შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.
პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებს შსს.
შსს-ს ინფორმაციით: „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი.
დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.“
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს.