მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

05.01.2021 • 4437
ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში.

200 ლარს მიიღებს ის დაქირავებული, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ან თუ ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში.

კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე. თუ ამ კატეგორიის მოქალაქეებს 2021 წლის მარტიდან ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდებათ 10 ლარზე მეტი ხელფასის მიღება, კომპენსაციის მიღება შეუწყდებათ.

მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციას მიიღებს დაქირავებული, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ, ან მეტ თვეს არ იღებს ხელფასს [მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო];
200 ლარიან კომპენსაციას ასევე მიიღებს პირი, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

„კომპენსაციის მისაღებად იმ დასაქმებულის, რომელიც უმუშევარი დარჩა, მონაცემებს შემოსავლების სამსახურში აგზავნის შესაბამისი ორგანიზაციის ბუღალტერი და უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს რაიმე დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის ან აპლიკაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ“, – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე [2020 წელს] კომპენსაცია 162 275 -მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 131 197 200 ლარია.

2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება ასევე გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა.

ამ თემაზე:

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: