მთავარი,სიახლეები

35 დღე იზოლაციაში – ფოტოგრაფის ისტორია

07.01.2021 • 1954
35 დღე იზოლაციაში – ფოტოგრაფის ისტორია
ედო მჟავანაძე ვებ-დეველოპერი და ფოტოგრაფია. ცხოვრობს ბათუმში. პანდემიამდე მისი ცხოვრება დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. თუმცა პანდემიამ სხვა ადამიანების მსგავსად, მასთანაც ბევრი რამ შეცვალა. ოქტომბერში კოვიდი გადაიტანა.
თავის ისტორიას ედო  „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის „ადამიანები პანდემიის დროს“:

პანდემიამდე

პანდემიამდე როგორ ვცხოვრობდი? იმდენად რთული კითხვაა, რომ გახსენებაც მიჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბავზე მეკითხებით.

სულ დაკავებული ვიყავი და სულ ვმუშაობდი. თუკი სადმე რამე ხდებოდა, ყველგან ვიყავი. ერთი თვის მანძილზე მინიმუმ 15 გადაღება მქონდა. გასული წლის მარტისკენ, როცა დაიწყო საუბარი, რომ რაღაც ვირუსი არსებობდა, ნელ-ნელა ღონისძიებები შემცირდა. ზოგიც გადაიდო. მერე უცებ ყველაფერი ჩაჩუმდა და ჩაიკეტა.

პანდემია და პირველი ტალღა

საინფორმაციო კამპანია დაიწყო – დარჩი სახლში. მეც დავრჩი. ჯერ სერიალებს ჩავუჯექი. მაგრამ რაღაც ეტაპის მერე ეგ სერიალებიც მორჩა. აღარც ახალი სეზონები გამოდიოდა, ვეღარც ვერაფერს ვუდებდი გულს, ყველაფერი მობეზრებული მქონდა და სწავლა დავიწყე.

პანდემიის გამო უამრავი სასწავლო რესურსი გაჩნდა ინტერნეტში უფასოდ. თავიდან რაც მაინტერესებდა, ყველაფერზე ვრეგისტრირდებოდი. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ რამე კონკრეტულზე უნდა გავჩერებულიყავი. ასე ყველაფერს მოდება არ გამოდიოდა. ამიტომ რასთანაც ადრე მქონდა შეხება და რის შესახებ უფრო მეტის სწავლა მინდოდა იმაზე გადავერთე – დავიწყე ვორდპრესის სწავლა.

სწავლის პარალელურად გარემო ყოველდღე იცვლებოდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ირგვლივ მეგობრების 70-80 %-მა დაკარგა სამსახური. ეს ისეთი ხალხი იყო, რომლებიც ინტელექტუალურ შრომას ეწეოდნენ, მაგრამ შეუძლიათ სხვა სფეროზე მორგება-გადაწყობაც. მაგრამ ეს სხვა სამსახური აღარსად აღარ იყო. არადა ამ ადამიანების უკან სხვა ადამიანები იდგნენ და ეს ხალხი ვერსად სამსახურს ვერ პოულობდა. ვერც ახლა ვერ პოულობენ. მანდ მივხვდი, რომ უკვე დიდი პრობლემები იწყებოდა.

კოვიდი ხომ არ მაქვს? 

კოვიდის დადასტურებამდე სიმპტომები გამომივლინდა. ოღონდ არ ვიცოდი მქონდა თუ არა ვირუსი. ვერ ვიყავი კარგად. სიცხე მქონდა აშკარად. მანქანით ვბრუნდებოდი ბათუმში. ეს ის პერიოდია, როცა აჭარაში კოვიდის პიკია, ქალაქის შემოსასვლელებთან სამხედროები დგანან და მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ.

ბათუმში შემოსვლისას გავაჩერე მანქანა. სამხედრომ სიცხე გამიზომა და მეუბნება წადიო. ვკითხე, რამდენი მქონდა ტემპერატურა. 36,4 – იო მითხრა. ვერ დავიჯერე, რადგან აშკარად არ ვიყავი კარგად. 15 წუთის შემდეგ, როგორც კი სახლში მივედი, მაშინვე გავიზომე და 37,4 მქონდა ტემპერატურა.

რატომ ვიხსენებ ამას. ფუჭი შრომა იყო და რესურსის ფლანგვა სახელმწიფოს მიერ სიცხის გაზომვა მოქალაქეებისთვის. თან ზოგი თერმომეტრი არასწორად აჩვენებდა ტემპერატურას. არც რესტორნებში და არც სხვაგან, სადაც სიცხეს ზომავდნენ, ჩემი აზრით, ამას სარგებელი არ  მოუტანია.

6 ოქტომბერი

კარგად მახსოვს ეს დღე, რადგან მომდევნო დღეს, 7 ოქტომბერს, ჩემი დაბადების დღეა. მთელი დღე სახლში ვიყავი. სიცხე მქონდა. უკვე მეორე დღეს, 7 ოქტომბერს დავრეკე 112-ში და ვეუბნები, რომ შესაძლოა კოვიდი მქონდეს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქმის კურსში გაყენებთ.

8 ოქტომბერს მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ კოვიდი დაუდასტურდა. ჩემი ახლო კონტაქტი იყო. დავიწყე ფიქრი, რომ ჩემი სიცხეც შეიძლება კოვიდისგან ყოფილიყო გამოწვეული. ვურეკავ ჩემს ექიმს და ვეუბნები – ასე და ასეა, მეგობარს კოვიდი დაუდგინდა. რა ვქნა. თან ვუხსნი, რომ მამაჩემს დიაბეტი აქვს, რისკის ჯგუფია. მოგვცეს სახლში დარჩენის რეკომენდაცია. დავრჩით სახლში. სადღაც მეათე დღეს უკვე ჩემს მშობლებსაც გამოუვლინდათ სიმპტომები. თუმცა ისინი არავის გაუტესტავს.

პირველი დღის იზოლაციიდან 21-ე დღესაც რომ 37, 2 მქონდა სიცხე, ყოველდღიურად დღეში 5-6 საათით, დავრეკე ისევ 112-ზე და უკვე მოვითხოვე კლინიკაში გადაყვანა. ვშიშობდი, ფილტვების ანთება არ მქონოდა.

სასწრაფო გამოძახებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა. მახსოვს დილის ხუთი საათი იყო. ექიმები ძალიან დაღლილები და გათიშულები იყვნენ. იმ დილით, უბრალოდ, გამსინჯეს. ამ გასინჯვიდან კიდევ ერთი დღე ველოდე სასწრაფოს, რომელიც გადამიყვანდა ცხელების ცენტრში. აქაც პრობლემა იყო მენეჯმენტში. ვრეკავდი ცხელ ხაზზე და ვითხოვდი მოეცათ უფლება ჩემი მანქანით მივსულიყავი. გადასაყვანად არ მჭირდებოდა სასწრაფო. მაგრამ არ მომცეს უფლება და ერთი დღე ველოდე, სანამ სასწრაფო მოვიდოდა და ცხელების ცენტრში გადამიყვანდა.

ცხელების ცენტრში გადაყვანის შემდეგ ამიღეს ტესტი. ტესტის პასუხს ველოდე ზუსტად სამი დღე. მესამე დღესაც რომ არ მოვიდა, ვიკითხე. “უი, თქვენს ტესტზე რაღაც პრობლემააო” – მითხრეს. არ ვიცი რა მოხდა. ამიტომ მოვიდნენ და თავიდან ამიღეს. საბოლოოდ  მეხუთე დღეს მომივიდა დადებითი პასუხი – კოვიდი მქონდა.

კოვიდის დადასტურების შემდეგ გადამიყვანეს სხვა სასტუმროში.

ხედი ცხელების ცენტრიდან ფოტო: ედო მჟავანაძე

სასტუმროში ცალკე თავგადასავალი იყო კატეს (კომპიუტერული ტომოგრაფია) გადასაღებად წასვლა. რამდენიმე დღის შემდეგ გვითხრეს, რომ კატეს გადასაღებად წაგვიყვანდნენ. ერთი სასწრაფოს მანქანით წაგვიყვანეს დაახლოებით 6 ადამიანი. კარგად მახსოვს ერთი ქალი იყო ჩემთან ერთად, სუნთქვა უჭირდა. არც ფანჯარა არ იღებოდა ამ სასწრაფოს მანქანას, არც არაფერი. სამი ადამიანი საკაცეზე ვიჯექით. გადაგვიღეს კატე და დაგვაბრუნეს სასტუმროში.

ცალკე ამბავი იყო პასუხების გაგება. არავინ არაფერს არ მეუბნებოდა. ბოლოს რომ აღარ მოვეშვი, მითხრეს თუ მკურნალობა არ დაგიწყეს ესე იგი არაფერი არ გჭირს ფილტვებზეო.

სასწრაფოს მანქანაზე ცალკე უნდა ვთქვა – სახლიდან რომ სასწრაფომ წამიყვანა, ისეთი ქარი ქროდა მანქანაში ცხელების ცენტრამდე მისვლაში გავიყინე. ჯანმრთელი რომ იყო და მსგავსი მანქანით მოგიწიოს  მგზავრობა პაციენტს, ზამთარში უეჭველი ფილტვების ანთებას აიკიდებ.

ქარი ქროდა ჩვეულებრივ. ძალიან მოუწესრიგებელი იყო ანალიზების მენეჯმენტი. მაგალითად, სასტუმროში აგვიღეს სისხლის ანალიზი. კლინიკაში რომ მიგვიყვანეს ისევ აპირებდნენ. ვუთხარით, რომ ანალიზი უკვე ჩაბარებული გვქონდა. იმის გარკვევაში თუ რა ხდებოდა, 15-20 წუთი დასჭირდა.

ექიმმა გამომიწერა ანტიბიოტიკი. ბევრი რამ მქონდა წაკითხული ანტიბიოტიკებზე და დანიშვნისთანავე არ დამიწყია მიღება. დავიწყე კითხვების დასმა. მეორე დღეს სხვა ექიმმა დამირეკა და როცა გამომკითხა მდგომარეობა, მომიხსნა ეს ანტიბიოტიკი. არ გჭირდება ეგ წამალიო.

საბოლოო ჯამში იზოლაციაში 35 დღე გავატარე.

კატეზე რომ მივყავდით ეს ქალი მაშინ შევამჩნიე სასტუმროს ფოიეში. მძიმე პაციენტი იყო. იჯდა და ელოდა კლინიკაში გადაყვანას. კატეს გადაღებას და უკან სასტუმროში დაბრუნება სამ საათზე მეტი დასჭირდა. კლინიკიდან რომ დავბრუნდი, ქალი ისევ სასტუმროს ფოიეში იყო და ისევ ელოდა. ეს ფოტო მაშინ გადავიღე. ფოტო: ედო მჟავანაძე

რა მომცა კოვიდთან ბრძოლამ

ერთადერთი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, ის იყო, რომ მივხვდი – კვებასთან დაკავშირებით ვეგეტარიანელებს ყოველთვის პრობლემა ექმნებათ. კიდევ მივხვდი იმას, რომ არ ღირს არასდროს ფიქრი იმაზე, რომ რომელიმე დაავადებას უნდა დანებდე. სასტუმროში მარტო ვცეკვავდი ჩემთვის, რადგან ვიცოდი, რომ უმოძრაოდ არ უნდა ვყოფილიყავი. იოგას ვარჯიშები გავიხსენე და ვვარჯიშობდი.

ბევრი რამ ცუდად შეცვალა კოვიდმა – ადამიანები გარდაიცვალნენ, სამსახური დაკარგეს, კომუნიკაციის ფორმები შეიცვალა.

მთლიანად პანდემიის გავლენაზე  თუ ვისაუბრებთ, პანდემიამ გავლენა ბევრ რამეზე მოახდინა. მაგალითად, ჩემი მეგობარი ყიდულობდა წამლებს თურქეთში და ვეღარ ყიდულობს. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ხარჯები. მეორე მეგობარმა სესხზე შეღავათით ისარგებლა და სესხი გაუძვირდა.

სურვილებიც შეცვალა. ახალ წელს ადამიანები თოვლს ნატრობენ, მაგრამ წელს ამ ნატვრასაც ვერიდები, რადგან შეიძლება ჩემ გვერდით ქუჩაზე ადამიანი სიცივეში გაიყინოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: