მთავარი,სიახლეები

დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანებს ქირაობდა, შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს

27.11.2020 • 1328
დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანებს ქირაობდა, შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა.

სამართალდამცველებმა დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა. ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: