მთავარი,სიახლეები

სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია

09.01.2021 • 4475
სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია

ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი:

  • ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა;
  • ბ) გრიგოლეთში ავტომაგისტრალზე მოეწყობა გვირაბი – გვირაბში სატრანზიტო/სატვირთო მოძრაობა იქნება, გვირაბს ზემოთ კი – საკურორტო ქუჩა.

ახალი კონცეფციით, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე ყვავილნარის, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გრიგოლეთის [მალთაყვამდე] განვითარებაა დაგეგმილი. ყვავილნარს და გრიგოლეთს კი, ერთმანეთთან საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს, რომელიც მდინარე სუფსაზე ზღვის შესართავთან აშენდება [„ყვავილნარი“ ურეკსა და სუფსის შესართავს შორის არსებული ზღვის სანაპირო ტერიტორიაა].

კონცეფციით ასევე გათვალისწინებულია:

  • მსხვილი სავაჭრო ცენტრის განთავსება და მის მიმდებარედ საავტომობილო პარკინგის მოწყობა; საცხენოსნო კლუბის, გოლფ-კლუბისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობა;
  • გრიგოლეთის ტერიტორიაზე „მწვანე გზების“ რეალიზება – რომელიც ერთიან სისტემად შეკრავს კურორტისა და მულტირეგიონულ „მწვანე მობილობას“; სათავგადასავლო-სპორტული პარკის მოწყობა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება;
  • „ყვავილნარში“ კემპინგისა და საფესტივალო ღია სივრცის მოწყობა;
  • მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე ავტოტრეილერების პარკის მოწყობა;
  • „ყვავილნარის“ აუთვისებელი საკურორტო პოტენციალის რეალიზების მიზნით საშუალო კლასის დაბალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, ხოლო მაღალი კლასის სასტუმროს – „სუფსის კონცხი“ (Soupsa Cape) – აგება მდინარე სუფსის [მარჯვენა ნაპირზე] შესართავთან, კონცხზე;
  • სუფსის შესართავის მარჯვენა ნაპირის სიახლოვეს საკაბოტაჟო ტურისტული ნაოსნობისთვის ნავმისადგომის მოწყობა;
  • არსებული ჰიდროქსელის რეაბილიტაცია – არამოტორიზებული ნავებით პალიასტომის ტბისა და მდინარე ფიჩორის დათვალიერების მიზნით; ასევე აკვაპარკის მოწყობა.

გრიგოლეთის განაშენიანების კონცეფციიდან

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის კონცეფციაში კურორტის განაშენიანების ღერძზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზით (E-70) შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის ორი ალტერნატივაა
შემოთავაზებული:

  • აღნიშნული გზის სატვირთო ნაკადების გადატანა შემდეგი სქემით: ფოთი-სენაკი-სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-ბათუმი, რასაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მშენებლობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს.
  • ინტენსიურ მონაკვეთზე მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც გაატარებს ყველა სატრანზიტო და სატვირთო ნაკადს. ხოლო გვირაბის გადახურვის თავზე მოეწყობა შიდა საკურორტო „მწვანე ქუჩა“.

სატრანზიტო მოძრაობის არსებული და დაგეგმილი ორი ვარიანტი გრიგოლეთის განაშენიანების კონცეფციიდან

ველოტრანსპორტით მოსარგებლეებისათვის განხილულია ორი ვარიანტი, პირველი – ველოსიპედის ზოლი გზის გასწვრივ, იმ მგზავრებისთვის, ვინც ველოსიპედს შედარებით შორ მანძილზე მისასვლელ ტრანსპორტად იყენებს და მეორე – სპორტულ-სარეკრეაციო დანიშნულებით, ანუ ველობილიკების დაგეგმარება ზღვის მხარეს არსებულ სარეკრეაციო სივრცეებში, მათ შორის, ფიჭვის კორომთან.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კონცეფციაა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო
ზოლის განაშენიანების საბოლოო გეგმა უნდა შეიმუშაოს. ტერიტორიის მთლიანი ფართობი შეადგენს 3 690 491 კვ.მ-ს [369 ჰა-ს].

ლანჩხუთის მერიამ გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიში უნდა მოამზადოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციების შესაბამისად.

სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა 2020 წლის 30 დეკემბერს გასცა.

 

დოკუმენტების მიხედვით, გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის კონცეფცია, ლანჩხუთის მერიის დაკვეთით, ა(ა)იპ საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტმა მოამზადა. პროექტის დამფინანსებელია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში.

 

მთავარი ფოტო: გრიგოლეთის სანაპირო / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: