ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„კუთვნილი პროდუქტის ერთი თვის მარაგს მუნიციპალური სასადილოს ძირითადი და დამატებითი სიის ყველა ბენეფიციარი მიიღებს“ – აცხადებს მერია.

2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალიტეტების სასადილოებს 6000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა, ხოლო დამატებით სიაში 500-მდე პირი.

კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა, უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდავიის დაცვით გაიცემა“ – აცხადებს მერია.

გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში

შემოსავლების სამსახურმა განაახლა პროგრამა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში, ამის გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

 

დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამსაქმებლები, ვალდებულნი არიან ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით წარადგინონ იმ პირთა სია, ვისაც ეკუთვნის კომპენსაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

ამ თემაზე:

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

 

ქობულეთის სათბურებს აჭარის მთავრობა ამჯერად 47 ათასით ნაკლებ ფასად ასხვისებს – აუქციონი

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა ამჯერად, წინა აუქციონთან შედარებით, 47 ათას 60 ლარით ნაკლებ ფასად ასხვისებს იჯარით. წინა აუქციონი, სადაც საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო, არ შედგა. მიმდინარე აუქციონზე კი, წლიური საწყისი საიჯარო თანხა 188 240 ლარია. ბიჯი 3 530 ლარი.

მიმდინარე აუქციონზეც სასათბურე მეურნეობა 25 წლით გაიცემა სარგებლობაში, ოღონდ ამჯერად 2046 წლის 25 იანვრამდე.

ელექტრონული აუქციონი, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვის ცენტრს აქვს გამოცხადებული, 2021 წლის 25 იანვარს დასრულდება.

წლიური საიჯარო ქირა რომ შემცირდებოდა, ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა „ბათუმელებთან“ აუქციონის გამოცხადებამდე თქვა.

„ალბათ, საიჯარო თანხის ოდენობას შევამცირებთ. ამ მეურნეობას სჭირდება მცოდნე და გამოცდილი მეპატრონე. მსურველები არიან, მაგრამ უნდათ განსხვავებული პირობებით, ან გამოსყიდვის უფლებით. თუ ამჯერადაც ვერ გავეცით იჯარით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტთ – გამოსყიდვის უფლებით გავცეთ, თუ ავიღოთ ჩვენ, აგროსერვის ცენტრმა, რეალურ მართვაში“ – გვითხრა მაშინ გოჩა ბერიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია 

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით.

იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით [განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის,  6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ა)  დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან –  2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ  თვეს  და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით ) და
  • ბ)  2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
  • ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში“.

განაცხადის ონლაინ შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში მიუსვლელად.

კომპენსაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები კი ნახეთ აქ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც  ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“.

ამ თემაზე:

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია

ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი:

  • ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა;
  • ბ) გრიგოლეთში ავტომაგისტრალზე მოეწყობა გვირაბი – გვირაბში სატრანზიტო/სატვირთო მოძრაობა იქნება, გვირაბს ზემოთ კი – საკურორტო ქუჩა.

ახალი კონცეფციით, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე ყვავილნარის, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გრიგოლეთის [მალთაყვამდე] განვითარებაა დაგეგმილი. ყვავილნარს და გრიგოლეთს კი, ერთმანეთთან საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს, რომელიც მდინარე სუფსაზე ზღვის შესართავთან აშენდება [„ყვავილნარი“ ურეკსა და სუფსის შესართავს შორის არსებული ზღვის სანაპირო ტერიტორიაა].

კონცეფციით ასევე გათვალისწინებულია:

  • მსხვილი სავაჭრო ცენტრის განთავსება და მის მიმდებარედ საავტომობილო პარკინგის მოწყობა; საცხენოსნო კლუბის, გოლფ-კლუბისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობა;
  • გრიგოლეთის ტერიტორიაზე „მწვანე გზების“ რეალიზება – რომელიც ერთიან სისტემად შეკრავს კურორტისა და მულტირეგიონულ „მწვანე მობილობას“; სათავგადასავლო-სპორტული პარკის მოწყობა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება;
  • „ყვავილნარში“ კემპინგისა და საფესტივალო ღია სივრცის მოწყობა;
  • მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე ავტოტრეილერების პარკის მოწყობა;
  • „ყვავილნარის“ აუთვისებელი საკურორტო პოტენციალის რეალიზების მიზნით საშუალო კლასის დაბალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, ხოლო მაღალი კლასის სასტუმროს – „სუფსის კონცხი“ (Soupsa Cape) – აგება მდინარე სუფსის [მარჯვენა ნაპირზე] შესართავთან, კონცხზე;
  • სუფსის შესართავის მარჯვენა ნაპირის სიახლოვეს საკაბოტაჟო ტურისტული ნაოსნობისთვის ნავმისადგომის მოწყობა;
  • არსებული ჰიდროქსელის რეაბილიტაცია – არამოტორიზებული ნავებით პალიასტომის ტბისა და მდინარე ფიჩორის დათვალიერების მიზნით; ასევე აკვაპარკის მოწყობა.
გრიგოლეთის განაშენიანების კონცეფციიდან

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის კონცეფციაში კურორტის განაშენიანების ღერძზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზით (E-70) შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის ორი ალტერნატივაა
შემოთავაზებული:

  • აღნიშნული გზის სატვირთო ნაკადების გადატანა შემდეგი სქემით: ფოთი-სენაკი-სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-ბათუმი, რასაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მშენებლობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს.
  • ინტენსიურ მონაკვეთზე მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც გაატარებს ყველა სატრანზიტო და სატვირთო ნაკადს. ხოლო გვირაბის გადახურვის თავზე მოეწყობა შიდა საკურორტო „მწვანე ქუჩა“.
სატრანზიტო მოძრაობის არსებული და დაგეგმილი ორი ვარიანტი გრიგოლეთის განაშენიანების კონცეფციიდან

ველოტრანსპორტით მოსარგებლეებისათვის განხილულია ორი ვარიანტი, პირველი – ველოსიპედის ზოლი გზის გასწვრივ, იმ მგზავრებისთვის, ვინც ველოსიპედს შედარებით შორ მანძილზე მისასვლელ ტრანსპორტად იყენებს და მეორე – სპორტულ-სარეკრეაციო დანიშნულებით, ანუ ველობილიკების დაგეგმარება ზღვის მხარეს არსებულ სარეკრეაციო სივრცეებში, მათ შორის, ფიჭვის კორომთან.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კონცეფციაა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო
ზოლის განაშენიანების საბოლოო გეგმა უნდა შეიმუშაოს. ტერიტორიის მთლიანი ფართობი შეადგენს 3 690 491 კვ.მ-ს [369 ჰა-ს].

ლანჩხუთის მერიამ გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიში უნდა მოამზადოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციების შესაბამისად.

სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა 2020 წლის 30 დეკემბერს გასცა.

[toggle title=”სგშ-ს ანგარიშის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:“]

„ვინაიდან საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზურმუხტის ქსელის უშუალო სიახლოვეს და ზემოაღნიშნული სკოპინგის განცხადების მიხედვით
„დასახლებების და საქმიანობების შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს სანაპიროზე ხმელეთის, ზღვის და მტკნარი წყლის სახეობებზე, ჰაბიტატებზე, ეკოსისტემებზე, დაცულ ტერიტორიებზე“, ყველა კონკრეტული საქმიანობის დაწყებამდე, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება სამინისტროში წარმოადგინოს ე. წ. ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება.

კოლხეთის რეფუგიუმის ამ უბანში გრიგოლეთი-ყვავილნარის მონაკვეთზე თავმოყრილია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ჰაბიტატი: ცოცხალი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარები, რელიქტური ტყეები, ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები, სანაპირო დიუნები, ტბები, ჭარბტენიანი მდელოები. გრიგოლეთი უშუალოდ ესაზღვრება კოლხეთის ეროვნული პარკის იმნათის უბანს, სადაც გრიგოლეთის ტორფნარი მდებარეობს. შესაბამისად მნიშვნელოვანია დაგეგმარების პროცესში კოლხეთის დაბლობის წყალ-ჭაობიანი სავარგულების, მიგრირებადი და წყალმცურავი ფრინველებისათვის საბინადრო გარემოს, ბუნებრივ-ეკოლოგიური ჰაბიტატების,
სფაგნუმის ტორფნარების, რელიქტური ტყეების, ბუნებრივი ტბებისა და ლაგუნების დაცვის მიზნით გარემოსდაცვითი ღონისძიებების გათვალისწინება;

კოლხეთის წყალ-ჭაობიანი ეკოსისტემებისათვის დამახასიათებელი უნიკალური (პერკოლაციური) ჰიდროლოგიური რეჟიმის შენარჩუნება და დაცვა;

დოკუმენტით გათვალისწინებული უბნის საკურორტო კომპლექსების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პლაჟების არსებობას და მათ პარამეტრებს. უბნის ჩრდილოეთი, მალთაყვა, იკვებებოდა მდ. რიონის სამხრეთი ტოტის მიერ წყალდიდობისას გამოტანილი ქვიშით და ეს ქვიშა ვრცელდებოდა მდ. სუფსის შესართავამდე. რიონის შესართავის ნაბადაში გადაგდების შემდეგ, პლაჟების ერთადერთი მკვებავი წყარო-საქალაქო არხია. არხის მყარი ჩამონადენი არასტაბილურია და დამოკიდებულია მე-7 კმ-ზე არსებული წყალგამყოფი ნაგებობის გამართულ მუშაობაზე. ნაგებობას უკვე გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და ავარიულია. გარდა ამისა, შემცირებულია საქალაქო არხის გამტარუნარიანობა, რაც გამოიხატა უბნის ცენტრალურ ნაწილზე (გრიგოლეთი) პლაჟების პარამეტრების შემცირებით. პლაჟების კატასტროფული გარეცხვების მიზეზი, გარდა აღნიშნულისა, გახდა მოსახლეობის მიერ პლაჟებზე და ნაპირგასწვრივ ზვინულებზე თვითნებურად, სხვადასხვა ნაგებობის აშენება.

შედეგად ზოგიერთ მონაკვეთზე პლაჟი სრულიად გაქრა და აღდგენილ იქნა მხოლოდ მასალის ხელოვნურად შეტანით. განსახილველი ტერიტორიის სამხრეთ უბანი იყოფა ორ ნაწილად – მდ. სუფსის შესართავის ჩრდილოეთ ნაწილი, რომლის პლაჟებიც ადრე მდ. რიონისა და სუფსის ჩამონადენით იკვებებოდნენ (ახლა მხოლოდ რიონის ჩამონადენით). სავარაუდოდ, 50-იან წლებში, სუფსაზე ხიდის აშენებამდე, შესართავი მდებარეობდა დაახლოებით 1 კმ-ით უფრო ჩრდილოეთით, სადაც ახლა პატარა ტბაა. ამ შემთხვევაში, მაგნეტიტური ქვიშის დიდი ნაწილით იკვებებოდა გრიგოლეთის პლაჟები (სუფსის შესართავი სუფსის წყალქვეშა კანიონის ჩრდილოეთით მდებარეობდა). ხიდის აშენების შემდეგ მაგნეტიტის დიდი ნაწილი კანიონში ჩაედინება და მხოლოდ მცირე ნაწილი კვებავს ურეკის პლაჟებს. შესაბამისად, პლაჟების და ზღვის კურორტების არსებობას, ადამიანის საქმიანობა უშლის ხელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სგშ-ის ანგარიშში განხილულ უნდა იქნას პლაჟების მკვებავ მდინარეთა შესართავებთან ისეთი მშენებლობების აკრძალვის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უშლიან პლაჟებზე საკვები მასალის მიწოდებას, პლაჟებზე მასალის გადაადგილებას და სხვ. ამასთან, მდ. სუფსის შესართავთან, ჩრდილოეთით, დაგეგმილი ნავმისადგომის განხილვისას შეფასებულ უნდა იქნას გრიგოლეთის პლაჟებზე მაგნეტიტური ქვიშის მიწოდების საკითხები, მათ შორის მიწოდების შესაძლებლობები საინჟინრო ღონისძიებების გამოყენებით (ბუნებრივი პროცესების სიმულაცია, წყალგამყოფით მაგნეტიტური ქვიშის მორიგეობით მიწოდება გრიგოლეთის და ურეკის პლაჟებზე);

სგშ-ის ანგარიშში მიეთითოს, რომ სანაპირო ზოლის განაშენიანების არეალში, თითოეული საპროქეტო შენობა-ნაგებობისათვის, მათი დაფუძნების პირობების დასადგენად, მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დაჭაობებულ უბნებზე და ჯდენად გრუნტებზე.

„წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის (სანიტარიული დაცვის ზონები) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველ სარტყელში (მკაცრი რეჟიმის ზონა) აკრძალულია „ნებისმიერი მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობებისა; ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება; ინერტული მასალის მოპოვება; მილსადენის გაყვანა (გარდა წყალსადენის ნაგებობების მომსახურებისათვის აუცილებელისა); ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, თევზჭერა,
შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით“.

ზღვაში ქარის ელექტროგენერატორების განთავსებასთან დაკავშირებით, სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ უნდა იქნეს სავარაუდო განთავსების ტერიტორია, სიმძლავრე და სხვა შესაბამისი ინფორმაცია;

დოკუმენტით გათვალისწინებული ბიჭვინთის ფიჭვის ხელოვნურად გაშენებული კორომისთვის საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის გარდა, განხორციელდეს ტერიტორიის ანალიზი ძეგლის ნიშნის მქონე სხვა ობიექტების გამოსავლენად, რომელთა რიცხვში შესაძლებელია მოექცეს სტაროვერების არამხოლოდ არამატერიალური, არამედ უძრავი ობიექტებიც (მაგ. საცხოვრებელი სახლები), ასევე, ადრეული საბჭოთა პერიოდის ღირებული და სახასიათო შენობები.

სპორტული ობიექტების/მოედნების პროექტირება განხორციელდეს სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტთან კონსულტაციით, შემდგომში სპორტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან და სპორტული ტურიზმის თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

სგშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული უნდა იქნას შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტი (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რათა საბოლოო დოკუმენტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენის, შესწავლისა და შედეგების სათანადო აღწერა/შეფასების შესახებ.

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების საპროექტო ტერიტორია, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვებაზე გაცემულ ლიცენზიებს (მომპოვებლები – შპს „ვილა რეტა“, სს „საქართველოს მილსადენის კომპანია“, შპს „ანდამატი“, შპს „ემბე“, ფ/პ ჯუსტან ღურწკაია).

გარდა ამისა, წარმოდგენილი ტერიტორია კვეთს სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მალთაყვისა და გრიგოლეთის ტორფის საბადოების კონტურებს“.

[/toggle]

 

დოკუმენტების მიხედვით, გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის კონცეფცია, ლანჩხუთის მერიის დაკვეთით, ა(ა)იპ საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტმა მოამზადა. პროექტის დამფინანსებელია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში.

 

მთავარი ფოტო: გრიგოლეთის სანაპირო / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 18 149 კვლევა, აქედან 11 095 კვლევა ანტიგენის და 7 054 PCR ტესტით.

კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 131, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30.

754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 238 086 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 224 718 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 750 გარდაიცვალა.

კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსისგან სულ  32 600 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

გასულ 24 საათში 1 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

9 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 11 პაციენტი.

ასევე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 281 და სახლში 742.

 

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერიას ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში 4 359 741 ლარია გათვალისწინებული. ამ ქუჩაზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე, წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რომლებიც კარგა ხანია ამორტიზებულია.

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შარტავას წრიულიდან [რეფერალური საავადმყოფოდან] ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2022 წლებისთვის] შეადგენს 11 867 002 ლარს. ამ თანხით, 2 წელში,ბაგრატიონის ქუჩის 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.

პროექტს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო განახორციელებს, რომელიც სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს. კონკრეტულად რა სახის სამუშაოები ჩატარდება, სატენდერო პირობებში იქნება გაწერილი.

ამავე თემაზე:

რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

 

 

 

 

აფეთქება ახალსოფელში – დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის 1 მეხანძრე

ახალსოფელში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთი ოჯახის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ დაშავებულს კი, რომელსაც თერმული დამწვრობა ჰქონდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

ხანძრის ჩაქრობის დროს ასევე დაშავდა მეხანძრე-მაშველი. ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებული მეხანძრე კლინიკა “მედინაში” გადაიყვანა.

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

მისი შვილი ორი თვისაც არ იყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. საკუთარ თავზე მეტად ბავშვზე ნერვიულობდა. კლინიკაში გატარებულ 11 დღეზე, კოვიდზე, დედობაზე, პანდემიაზე და თანმხლებ სირთულეებზე ქეთა ლაბაძე „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“:

გამარჯობა, თქვენ კოვიდდადებითი ხართ

ზუსტად მახსოვს, 14 ოქტომბერი იყო. დღის რაღაც მონაკვეთში ვიგრძენი, რომ ყნოსვა დავკარგე. კოვიდზე ყველა ინფორმაცია მქონდა წაკითხული და მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, რადგან სხვა არანაირ დაავადებას არ ახასიათებს მოულოდნელად 100% ყნოსვის დაქვეითება, თან ისე, რომ არც სურდო გაქვს და არც სუნთქვა გიჭირს.

ვერ ვიჯერებდი. მხოლოდ გადამოწმების გამო გავიკეთე ტესტი, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო. ჩემი კონტაქტი იყო მინიმალური, ჯამში 5 ადამიანი – არ დავდიოდი არსად, ვიცავდი ყველა წესს, ჩემი შვილი მაშინ მხოლოდ თვე-ნახევრის იყო, ჩვენ ერთად ვსეირნობდით ეზოში, ლიფტით მიწევდა სარგებლობა, თუმცა, ბავშვის გამო ყველას და ყველაფერს ვერიდებოდი.

გამოწვევა – როგორ დავტესტო ოჯახის წევრები?

„ბოჭორიშვილში“ 16 ოქტომბერს მოვხვდი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დილით ახალი კოვიდინფიცირებულების რიცხვი 800-ს არ აჭარბებდა. შესაბამისად, ადგილები საავადმყოფოებში ჩემნაირი პაციენტებისთვისაც გამოინახებოდა. ახალგაზრდისთვის, რომელსაც არ აქვს კოვიდისთვის სახიფათო თანმხლები დაავადებები, თუმცა მთელი ორსულობა მიწევდა სისხლის გამათხელებლების მიღება, სისხლის შედედების მაჩვენებელი მაღალი მქონდა, ამიტომაც ოჯახის ექიმმა გადაწყვიტა საავადმყოფოში ჩემი გადაყვანა. საავადმყოფო ისეთი უნდა ამერჩია, სადაც ბავშვების მიღებაც შეეძლებოდათ, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს დაუდასტურდებოდა ვირუსი, ასევე სახლთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ბოჭორიშვილის კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ. ამიტომ დამჭირდა პირადი კონტაქტების გამოყენება კლინიკაში მოსახვედრად. 112 არ გარჩევინებს საავადმყოფოს – სადაც ადგილია, იქ გადაყავხარ.

კლინიკაში წასვლის წინ

ჩემი ოჯახის წევრების დატესტვა იყო მეორე პრობლემა, უარს ამბობდნენ – თუ სიმპტომები არ აქვს ვერ გავტესტავთო. თვე-ნახევრის ბავშვზე მეუბნებოდნენ, რომ სიმპტომები უნდა ჰქონოდა. მაშინ, როცა მე, პირადად, სიცხე საერთოდ არ მქონია. ყნოსვა და გემო დავკარგე მხოლოდ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ვკითხე, როგორ მეტყოდა თვე-ნახევრის ბავშვი, რომ ყნოსვა დაკარგა ან გემოს შეგრძნება დაუქვეითდა?! მაშინ თავადაც გაიაზრეს, რომ გაჭედილები იყვნენ ბიუროკრატიაში. გაიტესტა ჩემი მეუღლე და შვილი. საბედნიეროდ, არცერთს არ დადასტურებია ვირუსი.

„ბავშვის გამოკვებას შევძლებ?“

ყველაფერი დაიწყო სატელეფონო ზარით. დილით 10 საათზე, უცნობის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ კოვიდდადებითი ვარ. ხმამ მითხრა, რომ ახალგაზრდა ვარ და იზოლაციაში დავრჩე. ამოვილუღლუღე – ჩემი შვილი 2 თვისაც არ არის-მეთქი… ხმა შეცბუნდა, თანაგრძნობად გადაიქცა…

ჯერ იყო შიში, მერე სასოწარკვეთა, მე ხომ უკვე თვე-ნახევრის ნოე მყავდა, რომელსაც ძუძუთი ვკვებავდი. საკუთარი მკურნალობის სტრატეგიასა და შესაძლო გართულებებზე მეტად ეს მადარდებდა – როგორ მეკვება ჩემი შვილი? შევძლებდი კლინიკაში რძის შეგროვებას და მაცივარში უსაფრთხოდ შენახვას? მერე ტრანსპორტირება? თავში სრული ქაოსი მქონდა, ბარგის ჩალაგება რომ დავიწყე, პირველ რიგში, რძის ელექტროსაწველი აპარატი და შესანახი პაკეტები ჩავდე ჩემოდანში. ზუსტად ვიცოდი, რომ ძუძუთი კვება უნდა გამეგრძელებინა. თან ისე, რომ ჩემი შვილის უსაფრთხოება დამეცვა.

დედის რძის გამოსაწველი აპარატი

წაკითხული მქონდა, რომ დედის რძიდან კოვიდი არ გადაეცემა ჩვილს. ამას ჩავეჭიდე. დავიწყე სასწრაფოდ ინფორმაციის მოძიება. ჯანმოს, CDC-ის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია წავიკითხე. ყველა ინფორმაცია დამაიმედებელი იყო. ყველა კვლევით დასტურდებოდა, რომ დედის რძე უსაფრთხო იყო ჩვილისთვის. მეტიც, ეს დაცვის გარანტიაც იყო, რადგან ინფიცირებული დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც სისხლზე სწრაფად დედის რძეში გადადის. ბავშვისთვის ამ რძის მიღება ვაქცინის ტოლფასია.

ბავშვს ტესტის აღების შემდეგ ნიღბით ვაჭმევდი. სანამ სახლში ვიყავი ბოლო წუთამდე ვაჭმევდი. გადავწყვიტე ძუძუთი კვების გაგრძელება, ბავშვისთვის რძე უნდა გამომეგზავნა ბოჭორიშვილიდან.

პატარა ოთახში 3 პაციენტი დამხვდა. ერთი 22 წლის გოგო –  მისი შვილი 5 დღის იყო კლინიკაში რომ შემოიყვანეს. ჩემი მისვლისას უკვე 14 დღე ჰქონდა საავადმყოფოში გატარებული. პირველი ის ვკითხე, რძეს რას უშვრები-მეთქი. „ბავშვი შორს მყავს, ახალქალაქში და გავიშრეო. შენც გაგიშრობენ წამალს მოგცემენო…“

სასწრაფოდ დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში. ვუთხარი, რომ ძუძუთი კვების გაგრძელებას ვაპირებდი და მჭირდებოდა ხელშეწყობა. ყველა შეგიწყობს მაგაში ხელსო. დავმშვიდდი. ბოთლი ამოვიღე და გამოწველა დავიწყე. რძე პაკეტში მოვათავსე და რძის ჩანთაში ჩავდე, მაცივარში ადგილი გამომიძებნეს და მას შემდეგ ჩემი რძე სულ მოძრაობდა პალატიდან მაცივარში. პალატის დატოვება არ შეიძლება, ამიტომ ყოველჯერზე ექთანს ვიძახებდი და რძეს ვატანდი.

რძის პაკეტებს ჩემი მეუღლე დილით აკითხავდა. თითოეულ მათგანს სათითაოდ წმენდდა სტერილური ხსნარით და ათავსებდა რძის სპეციალურ ჩანთაში, რომ უსაფრთხოდ წაეღო ნოესთვის. იმისიც მეშინოდა, რომ ბოთლით ჭამის შემდეგ ბავშვი ძუძუზე უარს იტყოდა, თუმცა საბედნიეროდ, როცა კლინიკიდან სახლში მივედი, 2 თვის ნოემ ძუძუ მაშინვე სიამოვნებით დაიბრუნა.

კოვიდისგან თავის დასაცავად CDC-ის მარტივი ინსტრუქცია აქვს დედებისთვის:

  • დაიბანე ხელები გამოწველის დაწყებისას;
  • გამოიყენე სტერილური საწველი და ჭურჭელი;
  • გამოყენების შემდეგ ყველაფერი გარეცხე და გაასტერილე;
  • დაიცავი პირადი ჰიგიენა, დაიბანე მკერდი ხშირად.

კლინიკაში

კლინიკაში ყოფნა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ემოციურად რთული. შვილი ძალიან მენატრებოდა. ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ყოველდღურად ჩემს გარეშე. სწავლობდა რაღაც ახალს, ასევე ვხედავდი მის განცდებს, უდედობა ძალიან უჭირდა…

რთული იყო სხვა პაციენტებისთვისაც. იყვნენ მძიმეებიც. ერთი ბებო იყო 84 წლის. ძალიან ეშინოდა. მთელი ეს დრო ისმენდა, რომ მოხუცები კვდებიან კოვიდით, ამიტომ ეს შიში მის მდგომარეობას ამძიმებდა. ორივე ფილტვის ანთება განუვითარდა. ჩვენ ვამხნევებდით, ვანუგეშებდით, მაგრამ მოულოდნელად მძიმდებოდა და უკონტაქტო ხდებოდა.

სართულზე 75 პაციენტი იწვა და მხოლოდ 2 ექთანი იყო. ძალიან უჭირდათ გამკლავება, წნევის გაზომვას საათობით ველოდით. პაციენტი რომ მძიმდებოდა, ვინც კარგად ვიყავით, იმათ გვიწევდა მათზე ზრუნვა, ექიმთან და ექთნებთან გაუთავებელი ზარი, რომ მოეხედათ, სიცხის დამწევი მიეცათ. ეს არ იყო გულგრილობა, ეს იყო მძიმე მდგომარეობა, რაშიც ვიყავით ყველანი ჩავარდნილი –  ექიმები, ექთნები, პაციენტები და მთლიანი ჯანდაცვა.

ჩემს პალატაში იწვა ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი, წინა ხაზზე მებრძოლი ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელი.

ყველაზე კარგად ის თანადგომა დამამახსოვრდა, რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. შვილისთვის რძის მიწოდებაში მეხმარებოდნენ. მაგალითად, ერთხელ ჩამეძინა. ჩემი მეუღლე მოვიდა რძის წასაღებად, მობილურზე ხმა გათიშული მქონდა და ვერ გამაღვიძა. მიმღებში რძე რომ იკითხა, გოგოებმა თავად აიღეს მაცივრიდან და ჩაუტანეს, ისე რომ მე არც გამიგია. მამხნევებდნენ. ზოგჯერ ახალი ექთნები ან სანიტრები მოდიოდნენ პალატასთან, რომ დავენახე – ეს “მაგარი” დედიკო…“

პატარა ნოე და ქეთას დედა იმ კლინიკის წინ, სადაც ქეთა კოვიდს ებრძოდა

პანდემიამდე

პანდემიამდე აქტიურად ვცხოვრობდი. Full-Time ჯობის პარალელურად, ვიყავი ფრილანსერი, სარესტორნო ქსელის რამდენიმე ფეისბუქგვერდს ვმართავდი. პანდემიამ ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ეს ბიზნესი ჩააგდო. ამ ეტაპზე მარკეტინგულ ხარჯებს ვეღარ გასწევენ. დავდიოდი ინგლისურზე, ვხვდებოდი მეგობრებს, დავდიოდი თეატრში, კინოში, ასევე აქტიურად ვიყენებდი FitPass ბარათს, ცურვა მეხმარებოდა განტვირთვაში. ფაქტობრივად, თებერვალში ერთი წელი სრულდება ამ ყველაფრის გარეშე რაც მიწევს ცხოვრება.

პანდემიამ სახლში გამომკეტა და ჩემი შემოსავლები 30%-ით შეამცირა. 14 მარტის შემდეგ ვმუშაობ სახლიდან. ორსულობის გამო ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ღელავდნენ, ეშინოდათ ორსულს არ გადამდებოდა ვირუსი, ამიტომაც ყველა მიფრთხილდებოდა, არავინ არ მოდიოდა სტუმრად. მათ შორის ოჯახის წევრები. ორსულისთვის გამოკეტვა ძალიან ცუდი შედეგის მომტანია. ექიმის რეკომენდაციით, დღეში 2 საათი უნდა მესეირნა, ამიტომ გადავსახლდი სოფელში და ვმუშაობდი იქიდან.

ვაქცინა

რა თქმა უნდა, გავიკეთებ. პირველ რიგში ჩემი ახლობლების უსაფრთხოების გამო!

სხვათა შორის, ბევრი რძე მაქვს, ამიტომ ვახდენ რძის დონაციას. ბავშვი, რომელიც ღებულობდა ჩემს რძეს, გადაურჩა ვირუსს, არადა მთელს ოჯახს კორონა ჰქონდა – დაინფიცირდა დედა, მამა და მათი 4 წლის შვილი, თუმცა 6 თვის დემნა ვირუსს გადაურჩა. მისი დაცვა შეძლო ჩემმა რძემ, რომელიც შეიცავდა ანტისხეულებს.

ქეთა და 4 თვის ნოე, იანვარი, 2021

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ხანძარი ლოკალიზებულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ტერიტორია.

“ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის მხრიდან, სადაც კაფეებია განლაგებული, ცეცხლი იქ გაჩნდა. ფოთლებს მიჰყვა ხანძარი. როდესაც ჩვენს ტერიტორიას მიუახლოვდა მოლარემ და დაცვის  თანამშრომელმა შეამჩნია. ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. ბოტანიკური ბაღის  ტერიტორიაზე არც საფარი დაუზიანებია და არც ნარგავები. ხანძარსაც ვერ დაარქმევ,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ჯემალ  წულუკიძემ.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მაღალმთიანეთში კვლავ ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო დღეები იქნება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი. ხილვადობა კარგი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

 

 

დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს

2021 წლის იანვრიდან „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“ ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს  ბავშვის დედამ ან მამამ.

„ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დახმარება [შვებულების ანაზღაურება] გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:

[checklist]

  • ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში – ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • დასაქმებულ მშობელს [მამა] ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;
  • დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.

[/checklist]

დასაქმებულს, ასევე საჯარო მოსამსახურეს დახმარება მიეცემათ: ორსულობისა და მშობიარობის გამო; ბავშვის მოვლის გამო; ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

შვებულებებისა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა/შვებულება ანაზღაურდება მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

დასაქმებულისთვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება [საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით].

თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ასევე გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა:

  • ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება  დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
  • ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება ხდება თანმიმდევრობით შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს [ბავშვის მამას] თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 90 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ წესით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით ან ასეთი შვებულების ნაწილით.

დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ამ ბრძანების ამოქმედებამდე ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი წესით. ამასთან, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული/გადარიცხული დახმარება უკან დაბრუნებას/მოთხოვნას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება“.

ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვის შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული. კოდექში ცვლილება გასულ წელს შეიტანეს.

[toggle title=”ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი სრულად ნახეთ აქ:“]

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვ+ილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  2. წინამდებარე წესი არეგულირებს დასაქმებულებისათვის (საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირები) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
  3. ეს წესი, ასევე, ვრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებზე, თუკი შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

ბ) დასაქმებული – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

გ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, სადაც ხორციელდება საჯარო სამსახური.

დ) დახმარება – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;

ე) შვებულების ანაზღაურება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება.

ვ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.

ზ) სააგენტო – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“;

თ) დაფინანსების განაცხადი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

მუხლი 3. დახმარების გაანგარიშება და გაცემა, შვებულების ანაზღაურება

  1. დახმარების გაანგარიშებას წინამდებარე წესის შესაბამისად და მის სისწორეს უზრუნველყოფს დამსაქმებელი, ხოლო გაცემას – სააგენტო.
  2. შვებულების ანაზღაურებას, გასაცემი თანხის გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

მუხლი 4. დახმარების/შვებულების ანაზღაურების დაფინანსების წყარო

  1. დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:

ა) ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ) ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;

გ) დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;

დ) დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.

  1. შვებულების ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, სარგოსთან ერთად ეძლევა წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.

მუხლი 5. დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველი

  1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს:

ა) დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების მოწმობა და/ან შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებელის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით;

დ) ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

  1. დასაქმებულისათვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;

ბ) საავადმყოფო ფურცელი; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების მოწმობა და/ან შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცნობა სსიპ – „საჯარო სამსახურის ბიურო“-დან, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე; შვილად აყვანის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და/ან შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცნობა სსიპ – „საჯარო სამსახურის ბიურო“-დან, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);

გ) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

ე) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

  1. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ დამსაქმებელს.

თავი II. დახმარების /შვებულების ანაზღაურების პირობები და ოდენობა

მუხლი 6. დახმარების/შვებულების ანაზღაურების პირობები

  1. დასაქმებულს დახმარება მიეცემა:

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო;

ბ) ბავშვის მოვლის გამო;

გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

  1. საჯარო მოსამსახურეს შვებულების ანაზღაურება მიეცემა:

ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო;

გ)საჯარო მოსამსახურეს შვებულების ანაზღაურება ასევე შეიძლება მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

  1. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებებისა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა/შვებულება ანაზღაურდება მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
  2. დამსაქმებლის/საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, დახმარება/შვებულების ანაზღაურება ხორციელდება სრულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებების მთელ პერიოდზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
  3. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

მუხლი 7. დახმარების ოდენობის გაანგარიშება

  1. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით).
  2. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
  3. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
  4. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
  5. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

  1. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
  2. 7. დახმარების მიზნებისათვის, საშუალო დღიური ხელფასის გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების გაყოფით ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
  3. 8. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
  4. 9. ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო/შრომის ანაზღაურება და შესაბამისად შვებულებაში მყოფი დასაქმებულისთვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების/შვებულების ანაზღაურების ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 8. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები

  1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
  2. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.
  3. ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება ხდება თანმიმდევრობით შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
  4. საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
  5. 5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს (ბავშვის მამას) თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 90 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით ან ასეთი შვებულების ნაწილით.
  6. 6. დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

მუხლი 9. დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების წესი

  1. დასაქმებული დახმარების მისაღებად წარუდგენს დამსაქმებელს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში – საავადმყოფო ფურცელს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ბავშვის დაბადების მოწმობას და/ან შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით, ასევე, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცნობას სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროდან“, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობისა და მშობიარობის გამო ან/და ბავშვის მოვლის გამო.
  2. საჯარო მოსამსახურე შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო დაწესებულებას წარუდგენს საავადმყოფო ფურცელს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობასა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით.
  3. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში:

ა) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს და/ან შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის ასეთი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცნობას სსიპ „საჯარო სამსახურის ბიურო“-დან, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

ბ) საჯარო მოსამსახურე წარუდგენს საჯარო დაწესებულებას კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

  1. 4. დასაქმებულისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს (126/143 კალენდარულ დღეზე), რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.
  2. 5. დასაქმებულისათვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულების დახმარების ანაზღაურების მიზნით, დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს და ბავშვის დაბადების მოწმობის (დედანი), დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან, ასევე მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობასთან, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემულ ცნობასთან ერთად, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.
  3. 6. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში:

ა) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს, და/ან შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემულ ცნობას, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე;

ბ) საჯარო მოსამსახურე წარუდგენს საჯარო დაწესებულებას კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე საჯარო დაწესებულებას წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე მშობელზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, რომ მოცემულ მშობელს არ უსარგებლია ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებით;

დ) დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან, დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემულ ცნობასთან ერთად, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

  1. 7. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეული დამსაქმებლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის, ბავშვის დაბადების მოწმობის დედნის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;

ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან და წარმომდგენს უბრუნებს დედნებს;

გ) წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ერთეულში, ხოლო მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად და წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

დ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეული საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე და დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს.

  1. 8. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე.
  2. 9. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.
  3. 10. მშობიარე ქალის გარდაცვალებისას ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ასევე საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას და შესაბამის დახმარებას/შვებულების ანაზღაურებას იღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
  4. 11. დასაქმებულის შემთხვევაში ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან ან ბავშვის დაბადების თარიღიდან (დასაქმებულის შემთხვევაში), ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 10. გარდამავალი რეგულირება

გარდამავალ პერიოდში დახმარებასთან/შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის გათვალისწინებით.

[/toggle]

 

 

“სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციების სამ რჩეულ პაკეტს გთავაზობთ

მხოლოდ ერთი დღით, 8 იანვარს სილქნეტი აბონენტებს  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს თავაზობს

კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
  • 20 GB ინტერნეტი 14 ლარად.

[/checklist]

მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, პაკეტის ვადის ფარგლებში, აბონენტს დაერიცხება 1მბ-ზე 15 თეთრი.


*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია
**სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი.

გასულ 24 საათში ქვეყანაში სულ 5 265 კვლევა ჩატარდა, აქედან 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით.

537 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო – ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 236 028-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 224 189, ხოლო გარდაიცვალა 2 728 ადამიანი. 8 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევა არის 9 085. 

კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულად ითვლება 32 478 ადამიანი.

8 იანვრის მონაცემებით, აჭარაში არსებულ კლინიკებში კორონავირუსზე მკურნალობს 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 251 და ბინაზე – 771.

დააკავეს კიდევ 1 პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებს შსს.

შსს-ს ინფორმაციით: „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი.

დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.“

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს.

35 დღე იზოლაციაში – ფოტოგრაფის ისტორია

ედო მჟავანაძე ვებ-დეველოპერი და ფოტოგრაფია. ცხოვრობს ბათუმში. პანდემიამდე მისი ცხოვრება დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. თუმცა პანდემიამ სხვა ადამიანების მსგავსად, მასთანაც ბევრი რამ შეცვალა. ოქტომბერში კოვიდი გადაიტანა.
თავის ისტორიას ედო  „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის „ადამიანები პანდემიის დროს“:

პანდემიამდე

პანდემიამდე როგორ ვცხოვრობდი? იმდენად რთული კითხვაა, რომ გახსენებაც მიჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბავზე მეკითხებით.

სულ დაკავებული ვიყავი და სულ ვმუშაობდი. თუკი სადმე რამე ხდებოდა, ყველგან ვიყავი. ერთი თვის მანძილზე მინიმუმ 15 გადაღება მქონდა. გასული წლის მარტისკენ, როცა დაიწყო საუბარი, რომ რაღაც ვირუსი არსებობდა, ნელ-ნელა ღონისძიებები შემცირდა. ზოგიც გადაიდო. მერე უცებ ყველაფერი ჩაჩუმდა და ჩაიკეტა.

პანდემია და პირველი ტალღა

საინფორმაციო კამპანია დაიწყო – დარჩი სახლში. მეც დავრჩი. ჯერ სერიალებს ჩავუჯექი. მაგრამ რაღაც ეტაპის მერე ეგ სერიალებიც მორჩა. აღარც ახალი სეზონები გამოდიოდა, ვეღარც ვერაფერს ვუდებდი გულს, ყველაფერი მობეზრებული მქონდა და სწავლა დავიწყე.

პანდემიის გამო უამრავი სასწავლო რესურსი გაჩნდა ინტერნეტში უფასოდ. თავიდან რაც მაინტერესებდა, ყველაფერზე ვრეგისტრირდებოდი. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ რამე კონკრეტულზე უნდა გავჩერებულიყავი. ასე ყველაფერს მოდება არ გამოდიოდა. ამიტომ რასთანაც ადრე მქონდა შეხება და რის შესახებ უფრო მეტის სწავლა მინდოდა იმაზე გადავერთე – დავიწყე ვორდპრესის სწავლა.

სწავლის პარალელურად გარემო ყოველდღე იცვლებოდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ირგვლივ მეგობრების 70-80 %-მა დაკარგა სამსახური. ეს ისეთი ხალხი იყო, რომლებიც ინტელექტუალურ შრომას ეწეოდნენ, მაგრამ შეუძლიათ სხვა სფეროზე მორგება-გადაწყობაც. მაგრამ ეს სხვა სამსახური აღარსად აღარ იყო. არადა ამ ადამიანების უკან სხვა ადამიანები იდგნენ და ეს ხალხი ვერსად სამსახურს ვერ პოულობდა. ვერც ახლა ვერ პოულობენ. მანდ მივხვდი, რომ უკვე დიდი პრობლემები იწყებოდა.

კოვიდი ხომ არ მაქვს? 

კოვიდის დადასტურებამდე სიმპტომები გამომივლინდა. ოღონდ არ ვიცოდი მქონდა თუ არა ვირუსი. ვერ ვიყავი კარგად. სიცხე მქონდა აშკარად. მანქანით ვბრუნდებოდი ბათუმში. ეს ის პერიოდია, როცა აჭარაში კოვიდის პიკია, ქალაქის შემოსასვლელებთან სამხედროები დგანან და მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ.

ბათუმში შემოსვლისას გავაჩერე მანქანა. სამხედრომ სიცხე გამიზომა და მეუბნება წადიო. ვკითხე, რამდენი მქონდა ტემპერატურა. 36,4 – იო მითხრა. ვერ დავიჯერე, რადგან აშკარად არ ვიყავი კარგად. 15 წუთის შემდეგ, როგორც კი სახლში მივედი, მაშინვე გავიზომე და 37,4 მქონდა ტემპერატურა.

რატომ ვიხსენებ ამას. ფუჭი შრომა იყო და რესურსის ფლანგვა სახელმწიფოს მიერ სიცხის გაზომვა მოქალაქეებისთვის. თან ზოგი თერმომეტრი არასწორად აჩვენებდა ტემპერატურას. არც რესტორნებში და არც სხვაგან, სადაც სიცხეს ზომავდნენ, ჩემი აზრით, ამას სარგებელი არ  მოუტანია.

6 ოქტომბერი

კარგად მახსოვს ეს დღე, რადგან მომდევნო დღეს, 7 ოქტომბერს, ჩემი დაბადების დღეა. მთელი დღე სახლში ვიყავი. სიცხე მქონდა. უკვე მეორე დღეს, 7 ოქტომბერს დავრეკე 112-ში და ვეუბნები, რომ შესაძლოა კოვიდი მქონდეს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქმის კურსში გაყენებთ.

8 ოქტომბერს მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ კოვიდი დაუდასტურდა. ჩემი ახლო კონტაქტი იყო. დავიწყე ფიქრი, რომ ჩემი სიცხეც შეიძლება კოვიდისგან ყოფილიყო გამოწვეული. ვურეკავ ჩემს ექიმს და ვეუბნები – ასე და ასეა, მეგობარს კოვიდი დაუდგინდა. რა ვქნა. თან ვუხსნი, რომ მამაჩემს დიაბეტი აქვს, რისკის ჯგუფია. მოგვცეს სახლში დარჩენის რეკომენდაცია. დავრჩით სახლში. სადღაც მეათე დღეს უკვე ჩემს მშობლებსაც გამოუვლინდათ სიმპტომები. თუმცა ისინი არავის გაუტესტავს.

პირველი დღის იზოლაციიდან 21-ე დღესაც რომ 37, 2 მქონდა სიცხე, ყოველდღიურად დღეში 5-6 საათით, დავრეკე ისევ 112-ზე და უკვე მოვითხოვე კლინიკაში გადაყვანა. ვშიშობდი, ფილტვების ანთება არ მქონოდა.

სასწრაფო გამოძახებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა. მახსოვს დილის ხუთი საათი იყო. ექიმები ძალიან დაღლილები და გათიშულები იყვნენ. იმ დილით, უბრალოდ, გამსინჯეს. ამ გასინჯვიდან კიდევ ერთი დღე ველოდე სასწრაფოს, რომელიც გადამიყვანდა ცხელების ცენტრში. აქაც პრობლემა იყო მენეჯმენტში. ვრეკავდი ცხელ ხაზზე და ვითხოვდი მოეცათ უფლება ჩემი მანქანით მივსულიყავი. გადასაყვანად არ მჭირდებოდა სასწრაფო. მაგრამ არ მომცეს უფლება და ერთი დღე ველოდე, სანამ სასწრაფო მოვიდოდა და ცხელების ცენტრში გადამიყვანდა.

ცხელების ცენტრში გადაყვანის შემდეგ ამიღეს ტესტი. ტესტის პასუხს ველოდე ზუსტად სამი დღე. მესამე დღესაც რომ არ მოვიდა, ვიკითხე. “უი, თქვენს ტესტზე რაღაც პრობლემააო” – მითხრეს. არ ვიცი რა მოხდა. ამიტომ მოვიდნენ და თავიდან ამიღეს. საბოლოოდ  მეხუთე დღეს მომივიდა დადებითი პასუხი – კოვიდი მქონდა.

კოვიდის დადასტურების შემდეგ გადამიყვანეს სხვა სასტუმროში.

ხედი ცხელების ცენტრიდან ფოტო: ედო მჟავანაძე

სასტუმროში ცალკე თავგადასავალი იყო კატეს (კომპიუტერული ტომოგრაფია) გადასაღებად წასვლა. რამდენიმე დღის შემდეგ გვითხრეს, რომ კატეს გადასაღებად წაგვიყვანდნენ. ერთი სასწრაფოს მანქანით წაგვიყვანეს დაახლოებით 6 ადამიანი. კარგად მახსოვს ერთი ქალი იყო ჩემთან ერთად, სუნთქვა უჭირდა. არც ფანჯარა არ იღებოდა ამ სასწრაფოს მანქანას, არც არაფერი. სამი ადამიანი საკაცეზე ვიჯექით. გადაგვიღეს კატე და დაგვაბრუნეს სასტუმროში.

ცალკე ამბავი იყო პასუხების გაგება. არავინ არაფერს არ მეუბნებოდა. ბოლოს რომ აღარ მოვეშვი, მითხრეს თუ მკურნალობა არ დაგიწყეს ესე იგი არაფერი არ გჭირს ფილტვებზეო.

სასწრაფოს მანქანაზე ცალკე უნდა ვთქვა – სახლიდან რომ სასწრაფომ წამიყვანა, ისეთი ქარი ქროდა მანქანაში ცხელების ცენტრამდე მისვლაში გავიყინე. ჯანმრთელი რომ იყო და მსგავსი მანქანით მოგიწიოს  მგზავრობა პაციენტს, ზამთარში უეჭველი ფილტვების ანთებას აიკიდებ.

ქარი ქროდა ჩვეულებრივ. ძალიან მოუწესრიგებელი იყო ანალიზების მენეჯმენტი. მაგალითად, სასტუმროში აგვიღეს სისხლის ანალიზი. კლინიკაში რომ მიგვიყვანეს ისევ აპირებდნენ. ვუთხარით, რომ ანალიზი უკვე ჩაბარებული გვქონდა. იმის გარკვევაში თუ რა ხდებოდა, 15-20 წუთი დასჭირდა.

ექიმმა გამომიწერა ანტიბიოტიკი. ბევრი რამ მქონდა წაკითხული ანტიბიოტიკებზე და დანიშვნისთანავე არ დამიწყია მიღება. დავიწყე კითხვების დასმა. მეორე დღეს სხვა ექიმმა დამირეკა და როცა გამომკითხა მდგომარეობა, მომიხსნა ეს ანტიბიოტიკი. არ გჭირდება ეგ წამალიო.

საბოლოო ჯამში იზოლაციაში 35 დღე გავატარე.

კატეზე რომ მივყავდით ეს ქალი მაშინ შევამჩნიე სასტუმროს ფოიეში. მძიმე პაციენტი იყო. იჯდა და ელოდა კლინიკაში გადაყვანას. კატეს გადაღებას და უკან სასტუმროში დაბრუნება სამ საათზე მეტი დასჭირდა. კლინიკიდან რომ დავბრუნდი, ქალი ისევ სასტუმროს ფოიეში იყო და ისევ ელოდა. ეს ფოტო მაშინ გადავიღე. ფოტო: ედო მჟავანაძე

რა მომცა კოვიდთან ბრძოლამ

ერთადერთი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, ის იყო, რომ მივხვდი – კვებასთან დაკავშირებით ვეგეტარიანელებს ყოველთვის პრობლემა ექმნებათ. კიდევ მივხვდი იმას, რომ არ ღირს არასდროს ფიქრი იმაზე, რომ რომელიმე დაავადებას უნდა დანებდე. სასტუმროში მარტო ვცეკვავდი ჩემთვის, რადგან ვიცოდი, რომ უმოძრაოდ არ უნდა ვყოფილიყავი. იოგას ვარჯიშები გავიხსენე და ვვარჯიშობდი.

ბევრი რამ ცუდად შეცვალა კოვიდმა – ადამიანები გარდაიცვალნენ, სამსახური დაკარგეს, კომუნიკაციის ფორმები შეიცვალა.

მთლიანად პანდემიის გავლენაზე  თუ ვისაუბრებთ, პანდემიამ გავლენა ბევრ რამეზე მოახდინა. მაგალითად, ჩემი მეგობარი ყიდულობდა წამლებს თურქეთში და ვეღარ ყიდულობს. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ხარჯები. მეორე მეგობარმა სესხზე შეღავათით ისარგებლა და სესხი გაუძვირდა.

სურვილებიც შეცვალა. ახალ წელს ადამიანები თოვლს ნატრობენ, მაგრამ წელს ამ ნატვრასაც ვერიდები, რადგან შეიძლება ჩემ გვერდით ქუჩაზე ადამიანი სიცივეში გაიყინოს.

ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა 

კომპანია „სტარის“ მფლობელს და მის რამდენიმე თანამშრომელს ახალი წლის დღეებში ოფისში თავს დაესხნენ. „თარჯიმანს სცემეს. მფლობელი ოფისიდან გამოიპარა და მე დამირეკა. 4 მანქანით მიუვარდნენ. რადგან თურქეთის მოქალაქეები არიან, მათ ძვირადღირებულ ტექნიკას ართმევენ“, – ამას ლელა ბჟალავა ამბობს.

ლელა ბჟალავა ადვოკატია, რომელიც ირწმუნება, რომ აურზაური ბათუმის სამრეწველო უბანში მოქალაქე ირაკლი შარაბიძემ მოაწყო. კომპანიის მფლობელები გუშინ თურქეთის საელჩოში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სამი ბაშქანი „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ კონფლიქტის საკუთარ ვერსიას საელჩოდან გამოსვლის შემდეგ გაგვიზიარებდა, მაგრამ ბოლოს კომენტარზე უარი განაცხადა.

ირაკლი შარაბიძე კი ადვოკატ ლელა ბჟალავას არც ერთ სიტყვას არ ეთანხმება. კონფლიქტის შემდეგ ის ხელვაჩაურის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი გამოსაკითხად. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 126-ე – ძალადობის და 360-ე – თვითნებობის მუხლებით.

ადვოკატ ლელა ბჟალავას თქმით, კომპანია „სტარის“ მფლობელები საქართველოში ქვიშა-ღორღზე მუშაობენ – ყიდულობენ ბალასტს, ამუშავებენ და ყიდიან: „რადგან უცხოელები არიან, ცდილობენ ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად გააკეთონ“.

სწორედ ამ ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა „სტარმა“ ერთი წლის წინ ირაკლი შარაბიძესთანაც, რომლის შესახებაც დღეს ამბობენ, რომ ის მათ, როგორც უცხოელებს აგინებს, ემუქრება და აიძულებს დაუთმონ ძვირადღირებული ტექნიკა.

ვინ არის ირაკლი შარაბიძე? – ლელა ბჟალავას თქმით, ყოფილი მსჯავრდებულია, რომელიც ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

„ირაკლი შარაბიძემ ერთი წლის წინ უთხრა ჩემს კომპანიას, რომ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწვდიდა ბალასტს. ბარტერი იყო ტრაქტორი. ვიღაც მუხრანს მოჰქონდა ეს ბალასტი და დაახლოებით 20 ათასი დოლარის ბალასტი რომ მიუტანეს, მერე მუხრანმა ფული მოითხოვა და სასამართლოშიც იჩივლა. ამის ინვოისი არსებობს.

ასე გამოვიდა, რომ ბარტერი არ შედგა, ამიტომ კომპანიამ ძვირადღირებული ტრაქტორი უკან დაიბრუნა. თუმცა, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან და ირაკლის აგრესიულობის ამბავი იცოდნენ, მას 60 ათას დოლარად ღირებული ტრაქტორი მისცეს – ამჯერად მიაქირავეს თვეში 15 ათას ლარად“, – გვიყვება ლელა ბჟალავა.

ლელა ბჟალავას თქმით, ირაკლი შარაბიძე  პანდემიის მოტივით შეთანხმებულ თანხას – არც ამ 15 ათას ლარს უხდიდა კომპანიას. „ჩემს კომპანიას ეს ტრაქტორები ნაქირავები ჰყავს სტამბულში დარეგისტრირებული კომპანიისგან და 300 ათასი ვალი დაუგროვდა. ამიტომ, ერთ დღესაც, როცა შეამოწმა მფლობელმა გაქირავებული ტრაქტორის მრიცხველი, აღმოჩნდა, რომ ტრაქტორი პანდემიის პერიოდშიც შეუჩერებლად მუშაობდა. ცხადია, ტრაქტორი წამოიყვანა თავის ოფისთან. სწორედ ამის გამო მივარდა ირაკლი შარაბიძე 4 მანქანით, თარჯიმანს სცემეს და ტრაქტორი ისევ უკან წაიყვანეს“.

საქმეში პოლიცია ადვოკატის ზარის შემდეგ ჩაერთო. როგორც ლელა ბჟალავა აცხადებს, პოლიციამ სადავო ტრაქტორი ირაკლი შარაბიძის სახლთან იპოვა და დალუქა.

ირაკლი შარაბიძის ვერსია

ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ ამ საქმეში პირიქით – თავად არის დაჩაგრული. ადასტურებს, რომ მართლა იჩხუბეს უცხოელი ბიზნესმენის ოფისში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავად იყვნენ აგრესიულები.

„მოიპარა ტრაქტორი და რომ მივედი წამოსაყვანად, წავიდა ჭიდაობა. მომეპარა და არმატურა ჩამარტყა თავში. დაზიანება მაქვს. დიდი არა, მაგრამ დაზიანებაა.

მე მაგ კაცთან ვმეგობრობდი. ერთად ვმუშაობდით – 120 ათასი ლარი მაქვს გადახდილი. ხან ბალასტი მივუტანე, ხან სხვისთვის ჰქონდა 5-10 ათასის ვალი მისაცემი და გადავუხადე. მოწმეები მყავს და დაადასტურებენ სასამართლოში“, – გვითხრა ირაკლი შარაბიძემ.

ის დაპირისპირების შესახებ საკუთარ ვერსიას გვიყვება: „ფინანსურმა დააჯარიმა – 300 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. შენ მომიტანე უსაბუთოდ ბალასტი და მაგიტომ დამაჯარიმეს, ტრაქტორი მომეცი, უნდა გავყიდო და ჯარიმა გადავიხადოო. 170 ათასი ლარი შენ უნდა გადაიხადოო… მე არაფერს არ გადავუხდი“, – აცხადებს ირაკლი შარაბიძე.

მართლა უკანონოდ ხომ არ მოიპოვებს ბალასტს? – ამ კითხვას ირაკლი შარაბიძემ პირდაპირ არ უპასუხა. თუმცა დაგვიდასტურა, რომ ის ინერტული მასალების უკანონო მოპოვების გამო ერთხელ ნამდვილად გაასამართლეს: „ბალასტის თემაზე უბრალოდ, ჭოროხში მოვიპოვებდი… მაგაზე არც იჭერენ ადამიანს, მაგაზე მქონდა პირობითი. უკანონოდ მოვიპოვებდი და მესამე წელი გავიდა…

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს 25 კაცით მიუვარდი – ტყუილია. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, როცა ჩხუბი დაიწყო, ჩემმა მეგობარმაც დაარტყა. ამასობაში ხალხიც შეგროვდა და იძახიან 25 კაცით მოვვარდაო. რაც უნდა ის თქვას, მე არ მივცემ მაგ ტრაქტორს, ჩემია“.

იქედან გამომდინარე, რომ დასვენების დღეებია, „ბათუმელებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ვერ ჰკითხა, მართლა თუ ჰქონდა სადავო ტრაქტორი დაპლომბილი იმის გამო, რომ ამ ტრაქტორით უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალებს.

ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში, 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება.

წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე:

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ჰადარ აბაშიძის ქუჩა, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა, მეტაქსას ქუჩა, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ჩიხი და მურად ხინიკაძის ქუჩა.

“წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში,” – ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში კოვიდკლინიკა იქნება მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო

ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

____

12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო პაციენტები, სადაც არ იყო რეანიმაციული სერვისის მიწოდების პირობები და ამ კლინიკებს უკვე მივეცით გარკვეული ვადა, რომ მოემზადონ და დაუბრუნდნენ ძველ, მრავალპროფილურ რეჟიმს.

ის, რომ კლინიკები უბრუნდებიან თავიან რეჟიმს, იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნებიან მზად შესაძლო დაინფიცირებულის მიღებისგან. შესაძლოა პაციენტი სხვა ჩივილებით მივიდეს არაკოვიდსაავადმყოფოში და აღმოაჩნდეს [კოვიდი]. ყველა სამედიცინო დაწესებულება იქნება მზად იმისათვის, რომ მოახდინოს დროული იდენტიფიცირება სწრაფი ტესტით და გადაიყვანოს პაციენტი ბოქსირებულ პალატაში, სანამ არ მოხდება სრული დიაგნოსტირება. შემდგომ პაციენტი უნდა იმართოს მდგომარეობის მიხედვით.

ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მთელი სისტემა იყოს მობილიზებული კოვიდით ინფიცირებული შესაძლო პაციენტების გამოვლენისკენ. თუმცა კლასიკური გაგებით კოვიდკლინიკა იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

___

წყარო: ბათუმელები

ვრცლად:

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „საქონელი უნდა იყოს ახალი; მონტაჟი კი მოიცავს, საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, რომელსაც იხდის მიმწოდებელი.

[toggle title=”ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნური სანათის ტექნიკური მახასიათებლები ნახეთ აქ:“]

დიდი კონსტრუქცია [6 ცალი]:
ნათურების რაოდენობა – არანაკლებ 36 ცალი;
დანათების არეალი: არანაკლებ 240 მ2;
ერთეული ნათურის სიმძლავრე: არაუმეტეს 1000 W;
ნათურის ტიპი: მაღალი წნევის სოდიუმის ნათურა,მცენარეების ზრდის უზრუნველსაყოფად;
სანათი მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა გადაადგილდებოდეს მექანიკურად ან ავტომატურად.
გარანტიის ვადა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვე.

პატარა კონსტრუქცია [1 ცალი]:
ნათურების რაოდენობა – არანაკლებ 18 ცალი;
დანათების არეალი: არანაკლებ 120 მ2;
ერთეული ნათურის სიმძლავრე: არაუმეტეს 1000 W;
ნათურის ტიპი: მაღალი წნევის სოდიუმის ნათურა, მცენარეების ზრდის უზრუნველსაყოფად;
სანათი მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა გადაადგილდებოდეს მექანიკურად ან ავტომატურად.
გარანტიის ვადა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვე.

[/toggle]

20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად ოფიციალური ინფორმაციით 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში [ყოფილი შპს „სტადიონი“], 2020 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ, „ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2020 წლის 14 ოქტომბერი იყო, თუმცა სამშენებლო ტემპიდან გამომდინარე სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა“.

შესაბამისად, სტადიონის გახსნა 12 სექტემბრისთვის დაანონსეს, თუმცა, მოგვიანებით გადადეს და მიზეზად აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელეს.

მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნოდ, 2020 წლის 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად მაინც გაიხსნა.

ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ამ თამაშების შემდეგ კი მინდვრის საფარი დაზიანდა, რის გამოც „დინამომ“ სტადიონზე მესამე შეხვედრა ვეღარ გამართა. თუმცა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ მაშინ განაცხადა, რომ მორიგი მატჩის ვერჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

 

 

 

 

აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 118 პირს დაუდასტურდა.

7 იანვრის დილიდ მონაცემებით საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 353.

რეგიონის კლინიკებში 87 მძიმე პაციენტია. ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13 პაციენტი.

455 პაციენტი აჭარაში იმყოფება კოვიდ-სასტუმროში.

ამ ეტაპზე აჭარაში 2 052 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა – 125 პაციენტი, კლინიკა დატოვა 54-მა პაციენტმა; დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი რეგიონში არის – 32 339.

ამავე თემაზე:

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა

7 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

მძიმე პაციენტია 856 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 235 491-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსით ჯამში 2 694 პირი გარდაიცვალა.

დღეს საღამოს 9 საათიდან გადაადგილება აკრძალულია – რა შეზღუდვები გაუქმდება 16 იანვრიდან

დღეს, 7 იანვრიდან, კვლავ ამოქმედდება გადაადგილების შეზღუდვა – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამ პერიოდში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით. ეს შეზღუდვა გაუქმებული იყო 6 იანვრის ღამით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩება.

ამ თემაზე ვრცლად:

16 იანვრის შემდეგ იგეგმება მაღაზიების გახსნა – ჯანდაცვის სამინისტრო

საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თხოვნით მიმართავს მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია. „ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!“

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

ხვალ, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო არ გაიმართება.

___

ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღის გაჩენის რისკი ნაკლებია – ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. რამდენად რეალურია ეს და რაზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს სპეციალისტები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მიმართა.

  • ქალბატონო ნინო, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მომდევნო ტალღა აჭარას სავარაუდოდ აღარ ემუქრება. რა  იძლევა ამის თქმის საფუძველს, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ?

ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ აჭარის რეგიონში აგვისტოს თვიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსის ახალი შემთხვევების. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის თითქმის მესამედმა უკვე გადაიტანა ინფექცია. აჭარა ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი იყო.

თუკი გავითვალისწინებთ უკანასკნელ კვლევებს, რომ ის პირები, ვინც გადაიტანეს დაავადება საშუალოდ 6-8 თვე დაცული არიან რეინფიცირებისგან, ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ამ ადამიანების ხელახალი ინფიცირება გამორიცხულია.

თუმცა შესაძლოა იყოს შემთხვევების მატება, რისკფაქტორებთან ან პირადი უსაფრთხოების წესების უგულებელყოფასთან ასოცირებული – არის მოსახლეობის საკმაო ნაწილი, რომელსაც არ გადაუტანია ჯერ ინფექცია. შესაძლოა შემთხვევების მატება იყოს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ.

იცით, რომ, ზოგადად, გვყავს 33 ათასი გამოჯანმრთელებული პირი. ამას გარდა, კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ონლაინმეთვალყურეობაზე გვყავს საშუალოდ 1500 პაციენტი. ეს არის გაცილებით ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ჩვენ გვქონდა პიკურ პერიოდში – საშუალოდ 6 500-ზე მეტი იყო ხოლმე აქტიური შემთხვევა. აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიმცირდა შემთხვევების რაოდენობა და ეს პირდაპირ კავშირშია შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრებასთან.

ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში შემსუბუქდა შეზღუდვები, ამასთან მეტ-ნაკლებად მაინც დაარღვიეს მოქალაქეებმა წესები. ამ დღეების შედეგები დაახლოებით 10-14 იანვრისთვის უნდა იყოს სახეზე. შესაძლოა გვქონდეს შემთხვევების მატება, მაგრამ ჩვენი ვარაუდით ეს არ იქნება მნიშვნელოვანი მატება.

ვიდრე გვაქვს შემზღუდველი ღონისძიებები, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გახლავთ ტესტირების გაფართოება. ყველა მსუბუქი, ყველა უსიმპტომო, ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა ინფიცირების უნდა გამოვლინდეს, დროული იზოლაცია მოხდეს, რომ შემდეგი გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

თქვენ იცით, რომ ორი დღეა დავიწყეთ როგორც უსიმპტომო პირების ანტიგენ-ტესტირება, აგრეთვე ტაქსის მძღოლების, რელიგიური კონფესიების, ღია და დახურული ბაზრობების მოვაჭრეების ტესტირება. მიუხედავად გაფართოებული ტესტირებისა, მიმართვიანობა ნაკლებია პოლიკლინიკებში. საახალწლო დღეებში იყო მიმართვიანობა 400-500 და ახლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1300-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა. ამ 1300-ზე მეტი ტესტიდან 119 დადებითი შემთხვევა გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირების პროცენტი არის შემცირებული. ანუ რამდენი ტესტიც არ უნდა ჩატარდეს, თუკი პიკურ პერიოდში დაახლოებით 40 %-იანი გამოვლენა გვქონდა, დღეს უკვე არის ოთხჯერ შემცირებული და დაახლოებით 10%-ის ფარგლებში მერყეობს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შეგვიმცირდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა  შეგვიმცირდა, მაგრამ ეს ხდება შემზღუდავი ღონისძიებების პარალელურად. ეს იძლევა იმის წინაპირობას, რომ წესების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს შემთხვევების მატება, რასაც არ ექნება მნიშვნელოვანი ხასიათი.

  • 33 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ოფიციალურად დადასტურებული კოვიდი აჭარაში. პაატა იმნაძის თქმით, 2-3-ჯერ მეტია რეალური ინფიცირებულების ოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე. რეალურთან მიახლოებული სტატისტიკური სურათი როგორია?

ყველა ინფექციური დაავადების და ეპიდაფეთქების დროს, ყოველთვის არის ერთი დადასტურებული შემთხვევის უკან ორი დაუდასტურებელი საშუალოდ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე მინიმუმ ორჯერ და საშუალოდ სამჯერ მეტია, ვიდრე არის ოფიციალური სტატისტიკა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მესამედი ნაწილი რეგიონის მოსახლეობის. ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი.

  • გამოდის, 100 000 ადამიანს აქვს აჭარის რეგიონში კოვიდი გადატანილი?

ეს ძალიან უხეში ნათქვამია. ვამბობთ, რომ თუ ვართ 340 ათასი, მესამედი ნაწილი არის საშუალოდ, ვინც უკვე იყო კოვიდინფიცირებული. ეს ყველა ეპიდაფეთქების დროს ხდება და არა მხოლოდ ამ კორონავირსუსის დროს.

გამოვლენილი შემთხვევების უკან ყოველთვის არის მსუბუქი, არადიაგნოსტირებული, ის ვინც არ მიმართა ექიმს ან ვერ მიმართა. მსგავსი შემთხვევები ყოველთვისაა და ამიტომ ხდება ამის დაახლოებით დამრგვალება და ინფიცირებული თუ იმუნური ფენის განსაზღვრა.

გავიმეორებ, რადგან ბოლო კვლევებით რეინფიცირების რისკი რვა თვის განმავლობაში მცირეა, ამიტომ იყო ნათქვამი, რომ ვირუსის მომდევნო ტალღა აჭარისთვის უფრო მსუბუქი იქნება.

რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალდა ბათუმი, რადგან ყველაზე მეტი სიმჭიდროვე იყო, მეტი მოძრაობა იყო და მეტი წესების დარღვევა. აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად დაზარალდა ბათუმი.

  • ბოლო დღეებში, აჭარაში, ეგრეთ წოდებულ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევაზე ბევრი საუბრობს. რეგიონში დღეს არსებული მონაცემი, რამდენად იძლევა ამის თქმის საშუალებას?

ეს არის პოპულაციური იმუნიტეტი. ამ დაავადებასთან მიმართებაში, 60 %-იანი ინფიცირების მაჩვენებელი მაინც უნდა იყოს ან ვაქცინაციის დონე, რომ ვისაუბროთ პოპულაციურ იმუნიტეტზე. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ცოტა უხეშად გამომივა, მაგრამ ნუ ვიქნებით ამ პოპულაციური იმუნიტეტის იმედად. გადავიტანეთ თუ არ გადავიტანეთ, მაინც ყველამ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველა წესი, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. არაფერი არაა გამორიცხული. ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია წესები უნდა დავიცვათ. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ სოციალური შეკრებები, განსაკუთრებით ამ პერიოდში.

  • ითქვა, რომ „საწოლფონდი აჭარაში გადავიდა სტანდარტულ მდგომარეობაში“. ეს რას ნიშნავს?

12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო პაციენტები, სადაც არ იყო რეანიმაციული სერვისის მიწოდების პირობები და ამ კლინიკებს უკვე მივეცით გარკვეული ვადა, რომ მოემზადონ და დაუბრუნდნენ ძველ, მრავალპროფილურ რეჟიმს.

ის, რომ კლინიკები უბრუნდებიან თავიან რეჟიმს, იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნებიან მზად შესაძლო დაინფიცირებულის მიღებისგან. შესაძლოა პაციენტი სხვა ჩივილებით მივიდეს არაკოვიდსაავადმყოფოში და აღმოაჩნდეს [კოვიდი]. ყველა სამედიცინო დაწესებულება იქნება მზად იმისათვის, რომ მოახდინოს დროული იდენტიფიცირება სწრაფი ტესტით და გადაიყვანოს პაციენტი ბოქსირებულ პალატაში, სანამ არ მოხდება სრული დიაგნოსტირება. შემდგომ პაციენტი უნდა იმართოს მდგომარეობის მიხედვით.

ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მთელი სისტემა იყოს მობილიზებული კოვიდით ინფიცირებული შესაძლო პაციენტების გამოვლენისკენ. თუმცა კლასიკური გაგებით კოვიდ კლინიკა იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე

„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია.

„ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად ვაკმაყოფილებთ სატენდერო პირობებს, გაგვაჩნია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოოვეტერინარული კლინიკა, რაც იქნა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით, ასევე წარვადგინეთ დოკუმენტი თავშესაფარის [ვოლიერების და დამატებით მეორე ვეტერინარული კლინიკის] შესახებ, რომელიც გაგვაჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო მოთხოვნილი, რომ ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონოდა. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, განმარტა, რომ თითქოსდა ბათუმში ვერ შევძლებდით ამ მომსახურების გაწევას“, – აღნიშნულია გელა ნაცვლიშვილის საჩივარში, რომლითაც მან დავების განხილვის საბჭოს მიმართა.

გელა ნაცვლიშვილის საჩივარის მიხედვით, მან წარადგინა იმის დოკუმენტაცია, რომ შეეძლო „ლეშის გადატანა“ ბათუმიდან ოზურგეთში, საიდანაც ლეშს და სხვა ნარჩენებს გაიტანდა შესაბამისი კომპანია, რომელსაც აქვს სახიფათო ნარჩენების კრემაციის [ინსინერაციის] უფლება: „ამასთან, ჩვენ წარვადგინეთ ტენდერით მოთხოვნილი დოკუმენტები, რომ ცხოველების გადაყვანას მოვახდენდით ჯერ ბათუმში არსებულ კლინიკაში, შემდგომ პოსტოპერაციულად ოზურგეთში და მერე უკანვე დავაბრუნებდით ბათუმში“.

„სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება – ჩვენს მიმართ ის მოთხოვნა, რომ თითქოსდა ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონდეს, არის დისკრიმინაციული; ვინაიდან ასეთი კომპანია, რომელსაც ბათუმში აქვს ვოლიერები ერთადერთია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომა“, – აღნიშნულია საჩივარში.

ვოლიერები ოზურგეთში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

ინდმეწარმე დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს გაუქმდეს ბათუმის მერიის სატენდერო კომისიიის გადაწყვეტილება, „რომლითაც მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, მიღებულ იქნეს ახალი სამართლიანი გადაწყვეტილება, გამარჯვებულად იქნეს გამოვლენილი გელა ნაცვლიშვილი და მოწვეულ იქნეს ხელშერკულების გასაფორმებლად, ვინაიდან სრულყოფილად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რაც იქნა დადგენილი სატენდერო დოკუმენტაციით და კანონმდებლობით“.

2021 წლის განმავლობაში უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ბათუმის მერიამ ტენდერი 2020 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. დისკვალიფიკაცია კი კომისიამ გელა ნაცვლიშვილს 25 დეკემბრის ოქმით მიანიჭა. ნაცვლიშვილმა იმავე დღეს მიმართა დავების საბჭოს.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისია ოქმში მიუთითებს, რომ ტენდერის მოთხოვნა იყო მომსახურების გაწევა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და „სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევის შემთხვევაში მერიის მხრიდან შეუძლებელი იქნება მომსახურების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების ხარისხს“.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისიის ოქმიდან

„…ისე შეგვიძლია მოვიქცეთ, როგორც ბათუმის მერია გადაწყვეტს, თუმცა ეს არ ყოფილა დაკონკრეტებული სატენდერო დოკუმენტაციაში. ეს კითხვები ჩვენთვის არავის დაუსვამს, ამიტომ რაც იქნა მოთხოვნილი, ჩვენ ის დოკუმენტაცია წარვადგინეთ სრულყოფილად. სინამდვილეში კი, თუ ჩვენთან გაფორმდება ხელშეკრულება, დამატებითი ბაზის საშუალებაც გაგვაჩნია და ისიც შეგვიძლია გვქონდეს კიდევ ვოლიერები (თავშესაფარი) ბათუმშივე და ჩვენ რეალურად, თუ საჭიროება არის, შეგვიძლია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზევე ყველა მანიპულაცია გავაკეთოთ. თუმცა, ჩვენთვის ეს არავის არ უკითხავს დღემდე“, – აღნიშნულია გელა ნაცვლიშვილის წერილში, რომელიც მან დავების საბჭოში გააგზავნა.

გელა ნაცვლიშვილი მერიას მომსახურებას 329 900 ლარად სთავაზობს, სხვა პრეტენდენტი – შპს „სევერი“[CEBEP] კი 351 680 ლარად, ანუ რა თანხითაც გამოცხადებულია ტენდერი.

ბათუმის მერიის ანალოგიურ ტენდერებს ბოლო წლებში სწორედ შპს CEBEP-ი ისე იგებს, რომ მას ამ დრომდე კონკურენტი არ ჰყოლია. CEBEP-ი უწევს ასევე ექსპლუატაციას ბათუმის ნაგავსაყრელს ადლიაში.

მერიის სატენდერო კომისიამ გელა ნაცვლიშვილის დისკვალიფიკაციის შემდეგ გადაწყვიტა ხელშეკრულება CEBEP-თან გააფორმოს. ტენდერი, 6 იანვრის მდგომარეობით, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, საჩივარი კი – განხილვის პროცესში.

ტენდერის დასრულება ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს დავების საბჭო.

ამავე თემაზე:

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

ბათუმში კოვიდით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო, თამარ ჟღენტი გარდაიცვალა.  პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა ბაუ-ში ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა.

“პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა უკვე გართულებულ მდგომარეობაში. ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

რამდენიმე დღეში გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,“ – აცხადებენ კლინიკა ბაუ-ში.

კლინიკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაუ-ს ექიმები ყოველდღიურად გადიოდნენ კონსულტაციებს თავიანთ კოლეგებთან, როგორც თბილისში, ისე უცხოეთში მომუშავე ქართველ მედისკოსებთან.

“სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა გოგონას გადარჩენა და დღეს 12 საათზე გარდაიცვალა,” – აცხადებენ კლინიკაში.

მთავარი ფოტო: თამარ ჟღენტი

როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი

იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში.

კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში.

„ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რომ შესაბამის პირებზე 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის დარიცხვა 2021 წლის 25 იანვრის შემდეგ დაიწყება.

„დამსაქმებლების მიერ დეკლარაციების წარდგენის ბოლო ვადა არის 20 იანვარი. 20 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლების სამსახური აზუსტებს იმ კატეგორიის დასაქმებულებს, რომლებსაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში თუნდაც 2 თვეს აქვს აღებული ხელფასი, მაგრამ დეკემბერში დარჩნენ უხელფასოდ. ასეთი მოქალაქეების სიას, შემოსავლების სამსახური გადაუგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ამ სიის მიღებიდან 3 დღის ვადაში პირად ანგარიშებზე გადაურიცხავს თანხას მოქალაქეებს“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

დამსაქმებლებს [ორგანიზაციის ბუღალტრებს] კონკრეტულ თვეში, დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, უფლება აქვთ დააზუსტონ/წარადგინონ განაცხადი არაუგვიანეს იმავე თვის 28 რიცხვისა.

[toggle title=”მთავრობის დადგენილებით როგორ ხდება კომპენსაციის გაცემა ნახეთ აქ:“]

შესაბამის პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

დამქირავებელი ყოველთვიურად, არა უგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ პროგრამით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);
დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;

შემოსავლების სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული კომპენსაციის მისაღებად გათვალისწინებულ პირობებს, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არა უგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 25  რიცხვისა;

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“

[/toggle]

ამ თემაზე: 

ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული.

მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპობრივად ჩატარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადათხრილი ქუჩების აღდგენაზე ბოლო ოთხ თვეში ეს მეორე ტენდერია. პირველ შემთხვევაში ხელშეკრულება „გზებთან“ 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა და სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ხელშეკრულების თანხა  2 415 388 ლარი იყო. კომპანიისთვის უკვე გადახდილია 2 257 615 ლარი.

კეთილმოწყობის სამმართველოს ბათუმში ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 138 800 ლარია. მომსახურებას კი, შპს „გზები“ სამმართველოს ამავე ფასად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, დაწყებულია ხელშეკრულების მომზადება.

პირობის მიხედვით, კომპანიამ, 2021 წლის დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით [ჯამში 30 000 კვ/მ], ქალაქის ქუჩებში დაგებული რკინა-ბეტონის ფილების შეკეთება [5 280 კვ/მ] და ქუჩებზე არსებული ჭების [50 ცალი] მოყვანა ნიშნულზე.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს კონკრეტული ქუჩების კეთილმოწყობაზე უკვე აქვს რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული. ქუჩების კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2020-21 წლების ბიუჯეტებიდან 3 498 535 ლარი დაიხარჯება.

შპს „ზიმო 7“ – თან 1 768 542 ლარზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. სამუშაოები 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია:

  • მამია ვარშანიძის VI ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    მამია ვარშანიძის მეორე შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ბაღის ქუჩის პირველი შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ი. გრიშაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ი. გრიშაშვილის ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    რესტორან ოქროს თევზთან არსებულ ზებრა გადასასვლელზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის დაყვანა ნულოვანი ნიშნულის სამუშაოები

შპს „გზებთან“ 1 729 993 ლარზე ასევე 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხელშეკრულება და სამუშაოები 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ამ ხელშეკრულებით დაგეგმილია:

  • გოდერძი ჩოხელის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
    გოდერძი ჩოხელის ქუჩის I ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-3 ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-7 ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ზედაღელეს ქ.N2-დან N20-მდე მონაკვეთში ფეხით მოსიარულეთა სავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოები
    მაჭახელას N41-დან N59-მდე მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-9 შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    აეროპორტის გზატკეცილი N115-დან N125-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის I შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები

ამ თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

მთავარი ფოტო: ჯავახიშვილის ქუჩა, დეკემბერი, 2020 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი. ხილვადობა კარგი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 8 და 9 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რაც შეეხება ჰაერის ხარისხს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის 6 იანვრის 11:00 საათის მონაცემებით, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული – მათი შემცველობა ჰაერში დაშვებულ ნორმაზე მეტია [PM10 მკგ/მ3 და PM2.5 მკგ/მ3 ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი].

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

 

აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 იანვარი

გასული  24 საათის  განმავლობაში აჭარაში  კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამი პაციენტი.

6 იანვარს გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ია.

ქვეყნის მასშტაბით სულ 1 800 ახალი შემთხვევაა.

1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:  თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.

6 იანვრის  მონაცემებით აჭარაში 359 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე საავადმყოფოში, კოვიდ სასტუმროში 455, ხოლო ბინაზე მკურნალობს 842 ადამიანი.

კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 6 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 ტესტი მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით

1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.

6 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევა 7 911-ია, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

6 იანვარს ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს, 6 იანვარს, ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება. გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს.

საშობაო ლიტურგია ქვეყნის მოქმედ ტაძრებში 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან დაიწყება.

კომენდანტის საათი 7 იანვრის 21:00 საათიდან ისევ განახლდება. ქუჩაში გასვლა აკრძალული იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 10 წელი ძებნილი იყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

„გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის [ქურდობა] ჩადენისთვის წარედგინა.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა“ – აცხადებს შსს.

Exit mobile version