მთავარი,სიახლეები

დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს

08.01.2021 •
დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს

2021 წლის იანვრიდან „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“ ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს  ბავშვის დედამ ან მამამ.

„ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დახმარება [შვებულების ანაზღაურება] გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:

[checklist]

  • ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში – ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • დასაქმებულ მშობელს [მამა] ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;
  • დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.

[/checklist]

დასაქმებულს, ასევე საჯარო მოსამსახურეს დახმარება მიეცემათ: ორსულობისა და მშობიარობის გამო; ბავშვის მოვლის გამო; ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

შვებულებებისა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა/შვებულება ანაზღაურდება მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

დასაქმებულისთვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება [საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით].

თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ასევე გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა:

  • ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება  დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
  • ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება ხდება თანმიმდევრობით შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს [ბავშვის მამას] თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 90 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ წესით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით ან ასეთი შვებულების ნაწილით.

დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ამ ბრძანების ამოქმედებამდე ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი წესით. ამასთან, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული/გადარიცხული დახმარება უკან დაბრუნებას/მოთხოვნას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება“.

ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვის შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული. კოდექში ცვლილება გასულ წელს შეიტანეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: