მთავარი,სიახლეები

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

08.01.2021 • 5075
ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა
მისი შვილი ორი თვისაც არ იყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. საკუთარ თავზე მეტად ბავშვზე ნერვიულობდა. კლინიკაში გატარებულ 11 დღეზე, კოვიდზე, დედობაზე, პანდემიაზე და თანმხლებ სირთულეებზე ქეთა ლაბაძე „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“:

გამარჯობა, თქვენ კოვიდდადებითი ხართ

ზუსტად მახსოვს, 14 ოქტომბერი იყო. დღის რაღაც მონაკვეთში ვიგრძენი, რომ ყნოსვა დავკარგე. კოვიდზე ყველა ინფორმაცია მქონდა წაკითხული და მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, რადგან სხვა არანაირ დაავადებას არ ახასიათებს მოულოდნელად 100% ყნოსვის დაქვეითება, თან ისე, რომ არც სურდო გაქვს და არც სუნთქვა გიჭირს.

ვერ ვიჯერებდი. მხოლოდ გადამოწმების გამო გავიკეთე ტესტი, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო. ჩემი კონტაქტი იყო მინიმალური, ჯამში 5 ადამიანი – არ დავდიოდი არსად, ვიცავდი ყველა წესს, ჩემი შვილი მაშინ მხოლოდ თვე-ნახევრის იყო, ჩვენ ერთად ვსეირნობდით ეზოში, ლიფტით მიწევდა სარგებლობა, თუმცა, ბავშვის გამო ყველას და ყველაფერს ვერიდებოდი.

გამოწვევა – როგორ დავტესტო ოჯახის წევრები?

„ბოჭორიშვილში“ 16 ოქტომბერს მოვხვდი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დილით ახალი კოვიდინფიცირებულების რიცხვი 800-ს არ აჭარბებდა. შესაბამისად, ადგილები საავადმყოფოებში ჩემნაირი პაციენტებისთვისაც გამოინახებოდა. ახალგაზრდისთვის, რომელსაც არ აქვს კოვიდისთვის სახიფათო თანმხლები დაავადებები, თუმცა მთელი ორსულობა მიწევდა სისხლის გამათხელებლების მიღება, სისხლის შედედების მაჩვენებელი მაღალი მქონდა, ამიტომაც ოჯახის ექიმმა გადაწყვიტა საავადმყოფოში ჩემი გადაყვანა. საავადმყოფო ისეთი უნდა ამერჩია, სადაც ბავშვების მიღებაც შეეძლებოდათ, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს დაუდასტურდებოდა ვირუსი, ასევე სახლთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ბოჭორიშვილის კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ. ამიტომ დამჭირდა პირადი კონტაქტების გამოყენება კლინიკაში მოსახვედრად. 112 არ გარჩევინებს საავადმყოფოს – სადაც ადგილია, იქ გადაყავხარ.

კლინიკაში წასვლის წინ

ჩემი ოჯახის წევრების დატესტვა იყო მეორე პრობლემა, უარს ამბობდნენ – თუ სიმპტომები არ აქვს ვერ გავტესტავთო. თვე-ნახევრის ბავშვზე მეუბნებოდნენ, რომ სიმპტომები უნდა ჰქონოდა. მაშინ, როცა მე, პირადად, სიცხე საერთოდ არ მქონია. ყნოსვა და გემო დავკარგე მხოლოდ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ვკითხე, როგორ მეტყოდა თვე-ნახევრის ბავშვი, რომ ყნოსვა დაკარგა ან გემოს შეგრძნება დაუქვეითდა?! მაშინ თავადაც გაიაზრეს, რომ გაჭედილები იყვნენ ბიუროკრატიაში. გაიტესტა ჩემი მეუღლე და შვილი. საბედნიეროდ, არცერთს არ დადასტურებია ვირუსი.

„ბავშვის გამოკვებას შევძლებ?“

ყველაფერი დაიწყო სატელეფონო ზარით. დილით 10 საათზე, უცნობის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ კოვიდდადებითი ვარ. ხმამ მითხრა, რომ ახალგაზრდა ვარ და იზოლაციაში დავრჩე. ამოვილუღლუღე – ჩემი შვილი 2 თვისაც არ არის-მეთქი… ხმა შეცბუნდა, თანაგრძნობად გადაიქცა…

ჯერ იყო შიში, მერე სასოწარკვეთა, მე ხომ უკვე თვე-ნახევრის ნოე მყავდა, რომელსაც ძუძუთი ვკვებავდი. საკუთარი მკურნალობის სტრატეგიასა და შესაძლო გართულებებზე მეტად ეს მადარდებდა – როგორ მეკვება ჩემი შვილი? შევძლებდი კლინიკაში რძის შეგროვებას და მაცივარში უსაფრთხოდ შენახვას? მერე ტრანსპორტირება? თავში სრული ქაოსი მქონდა, ბარგის ჩალაგება რომ დავიწყე, პირველ რიგში, რძის ელექტროსაწველი აპარატი და შესანახი პაკეტები ჩავდე ჩემოდანში. ზუსტად ვიცოდი, რომ ძუძუთი კვება უნდა გამეგრძელებინა. თან ისე, რომ ჩემი შვილის უსაფრთხოება დამეცვა.

დედის რძის გამოსაწველი აპარატი

წაკითხული მქონდა, რომ დედის რძიდან კოვიდი არ გადაეცემა ჩვილს. ამას ჩავეჭიდე. დავიწყე სასწრაფოდ ინფორმაციის მოძიება. ჯანმოს, CDC-ის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია წავიკითხე. ყველა ინფორმაცია დამაიმედებელი იყო. ყველა კვლევით დასტურდებოდა, რომ დედის რძე უსაფრთხო იყო ჩვილისთვის. მეტიც, ეს დაცვის გარანტიაც იყო, რადგან ინფიცირებული დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც სისხლზე სწრაფად დედის რძეში გადადის. ბავშვისთვის ამ რძის მიღება ვაქცინის ტოლფასია.

ბავშვს ტესტის აღების შემდეგ ნიღბით ვაჭმევდი. სანამ სახლში ვიყავი ბოლო წუთამდე ვაჭმევდი. გადავწყვიტე ძუძუთი კვების გაგრძელება, ბავშვისთვის რძე უნდა გამომეგზავნა ბოჭორიშვილიდან.

პატარა ოთახში 3 პაციენტი დამხვდა. ერთი 22 წლის გოგო –  მისი შვილი 5 დღის იყო კლინიკაში რომ შემოიყვანეს. ჩემი მისვლისას უკვე 14 დღე ჰქონდა საავადმყოფოში გატარებული. პირველი ის ვკითხე, რძეს რას უშვრები-მეთქი. „ბავშვი შორს მყავს, ახალქალაქში და გავიშრეო. შენც გაგიშრობენ წამალს მოგცემენო…“

სასწრაფოდ დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში. ვუთხარი, რომ ძუძუთი კვების გაგრძელებას ვაპირებდი და მჭირდებოდა ხელშეწყობა. ყველა შეგიწყობს მაგაში ხელსო. დავმშვიდდი. ბოთლი ამოვიღე და გამოწველა დავიწყე. რძე პაკეტში მოვათავსე და რძის ჩანთაში ჩავდე, მაცივარში ადგილი გამომიძებნეს და მას შემდეგ ჩემი რძე სულ მოძრაობდა პალატიდან მაცივარში. პალატის დატოვება არ შეიძლება, ამიტომ ყოველჯერზე ექთანს ვიძახებდი და რძეს ვატანდი.

რძის პაკეტებს ჩემი მეუღლე დილით აკითხავდა. თითოეულ მათგანს სათითაოდ წმენდდა სტერილური ხსნარით და ათავსებდა რძის სპეციალურ ჩანთაში, რომ უსაფრთხოდ წაეღო ნოესთვის. იმისიც მეშინოდა, რომ ბოთლით ჭამის შემდეგ ბავშვი ძუძუზე უარს იტყოდა, თუმცა საბედნიეროდ, როცა კლინიკიდან სახლში მივედი, 2 თვის ნოემ ძუძუ მაშინვე სიამოვნებით დაიბრუნა.

კოვიდისგან თავის დასაცავად CDC-ის მარტივი ინსტრუქცია აქვს დედებისთვის:

  • დაიბანე ხელები გამოწველის დაწყებისას;
  • გამოიყენე სტერილური საწველი და ჭურჭელი;
  • გამოყენების შემდეგ ყველაფერი გარეცხე და გაასტერილე;
  • დაიცავი პირადი ჰიგიენა, დაიბანე მკერდი ხშირად.

კლინიკაში

კლინიკაში ყოფნა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ემოციურად რთული. შვილი ძალიან მენატრებოდა. ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ყოველდღურად ჩემს გარეშე. სწავლობდა რაღაც ახალს, ასევე ვხედავდი მის განცდებს, უდედობა ძალიან უჭირდა…

რთული იყო სხვა პაციენტებისთვისაც. იყვნენ მძიმეებიც. ერთი ბებო იყო 84 წლის. ძალიან ეშინოდა. მთელი ეს დრო ისმენდა, რომ მოხუცები კვდებიან კოვიდით, ამიტომ ეს შიში მის მდგომარეობას ამძიმებდა. ორივე ფილტვის ანთება განუვითარდა. ჩვენ ვამხნევებდით, ვანუგეშებდით, მაგრამ მოულოდნელად მძიმდებოდა და უკონტაქტო ხდებოდა.

სართულზე 75 პაციენტი იწვა და მხოლოდ 2 ექთანი იყო. ძალიან უჭირდათ გამკლავება, წნევის გაზომვას საათობით ველოდით. პაციენტი რომ მძიმდებოდა, ვინც კარგად ვიყავით, იმათ გვიწევდა მათზე ზრუნვა, ექიმთან და ექთნებთან გაუთავებელი ზარი, რომ მოეხედათ, სიცხის დამწევი მიეცათ. ეს არ იყო გულგრილობა, ეს იყო მძიმე მდგომარეობა, რაშიც ვიყავით ყველანი ჩავარდნილი –  ექიმები, ექთნები, პაციენტები და მთლიანი ჯანდაცვა.

ჩემს პალატაში იწვა ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი, წინა ხაზზე მებრძოლი ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელი.

ყველაზე კარგად ის თანადგომა დამამახსოვრდა, რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. შვილისთვის რძის მიწოდებაში მეხმარებოდნენ. მაგალითად, ერთხელ ჩამეძინა. ჩემი მეუღლე მოვიდა რძის წასაღებად, მობილურზე ხმა გათიშული მქონდა და ვერ გამაღვიძა. მიმღებში რძე რომ იკითხა, გოგოებმა თავად აიღეს მაცივრიდან და ჩაუტანეს, ისე რომ მე არც გამიგია. მამხნევებდნენ. ზოგჯერ ახალი ექთნები ან სანიტრები მოდიოდნენ პალატასთან, რომ დავენახე – ეს “მაგარი” დედიკო…“

პატარა ნოე და ქეთას დედა იმ კლინიკის წინ, სადაც ქეთა კოვიდს ებრძოდა

პანდემიამდე

პანდემიამდე აქტიურად ვცხოვრობდი. Full-Time ჯობის პარალელურად, ვიყავი ფრილანსერი, სარესტორნო ქსელის რამდენიმე ფეისბუქგვერდს ვმართავდი. პანდემიამ ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ეს ბიზნესი ჩააგდო. ამ ეტაპზე მარკეტინგულ ხარჯებს ვეღარ გასწევენ. დავდიოდი ინგლისურზე, ვხვდებოდი მეგობრებს, დავდიოდი თეატრში, კინოში, ასევე აქტიურად ვიყენებდი FitPass ბარათს, ცურვა მეხმარებოდა განტვირთვაში. ფაქტობრივად, თებერვალში ერთი წელი სრულდება ამ ყველაფრის გარეშე რაც მიწევს ცხოვრება.

პანდემიამ სახლში გამომკეტა და ჩემი შემოსავლები 30%-ით შეამცირა. 14 მარტის შემდეგ ვმუშაობ სახლიდან. ორსულობის გამო ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ღელავდნენ, ეშინოდათ ორსულს არ გადამდებოდა ვირუსი, ამიტომაც ყველა მიფრთხილდებოდა, არავინ არ მოდიოდა სტუმრად. მათ შორის ოჯახის წევრები. ორსულისთვის გამოკეტვა ძალიან ცუდი შედეგის მომტანია. ექიმის რეკომენდაციით, დღეში 2 საათი უნდა მესეირნა, ამიტომ გადავსახლდი სოფელში და ვმუშაობდი იქიდან.

ვაქცინა

რა თქმა უნდა, გავიკეთებ. პირველ რიგში ჩემი ახლობლების უსაფრთხოების გამო!

სხვათა შორის, ბევრი რძე მაქვს, ამიტომ ვახდენ რძის დონაციას. ბავშვი, რომელიც ღებულობდა ჩემს რძეს, გადაურჩა ვირუსს, არადა მთელს ოჯახს კორონა ჰქონდა – დაინფიცირდა დედა, მამა და მათი 4 წლის შვილი, თუმცა 6 თვის დემნა ვირუსს გადაურჩა. მისი დაცვა შეძლო ჩემმა რძემ, რომელიც შეიცავდა ანტისხეულებს.

ქეთა და 4 თვის ნოე, იანვარი, 2021

გადაბეჭდვის წესი


ასევე: