მოსაზრება,სიახლეები

ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა 

07.01.2021 • 4110
ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა 

კომპანია „სტარის“ მფლობელს და მის რამდენიმე თანამშრომელს ახალი წლის დღეებში ოფისში თავს დაესხნენ. „თარჯიმანს სცემეს. მფლობელი ოფისიდან გამოიპარა და მე დამირეკა. 4 მანქანით მიუვარდნენ. რადგან თურქეთის მოქალაქეები არიან, მათ ძვირადღირებულ ტექნიკას ართმევენ“, – ამას ლელა ბჟალავა ამბობს.

ლელა ბჟალავა ადვოკატია, რომელიც ირწმუნება, რომ აურზაური ბათუმის სამრეწველო უბანში მოქალაქე ირაკლი შარაბიძემ მოაწყო. კომპანიის მფლობელები გუშინ თურქეთის საელჩოში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სამი ბაშქანი „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ კონფლიქტის საკუთარ ვერსიას საელჩოდან გამოსვლის შემდეგ გაგვიზიარებდა, მაგრამ ბოლოს კომენტარზე უარი განაცხადა.

ირაკლი შარაბიძე კი ადვოკატ ლელა ბჟალავას არც ერთ სიტყვას არ ეთანხმება. კონფლიქტის შემდეგ ის ხელვაჩაურის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი გამოსაკითხად. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 126-ე – ძალადობის და 360-ე – თვითნებობის მუხლებით.

ადვოკატ ლელა ბჟალავას თქმით, კომპანია „სტარის“ მფლობელები საქართველოში ქვიშა-ღორღზე მუშაობენ – ყიდულობენ ბალასტს, ამუშავებენ და ყიდიან: „რადგან უცხოელები არიან, ცდილობენ ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად გააკეთონ“.

სწორედ ამ ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა „სტარმა“ ერთი წლის წინ ირაკლი შარაბიძესთანაც, რომლის შესახებაც დღეს ამბობენ, რომ ის მათ, როგორც უცხოელებს აგინებს, ემუქრება და აიძულებს დაუთმონ ძვირადღირებული ტექნიკა.

ვინ არის ირაკლი შარაბიძე? – ლელა ბჟალავას თქმით, ყოფილი მსჯავრდებულია, რომელიც ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

„ირაკლი შარაბიძემ ერთი წლის წინ უთხრა ჩემს კომპანიას, რომ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწვდიდა ბალასტს. ბარტერი იყო ტრაქტორი. ვიღაც მუხრანს მოჰქონდა ეს ბალასტი და დაახლოებით 20 ათასი დოლარის ბალასტი რომ მიუტანეს, მერე მუხრანმა ფული მოითხოვა და სასამართლოშიც იჩივლა. ამის ინვოისი არსებობს.

ასე გამოვიდა, რომ ბარტერი არ შედგა, ამიტომ კომპანიამ ძვირადღირებული ტრაქტორი უკან დაიბრუნა. თუმცა, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან და ირაკლის აგრესიულობის ამბავი იცოდნენ, მას 60 ათას დოლარად ღირებული ტრაქტორი მისცეს – ამჯერად მიაქირავეს თვეში 15 ათას ლარად“, – გვიყვება ლელა ბჟალავა.

ლელა ბჟალავას თქმით, ირაკლი შარაბიძე  პანდემიის მოტივით შეთანხმებულ თანხას – არც ამ 15 ათას ლარს უხდიდა კომპანიას. „ჩემს კომპანიას ეს ტრაქტორები ნაქირავები ჰყავს სტამბულში დარეგისტრირებული კომპანიისგან და 300 ათასი ვალი დაუგროვდა. ამიტომ, ერთ დღესაც, როცა შეამოწმა მფლობელმა გაქირავებული ტრაქტორის მრიცხველი, აღმოჩნდა, რომ ტრაქტორი პანდემიის პერიოდშიც შეუჩერებლად მუშაობდა. ცხადია, ტრაქტორი წამოიყვანა თავის ოფისთან. სწორედ ამის გამო მივარდა ირაკლი შარაბიძე 4 მანქანით, თარჯიმანს სცემეს და ტრაქტორი ისევ უკან წაიყვანეს“.

საქმეში პოლიცია ადვოკატის ზარის შემდეგ ჩაერთო. როგორც ლელა ბჟალავა აცხადებს, პოლიციამ სადავო ტრაქტორი ირაკლი შარაბიძის სახლთან იპოვა და დალუქა.

ირაკლი შარაბიძის ვერსია

ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ ამ საქმეში პირიქით – თავად არის დაჩაგრული. ადასტურებს, რომ მართლა იჩხუბეს უცხოელი ბიზნესმენის ოფისში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავად იყვნენ აგრესიულები.

„მოიპარა ტრაქტორი და რომ მივედი წამოსაყვანად, წავიდა ჭიდაობა. მომეპარა და არმატურა ჩამარტყა თავში. დაზიანება მაქვს. დიდი არა, მაგრამ დაზიანებაა.

მე მაგ კაცთან ვმეგობრობდი. ერთად ვმუშაობდით – 120 ათასი ლარი მაქვს გადახდილი. ხან ბალასტი მივუტანე, ხან სხვისთვის ჰქონდა 5-10 ათასის ვალი მისაცემი და გადავუხადე. მოწმეები მყავს და დაადასტურებენ სასამართლოში“, – გვითხრა ირაკლი შარაბიძემ.

ის დაპირისპირების შესახებ საკუთარ ვერსიას გვიყვება: „ფინანსურმა დააჯარიმა – 300 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. შენ მომიტანე უსაბუთოდ ბალასტი და მაგიტომ დამაჯარიმეს, ტრაქტორი მომეცი, უნდა გავყიდო და ჯარიმა გადავიხადოო. 170 ათასი ლარი შენ უნდა გადაიხადოო… მე არაფერს არ გადავუხდი“, – აცხადებს ირაკლი შარაბიძე.

მართლა უკანონოდ ხომ არ მოიპოვებს ბალასტს? – ამ კითხვას ირაკლი შარაბიძემ პირდაპირ არ უპასუხა. თუმცა დაგვიდასტურა, რომ ის ინერტული მასალების უკანონო მოპოვების გამო ერთხელ ნამდვილად გაასამართლეს: „ბალასტის თემაზე უბრალოდ, ჭოროხში მოვიპოვებდი… მაგაზე არც იჭერენ ადამიანს, მაგაზე მქონდა პირობითი. უკანონოდ მოვიპოვებდი და მესამე წელი გავიდა…

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს 25 კაცით მიუვარდი – ტყუილია. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, როცა ჩხუბი დაიწყო, ჩემმა მეგობარმაც დაარტყა. ამასობაში ხალხიც შეგროვდა და იძახიან 25 კაცით მოვვარდაო. რაც უნდა ის თქვას, მე არ მივცემ მაგ ტრაქტორს, ჩემია“.

იქედან გამომდინარე, რომ დასვენების დღეებია, „ბათუმელებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ვერ ჰკითხა, მართლა თუ ჰქონდა სადავო ტრაქტორი დაპლომბილი იმის გამო, რომ ამ ტრაქტორით უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: