მთავარი,სიახლეები

რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

06.01.2021 • 2635
რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული.

მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპობრივად ჩატარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადათხრილი ქუჩების აღდგენაზე ბოლო ოთხ თვეში ეს მეორე ტენდერია. პირველ შემთხვევაში ხელშეკრულება „გზებთან“ 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა და სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ხელშეკრულების თანხა  2 415 388 ლარი იყო. კომპანიისთვის უკვე გადახდილია 2 257 615 ლარი.

კეთილმოწყობის სამმართველოს ბათუმში ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 138 800 ლარია. მომსახურებას კი, შპს „გზები“ სამმართველოს ამავე ფასად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, დაწყებულია ხელშეკრულების მომზადება.

პირობის მიხედვით, კომპანიამ, 2021 წლის დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით [ჯამში 30 000 კვ/მ], ქალაქის ქუჩებში დაგებული რკინა-ბეტონის ფილების შეკეთება [5 280 კვ/მ] და ქუჩებზე არსებული ჭების [50 ცალი] მოყვანა ნიშნულზე.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს კონკრეტული ქუჩების კეთილმოწყობაზე უკვე აქვს რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული. ქუჩების კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2020-21 წლების ბიუჯეტებიდან 3 498 535 ლარი დაიხარჯება.

შპს „ზიმო 7“ – თან 1 768 542 ლარზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. სამუშაოები 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია:

  • მამია ვარშანიძის VI ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    მამია ვარშანიძის მეორე შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ბაღის ქუჩის პირველი შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ი. გრიშაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ი. გრიშაშვილის ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    რესტორან ოქროს თევზთან არსებულ ზებრა გადასასვლელზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის დაყვანა ნულოვანი ნიშნულის სამუშაოები

შპს „გზებთან“ 1 729 993 ლარზე ასევე 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხელშეკრულება და სამუშაოები 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ამ ხელშეკრულებით დაგეგმილია:

  • გოდერძი ჩოხელის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
    გოდერძი ჩოხელის ქუჩის I ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-3 ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-7 ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ზედაღელეს ქ.N2-დან N20-მდე მონაკვეთში ფეხით მოსიარულეთა სავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოები
    მაჭახელას N41-დან N59-მდე მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის მე-9 შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები
    აეროპორტის გზატკეცილი N115-დან N125-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
    ფრიდონ ხალვაშის I შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები

ამ თემაზე:

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

მთავარი ფოტო: ჯავახიშვილის ქუჩა, დეკემბერი, 2020 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: