ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე

06.01.2021 • 2282
რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე

„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია.

„ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად ვაკმაყოფილებთ სატენდერო პირობებს, გაგვაჩნია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოოვეტერინარული კლინიკა, რაც იქნა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით, ასევე წარვადგინეთ დოკუმენტი თავშესაფარის [ვოლიერების და დამატებით მეორე ვეტერინარული კლინიკის] შესახებ, რომელიც გაგვაჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო მოთხოვნილი, რომ ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონოდა. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, განმარტა, რომ თითქოსდა ბათუმში ვერ შევძლებდით ამ მომსახურების გაწევას“, – აღნიშნულია გელა ნაცვლიშვილის საჩივარში, რომლითაც მან დავების განხილვის საბჭოს მიმართა.

გელა ნაცვლიშვილის საჩივარის მიხედვით, მან წარადგინა იმის დოკუმენტაცია, რომ შეეძლო „ლეშის გადატანა“ ბათუმიდან ოზურგეთში, საიდანაც ლეშს და სხვა ნარჩენებს გაიტანდა შესაბამისი კომპანია, რომელსაც აქვს სახიფათო ნარჩენების კრემაციის [ინსინერაციის] უფლება: „ამასთან, ჩვენ წარვადგინეთ ტენდერით მოთხოვნილი დოკუმენტები, რომ ცხოველების გადაყვანას მოვახდენდით ჯერ ბათუმში არსებულ კლინიკაში, შემდგომ პოსტოპერაციულად ოზურგეთში და მერე უკანვე დავაბრუნებდით ბათუმში“.

„სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება – ჩვენს მიმართ ის მოთხოვნა, რომ თითქოსდა ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონდეს, არის დისკრიმინაციული; ვინაიდან ასეთი კომპანია, რომელსაც ბათუმში აქვს ვოლიერები ერთადერთია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომა“, – აღნიშნულია საჩივარში.

ვოლიერები ოზურგეთში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

ინდმეწარმე დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს გაუქმდეს ბათუმის მერიის სატენდერო კომისიიის გადაწყვეტილება, „რომლითაც მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, მიღებულ იქნეს ახალი სამართლიანი გადაწყვეტილება, გამარჯვებულად იქნეს გამოვლენილი გელა ნაცვლიშვილი და მოწვეულ იქნეს ხელშერკულების გასაფორმებლად, ვინაიდან სრულყოფილად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რაც იქნა დადგენილი სატენდერო დოკუმენტაციით და კანონმდებლობით“.

2021 წლის განმავლობაში უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ბათუმის მერიამ ტენდერი 2020 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. დისკვალიფიკაცია კი კომისიამ გელა ნაცვლიშვილს 25 დეკემბრის ოქმით მიანიჭა. ნაცვლიშვილმა იმავე დღეს მიმართა დავების საბჭოს.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისია ოქმში მიუთითებს, რომ ტენდერის მოთხოვნა იყო მომსახურების გაწევა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და „სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევის შემთხვევაში მერიის მხრიდან შეუძლებელი იქნება მომსახურების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების ხარისხს“.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისიის ოქმიდან

„…ისე შეგვიძლია მოვიქცეთ, როგორც ბათუმის მერია გადაწყვეტს, თუმცა ეს არ ყოფილა დაკონკრეტებული სატენდერო დოკუმენტაციაში. ეს კითხვები ჩვენთვის არავის დაუსვამს, ამიტომ რაც იქნა მოთხოვნილი, ჩვენ ის დოკუმენტაცია წარვადგინეთ სრულყოფილად. სინამდვილეში კი, თუ ჩვენთან გაფორმდება ხელშეკრულება, დამატებითი ბაზის საშუალებაც გაგვაჩნია და ისიც შეგვიძლია გვქონდეს კიდევ ვოლიერები (თავშესაფარი) ბათუმშივე და ჩვენ რეალურად, თუ საჭიროება არის, შეგვიძლია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზევე ყველა მანიპულაცია გავაკეთოთ. თუმცა, ჩვენთვის ეს არავის არ უკითხავს დღემდე“, – აღნიშნულია გელა ნაცვლიშვილის წერილში, რომელიც მან დავების საბჭოში გააგზავნა.

გელა ნაცვლიშვილი მერიას მომსახურებას 329 900 ლარად სთავაზობს, სხვა პრეტენდენტი – შპს „სევერი“[CEBEP] კი 351 680 ლარად, ანუ რა თანხითაც გამოცხადებულია ტენდერი.

ბათუმის მერიის ანალოგიურ ტენდერებს ბოლო წლებში სწორედ შპს CEBEP-ი ისე იგებს, რომ მას ამ დრომდე კონკურენტი არ ჰყოლია. CEBEP-ი უწევს ასევე ექსპლუატაციას ბათუმის ნაგავსაყრელს ადლიაში.

მერიის სატენდერო კომისიამ გელა ნაცვლიშვილის დისკვალიფიკაციის შემდეგ გადაწყვიტა ხელშეკრულება CEBEP-თან გააფორმოს. ტენდერი, 6 იანვრის მდგომარეობით, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, საჩივარი კი – განხილვის პროცესში.

ტენდერის დასრულება ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს დავების საბჭო.

ამავე თემაზე:

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: