მთავარი,სიახლეები

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

06.01.2021 • 1958
აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღის გაჩენის რისკი ნაკლებია – ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. რამდენად რეალურია ეს და რაზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს სპეციალისტები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მიმართა.

  • ქალბატონო ნინო, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მომდევნო ტალღა აჭარას სავარაუდოდ აღარ ემუქრება. რა  იძლევა ამის თქმის საფუძველს, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ?

ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ აჭარის რეგიონში აგვისტოს თვიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსის ახალი შემთხვევების. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის თითქმის მესამედმა უკვე გადაიტანა ინფექცია. აჭარა ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი იყო.

თუკი გავითვალისწინებთ უკანასკნელ კვლევებს, რომ ის პირები, ვინც გადაიტანეს დაავადება საშუალოდ 6-8 თვე დაცული არიან რეინფიცირებისგან, ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ამ ადამიანების ხელახალი ინფიცირება გამორიცხულია.

თუმცა შესაძლოა იყოს შემთხვევების მატება, რისკფაქტორებთან ან პირადი უსაფრთხოების წესების უგულებელყოფასთან ასოცირებული – არის მოსახლეობის საკმაო ნაწილი, რომელსაც არ გადაუტანია ჯერ ინფექცია. შესაძლოა შემთხვევების მატება იყოს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ.

იცით, რომ, ზოგადად, გვყავს 33 ათასი გამოჯანმრთელებული პირი. ამას გარდა, კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ონლაინმეთვალყურეობაზე გვყავს საშუალოდ 1500 პაციენტი. ეს არის გაცილებით ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ჩვენ გვქონდა პიკურ პერიოდში – საშუალოდ 6 500-ზე მეტი იყო ხოლმე აქტიური შემთხვევა. აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიმცირდა შემთხვევების რაოდენობა და ეს პირდაპირ კავშირშია შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრებასთან.

ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში შემსუბუქდა შეზღუდვები, ამასთან მეტ-ნაკლებად მაინც დაარღვიეს მოქალაქეებმა წესები. ამ დღეების შედეგები დაახლოებით 10-14 იანვრისთვის უნდა იყოს სახეზე. შესაძლოა გვქონდეს შემთხვევების მატება, მაგრამ ჩვენი ვარაუდით ეს არ იქნება მნიშვნელოვანი მატება.

ვიდრე გვაქვს შემზღუდველი ღონისძიებები, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გახლავთ ტესტირების გაფართოება. ყველა მსუბუქი, ყველა უსიმპტომო, ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა ინფიცირების უნდა გამოვლინდეს, დროული იზოლაცია მოხდეს, რომ შემდეგი გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

თქვენ იცით, რომ ორი დღეა დავიწყეთ როგორც უსიმპტომო პირების ანტიგენ-ტესტირება, აგრეთვე ტაქსის მძღოლების, რელიგიური კონფესიების, ღია და დახურული ბაზრობების მოვაჭრეების ტესტირება. მიუხედავად გაფართოებული ტესტირებისა, მიმართვიანობა ნაკლებია პოლიკლინიკებში. საახალწლო დღეებში იყო მიმართვიანობა 400-500 და ახლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1300-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა. ამ 1300-ზე მეტი ტესტიდან 119 დადებითი შემთხვევა გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირების პროცენტი არის შემცირებული. ანუ რამდენი ტესტიც არ უნდა ჩატარდეს, თუკი პიკურ პერიოდში დაახლოებით 40 %-იანი გამოვლენა გვქონდა, დღეს უკვე არის ოთხჯერ შემცირებული და დაახლოებით 10%-ის ფარგლებში მერყეობს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შეგვიმცირდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა  შეგვიმცირდა, მაგრამ ეს ხდება შემზღუდავი ღონისძიებების პარალელურად. ეს იძლევა იმის წინაპირობას, რომ წესების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს შემთხვევების მატება, რასაც არ ექნება მნიშვნელოვანი ხასიათი.

  • 33 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ოფიციალურად დადასტურებული კოვიდი აჭარაში. პაატა იმნაძის თქმით, 2-3-ჯერ მეტია რეალური ინფიცირებულების ოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე. რეალურთან მიახლოებული სტატისტიკური სურათი როგორია?

ყველა ინფექციური დაავადების და ეპიდაფეთქების დროს, ყოველთვის არის ერთი დადასტურებული შემთხვევის უკან ორი დაუდასტურებელი საშუალოდ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე მინიმუმ ორჯერ და საშუალოდ სამჯერ მეტია, ვიდრე არის ოფიციალური სტატისტიკა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მესამედი ნაწილი რეგიონის მოსახლეობის. ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი.

  • გამოდის, 100 000 ადამიანს აქვს აჭარის რეგიონში კოვიდი გადატანილი?

ეს ძალიან უხეში ნათქვამია. ვამბობთ, რომ თუ ვართ 340 ათასი, მესამედი ნაწილი არის საშუალოდ, ვინც უკვე იყო კოვიდინფიცირებული. ეს ყველა ეპიდაფეთქების დროს ხდება და არა მხოლოდ ამ კორონავირსუსის დროს.

გამოვლენილი შემთხვევების უკან ყოველთვის არის მსუბუქი, არადიაგნოსტირებული, ის ვინც არ მიმართა ექიმს ან ვერ მიმართა. მსგავსი შემთხვევები ყოველთვისაა და ამიტომ ხდება ამის დაახლოებით დამრგვალება და ინფიცირებული თუ იმუნური ფენის განსაზღვრა.

გავიმეორებ, რადგან ბოლო კვლევებით რეინფიცირების რისკი რვა თვის განმავლობაში მცირეა, ამიტომ იყო ნათქვამი, რომ ვირუსის მომდევნო ტალღა აჭარისთვის უფრო მსუბუქი იქნება.

რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალდა ბათუმი, რადგან ყველაზე მეტი სიმჭიდროვე იყო, მეტი მოძრაობა იყო და მეტი წესების დარღვევა. აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად დაზარალდა ბათუმი.

  • ბოლო დღეებში, აჭარაში, ეგრეთ წოდებულ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევაზე ბევრი საუბრობს. რეგიონში დღეს არსებული მონაცემი, რამდენად იძლევა ამის თქმის საშუალებას?

ეს არის პოპულაციური იმუნიტეტი. ამ დაავადებასთან მიმართებაში, 60 %-იანი ინფიცირების მაჩვენებელი მაინც უნდა იყოს ან ვაქცინაციის დონე, რომ ვისაუბროთ პოპულაციურ იმუნიტეტზე. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ცოტა უხეშად გამომივა, მაგრამ ნუ ვიქნებით ამ პოპულაციური იმუნიტეტის იმედად. გადავიტანეთ თუ არ გადავიტანეთ, მაინც ყველამ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველა წესი, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. არაფერი არაა გამორიცხული. ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია წესები უნდა დავიცვათ. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ სოციალური შეკრებები, განსაკუთრებით ამ პერიოდში.

  • ითქვა, რომ „საწოლფონდი აჭარაში გადავიდა სტანდარტულ მდგომარეობაში“. ეს რას ნიშნავს?

12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო პაციენტები, სადაც არ იყო რეანიმაციული სერვისის მიწოდების პირობები და ამ კლინიკებს უკვე მივეცით გარკვეული ვადა, რომ მოემზადონ და დაუბრუნდნენ ძველ, მრავალპროფილურ რეჟიმს.

ის, რომ კლინიკები უბრუნდებიან თავიან რეჟიმს, იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნებიან მზად შესაძლო დაინფიცირებულის მიღებისგან. შესაძლოა პაციენტი სხვა ჩივილებით მივიდეს არაკოვიდსაავადმყოფოში და აღმოაჩნდეს [კოვიდი]. ყველა სამედიცინო დაწესებულება იქნება მზად იმისათვის, რომ მოახდინოს დროული იდენტიფიცირება სწრაფი ტესტით და გადაიყვანოს პაციენტი ბოქსირებულ პალატაში, სანამ არ მოხდება სრული დიაგნოსტირება. შემდგომ პაციენტი უნდა იმართოს მდგომარეობის მიხედვით.

ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მთელი სისტემა იყოს მობილიზებული კოვიდით ინფიცირებული შესაძლო პაციენტების გამოვლენისკენ. თუმცა კლასიკური გაგებით კოვიდ კლინიკა იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: