ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

08.09.2020 • 2181
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას.

12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად გაიმართება მატჩი – ანგისის სტადიონზე თუ სხვაგან, ჯერ არ არის გადაწყვეტილი“ – გვითხრეს ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურში.

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა 7 სექტემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ორი დღით ადრე კი, სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „… პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ, შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 21 აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 2 767  PCR ტესტირებიდან, დადასტურდა 21 ახალი შემთხვევა. ე.წ. ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებულია 3 შემთხვევა. დღეს, 8 სექტემბერს, დაიწყო ბაზრობაზე მასიური ტესტირება. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება“.

ბათუმში, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებას, 12 სექტემბერს, 6 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა. ღონისძიებისთვის კი, 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შესყიდვების სააგენტოდან შესაბამისი განაცხადი გამოიხმო.

ამ თემაზე:

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: