქმარს სახლიდან ასახლებენ

 

ამ ვიდეოში ჩანს, რომ სახლიდან ასახლებენ ოჯახს, რომელიც ძროხის სადგომში ცხოვრობს. პენსიონერმა ცოლ-ქმარმა ეს სადგომი სახლად გადააკეთა და 13 წელია აქ ცხოვრობს, ახლა კი ისინი თავშესაფრის გარეშე რჩებიან. მათ მალე გამოასახლებენ – სადგომის დასაცლელად 10 დღის ვადა მისცეს. მათი სახლი სახელმწიფო მიწაზეა აშენებული.

8. მარტოხელა დედა სამსახურის ძიებაში

 

ლია ბოლქვაძე სამი შვილის დედაა. სამიდან ყველაზე პატარა ახლახანს მიიყვანა საბავშვო ბაღში და ახლა სამსახურს ეძებს. ლია საუბრობს იმ უთანასწორობაზე, რომელშიც ღარიბი მშობლების შვილები ცხოვრობენ. მიუხედავად დიდი სურვილისა, მწირი ფინანსების გამო, შვილებს ღირსეული ცხოვრების პირობებს ვერ უქმნის და ვერც სათანადო განათლების მიცემას ახერხებს.

სტატიაhttps://batumelebi.netgazeti.ge/news/251868/

9. მდიდარი რომ ვიყო და ფული მქონდეს – შვილებს ვასწავლიდი

 

ეს არის ამბავი რუსუდან ბერიძის შესახებ, რომელიც მარტოხელა დედაა და პანდემიის დროს სრულიად უსახსროდ დარჩა. ის სოციალურად დაუცველია. ბათუმში, ნაქირავებ, პატარა ბარაკში ცხოვრობს. მისი „ბინა“ სულ რაღაც 15 კვადრატული მეტრია.

რუსუდანი ამ ვიდეოში საუბრობს იმ უთანასწორობაზე, რომელშიც მის შვილებს უწევთ ცხოვრება სიღარიბის გამო. რუსუდანის სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ამას გარდა, დადის და სახლებს ალაგებს. თუმცა ფული, რომელსაც გამოიმუშავებს, შვილის მკურნალობას ხმარდება.

10. ბიზნესმენი, რომელსაც სახელმწიფომ ბიზნესი წაართვა – “სტრასბურგამდე ვიჩივლებ”

 

სოფელ მარადიდში მცხოვრებ ახმედ დიასამიძეს სახელმწიფომ კაპიტალური სახლი, სასოფლო-სამეურნეო მიწა და კერძო ბიზნესი ჩამოართვა.

„აჭარენერჯი 2007“-მამდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი ააშენა. ჰესის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას ითვალისწინებს. ახმედ დიასამიძემ თავისი ბიზნესი აუდიტის სამსახურს შეაფასებინა და ამ დოკუმენტაციით სცადა კომპანია „აჭარენერჯი 2007“-თან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ.

ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს მიიღო.

ექსპროპრიაციის მოთხოვნის საფუძველი გახდა კომპანია „აჭარენერჯი 2007“-ის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი.

ნახეთ სტატია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/293547/

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეონა ბერიძე ჩაანაცვლებს.

ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა.

არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი თანამდებობები ჩაიბარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეორგანიზაცია ქვედა რგოლშიც იგეგმება.

 

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერიიდან გათავისუფლებულები: ეს მერმა ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა

ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა. არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი თანამდებობები ჩაიბარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეორგანიზაცია ქვედა რგოლშიც იგეგმება.

„მერმა გადაწყვიტა და დავეთანხმეთ. დიახ, მე დიდი ხანია ხელოვნების მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ სწორედ ბავშვებია ყველაზე დიდი ხელოვნება და ჩვენი შედევრები. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ბაღების გაერთიანებაში“, – გვითხრა ჯონი საბაშვილმა, რომელიც  უკვე რამდენიმე წელია „ბათუმის კულტურის ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ბაღების გაერთიანებაში, ხელმძღვანელის მოადგილედ გადაიყვანეს.

ბაღების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა შამილიშვილს კი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ჩააბარეს. გადაწყვეტილებით არც ის არის უკმაყოფილო: დიდ ხანს როცა ხარ ერთ ადგილზე, თვალს რაღაც ეპარება“, – გვითხრა მან. რაც შეეხება სააგენტოში არსებულ პრობლემებს და ამ საქმის სირთულეს, მიიჩნევს, რომ „ბაღების გაერთიანება“ ყველაზე რთული სამართავია და ამის შემდეგ არაფერი გაუჭირდება.

შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ ახალი ხელმძღვანელი, სულხან ევგენიძე მიიჩნევს, რომ მისთვის ახალი სამსახური გამოწვევაა. ისიც ეთანხმება მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ცვლილებები მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანია.

შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ ყოფილი ხელმძღვანელი დავით დუმბაძე კი, როგორც თვითონ გვითხრა, უმაღლეს საბჭოში აპარატის უფროსის მოადგილე იქნება.

„იქ უფროსი ავადმყოფობდა და ბევრი საკითხია დასალაგებელი, ამიტომაც გადამიყვანეს. ეს მერმა ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა. როცა საქმეა გასაკეთებელი, ქალაქს, ნაცნობს და მეგობრებს ეს სჭირდება უნდა გააკეთო“, – გვითხრა ჯუმბერ კობალაძემ.

___

გუშინ არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციების 10 ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

80-მა ახალგაზრდამ აჭარაში ისწავლა, როგორ გამოიცნოს ყალბი ახალი ამბები

ინტერნეტში ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ამბავი, თავის დაცვა რომ შეძლო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2020 წლის მარტიდან აჭარის მთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სწორედ ამ კუთხით მუშაობს.

ახლახან ორგანიზაციამ დაასრულა მეორედ გამოცხადებული ონლაინკურსი, რომელშიც 9 სოფლიდან 80 ახალგაზრდა იყო ჩართული.

სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ორ თვეს გაგრძელდა.

Zoom-პლატფორმაზე მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები. იმართებოდა დისკუსიები, მოამზადეს ონლაინქვიზები, ნახეს ამ თემაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმები.

„მონაწილეებმა შეიძინეს ის უნარები, რაც მათ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში, პირადი ინფორმაციის დაცვაში დაეხმარება; მიღებული ინფორმაცია ასევე მისცემს თითოეულ მონაწილეს საშუალებას, არ გახდნენ დეზინფორმაციისა და კიბერგულინგის მსხვერპლი; შეძლებენ გარშემომყოფების დაცვას ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სწავლების პროცესში განიხილეს შემდეგ თემები:

[checklist]

  • მედიაწიგნიერება და მისი მნიშვნელობა;
  • ყალბი ამბები და პროფილები;
  • ვებგვერდებისა და მათი სანდოობის გადამოწმების საშუალებები;
  • ფოტომანიპულაცია და ფოტოს გადამოწმების ხერხები;
  • ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია;
  • პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • კიბერბულინგი;
  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. [/checklist]

ჯამში მონაწილეთა აქტიურობითა და მაქსიმალური ქულათა რაოდენობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ 75$-ის ღირებულების წიგნები და კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” სწავლებას ატარებს პროექტის ფარგლებში – “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში”.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED].

____

მთავარი ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის 2020 წლის ონლაინკურსის გამარჯვებულები. მარიამ ბერიძე, როსტომ შამანაძე და სალომე შანთაძე

ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამოასახლეს 25-მდე ოჯახი, რომლებმაც წუხელ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაიკავეს. შენობა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გვითხრეს, ოჯახები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ზოგიერთი მათგანი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ზოგი ოჯახი კი მუნიციპალიტეტებიდანაა.

„სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონება დაიკავო. ერთადერთი, ჩვენი ვალდებულება რაც არის და რაც სახელმწიფო პროგრამები გაგვაჩნია მათთან მიმართებაში, ყველანაირად დავეხმარებით და არც ერთი ოჯახის სამართლიანობის პრინციპი არ იქნება დარღვეული“, – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

მისი თქმით, ის შეხვდა თითოეულ ოჯახს და პრობლემების ინდივიდუალურ დონეზე შესწავლა შესთავაზა.

„ოჯახების ნაწილი რაიონებიდანაა, ნაწილი ქალაქში, ნაქირავებში ცხოვრობს. სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებია. გუშინ, იმ პირობებში, დეტალური შესწავლა ვერ მოხდებოდა“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესახებ თუ ჰქონდა მანამდე სამინისტროს ინფორმაცია და ხომ არ მიუმართავთ დასახმარებლად სახელმწიფოსთვის, რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

„რაღაც ნაწილი ქირით ცხოვრობს, მაგრამ მანამდე რომელიმე უწყებისთვის ჰქონდათ თუ არა  მიმართული, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს კუთვნილი შენობიდან გამოსახლების შემდეგ 25-მდე ოჯახი ისევ ნაქირავებ საცხოვრებლებში დაბრუნდა.

მამამ შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა – შსს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა კაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და იმავე დღეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა“.

როგორც შსს აცხადებს, მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად ზ.გ-ზე  ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა.

„მას დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლსა და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების მონიტორინგი“.

შსს-ს ინფორმაციით, მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოში ლაშა სირაბიძის ნაცვლად ვაჟა რამიშვილი შედის. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“ და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა.

ლაშა სირაბიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ოცნების“ სიით.  ვაჟა რამიშვილი კი „ოცნების“ სიაში თვითმმართველობის არჩევნებზე მეთორმეტე ნომერი იყო.

ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილებას ბათუმის საკრებულო დღეს, 31 დეკემბერს, ცნობს.

ამ დრომდე ვაჟა რამიშვილი შპს „ბათუმის სანდასუფთავებაში“ მუშაობდა.

 

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 დეკემბერი

31 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, მათ შორის 98 მძიმე პაციენტია.

აჭარის კოვიდსასტუმროებშია 512 ადამიანი.

ამავე თემაზე: 

31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 030 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 710
  • აჭარა – 78
  • იმერეთი – 239
  • ქვემო ქართლი – 63
  • შიდა ქართლი – 130
  • გურია – 24
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108
  • კახეთი – 105
  • მცხეთა-მთიანეთი – 47
  • სამცხე-ჯავახეთი – 14
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 13 162 ადამიანი.  5 104 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, 6 891 – საცხოვრებელ ბინაზე.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 32 221 ადამიანი.

დღეს ქუჩაში გასვლა 9 საათის შემდეგაც შეგეძლებათ

დღეს, 31 დეკემბერს, ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგაც არის შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება კოვიდთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ხვალიდან ანუ პირველი იანვრიდან ისევ განახლდება.

შეუზღუდავად გადაადგილება შობის ღამესაც იქნება შესაძლებელი.

პრემიერ გახარიას თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ სრული „ლოქდაუნი“ იგეგმება.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკადრო ცვლილებებს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილებითა და ახალი პირების დანიშვნით იწყებს.

არჩილ ჩიქოვანი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ხვალ, 31 დეკემბერს გეგმავს, თუმცა გათავისუფლებული, ასევე ახალი კადრების შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია.

დადასტურებით ვიცით, რომ თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო.

თანამდებობას დატოვებს ასევე სულხან ევგენიძე, ის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სულხან ევგენიძის თანამდებობას აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მჟავანაძე დაიკავებს.

„ბათუმის წყლის“ დირექტორი ირაკლი ბაკურაძე იქნება, მანამდე ის ამავე ორგანიზაციაში მოადგილედ მუშაობდა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ბადრი ფარტენაძეც, მის ადგილს ბიძინა ბიბილეიშვილი დაიკავებს, ის ამავე ორგანიზაციაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დუმბაძეც, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორი, მის ნაცვლად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე დანიშნეს.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი, მას თენგიზ აფხაზავა ჩაანაცვლებს, ის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ოცნებიდან“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კი, გოდერძი დავითაძეს მინდია გოგუაძე ჩაანაცვლებს.

გაათავისუფლეს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯონი საბაშვილიც, მას ირაკლი შაფათავა ჩაანაცვლებს.

გაათავისუფლეს მამუკა მუჯირიც, ის „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ეს პოსტი ჯუმბერ კობალაძემ დაიკავა.

თანამდებობა დატოვა ბათუმის საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელმა ბექა ხაბაძემ და ეს თანამდებობა ლევან დოლიძეს ჩააბარეს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა ასლან გელაძემ, ეს პოსტი მამუკა შამილიშვილმა დაიკავა.

თანამდებობები შეინარჩუნეს ბათუმის შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანლმა არჩილ კონცელიძემ , ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით დიასამიძემ და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ.

სად როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები საქართველოში

წელს უჩვეულო ახალი წელია. კოვიდპანდემიის პირობებში მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულები მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს და საახალწლო განათებებზე დიდი რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა 9 საათის შემდეგ გადაადგილება დიდ ქალაქებში აკრძალულია. ვნახოთ რომელ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები.

  • წყალტუბოს მინიციპალიტეტი 
ფოტო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ჩოხატაური
ფოტო: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ხაშური
ფოტო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ქუთაისი
ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ყვარელი
ფოტო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ფოთი
ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • სამტრედია
ფოტო: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • რუსთავი
ფოტო: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ლანჩხუთი
ფოტო: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • თელავი
ფოტო: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ზუგდიდი
ფოტო: ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ზესტაფონი
ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • ვანი
ფოტო: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
  • გორი
ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან

წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

სკოლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანის ვადა 12 იანვრამდე გადაუვადეს.

როგორც მასწავლებლების ნაწილი ფეისბუქში წერდა, ჟურნალში ადრე შეყვანილი მონაცემების ნაწილი დაიკარგა, რის გამოც მათ ამ მონაცემების თავიდან შეყვანა უწევთ.

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლას სამინისტრო უარყოფს, თუმცა ხარვეზის არსებობას არ უარყოფს.

„იყო პრობლემები, რადგან როცა სისტემა არ გიშვებს, ვერ ასრულებ მონაცემების შეყვანას. ახლა 12 იანვრამდე გადაგვივადეს და მალე დავასრულებთ პროცესს“-  ამბობს „ბათუმელებთან“ ზედა კვირიკეს სკოლის დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი.

„ხარვეზები ჰქონდა ელექტრონულ ჟურნალს და რესურსცენტრიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ 12 იანვრამდე გადაიტანეს მონაცემების შეყვანის ვადა“ – გვეუბნება ხუცუბნის სკოლის დირექტორი რეზო ბასილაძეც.  თუმცა, კონკრეტულად რა ხარვეზებზეა საუბარი, ის არ აკონკრეტებს.

ხალას საჯარო სკოლაში  კი გვითხრეს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მთელი სემესტრის რედაქტირებაა შესაძლებელი, ამიტომ რაიმე მონაცემი რომც წაიშალოს, მისი გამოსწორება შესაძლებელია.

სხალთის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მათ სკოლაში მასწავლებლებმა მოსწავლეების შეფასება დაასრულეს, ამ მონაცემების გადამოწმება კიდევ ერთხელ მოხდება და სემესტრიც დაიხურება.

შესაძლებელია თუ არა ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლა და ჰქონდა თუ არა  ადგილი მსგავს შემთხვევას? – ვკითხეთ განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემას, რომელიც ელექტრონულმა სისტემების, მათ შორის ელექტრონული ჟურნალის გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სისტემაში მონაცემები ვერ გაქრება:

„უბრალოდ, ონლაინისა და ოფლაინის გაკვეთილები რადგან სხვადასხვა ადგილზეა შენახული, ამის გამო, შესაძლოა, რაღაც პერიოდი ეს მონაცემები არ გამოჩნდეს“.

ნინო ეფხოშვილის თქმით, თუ მასწავლებელი მონაცემებს ვერ ხედავს, მას შეუძლია EMIS-სის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს და დაეხმარებიან:

„ბევრი ასეთი შემთხვევა იყო და ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ონლაინგაკვეთილების ცხრილი ცალკეა და დასწრებული გაკვეთილების – ცალკე. ამის გაყოფა როცა მოხდა, მოსწავლეების შეფასებებიც სხვადასხვა ადგილას ჩაიწერა. ჩვენ ამას ვამოწმებთ და ვეუბნებით, თუ სად უნდა მონახოს ჩანაწერები“.

მისივე განმარტებით, ელექტრონულ ჟურნალს მონაცემები მოაქვს სისტემა „ისქულიდანაც“, სადაც  ყველა გაკვეთილი უნდა იყოს ასახული. „თუ ამ სისტემაში გაკვეთილი ასახული არ არის, ელექტრონულ ჟურნალშიც არ ჩანს“ – ამბობს ის.

რაც შეეხება მონაცემების დაკარგვას, ნინო ეფხოშვილის თქმით, როცა სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ, სისტემას ერთი კვირა დასჭირდა ონლაინზე გადასასვლელად. „და ეს პერიოდია კრიტიკული, აქ იყო ტექნიკური ხარვეზები და ამ პერიოდში შეყვანილ ნიშნებზე ვეუბნებით ხოლმე, რომ თავიდან შეიყვანონ“ – ამბობს ის.

სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს სრულდება, ახალი, 2021 წლის სასწავლო სემესტრი კი 17 იანვარს განახლდება.

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია.

თეა კაკაბაძე

37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა კაკაბაძე ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო 18 წელი იყო სახლში. შემდეგ კომპლექსებს სძლია და უკვე შვიდი წელია, რაც თეა აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად აინაზღაუროს ის წლები, რაც შინ გაატარა.

პანდემიამ თეა კვლავ სახლში გამოკეტა. მას უნდოდა 2020 წელს ესწავლა და ამის გამო სამსახურიდანაც კი წამოვიდა, მაგრამ გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

თეა პანდემიამდელ ცხოვრებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მის დღის წესრიგში სხვა, ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა იდგა. თეა ამ უფლებისთვის აქტიურად იბრძვის:

„სხვა ქალაქებთან შედარებით ბათუმი კი არის მეტ-ნაკლებად ადაპტირებული, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებით. არის ბევრი სირთულე.

ბათუმში ბევრი ქუჩაა, რომელზეც მე დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდები, ვერ ავდივარ აფთიაქებში… მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებისთვის კი არა, არც მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, არც სმენის არმქონეებისთვის არის ადაპტირებული.

თითქოს აკეთებენ პანდუსებს, უსინათლოთა ყვითელ ბილიკებს… მაგრამ ზედაპირულად, ფორმალურად, ისე, რომ მალევე გასაკეთებელია, ანუ აკეთებენ ისე, რომ არც საქმე დაელევათ და არც გაკეთდება” – ამბობს თეა. 

 

ანა ბარათაშვილი

26 წლის ანა ბარათაშვილის დიაგნოზი ცერებრული დამბლაა, რომელიც ძირითადად უნებლიე მოძრაობებისა და მეტყველების გაძნელებით გამოიხატება. ანაც ეტლით მოსარგებლეა. ის ბათუმთან, ხელვაჩაურში ცხოვრობს.

ქალაქიდან სიშორის მიუხედავად ანა პანდემიამდე  ყოველთვის ცდილობდა ფიზიკურად ყოფილიყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

სოციალური დისტანცირება ანასთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, მას ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობები აკლია.

„პანდემიამდე ხშირად დავდიოდი სკოლაში, ვესაუბრებოდი ბავშვებს, პედაგოგებს, გამვლელებს. დავდიოდი ტრენინგებზე და მქონდა საშუალება მესწავლა რაღაც ახალი და მეგობრებიც მენახა.

დავდიოდი ნათესავებთან ან ისინი მოდიოდნენ, მეგობრებიც ხშირად მნახულობდნენ. პანდემიამ კი მხოლოდ ონლაინშეხვედრები მოგვცა, რაც არ არის ადვილი. არც ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, საათობით ეკრანს რომ ვუყურებ.

ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობა მაკლია, რაც გაძლევს მეტ სტიმულს, აზრების უკეთ გაცვლის მეტ შანსს. პანდემიამ ის შეცვალა, რომ ნაკლები ურთიერთობები გვაქვს საზოგადოებასთან, რაც პირადად ჩემთვის აუცილებელია” – გვიყვება ის.

ანა ამბობს, რომ მისი დიაგნოზით ცხოვრება პანდემიამდეც რთული იყო, სულ ცოტა არაადაპტირებული გარემოსა და ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვის გამო და პრობლემა გამხდარა ექიმთან კონსულტაციაზე მისვლაც კი.

„ჩემი ერთი დღე პანდემიის დღეებში დილით წიგნის კითხვა, მერე ტელევიზორის ყურება და საღამოს ოჯახის წევრებთან საუბარია“ – ამბობს ანა.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ და ამის გამო დასაქმების პრობლემა ექმნებათ, პანდემიამ ერთი საინტერესო პრაქტიკა გამოკვეთა. კერძოდ, აჩვენა ის, თურმე შესაძლებელია დისტანციურად სწავლა და მუშაობა.

შშმ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დამსაქმებლებმა, შესაძლოა, მომავალში ეს გამოცდილება გამოიყენონ და მანამ, სანამ გარემოს ადაპტირების ან სხვა სირთულეების გამო გადაადგილება ჭირს, შშმ ადამიანებს პანდემიის გარეშეც ჰქონდეთ დისტანციურად მუშაობის საშუალება.

„აქამდე სამსახური არ მქონია. მინდა თარჯიმნობა ვისწავლო და წიგნები ვთარგმნო. პირადად ჩემთვის ყველაზე სასურველი და მისაღებია ნებისმიერ სფეროში ურთიერთობა ადამიანებთან მქონდეს ცოცხლად, პირისპირ. ამასთანავე, ზოგადად დამსაქმებლისგან ვისურვებდი ადაპტირებულ გარემოს და სულ ცოტა ხელშეწყობას… იმის უფლებას, რომ სახლიდანაც ვიმუშაო” – ამბობს ანა ბარათაშვილი.

თეა კაკაბაძე 2016-2017 წლებში ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობდა ონლაინკონსულტანტად, თუმცა, თავისივე სურვილით, მაქსიმალურად ცდილობდა ადგილზე მისულიყო და კოლეგებთან ერთად ემუშავა.

თეა ამბობს, რომ აუცილებელია დამსაქმებლებმა გაითვალისწინონ იმ შშმ ადამიანების სირთულეები, რომლებიც ქალაქიდან შორს ცხოვრობენ, უჭირთ სისტემატიურად ფიზიკურად სიარული სამსახურში, მაგრამ თავისუფლად შეასრულებენ სხვა და სხვა სირთულის დავალებებს დისტანციურად.

„ჩემი სურვილია, რომ ახლა, პანდემიის დროს განსაკუთრებით, მოგვეცეს ონლაინ განათლებისა და ონლაინ დასაქმების საშუალება. ძალიან ბევრი შშმ ადამიანი ვიცი, ვინც ძალიან კარგი მცოდნეა თავისი საქმის. პანდემიამ აჩვენა, რომ ყველა გადავიდა ონლაინ რეჟიმზე.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანი, პანდემიას რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად ვერ მოახერხებს გამოსვლას სხვა დროსაც. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა და დასაქმების სააგენტოები აგროვებდნენ შშმ ადამიანების უნარების შესახებ ინფორმაციას და ხელს გვიწყობდნენ დასაქმებაში” – ამბობს თეა.

ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის გადაადგილება პანდემიამდეც პრობლემური იყო. ამის ერთ-ერთი ცხადი მაგალითი სამთავრობო უწყებების შენობებია, სადაც, თეას შეფასებით, პანდუსები სანახევროდაა გაკეთებული:

„განათლების სამინისტროს გარე პანდუსით მარტო შესასვლელში ავდივარ, სხვაგან ფიზიკურად ვერ ახვალ, თვითონ ჩამოდიან ქვევით.

ყველაზე სასაცილოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსაც ასეთი პანდუსი აქვს შიგნით. შიდა პანდუსით ვერანაირად ვერ ისარგებლებ, ან ისარგებლებ და კისერს მოიტეხ და ისეც ეტლით მოსარგებლე, ორმაგად გახდები შშმ.

არც მერიაში არ არის პანდუსი. არის ლიფტი გარე მხრიდან, მაგრამ რამდენჯერმე გავეჭედე შიგნით, ვერც ზევით ავედი, ვერც ქვევით … 2019 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ფიზიკურად ვერ ავედი ამის გამო“.

განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობების შიდა პერიმეტრზე პანდუსების არარსებობას ან უფუნქციობას შენობების სიძველით ამართლებენ და ამბობენ, რომ შენობა ისეა აგებული, რომ შიდა პერიმეტრზე სტანდარტების დაცვით პანდუსი ვერ მოეწყობა.

„უნდა მოხდეს გარე ლიფტის დამონტაჟება. იმის გამო, რომ შენობა ძველია, შენობაში ლიფტის დამონტაჟება არ ხერხდება. პირველი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ ყველა შშმ პირს მივეცით შესაძლებლობა შენობაში შემოვიდეს და პირველ სართულზე მოწყობილ შეხვედრის სივრცეში შეხვდეს საქმიდან გამომდინარე ვისაც საჭიროა. გვქონია შემთხვევები, როცა მინისტრიც კი ჩამოსულა შეხვედრაზე იმის გამო, რომ შენობა არ გვაძლევს საშუალებას“ – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ლიფტის საკითხის შესახებ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ. უწყება ამ შენობაში დაახლოებით ათი წელია რაც ფუნქციონირებს.

ტესტი: რა იცი სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ?

ქალი პოლიტიკოსი სიძულვილის ენის თუ სტერეოტიპიზაციის სამიზნეა სხეულის, გარეგნობის, საუბრის მანერის, ჩაცმულობის, ასაკის, ინტელექტუალური უნარების, კომპეტენციის თუ მისი ზნეობრივი ღირებულებების გამო. შეავსე ტესტი — რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშის მიხედვით მომზადდა და გაიგე, შეგიძლია თუ არა ამოიცნო სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში.

ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს.

გადავადების მოთხოვნის გამო ეკა დგებუაძეს შენიშვნა მისცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ შეძლო ავტორიზაციის პროცესის დასრულება 4 წელიწადში და რას გააკეთებს ამ ერთ წელში.

„ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ ცვლილებას მხარი. იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა გაკეთდა ამ 4 წელში. ჩამონათვალის სახით რომ გაკეთდა ეს – ამის მერე გაკეთდა ის, რომ გავიგოთ საერთოდ რა გაკეთდა. არ ვარ მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი და ვიცი, როგორია გადავადების პრაქტიკა. ამიტომ, როცა გადავადებას ითხოვთ, დაგვისაბუთეთ რა გაკეთდა და რაში არ გეყოთ დრო“, – მიმართა  თეა წულუკიანმა.

მან გადავადების მაგალითად სამტრედიის სკოლა-პანსიონი მოიყვანა, სადაც რეფორმა არათუ არ განუხორციელებია სამინისტროს, არც კი დაუწყია.

„საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის სამტრედიაში და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის არაფერი კარგი იქ არ ხდება, იქაც პირველ სექტემბერს იყო ვადა, მაგრამ ეს რეფორმა დაწყებულიც კი არ არის“, – თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ პარლამენტი ბაღების ავტორიზაციის ვადის გადაწევას დათანხმდება, სამინისტრომ განათლების კომიტეტს ყოველ ერთ თვეში ანგარიში უნდა ჩააბაროს.

„იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და ისევ არ მოითხოვოთ გადავადება.  ყველა ბაღი პირობებს ვერ დააკმაყოფილებს ალბათ და ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმათთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ. მასიურად ბაღებს ხომ ვერ დავკეტავთ. ან გადავარქვათ სახელი და ეს არ იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს აქვს მოლოდინი, რომ იქ ბავშვი რამეს ისწავლის. ან ორი ტიპის დაწესებულება გავაკეთოთ და შესაძლოა ეს იყოს კარგი, მაგრამ ეს ხედვა თქვენგან უნდა მოდიოდეს. და არც მშობლებს ექნებათ იმის განცდა, რომ ბავშვი მიიყვანეს საბავშო ბაღში, სადაც ისინი მუშაობენ, ვინც არ უნდა იყოს აღმზრდელი საერთოდ და ბავშვიც კი არ უყვარს ზოგიერთს.

ამიტომ, თვეში ერთხელ – ოფიციალურად მოგმართავთ კომიტეტის სახელით, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, რომ ამ თვეში ეს გავაკეთეთ და ამ თვეში ის, რომ ვიცოდეთ რაზე ლაპარაკობთ თქვენ და რაზე ჩვენ“, – თქვა თეა წულუკიანმა.

ეკატერინე დგებუაძეს კომიტეტის სხდომაზე ბაღების ბიუჯეტთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები.  „თუ არც ეს გაქვთ აქამდე გაკეთებული, მაშინ ეს ერთი წელიც არ გეყოფათ ავტორიზაციისთვის,“- განაცხადა წულუკიანმა.

„ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

კორონავირუსი და სოციალური პრობლემები – 2020 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელების“ მკითხველი ამ თემებზე მომზადებულ სტატიებს კითხულობდა. წლის ბოლოს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ სტატიას „ბათუმელებზე“.

1. მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს.

2. როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

300-ლარიანი კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად წაკითხულ მასალებს შორისაა. „ბათუმელებს“ ასობით ადამიანი უკავშირდებოდა და დღემდე უკავშირდება კითხვებით კომპენსაციის შესახებ.

3. თურქეთმა საზღვრები გახსნა, თუმცა საქართველოდან ამ ქვეყანაში ჯერ ვერ წახვალთ 

პანდემიისას თურქეთის საზღვართან დაკავშირებული საკითხები საქართველოში განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებიც თურქეთში იყვნენ დასაქმებული, შეუწყდა შემოსავლის წყარო.

4. სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებშია ინფორმაცია სკოლის შენობაში სწავლის განახლების შესახებ. სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის პირველი მარტს შეჩერდა და დღემდე არ განახლებულა საქართველოს დიდ ქალაქებში.

5. ხმოვანი ზღაპრები და ლექსები ბავშვებისთვის თვითიზოლაციაში ვასილ გულეურისგან 

2020 წლის მარტში, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მწერალმა ვასილ გულეურმა საკუთარი ზღაპრებისა და ლექსების  ხმოვანი ვერსიების ნაწილი ატვირთა  youtube არხზე. ამის შესახებ მომზადებულმა ინფორმაციამ ბევრი მშობელი დააინტერესა.

6. უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ 

უცხოეთში თვითდასაქმებული პირებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბათუმში არაერთი აქცია გამართეს თურქეთში თვითდასაქმებულმა ქალებმა. ისინი თურქეთთან საზღვრის გახსნას ან კომპენსაციის გაცემას ითხოვდნენ.

7. მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით COVID 19-ის ვირუსს

2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ამ სტატიაში საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა გაგვიზიარა კოვიდთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება. იმ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 348 შემთხვევა იყო დადასტურებული.

8. გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან

ჟურნალისტ ნათია როყვას წერილი აშშ-დან, ნიუ ჯერსის შტატიდან. 2020 წლის აპრილში აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცხელი წერტილი გახდა მსოფლიო კოვიდრუკაზე.

9. გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

2020 წლის მარტში ბანკებმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზეს. ამ თემაზე მომზადებულმა სტატიამ „ბათუმელების“ მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

10. ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმელი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ირმა დიმიტრაძის წერილი, რომელშიც ირმამ „ბათუმელებს“ კოვიდისგან თავის დაცვის გამოცდილება გაუზიარა.

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა.

პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება.

„პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის რომ გავხდი, რაღაცების კეთება მომიწია. დავალებები უნდა შევასრულო. ბაღში დავალებები არ იყო. სკოლაში კიდევ უნდა დავწერო, წავიკითხო. ბაღში უფრო ადვილი იყო. სკოლაში მერე  გაძნელდა. სხვა ასოზე რომ გადავიდე, უნდა ვწერო. ბაღში არც ვწერდი, არც ვკითხულობდი, მარტო ლექსებს ვსწავლობდი.

ბაღში მომწონდა ის, რომ მეგობრები მყავდა. კიდევ დავალებები არ მქონდა გასაკეთებელი. მარტო ლექსები.

სანამ სკოლაში წავიდოდი, მითხრეს სკოლაში წახვალ და ყველას გაიცნობო. მაგრამ არავინ გამაცნეს, რადგან სკოლა კომპიუტერშია. არადა უნდა წავსულიყავი, დამეთვალიერებინა როგორი იყო შიგნიდან სკოლა და კორონამ ყველაფერი ჩაშალა.

ერთხელ გამოაჩინა მასწავლებელმა ეკრანზე და დავინახე როგორია. ერთხელ მივედი კიდეც, მაგრამ შიგნით არ შემიშვეს. რატომ არ შემიშვეს, არ ვიცი. მე მგონი იმიტომ, რომ კორონა იყო მაგ დროს და ეგონათ კორონა მქონდა. არ ვიცი. შიგნით არ შევსულვარ, მარტო კომპიუტერით ვარ ნამყოფი.

იოანე და მისი ძმა სკოლის წინ. სკოლაში დედამ წაიყვანა, რომ ერთხელ მაინც ენახა, როგორი იყო სასკოლო გარემო

მარტო ორი კლასელის სახელი ვიცი – იოანე ქურიძე და სალომე. სხვას არავის არ ვიცნობ. სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყავს.

კორონამ მართლა ხელი შემიშალა. კომპიუტერით დავდივარ სკოლაში და შიგნით ვერ შევდივარ.

კიდევ პირბადე უნდა მეკეთოს და მცხელა პირბადეში.

კიდევ სხვებთან არ შეიძლება ახლოს მისვლა.

ამიტომ ყველაზე მეტად პატარაობა მენატრება.

პატარა რომ ვიყავი, არც დავალებებს ვწერდი, არც არაფერს. რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი. ახლა კიდევ დავალებები უნდა გავაკეთო, წავიკითხო და მაგენი ძნელია.

სწავლაში ყველაზე რთული არის კითხვა და ასოების სწავლა.

იოანე ზუმში მიმდინარე სემესტრის ბოლო გაკვეთილს ერთვება.

რას ვნატრობ და მინდა, დილას რომ ავდგები გაკვეთილები მაშინ იყოს. იმიტომ, რომ შუადღეზე გაკვეთილები აღარ მექნება და რასაც მინდა იმას ვიზამ. ეზოში წავალ და ვითამაშებ, რამდენიც მინდა.

ვოცნებობ, რომ დიდი გავხდე. იმიტომ, რომ მერე მანქანა მეყოლება, ფული მექნება და მეცნიერი ვიქნები. რაღაცებს გამოვიგონებ, რაც მინდა. რაკეტას გამოვიგონებ, რომელიც ზემოთ აფრინდება, ცაში ოთკუთხედს გააკეთებს და ძირს დაბრუნდება.

კიდევ მინდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიმოგზაურო. ვნახო, როგორია სხვა ქვეყნები შიგნიდან”.

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბერს და 2021 წლის პირველ იანვარს ბათუმში უნალექო ამინდი იქნება.

უფრო დეტალურად:

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 დეკემბრის 21 საათიდან, ხვალ, 31 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2021 წლის 2-3 იანვარს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად უნალექო, თბილი ამინდი ბათუმში 7 იანვრამდე შენარჩუნდება.

აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 დეკემბრის მონაცემები

30 დეკემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა.

აჭარის კლინიკებში დღეს 488 პაციენტი მკურნალობს; მათ შორის 101 მძიმე პაციენტია. 29 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 541 პირი მკურნალობს.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანიმათ შორის აჭარაში – 2 800.

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192  კვლევა ტესტით, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494  პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192   კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  225 893-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 210 445-მდე.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 2 481 პირი გარდაიცვალა.

 

 

ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა. დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა – ირმა აფხაზავა.

იგი აქამდე ამავე სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

მინისტრის მოადგილის პოზიციები შეინარჩუნეს რუსლან ქორიძემ და სულხან მოწყობილმა.

ყოფილი მინისტრი, ტიტე აროშიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ქართული ოცნებიდან. ის მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერია.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები.

ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი ლარია.

მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა – 25 ათასი ლარით და 40 ათასი ლარით, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა.

„ორივე მათგანში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ თითო პრეტენდენტმა და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების კინომუზეუმის კონცეფციასთან შეუსაბამობის გამო, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დასრულდა უარყოფითი შედეგით – პრეტენდენტები დაექვემდებარნენ დისკვალიფიკაციას. საგულისხმოა, რომ უნდა შეიქმნას თანამედროვე სამუზეუმო სივრცე და სწორედ ამის გამო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საავტორო იდეას და კონცეპტუალურ გადაწყვეტას“, – აცხადებს „აჭარის მუზეუმი“.

მუზეუმის განცხადებით, „საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, შესაბამისად მუზეუმის რესურსებით შეუძლებელია ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარება. ამიტომ გამოცხადდა კონკურსიც, რაც სამწუხაროდ დასრულდა უარყოფითი შედეგით. გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მიმწოდებელთან – არქიტექტორ თორნიკე ასაბაშვილთან, რომლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ღირებულებაა 40 000 ლარი“.

გამარტივებულ შესყიდვაზე ბრძანება „აჭარის მუზეუმმა“ დღეს, 29 დეკემბერს გამოსცა და დღესვე მიმართა თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს. ბრძანებას ხელს თეონა ზოიძე აწერს – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა, სულხან ოქროპირიძემ კი, თანამდებობა 28 დეკემბერს დატოვა.

სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის კონცეფციის ავტორები არიან: ოლღა და ქეთევან ჟღენტები.

ამ თემაზე:

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც.

„ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა პირების საკუთრებაში არსებულ კოტეჯებს უვლის და აქირავებს. გულო ამბობს, რომ წელს ყველა კოტეჯი გამოკეტილია, უმუშევარი დარჩა მისი ძმა, რომელიც თხილამურების ინსტრუქტორია.

„ფაქტობრივად უმუშევარია ჩემი მეუღლეც, ის ტაქსისტია…“ – დასძენს გულო, რომელიც მცირეწლოვან შვილს ზრდის.

„მხოლოდ ჩემი მეუღლის პენსიაა ახლა ჩვენი შემოსავლის წყარო,“ – ამბობს ბაკურიანში მცხოვრები ემზარ საფარიანი. ის ორ შვილთან ერთად თხილამურებით სრიალს ასწავლიდა. სამი დასაქმებულიდან ერთჯერადი კომპენსაციის მიღება მხოლოდ ემზარმა შეძლო.

„მხოლოდ მე ავიღე 300 ლარი, ჩემი შვილების სამსახური ვერ დადასტურდა… ახლა ყველა საბაგირო დაკეტილია, სხვა სამუშაო კი აქ არაფერია… წელს წლის დასაწყისშიც არ იყო მუშაობა, თოვლი არ იყო კარგი, შემდეგი წლის თებერვლის იმედი გვაქვს, რომ იქნებ მუშაობის საშუალება მოგვცენ, თორემ არ ვიცი, რ გვეშველება…“ – უთხრა ემზარ საფარიანმა „ბათუმელებს“.

ანალოგიური სხვების ისტორიებიც. ბაკურიანელების თქმით, გაზაფხულისგან განსხვავებით დეკემბერში სესხების გადავადებაზე ბანკებმა უარი უთხრეს. აქაურები ჰყვებიან, რომ მხოლოდ ზოგიერთი კერძო სახლის მესაკუთრე ახერხებს ჩუმად დამსვენებლის მიღებას.

„ამბობენ, ნათესავები არიანო, მაგრამ ესენიც ძალიან ცოტა არიან, აჯარიმებენ და ბევრი თავს იკავებს,“ – გვითხრეს ბაკურიანელებმა. მათი თქმით, მხოლოდ ის კოტეჯებია გახსნილი, სადაც უშუალოდ მესაკუთრე ისვენებს.

ბაკურიანისგან განსხვავებით მესტიაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროში გვითხრეს, რომ სტუმრებს 2 იანვრამდე იღებენ, ხოლო 2 იანვრის შემდეგ სტუმრებს არაფორმალურად მიიღებენ.

„ვიღებთ სტუმრებს, მაგრამ არავინ არის, ნახევარი სახლი ცარიელია, შარშან ამ დროს უარს ვეუბნებოდი ხალხს, იმდენი ჯავშანი იყო, წელს არაფერი, ჩავარდა ყველაფერი… უცხოელები არ არიან, ადგილობრივიც იშვიათად მოდის,“ – გვითხრა მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ.

სასტუმროების მესაკუთრეების კი ამბობენ, რომ სასტუმრო ნამდვილად დაკეტილია და მთავრობის დახმარება შეღავათი ვერ იქნება, თუკი სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ.

„სესხი მაქვს 150 ათასი დოლარი და აქედან დამიფინანსეს დაახლოებით 2400, მთელი ოჯახი აქ ვართ დასაქმებულები, ანუ ყველა შემოსავლის გარეშე დავრჩით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით ჟორჟოლიანმა, ის მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმროს მესაკუთრეა.

მთავრობის ცხელი ხაზის – 144-ის ინფორმაციით, 2 იანვრის ჩათვლით ზამთრის კურორტებზე სტუმრების მიღების უფლება არ აქვთ სასტუმროებს, კოტეჯებს, საოჯახო ტიპის სასტუმროებს.

„3 იანვრის შემდეგ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ჯერ არ ვიცით,“ – გვიპასუხეს 144-ზე. აქ განმარტავენ, რომ კერძო სახლების შემთხვევაში, მესაკუთრე შეიძლება დაჯარიმდეს, თუკი დადასტურდება, რომ ბინა გაქირავებულია.

გაჩერებული საბაგირო ბაკურიანში, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის პარკი, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის ცენტრი, ლიზი საფარიანის ფოტო

 

ბაკურიანის ცენტრალური ქუჩა, ლიზი საფარიანის ფოტო

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

„იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს „ჯანმრთელობას უფრთხილდება“, როდესაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მოვითხოვეთ, უტიფრად გვითხრეს, არ გიპასუხებთ და კიდევ თუ მოგვწერა, რეაგირების გარეშე დავტოვებთ თქვენს განცხადებასო…“ – წერს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძის თქმით, პატიმრებს შეუძლიათ ახლობლებს ესაუბრონ ტელეფონით, ოღონდ თვეში მხოლოდ 15 წუთით. პატიმარი წერს, რომ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლებასაც არ რთავენ. ის საპატრიარქოს მიმართავს.

„გვახსოვს საპატრიარქოს აღშფოთება შვილების კეთილდღეობის საბაბით მარიხუანას მოხმარებისა თუ გარკვეული აღლუმების წინააღმდეგ. ჰკითხეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომელი უფრო დამაზიანებელია ჩვენი შვილებისთვის – რამდენიმე ადამიანის აღლუმი, თუ მშობელთან კონტაქტის აკრძალვა? ეს ხომ ის შვილებია, რომელთა გამოც მიტინგებს მართავდნენ? ჰკითხეთ ამხელა სინოდში ერთი მაინც რატომ არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში დაეცვა ჩვენი შვილების უფლებები და კანონიერი ინტერესები?“ – კითხულობს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძე განმარტავს, რატომ ვეღარ უგზავნიან პატიმრები წერილებს მათთვის სასურველ პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს:

„2017 წლიდან მაშინდელმა მინისტრმა კახი კახიშვილმა იმისთვის, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციისა და მედიისთვის არ გვეცნობებია პრობლემების და უკანონობის შესახებ, მოცემული სახის კორესპოდენციებს „პირადი სახის კორესპოდენციები“ დაარქვა, გახადა ფასიანი…“ – აღნიშნავს პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ციხეში წერილების დაწერის წესთან დაკავშირებით პატიმარი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ პრობლემაზე – პანდემიის დაწყებამდე ციხეებში სოციალური მუშაკები ზრუნავდნენ პირადი ინფორმაციის, მათ შორის, პირადი კორესპოდეციების დაცულობაზე.

„დაწესებულებაში აღარ არის სოციალური მუშაკი… ჩვენი პირადი ინფორმაცია სრულიად დაუცველია და შესაძლებელია მისი უკანონო დამუშავება-განადგურება ისე, რომ პასუხისმგებელი პირის იდენტიფიციკაციაც შეუძლებელი იქნება,“ – წერს ლეონიდე მიქაბერიძე.

პატიმრის თქმით, ციხეში არსებობს შესაბამისი პროფილის ექიმების პრობლემა. მსჯავრდებული აკრიტიკებს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიასაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღწერილი წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილის შეზღუდვებს, მსჯავრდებულთა მხრიდან არ ჰქონია ადგილი არანაირ ინციდენტს, ბოლომდე იტოვებდნენ იმედს, რომ მათი „გაგებით მოკიდება“ სამართლიანად დაფასდებოდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს არანაირი შეღავათი არ გაუკეთებია, გამოცხადდა ე.წ. ამნისტია, რომლის 44 მუხლიდან 40-ზე მეტ შემთხვევაში მხოლოდ 20-მდე პირი თუ იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – აღნიშნავს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მიქაბერიძე.

„სიმართლეს არ შეესაბამება მსჯავრდებულ ლ.მ.-ს განცხადება, რომ თითქოს  მისი უფლებები ირღვევა, არ ეძლევა ადვოკატთან და სასულიერო პირთან  შეხვედრის უფლება, ასევე შეზღუდული აქვს ვიდეოპაემნები, სოციალურ მუშაკთან და ექიმებთან კომუნიკაცია,“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან, თუმცა ამავე უწყების მიერ მოწერილი წერილის მიხედვით, სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში, სადაც ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს იხდის, ვიდეოპაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობს, ასევე შეზღუდულია პატიმრების სასულიერო პირებთან შეხვედრა და დაწესებულებაში ვიწრო პროფილის ექიმები ვერ შედიან.
პენიტენციური სამსახურის და მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ადვოკატის და სოციალური მუშაკის ნაწილში არ ემთხვევა ერთმანეთს.
„მსჯავრდებულების ვირუსისგან დაცვის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში გარედან შემსვლელ პირთა წრე მაქსიმალურად არის შეზღუდული. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე პატიმრებს ხანმოკლე პაემნების უფლებაც შეჩერებული აქვთ, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმსვლელ პირთა ნაკადი მაქსიმალურად შეიზღუდოს. აქედან გამომდინარე, არ ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სასულიერო პირების ვიზიტებიც. ამასთან, მოგეხსენებათ ვიდეოპაემანის განხორციელებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით ყველა დაწესებულება არ არის აღჭურვილი, მათ შორის არც N2 დაწესებულება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ დაიწყო მოცემულ საკითხზე მუშაობა, N 2 დაწესებულებაში მოეწყო და გარემონტდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლოეს პერიოდში აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით და დაწესებულების პატიმრებს პირველად ექნებათ საშუალება ვიდეოპაემნით ისარგებლონ“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით ინფორმაციაში.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულების და ბრალდებულების მიმოწერა კონფიდენციალურია და სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის პრობლემა არ არსებობს. უწყება ადასტურებს ვიწრო პროფილის ექიმების დაწესებულებაში შესვლის პრობლემასაც.
„პანდემიის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიწრო პროფილის ექიმების შესვლა შეზღუდულია, თუმცა ისეთ სამედიცინო სერვისს, როგორიც არის  ვიწრო პროფილის ექიმების კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები  სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გაყვანის გზით იღებენ,“ – აღნიშნეს პენიტენციურ სამსახურში.

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით.

ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება ქედის ტურიზმის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია.

ახალი კომპანიის საქმიანობაა:

  • არსებული ტურისტული ლოკაციების, მოვლა, შენახვა და განვითარება;
  • ტურისტული სერვისების დახვეწა და ახლის შექმნა;
  • დონორებთან ურთიერთობა და გრანტების მოძიება;
  • მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების, თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ, ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა;
  • გადასახადების ამოღება;
  • მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი და სხვა, კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით.

„ასევე მნიშვნელოვანია სამსახურის მდგრადობა და შემოსავლები, რათა წლიდან წლამდე უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი შემოსავლებით ირჩენს თავს“ – აცხადებს ქედის მერია.

ბიუჯეტის მიხედვით:

  • „ახალი კორონავირუსის გამოწვევების მიუხედავად აღნიშნული ორგანიზაცია არ გაჩერებულა და არსებული მდგომაროება გამოიყენა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს და რომლის საფუძველზეც უნდა შედგეს ტურისტული პროგრამები.
  • ამ პერიოდის მანძილზე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, კავშირები დაამყარა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამსახურებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი [CENN] დაგვეხმარება სამსახურის სრულყოფაში, თანამშრომლების გადამზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ასევე ვებსაიტის დამზადებასა და ბილიკების მართვის პროგრამის შემუშავებაში.
  • ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ( LAG) პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააკეთა LAG-თან ერთად საგრანტო განაცხადი, რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და ველოდებით ოფიციალურ პასუხს. პროექტის მიზანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის რესურსის პოპულარიზაცია სხვადასხვა ტიპის აქტივობებით…
  • „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას და მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ხშირი კომუნიკაციის საფუძველზე სამდივნო განიხილავს ქედაში ღვინის ინდუსტრიის, აგრო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტების დახმარებას აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ქედა, შუახევი და ხულო ერთად არის ჩართული და გააჩნია საერთო ეკონომიკური გეგმა, რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოში.

  • აღსანიშნავია მახუნცეთის პრობლემა, რომელიც ეხება გარე მოვაჭრეებს. სამსახურმა გააკეთა რამდენიმე შეხვედრა, მიაღწია მათთან შეთანხმებას, რომ შექმნას საერთო ზომის და ფორმის დახლი, რათა ტურისტული ლოკაცია გახდეს ევროპული სტანდარტის და იყოს მეტად მოწესრიგებული“.

ქედის მერია იმედოვნებს, რომ „მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებით შეიქმნება ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.

მთავარი ფოტო: მახუნცეთის ჩანჩქერი

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2021 წლიდან

როდის მოუწევთ მასწავლებლებს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება, რა აუცილებელი მოთხოვნებია სტატუსის შესაცვლელად და რა იგეგემება 2021 წელს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის. ამ და სხვა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე  საუბრობს.

  • ბატონო ბერიკა, სქემაში განხორციელებული ხშირი ცვლილებების გამო, მუდმივად არსებობს კითხვები სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. იქნებ ამჯერადაც განმარტოთ, რა მოეთხოვება მასწავლებელს მოიპოვოს წამყვანის ან მენტორის სტატუსი?

უფროსს მასწავლებელს, რომელსაც არ სურს სტატუსის ცვლილება და აპირებს ისევ უფროს მასწავლებლად დარჩეს, მისთვის წლის განმავლობაში აუცილებელია 20 საათიანი პროფესიული განვითარების ტრენინგის გავლა. არც დამატებითი კრედიტები დასჭირდება და არც რაიმეს ატვირთვა-ჩამოტვირთვა.

დადგინდა, რომ ხარისხის მართვის ჯგუფმა ასეთ მასწავლებელს უნდა ჰკითხოს, თუ რა სჭირდება მას პროფესიული განვითარებისთვის. ხომ არ გაიუმჯობესებს დროის მენეჯმენტს, ან კრიტიკულ აზროვნებას, ან სტემის საგნებში ხომ არ აიმაღლეს ცოდნას და ასე შმდეგ. 20 საათის ფარგლებში „მასწავლებლის სახლი“ შესთავაზებს მას ტრენინგებს და ამის გავლის შემდეგ ის დარჩება უფროს მასწავლებლად.

წამყვან მასწავლებელს ევალება 12 საათიანი ტრენინგების გავლა, მენტორს კი 8 საათის, იმისთვის, რომ არ შეწყდეს მუდმივი პროფესიული განვითარება. ოღონდ ეს არის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება.

რაც შეეხება სტატუსის ცვლილებას, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? – მასწავლებელი, რომელსაც აქვს სურვილი შეიცვალოს სტატუსი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 პროცენტზე ზემოთ. ეს ნიშნავს 7 ან 10 კრედიტს. ამის შემდეგ ის აბარებს გამოცდას დიდაქტიკაში, რომელიც აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის.

  • რა განსხვავებაა ამ გამოცდაში უფროსი ან წამყვანი მასწავლებლებისთვის?

ზღვარი. უფროსისთვის მინიმალური ზღვარი იქნება დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებში, წამყვანობა ვისაც სურს, მისთვის 80 პროცენტის ფარგლებში.

გარდა ამისა, მასწავლებელს, ვისაც სტატუსის ცვლილება სურს, სხვა მოთხოვნაც უნდა დააკმაყოფილოს. ეს არის პორტფოლიოს წარმოდგენა. კომისია, რომელშიც შევა რესურსცენტრის, მასწავლებლის სახლის თანამშრომელი და ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი, მივლენ სკოლაში და ეტყვიან მასწავლებელს, რომ თუ გინდა გახდე წამყვანი უნდა წარმოადგინეთ პორტფოლიო, სადაც ჩანს თქვენს მიერ შესრულებული საქმიანობა. პორტფოლიოსთვის გვექნება ფართო ჩამონათვალი, სულ ცოტა 10-15 პროექტი. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს პროექტი დენდროლოგიურ პარკზე, შეუძლია გვაჩვენოს ინტეგრირებული გაკვეთილები ქიმიის, ფიზიკის ან მათემატიკის მასწავლებლებთან, გვაჩვენოს კვლევა, რომელიც  ჩაატარა და ასე შემდეგ. ჯგუფი შეაფასებს სტანდარტებიდან გამომდინარე რამდენად იმსახურებს ეს მასწავლებელ წამყვანის ან მენტორის სტატუსს.

  • ეს აქტივობები თუ არ შეუფასდა დადებითად, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება ვერ დაეხმარება სტატუსის შეცვლისთვის?

არა, გამოცდა ვერ უშველის. ეს სამი პირობა აუცილებელია, – საგნის გამოცდა, დიდაქტიკის გამოცდა და მასწავლებლის პორტფოლიო.

ოღონდ, თუ საგნის გამოცდა ერთხელ უკვე აქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული, მეტს აღარ აბარებს. დიდაქტიკაში ყველას უწევს გამოცდის ჩაბარება. ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ მასწავლებლისგან, მიმართულია იქეთკენ, რომ ბავშვმა მიიღოს ხარისხიანი განათლება. მასწავლებელს გამოცდებით კი არ ვამოწმებთ მარტო, მის მიერ შესრულებული საქმიანობებითაც.

  • ხომ არ გაჩნდება პრეტენზიები მასწავლებლების მხრიდან, შესაძლოა თქვან, რომ პორტფოლიო არაობიექტურად შეუფასეს.

შეთქმულების თეორიები განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ რა ვქნათ, მარტო გამოცდების ჩაბარებით სტატუსის ცვლილება არ მოხდება. უნდა ვნახოთ, მასწავლებელი იმსახურებს თუ არა და მოსწავლისთვის გაწეული საგანმანათლებლო მომსახურება არის თუ არა ხარისხიანი.

  • როგორც ვიცით, მასწავლებლებს ევალებათ კვლევების ჩატარება და ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობა. ამ კვლევების შეფასებას, ანალიზს თუ აკეთებთ და თუ გამოარჩიეთ რომელიმე კვლევა, რომლის ნიმუშად გამოყენებაც შესაძლებელია?   

პრაქტიკის კვლევა, ეს არის კონკრეტულ პოპულაციაზე მორგებული კვლევა და არ შეიძლება მისი შედეგები სხვა კლასზე ან სკოლაზე გავრცელდეს, ეს კანონით აკრძალულია.

  • ზოგადად კვლევის მიზანი ხომ ის არის, რომ პრობლემა დავადგინოთ და გამოსავალი ვიპოვოთ ამ პრობლემისგან. რატომ არ შეიძლება მისი განზოგადება?

 ეს კვლევები ამ მხრივ შეზღუდულია და იმავე სკოლის პარალელურ კლასშიც კი ვერ გაავრცელებ, რადგან მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლასზეა მორგებული.

კვლევის მოთხოვნას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არასწორი იყო, რადგან მასწავლებელს არ უნდა მოსთხოვო ის, რაც არ უსწავლია. ვფიქრობ, ჯერ უნდა ჩატარებულიყო ფუნდამენტური გადამზადება პედაგოგების კვლევის მეთოდებში და მერე უნდა დაგვევალებინა კვლევა. ეს არ იყო სამართლიანი.

  • მაშინ რატომ ითხოვდით?

აღარ ვთხოვთ. ახლა ვამბობთ, რომ ჩვენი კვლევის სამსახური გააკეთებს 3-4 დონიან ტრენინგს, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე დირექტორებისთვის – გადავამზადებთ პედაგოგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოვთხოვთ კვლევის გაკეთებას. 2021 წელს ჩვენ კვლევის მოდულებზე ვიმუშავებთ.

  • თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაც აქამდე კვლევები გაკეთდა, დიდი ალბათობით, ფორმალურია?

ძალიან ბევრი მათ შორის, რადგან ვიცით, რომ ბევრმა ადამიანმა სტუდენტების დაწერილი კვლევები შეიძინა. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ჯერ გადავამზადებთ მათ.

როგორც ნაეკი გვეუბნება, დიდაქტიკაში მასწავლებლების გამოცდა შემოდგომისთვის იგეგმება, მანამდე ჩვენ კვლევის მიმართულებით პედაგოგებს გადავამზადებთ. კვლევის ჩატარება სავალდებულოა ყველა სტატუსის მქონე პედაგოგისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ამაზე კარგი საშუალება არ მოუგონიათ იმისთვის, რომ შენი კონკრეტული სკოლის, კლასის საჭიროებები გამოიკვლიო.

  • გარედაკვირვებაზე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, უკვე დასრულდა პროცესი. რამდენმა პედაგოგმა მიიღო დადებითი შეფასება და რამდენმა – უარყოფითი?

ახლა გასაჩივრება მიმდინარეობს და ზუსტი მონაცემები არ ვიცი, რამდენი ასაჩივრებს. წელს გავაფრთხილეთ დამკვირვებლები, რომ გაითვალისწინონ არსებული მდგომარეობა პანდემიიდან გამომდინარე და შევიდნენ მასწავლებლის მდგომარეობაში.

ვაღიარებ, რომ 15 გარედამკვირვებელი ჩემი გადაწყვეტილებით იყო დათხოვილი, რადგან რამდენიმეს შევამჩნიეთ გადაცდომა. მაგალითად, გარედამკვირვებელი დაჯდა მასწავლებლის მაგიდაზე, დასვა ისეთი კითხვები, რისი უფლებაც არ ჰქონდა, მასწავლებელს ცოტა აგრესიულად ელაპარაკებოდა, მაშინ, როცა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს წარმოვაჩინოთ მასწავლებლის საუკეთესო მხარე. გამოჭერა არ უნდა იყოს გარედამკვირვებლის მიზანი და ვისაც ამის ნიშნები შევამჩნიეთ, წელს აღარ გავუფორმეთ ხელშეკრულება.

  • თუ გააკეთეთ იმის ანალიზი, რა შედეგები დადეს  იმ პედაგოგებმა ან მასწავლებლობის მსურველებმა, ვინც „ეროვნული სკოლა“ გაიარა. გაამართლა თუ არა პროექტმა მოლოდინი?

არ შემისწავლია. სად უნდა მოვძებნო 3 ათასი ადამიანი და ვკითხო დასაქმდა თუ არა. ეს მაშინ გამოჩნდება, როცა ვაკანსიები გამოცხადდება. წინასწარ როგორ გითხრათ. ვაკანსია არ გამოცხადებულა, რადგან პრაქტიკოსები არ გასულან სკოლიდან.

  • თუ ვაკანსიები არ იყო, თუ სპეციალისტების  პრობლემა არ ჰქონდათ სკოლებს, მაშინ რისთვის გადამზადდა 3 ათასი ადამიანი?

პრაქტიკოს მასწავლებლებს ორჯერ გადაუვადეს – გამოცდა ამას წინასწარ გამოვიცნობდი? მე არ წარმოვადგენ პოლიტიკურ გუნდს, ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მინისტრმა თქვა, რომ პანდემიის დროს მიიღეს ოპტიმალური, მაგრამ არა სასურველი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ სახელმწიფო დავაზღვიეთ, რადგან რამე რომ მოხდეს, გვეყოლება მასწავლებლების რეზერვი, რომლებიც გადაინაცვლებენ სკოლაში.

  • „ახალი სკოლის მოდელის“ შედეგი რა პერიოდში უნდა აისახოს სისტემაზე?

განათლება ხეჭეჭური მსხალივითაა, დიდი ხანი უნდა ელოდო შედეგს. ამ მოდელის შეფასებას მსოფლიო ბანკი აკეთებს ახლა და ეროვნული სასწავლო გეგმის ჯგუფმაც გააკეთა. მათ ცალსახად უნდა ეთქვათ ის, რომ უფრო საინტერესო გახდა სასწავლო პროცესი და ბავშვისთვის უფრო მიმზიდველი. თუმცა სანამ საბოლოო, პროფესიული შეფასება არ იქნება, მანამდე  მე ვერ დავამტკიცებ ვერაფერს. ჩემი აზრით, სანამ სწავლა კეთებით, აღმოჩენით, კვლევით, რამდენიმე საგნის ინტეგრირებით არ იქნება და ბავშვები არ დადებენ სასარგებლო პროდუქტებს, მანამდე სწავლის ხარისხი საქართველოში არ გვექნება.

  • 2021 წლისთვის ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე, რაზეც ახლა შეგიძლიათ ისაუბროთ?

გვექნება ფუნდამენტურად ახალი მიდგომა, მასწავლებლის სახლი თითქმის სრულად იცვლის ფორმატს და ვქმნით განათლების ელექტრონულ სახლს, სადაც იქნება მასწავლებლის, დირექტორის და მშობლის ეროვნული სკოლა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს 24 საათის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი ექნება მაღალი კლასის ვებინარები, ონლაინტრენინგები, ფორუმები, სასწავლო რესურსები, ინტეგრირებული გაკვეთილები ახალი პლატფორმით, რომლის გაკეთებასაც იმედია მომავალ წელს მოვასწრებთ. ასეთივე სერვისები გვექნება დირექტორებისა და მშობლებისთვისაც.

ტრენინგებს შევთავაზებთ პედაგოგებს საგანში, საგნობრივ მეთოდიკაში, გამჭოლ კომპეტენციებში, კვლევაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინკლუზიურ განათლებაში, დემოკრატიულ კულტურაში, მდგრად განვითარებაში… მასწავლებელს უნდა საგანში განივითარებს კომპეტენციას, უნდა დიდაქტიკაში.

გარდა ამისა, ვირტუალური ლაბორატორიების ავტორი პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი თანამშრომელი გახდა, რომელიც მიეხმარება სკოლებს ვირტუალური ლაბორატორიების ჩატვირთვაში.

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს

ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ მთავრობაში განათლებისა და კულტურის უწყებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკა ხოფერიამ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა.

ეკა ხოფერიას თქმით, მინისტრის პოზიციაზე მას დღეს, 29 დეკემბერს ოფიციალურად წარადგნენ და პირველი სამუშაო დღე ექნება.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთვაზება, ხოფერიას განმარტებით, აფხაზეთის ა/რ-ის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძისგან მიიღო.

“ჩვენ გვქონდა პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ ჟურნალ “სითიშ”, რომელიც სამინისტროს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთად გავაკეთეთ. სწორედ ამის შემდეგ მივიღე ბატონი რუსლანისგან შეთავაზება ამ თანამდებობის დაკავებაზე. რამდენიმე კვირა ვიფიქრე შეთავაზებაზე და დავთანხმდი”, – განუცხადა ხოფერიამ ნეტგაზეთს.

მისივე განმარტებით, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე საუბარს მედიასთან უკვე მოგვიანებით შეძლებს.

თავად აფხაზეთში, თბილისში არსებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობას და მის სამინისტროებს ქართული მხარის მიერ რეალობის აღქმის პრობლემად აფასებენ.

 

უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

ახალი რეგულაციით შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გულისხმობს შემდეგს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას შეისწავლის საქართველოდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებს და ამ მიზნით, ფასდება მგზავრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოწმდება მგზავრის მონაცემები სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზებში, საჭიროებისამებრ, ფასდება მგზავრის წარსულში ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, მხედველობაში მიიღება შს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებები:

  • პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია;
  • მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე.

და რისკფაქტორები:

  • პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
  • პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის საფუძველი (მიზეზი);
  • ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი;
  • პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე.

აღნიშნული შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ,  საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას. ხოლო აეროპორტებში, შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პირის მიერ საპასპორტო კონტროლის გასვლამდეც.

წესი ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიემგზავრება როგორც პირდაპირ, ისე მე-3 ქვეყანაში ტრანზიტით გავლის გზით და აღნიშნული ცნობილია სამინისტროს მოსამსახურისათვის.

ევროკავშირის ქვეყნებში მიმავალმა საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოს საზღვრის კვეთისას, ასევე, დანიშნულების ქვეყანაში საპასპორტო კონტროლისას წარსადგენად უნდა წარადგინოს:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ვარგისი უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა სათანადო დოკუმენტი ან მასნპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
  • ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მგზავრმა თან იქონიოს  ღონისძიების/კონფერენციის/სემინარის მოწვევა/პროგრამა.
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია მგზავრმა თან იქონიოს: იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც დაგეგმილია მკურნალობა ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, შესაბამისი მკურნალობის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მგზავრის მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30  დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90 დღიანი ვადით სარგებლობის პირობები;
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

________________

ფოტო: ნეტგაზეთი 

როგორ გაქრა ეზოები, ხეები და მზე – პატარა სახლები ბათუმში კორპუსების ჩრდილქვეშ | ვიდეო

მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც  ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს  ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი.

პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და ერთსართულიან ბელეტაჟებში ცხოვრება თანდათან უფრო გაუსაძლისი გახდა.

კაჩინსკების ქუჩა
ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

არის შემთხვევები, როცა სამშენებლო კომპანიებმა პატარა სახლების ეზოები შეავიწროვეს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის ეზოს ღობე ან კორპუსის კედელი გვერდით მდებარე დაბალი სახლების ეზოების ნაწილში, საზღვრის დარღვევით გაავლეს.

„ჩემი ეზოს პატრონი მე არ ვარ?“

„მშენებელმა ჩემი ეზო გამოიყენა საკუთარი კარკასის თუნუქით შეფუთვის სამუშაოებისთვის ისე, რომ ჩემთვის არ უკითხავს. სახლში მოსულ ჩემს მეუღლეს კომპანიის ბრიგადა ეზოში დახვდა, გამოვიძახე პოლიცია, ვუთხარი, ჩემი ეზოს გამოყენების უფლება არ მიმიცია-მეთქი. არ შეიძლება ქალბატონოო – პოლიციამ. როგორ არ შეიძლება? გამოდის ჩემი ეზოს პატრონი მე არ ვყოფილვარ“ – გვიყვება ფარნავაზ მეფის #119 -ში, ორსართულიან სახლში მცხოვრები ტატიანა მარიკოდა.

ტატიანა მარიკოდა

როგორც ტატიანა ყვება, მის ოჯახს კომპანიასთან კონფლიქტი ბევრჯერ ჰქონდა, მათ შორის ისეთიც, როცა დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა – შემოხლაშიც გადაიზარდა. გარდა ამისა, მშენებელ კომპანიას ტატიანას ეზოდან გაუყვანია გაზის მილის საკუთარი კორპუსისთვის ისე, რომ ეზოს მესაკუთრისთვის არაფერი უკითხავს: „რომ მოვედი, დამხვდენენ და დამცინეს, აი ხომ ხედავ, უშენოდაც მოვაგვარეთ ყველაფერიო“ – ყვება ტატიანა. კომპანიასა და ტატიანას ოჯახს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა.

ტატიანამ დაგვათვალიერებინა სახლის შიდა ინტერიერიც. კედლები უმეტესწილად დანესტილი და დაბზარულია, ტატიანა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გვერდით ახალი მაღლივი კორპუსები აშენდა, სახლში მზის სხივი საერთოდ ვეღარ აღწევს.

ასეთი ვითარება მხოლოდ ტატიანას სახლში არ არის.

ბათუმში ახალი, მრავალბინიანი კორპუსების გვერდით  მდებარე პატარა სახლებს  ხავსი მოედო,  სახლის შიდა ინტერიერი ნესტმა დაფარა, დაიბზარა კედლები, მშენებელსა და მომიჯნავედ მცხოვრებთა დავები სასამართლოში გაგრძელდა და დროში გაიწელა, წლები გავიდა, მომჩივანისთვის კი არაფერი შეიცვალა.

სასამართლო პროცესებში, როცა მაღალი კორპუსის მეზობლად, დაბალ სახლში მცხოვრები ოჯახი მშენებელს ედავება, ერთ-ერთ მხარედ ერთვება ბათუმიც მერიაც, რომელიც უმეტესწილად მშენებლის მხარესაა, რადგან  ნებართვის გამცემი სტრუქტურაა და ახალი განაშენიანებით გამოწვეული პრობლემები მისი პასუხისმგებლობაც არის.

ბათუმში ხშირად კონფლიქტის საგანია ისიც, რომ ახალი კორპუსების უმეტესობას ეზო საერთოდ არ აქვს ან იმდენად მცირე ზომისაა, რომ აქ მაცხოვრებლების, განსაკუთრებით ავტომანქანის მფლობელთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამ ეზოებში გამწვანების არსებობაზე კი საუბარიც ზედმეტია.

მაშინ როცა პატარა, ორსართულიანი სახლისა და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლები ერთ ეზოს იყოფენ, პრობლემა უფრო მწვავეა და კონფლიქტიც უფრო ხანგრძლივი.

არის შემთხვევები, როცა მშენებელმა კომპანიამ კორპუსის კომუნიკაციები არსებულ სისტემას დააერთა, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ძველი სისტემა დატვირთვას ვეღარ უძლებს და ფეკალური მასა იქვე, დაბალი სახლის შესასვლელებთან იღვრება. ახალ კორპუსებში მცხოვრებნი პრობლემის მოსაგვარებლად თავს იშვიათად იწუხებენ, რადგან თვლიან, რომ ეს პრობლემა მათ ეზოში არსებულ დაბალ სახლებში მცხოვრებლებს უფრო აწუხებთ და საჭირო  ზომებსაც ისინი მიღებენ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ქალაქის მწვანე პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ბათუმის მერიაა. ბათუმს 16 წელია არ აქვს გენგეგმა, რომლის გარეშეც ქალაქის სწორი ურბანული განვითარება რთულად წარმოსადგენია.

ახალი ურბანული გარემოს და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბათუმში გადაწყვეტილების მიმღებს, ბათუმის მერს [ამ დროისთვის ბათუმს მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს] ხშირად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ურბანული ქაოსი ქალაქში მერიის პოლიტიკის შედეგია. მერიაში კი ხელს კანონმდებლობიკენ იშვერენ – თუ პროექტი კანონმდებლობის ჩარჩოში ჯდება, უფლება არ გვაქვს მშენებელს ნებართვის გაცემაზე უარი ვუთხრათო.

პარალელურად ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები ამ საკითხის კომენტირებისას აცხადებენ, რომ მწვანე პოლიტიკა ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია თავს იწონებს EBRD-ის პროექტის, მწვანე ქალაქების ჩარჩოში მონაწილეობით და აცხადებს, რომ „ბათუმმა გამოხატა სურვილი, სისტემურად მიუდგეს ურბანულ გარემოსდაცვით გამოწვევებს“. ამ ინიციატივის ფარგლებში ბათუმმა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმაც  შეიმუშავა (GCAP). გეგმაში ნათქვამია, რომ ბათუმი, შესაძლოა, „სამოდელო მწვანე ქალაქად“ იქცეს.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ გეგმის მომზადება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქალაქის ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევების გამოსავლენად და მწვანე მომავლის ხედვის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„ჩვენ გვსურს ჩვენი ქალაქის განვითარებაში მწვანე აზროვნებისა და ინოვაციის ინტეგრირება. ეს ბათუმს საცხოვრებლად უკეთეს, უსაფრთხო და წარმატებულ ქალაქად აქცევს როგორც მისი  მოსახლეობის, ასევე სტუმრებისათვის“ – ეს ამონარიდია მერიის სამოქმედო გეგმიდან,  ფაქტობრივად კი ყველაფერი სხვაგვარადაა. 

ბოლო რამდენიმე წელში აშენებულ მრავალბინიან სახლებს, მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ან გაცემულ სამშენებლო ნებართვებს თუ გადავხედავთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამწვანების კოეფიციენტი, ურბანული გაგეგმარება და მწვანე ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშნები უმეტესწილად უგულებელყოფილია და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

გარდა ამისა ბათუმი მერების შეთანხმების ხელმომწერია, რომლითაც  ცალკეული მუნიციპალიტეტები იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე.

უკვე ათ წელზე მეტია იდენტურია აჭარის  მთავრობის პოლიტიკაც. ამ დრომდე აჭარაში ინვესტიციის განხორციელების პირობით ათეულობით ნაკვეთი გაასხვისეს, ინვესტიციის განხორციელება კი უმეტესწილად  მოიაზრებდა მშენებლობასა, რაც თავისთავად მშენებლობის მასშტაბსაც განსაზღვრავდა, მაგალითად „ასნომრიანი სასტუმრო, კაზინო და სპა ცენტრი“  და ასე შემდეგ, ამას ემატებოდა დასაქმების პირობაც.

ამ პოლიტიკით გამოწვეულ უკმაყოფილებას აჭარის მთავრობა ხშირად პასუხობდა ხისტად და უკან არ დახევის პოლიტიკით: „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“ – ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიტყვებია.  „შენება უნდა გაგრძელდეს“ – ეს კი აჭარის მთავრობის გვერდზე განთავსებული ფოტოზე მინაწერი.

„შენება უნდა გაგრძელდეს“ – ამ მინაწერით ფოტო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  გამოაქვეყნა

2020 წლის არჩევნებამდე ცოტა ადრე, როცა პოლიტიკოსებს ბათუმისთვის გენგეგმის საჭიროებაც  გაახსენდათ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ აღიარა, რომ ხარვეზები არის: „შეცდომები, გადაცდომები შესაძლოა იყოს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ხედვა, განსაკუთრებით ლოკალურ ჭრილში არის, რომ ეს გამოწვევები, პირველ რიგში, ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

ამას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას მოულოდნელი განცხადება და აღიარება წლების განმავლობაში  ბათუმში გენგეგმის არარსებობის ფულის კეთებასთან კავშირზე: „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა“ –  თქვა პრემიერმა.

„ქაღალდზე ყველაფერს ლამაზად წერენ“
ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი

„ქაღალდზე ყველაფერს ლამაზად წერენ, უერთდებიან შეთანხმებებს და ქარტიებს, რეალობაში კი ახორციელებენ საწინააღმდეგო პოლიტიკას“ – ასე აფასებს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ბათუმის და არამხოლოდ ბათუმის ურბანულ პოლიტიკას.

„პრობლემა იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მერიის ზონალური საბჭო უმატებს კოეფიციენტს კომპანიებს, რომ შეძლონ მაქსიმალურად მაღლივი კორპუსების აშენება.  ერთი მხრივ კანონმდებლობა უშვებს კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას და სწორედ ეს არის ხარვეზი. რაც არის დადგენილი, არის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით,  მათ შორის გამწვანების კოეფიციენტიც.

მწვანე პოლიტიკაში მხოლოდ სიმწვანე არ იგულისხმება, ცალკე პრობლემაა ავტომანქანების მომატებული რაოდენობა, რაც იწვევს დიდი ოდენობით მავნე გამონაბოლქვს. როცა გამონაბოლქვი მეტია, პარალელურად მზის შუქი ვერ შემოდის, ვინტილაცია და აირაცია გართულებულია. გამწვანების ტერიტორიასაც ითვისებენ ავტოსადგომები, არც მერია არ აკონტროლებს ამას.

კანონმდებლობა უშვებს კოეფიციენტების გაზრდას, მაგრამ იქვე წერია ისიც, რომ ამისთვის უნდა იყოს რაღაც დასაბუთება. ასეთი დასაბუთებები არ გვაქვს და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებით იღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამისად ქმედება აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ქაღალდზე დაწერილ პოლიტიკასთან“ – ამბობს ირაკლი ჟვანია.

2019 წელს ბათუმში თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა.

შენებლობაზე გაცემული ნებართვები რეგიონების მიხედვით [დეკლარირებული მონაცემები].

 

ახალი შესაძლებლობები პიროვნული, პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისათვის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORS” აცხადებს მსურველთა მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.

პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი „ქოუჩის“/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის.

პროგრამის დასრულების შემდგომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, შეგირდობის გზით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ სამეწარმეო განათლება, დასაქმდნენ პროექტის სამიზნე ორგანიზაციებში და პროექტითვე განსაზღვრული საგრანტო პროგრამის საშუალებით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯს მთლიანად ფარავს ევროკავშირი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

[checklist]

  • საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
  • განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;
  • უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;
  • ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

[/checklist]

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში სამიზნე ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ ქალაქ ბათუმის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მკვიდრნი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა: https://bit.ly/3nQcWbG

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გურია

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი

ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com

ტელ: 599 981898

აჭარა

დემოკრატიის ინსტიტუტი

ელ.ფოსტა: n.kakhadze@iod.ge

ტელ: 577 45 25 15

სამეგრელო

ასოციაცია „ათინათი“

ელ.ფოსტა: khatuna@atinati.org

ტელ: 571538828

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად”.

სხდომა დღესაც ტრადიციულად დახურულია, თუმცა მის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე მედიასთან განცხადებებს აკეთებს. დღეს თორნიკე რიჟვაძე აღარ შეხებია აჭარის მთავრობის სახლის წინ 2 ნოემბრიდან ამ დრომდე მიმდინარე აქციებს და არც დღევანდელ პროტესტს – მთავრობის წევრებს ქობულეთელმა მეციტრუსემ ყუთით მანდარინი მიუტანა და თქვა, რომ ციტრუსი არ იყიდება.

სხდომა უკვე დაიხურა. თორნიკე რიჟვაძემ დღეს გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არც სხდომის შემდეგ უპასუხებს.

 

 

„არ იყიდება, მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს“ – მოქალაქემ რიჟვაძეს მანდარინი მიუტანა

“თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე მანდარინი. არ იყიდება. მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს,” – ამბობს რომან ღაღაიშვილი. მან დღეს მანდარინით სავსე ყუთი აჭარის მთავრობის შესასვლელთან დადგა. აქცია-პერფორმანსს დაპირისპირება მოჰყვა.

“ეს ყუთი უნდა იყოს შესასვლელთან, რატომ გადადგით გვერდზე?” – ჰკითხა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ და მანდარინები შესასვლელთან გადმოდგა. ამ ქმედების შემდეგ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს ეკამათნენ, რაც ამ დრომდე [12:15]გრძელდება.

რომან ღაღაიშვილი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ის 80 წლისაა.

“2 ტონა მანდარინი მაქვს გასაყიდი, მცირე მოსავალია და მაინც არ იყიდება… საერთოდ არაა კლიენტი, 60 თეთრსაც აღარ იხდიან,” – გვითხრა რომან ღაღაიშვილმა.

დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომა იმართება. სხდომა ტრადიციულად დახურულია, თუმცა მის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე განცხადებებს აკეთებს. მთავრობის სხდომა ჯერ არ დაწყებულა.

____

აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, დღესაც გრძელდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დენის გადასახადი 3,4 თეთრით გაუძვირდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] დღეს, 29 დეკემბერს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა, რომლის მიხედვითაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის [მოსახლეობისთვის] დენის გადასახადი 3,494 თეთრით გაძვირდა. დენის გადასახადი გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვისაც.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ყოველ 1 კვტსთ-ზე გადასახადი იქნება:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარების და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის – 17.731 თეთრი, ნაცვლად 14.237 თეთრისა
  • 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 21.707 თეთრი, ნაცვლად 18.213 თეთრისა
  • 301 კვტსთ-დან და მეტი – 26.227 თეთრი, ნაცვლად 22.733 თეთრისა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე „ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ძაბვის მიხედვით დენის ტარიფი 10.877 თეთრით, 13.407 თეთრით და 14.628 თეთრით გაძვირდა.

  • 220/380 ვოლტის შემთხვევაში [არასაყოფაცხოვრებო, კომერციული მომხმარებლებისთვის] – 31.960 თეთრი, ნაცვლად 21.08306 თეთრისა
  • 6-10 კილოვოლტი – 30.879 თეთრი, ნაცვლად 16.25096 თეთრისა
  • 35-110 კილოვოლტი – 28.267 თეთრი, ნაცვლად 14.85974 თეთრისა

დღეს მოქმედი ტარიფი, ახალი ტარიფი 2021 წლიდან [გრაფაში – პროექტი] და ცვლილება [არსებულსა და ახალ ტარიფს შორის] – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის [დღგ-ს ჩათვლით]:

გრაფაში – პროექტი – მითითებული ტარიფები სემეკმა უკვე დაამტკიცა და ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა / წყარო: სემეკი

3.4 თეთრით გაძვირდა დენის გადასახადი „თელასის“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვისაც. დენის გადასახადი გაუძვირდა „თელსასის“ კომერციულ მომხმარებლებსაც საფეხურების მიხედვით 11,2 – 12,7 თეთრით.

დღეს მოქმედი ტარიფი, ახალი ტარიფი 2021 წლიდან [გრაფაში – პროექტი] და ცვლილება [არსებულსა და ახალ ტარიფს შორის] – „თელასის“ აბონენტებისთვის [დღგ-ს ჩათვლით]:

წყარო: სემეკი

ამ თემაზე:

სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს

 

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა, გადაადგილების დრო განახევრდა | დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით, 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და ეს მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად.

„დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება.

2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება“ – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

სრული ლოქდაუნი არ იქნება – გახარია

დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება.

„როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, სრული შეზღუდვების გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. „მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ. რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის“, – ამბობს პრემიერი.

Exit mobile version