ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება.
აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„გადაწყდა, რომ მოხდეს გახსნის პროცესში მასობრივი კულტურული ღონისძიების გამართვა. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს მიერ შემუშავდა შესაბამისი პროგრამა და ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებშიც უმცირესი ფასი 490 895 ლარი და 15 თეთრი დღგ-ს ჩათვლით დააფიქსირა შპს ,,სტუდია“-მ“, – აღნიშნულია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადში.
განაცხადს თან ახლავს შპს „სტუდიას“ ინვოისი და სცენარი.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „სტუდია 1,2,3“-ის 100% წილის მფლობელია თამარ ფოცხიშვილი, დირექტორია გიორგი ტეტიაშვილი. სცენარს კი, რომელიც აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადთან ერთად არის ატვირთული, ხელს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი აწერს.
სცენარს ახლავს შენიშვნა: „პანდემიით გამოწვეული საშიშროების გამო, ბავშვების მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია მონაწილეებს შორის. მაყურებლის სოციალური დისტანცირების კონტროლზე სტუდიის შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი პასუხისმგებლობას არ იღებს. ეს მხარე უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი სამსახურების მხრიდან“.
- „იდეა ერთიანობის, თბილისის და ბათუმის მუსიკოსების და მოცეკვავეების ერთობლივად შესრულებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
- საქართველოს ჰიმნი, საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები – ოთარ ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, თეონა დვალი. ბათუმის ოპერის გუნდი. ქორეოგრაფიული ანსამბლები. ტანმოვარჯიშეები.
- ინსტრუმენტალური კომპოზიცია დასარტყამი ინსტრუმენტების /drum/ დუეტი ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე „ბათუმს ქათქათას” ახალი არანჟირებით.
- ცერემონიალური ნაწილი
- სიტყვით გამოსვლები
- დროშების გამოტანა ბათუმისა და თბილისის დინამოს ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელების მიერ. ფეიერვერკი.
- მასობრივი კოსტიუმირებული სანახაობა აკადემიურ სტილში გაკეთებული. ხანგრძლივობა 25 -30 წუთი. სტადიონი დაფარული იქნება სპეციალური საფარით. დეკორაცია.
- საზეიმო ცერემონია გაიხსნება მაჟორული ინსტრუმენტალური კომპოზიციით. 30 მედოლე სტადიონის სხვადასხვა მხრიდან შემოდის მოედანზე, სცენაზე დგას სოლისტი კახაბერი.
- ინსტრუმენტალური კომპოზიცია გადადის სიმღერა ბათუმს ქათქათას, რომელსაც ახალი ორიგინალური არანჟირებით ასრულებს სოფო ხალვაში და კახაბერი.
- მუსიკალური მარშის ფონზე ეყოლება სტადიონის ისტორია.
- სცენაზე შემოდიან მეტოქეები.
- ბათუმელი და თბილისელი მომღერლები ნინო ქათამაძე და ნატო მეტონიძე შეასრულებენ სიმღერას თოლიები ახალი არანჟირებით მასობრივი სანახაობის ფონზე.
- ოფიციალური სიტყვები, სპეციალურ სცენაზე.
- საზეიმო გახსნა, სიმბოლურად ლენტის გაჭრა.
- საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები ოთარ ნაკაშიძე, თეონა დვალი და სულხან ჯაიანი .
- ფეიერვერკი.
- ბათუმის დინამოს და თბილისის დინამოს დროშების გამოტანა გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების მიერ. ფეხბურთელების გამოსვლა მოედანზე. შესრულდება გუნდების ჰიმნები. წამყვანის ხმა ცერემონიის მსვლელობისას მოგვითხრობს ქართული ფეხბურთის მოკლე ისტორიას“.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2018 წლის იანვარში დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/298410/