ღარიბაშვილის წამოცდენა: მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაისაჯ… დაიღუპა ლაშქარავა

„მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაისაჯ… დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა“ – განაცხადა დღეს, 12 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი ვერსია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის და შემდგომი მოვლენები, როცა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დაესხნენ თავს, არის „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების“ „რევანშისტული, რადიკალური შეთქმულება“.

„ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, – განაცხადა მან.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

აჭარაში კოვიდის 75 ახალი შემთხვევაა | 12 ივლისი

12 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 187 ადამიანი მკურნალობს, მათგან 2 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 242 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 785 ინფიცირებული.

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 659 ახალი შემთხვევა

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3 740 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 729 მძიმე პაციენტია.

11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.24%.

ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, შემაშფოთებელია – აპატურაი

„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიის პირობებში, უმცირესობები დაცულია; დაცულია მედია; დაცულია სიტყვის თავისუფლება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუცია ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

მედიის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და სხვა ადამიანებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და მედიის სოლიდარობის მიზნით დღეს, 11 ივლისს, აქცია გამართეს.

ჟურნალისტები ასევე ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიაშვილის გადადგომას და დასჯას.

___

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

აქცია ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად ბათუმში – Live

თბილისსა და ბათუმში დღეს, 11 ივლისს, 6 საათზე აქციები დაიწყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად.

დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება კი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე, ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შს სამინისტრომ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა საქმეზე „განიხილება ზედოზირების ვერსიაც“.

5 ივლისის აქციაზე მოძალადე ჯგუფები 53 ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ. მათ შორის არაერთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ძალადობრივი აქციის ორგანიზტორი, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო იყო.

___

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მოვუწოდებთ იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვების შესახებ. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.

ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“.

___

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

“განიხილება ზედოზირების ვერსიაც” – შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.

“პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა თავის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება, ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იმის გამო, რომ წინასწარ არ მოხდეს ვერსიების გაჟღერება სამინისტროს მხრიდან”, — თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, “არ იქნება სწორი და პროფსიონალური, როცა გამოძიებამ შეიძლება ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება”.

როგორც შსს აცხადებს, გარდაცვალების უშალო მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შედეგად გახდება ცნობილი.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

პრემიერს და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს მედიის საკითხებზე მომუშავე 15 ორგანიზაცია

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მედიის საკითხებზე მომუშავე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს. ეს ორგანიზაციები პრემიერ ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.

ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  2. ლიბერალური აკადემია თბილისი
  3. მედიაკლუბი
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. მედიის უფლებები
  6. სატელევიზიო ქსელი
  7. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  8. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  11. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  12. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. უფლებები საქართველო
  15. ღია საზოგადოების ფონდი OSGF

___

დღეს, 11 ივლისს, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერატორს 5 ივლისის აქციაზე მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ამ აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას – კარლ ჰარცერი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტვიტერზე ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

„დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

ბ-ნი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.


ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

ტვ „პირველის“ ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

19 ორგანიზაცია ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას ითხოვს

19 არასამთავრობო ორგანიზაცია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა.

ხელისუფლემამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.

5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
  • ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  3. საფარი
  4. საზოგადოება და ბანკები
  5. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  10. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  11. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  16. გაეროს ასოციაცია
  17.  მწვანე ალტერნატივა
  18. თბილისი პრაიდი
  19. DRI

დააკავებს თუ არა შსს ძალადობის მონაწილე მღვდლებს

შს სამინისტროს ვკითხეთ, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები ორი მღვდლის – დიაკონ ნიკოლოზ კუპრეშვილისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ. ეს ის ორი მღვდელია, ვისთვისაც გამოძიებას წესით კითხვები უნდა დაესვა: ერთ-ერთი მათგანი ღიად მოუწოდებდა ძალადობისკენ, მეორემ კი პირადად სცემა ჟურნალისტს, როგორც ამას დაზარალებული აცხადებს.

ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში, სწორედ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის დაწყება გახდა მასობრივი თავდასხმის დაწყების ნიშანი, რა დროსაც 20-მდე პირი სასტიკად გაუსწორდა ლექსო ლაშქარავას. მირანდა ბაღათურიას მონათხრობის თანახმად, მასზე პირველად ხელი მღვდელმა აღმართა.

ტვ პირველის მიერ იდენტიფიცირებული პირი დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილია. მირანდა ბაღათურაის თქმით, სწორედ ამ მღვდელმა, პირველმა მოქაჩა თმაზე და უთხრა, რომ ახლა მაინც გააჩუმებდა, შემდეგ კი სხვებმა წიხლები ჩაარტყეს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მისი დაცვა სცადა ლექსო ლაშქარავამ, რომელსაც დაახლოებით 20 კაცი თავს დაესხა და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

შს სამინისტროს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილთან დაკავშირებით თუ მიმდინარეობს რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება. მღვდელმა, 5 ივლისს ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს: “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”.

შს სამინისტროს პრესცენტრში კითხვებზე არაფერი გვიპასუხეს.

დღეს, 11 ივლისს, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

____

მთავარი ფოტო: დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი და დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი

___

ამავე თემაზე:

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

___

 

ბათუმში ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად აქცია პერფორმანსი გამართეს

ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მედია-ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.

„მთელი ქვეყნის ტრაგედიაა ეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა. მიმაჩნია რომ მთელმა ქვეყანამ, საზოგადოებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ლექსოს ოჯახს. ძალიან მიმძიმს, რომ არა ის დიდი შეცდომა, რაც საზოგადოებამ დაუშვა რამდენიმე დღის წინ – ეს ბიჭი ცოცხალი იქნებოდა“ – განაცხადა აქციაზე ოპერატორმა ალეკო აბაშიძემ.

ოპერატორების მდუმარე აქცია ბათუმში / 111.ო7.2021

დღეს, 18:00 საათზე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მოთხოვნაა – დროული გამოძიება და მოძალადეების უმკაცრესად დასჯა.

ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

ტვ „პირველის“ ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ გორგაძეებში ორი სახლი და ბოსელი დაიწვა. ცეცხლი ერთ სახლში გაჩნდა 11 ივლისს, დილის 5 საათზე და მეორე სახლსაც მოედო.

„8 სული გარეთ ვართ, ყველაფერი დამწვარია, არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ხანძარი, სახანძრო 40 წუთის მერე მოვიდა, დაიწვა ჩემი სახლი და ბოსელი მთლიანად, ჩემი ბიძაშვილის სახლიც თითქმის დამწვარია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბეჟან გორგაძე.

ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის თქმით, ოჯახებს უსაფრთხო ადგილას მალე გადაიყვანენ ქირით, ხოლო შემდეგ თითოეულ ოჯახს 15 ათას ლარს მისცემენ.

დაზარალებული ოჯახის ადვოკატი თემურ ქავშბაია არ გამორიცხავს, ხანძარი სახლს ხელოვნურად გაუჩინეს, რადგან ბეჟან გორგაძესთან დაპირისპირებულმა პირმა ივნისის დასაწყისში ამავე ოჯახის სახლი ბახმაროში დაშალა.

სახლის დაშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

„მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად არავინ დაუკავებიათ. საქმეს ოზურგეთის პროკურატურა იძიებს. სავარაუდო დამნაშავეებს ოზურგეთის პროკურორი მალხაზ სირაძე მფარველობს და ისინი არც მალავენ ამას,“  – გვითხრა ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ.

„უმკაცრესად დაისაჯონ მოძალადეები“ – დღეს ბათუმში აქცია მთავრობის სახლთან გაიმართება

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმში, დღეს, 11 ივლისს, აქცია გაიმართება.

დღეს, 18:00 საათზე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მოთხოვნაა – დროული გამოძიება და მოძალადეების უმკაცრესად დასჯა.

დღეს აქცია დაიგეგმა თბილისშიც.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა!“ — ეს არის მთავარი სლოგანი აქციისა, რომლითაც დღეს, 11 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიმართება.

დღეს, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. „დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ტვ „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

„გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.“ – აცხადებს შსს.

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 7 ივლისს, გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს ჯგუფურად დაესხნენ სირცხვილიას ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმებისას  დაზარალდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.

მოვითხოვთ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.“

ტვ „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; საღამოს და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა. ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიგამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26-31 გრადუსი
  • ღამით: 20-25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18-23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 ივლისს, აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

 

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

ტვ „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მირანდა ბაღათურიას მონაყოლის მიხედვით, ათეულობით პირმა ტვ „პირველის“ გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას.

„პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”, — ამბობს მირანდა ბაღათურია.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შსს-ს ცნობით, უშუალოდ „სირცხვილიას“ ოფისში მომხდარ ძალადობაზე გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დაკავებულია 4 პირი.

_____________

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ამ დროისათვის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის პატიმრობა შეფარდებული აქვს 16 პირს, 3-ს კი — „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის.

აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 11 ივლისი

აჭარაში, 11 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 169;

აჭარაში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია – 46, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 3, კლინიკურ-სასტუმროებში, მოთავსებულია 242 პაციენტი.

აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 18 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205  ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 714.

ამავე თემაზე:

შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

კოვიდის 952 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

11 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

stopcov.ge-ის 11 ივლისის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 377152 , ბოლო 24 საათში – 952
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 359226 , ბოლო 24 საათში – 999
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5452 , ბოლო 24 საათში – 9
  • კარანტინის რეჟიმშია – 98
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3472
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 907

ბოლო 24 საათში ჩატარდა 20281 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8658, PCR ტესტით – 11623

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,69%, ბოლო 14 დღის – 3,79%, ბოლო 7 დღის – 4,18%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 11, გურია – 6სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 70მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

საქართველოში კორონავირუსზე სულ აცრილია – 302 388 ადამიანი.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციის ცენტრი შესაძლოა ბულვარშიც გაიხსნას – სად აიცრებით ჯავშნის გარეშე

ბათუმში პატრული ავარიაში მოყვა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დღეს, 11 ივლისს, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით ერთმანეთს მოტოციკლეტით მოძრავი პატრულის თანამშრომელი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული პატრული სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით ის კონტაქტური იყო.

შემთხვევა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. აქ ჯავახიშვილის ქუჩა ბოლო წლიბში გადაკეტილი იყო და ჯვარედინი მოძრაობა რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა.

ავარია ბათუმში/ჯავახიშვილის და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში/11.07.2021

 

რატომ არ უნდა ვცემოთ, ჩავქოლოთ ურჩი ბავშვი – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან

რატომ ქადაგებენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბავშვების მორჩილება/ჩაქოლვაზე, რატომ აღიზიანებთ მათ ბავშვთა უფლებები და რატომ უნდა ესმოდეს საზოგადოებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უფლებების სწავლებაც და დაცვაც. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, მოხშირდა სასულიერო პირების მხრიდან ქადაგება იმის შესახებ, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები, რომ ისინი მშობლების მორჩილები უნდა იყვნენ და რომ ურჩ ბავშვებს „მოსეს რჯულის მიხედვით, ქოლავდნენ“. ზუსტად ასე თქვა ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა. რამდენად სახიფათოა ამის ტირაჟირება?

პრინციპში, ხშირად ისმის სხვადასხვა ძალაუფლების მქონე პირისგან, რომ ბავშვი ეკუთვნის პატრონს და მშობელს შეუძლია ბავშვს ჭკუა ასწავლოს თუნდაც ძალის გამოყენებით. ამგვარი დამოკიდებულება არის დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო შუასაუკუნეებში, რომელიც ამბობდა, რომ ბავშვი არის ნივთი და სანამ გაიზრდება მას შეგიძლია შეხედო როგორც რაღაც ქონებას, საკუთრებას, მისი ბედი შეგიძლია მართო. შეგიძლია გაასხვისო, დასაჯო, ამუშაო იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არაა და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ გაჩნდა სავალდებულო განათლების სისტემები, რომ ბავშვები მეტად დაცულები ყოფილიყვნენ და მათი მომავალიც დაცული ყოფილიყო, არა მხოლოდ მათი ბავშვობა. ამიტომ გაჩნდა მაგალითად შეზღუდვა სამუშაო საათებზე, ამიტომ დაიწყო შემდეგ განვითარება ბავშვთა განვითარების ფსიქოლოგიამ და შეისწავლა, თუ რას გრძნობენ, როგორ განიცდიან, როგორ ვითარდებიან ბავშვები და როგორ განსხვავდებიან ისინი ზრდასრულებისგან.

როდესაც ვუბრუნდებით შუასაუკუნეების მოდელს, რომელსაც სხვათა შორის იმ დროშიც ბევრი აკრიტიკებდა, შესაძლოა მშობელი, რომელიც ვერ აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღ კულტურულ გარემოში აღზრდა, უფრო მეტად წახალისდეს და შეუზღუდოს ბავშვს თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა. ისეთ პირობებში შეიძლება ჩააგდოს ბავშვი, რომ მისი ფსიქიკა შესაძლოა სამუდამოდ დაზიანდეს და ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაავადებებში, ასევე საზოგადოებისთვის საშიშ მოქმედებებში.

  • რატომ მიდის მუდმივად მორჩილებაზე, ქალების, ბავშვების შეზღუდვაზე ქადაგება. რომ თურმე არ უნდა ჰქონდეს ბავშვს უფლება პოლიციაში დარეკოს თუ მას სცემენ.     

ეს არის ლიბერალურ იდეოლოგიაზე კონსერვატორული იდეოლოგიის პასუხი.

ლიბერალური იდეოლოგია ამბობს, რომ ადამიანი არის თავისუფალი, მას აქვს თავისუფალი ნება და თავად შეუძლია გადაწყვიტოს როგორი იქნება, როგორ იცხოვრებს და ასე შემდეგ. კონსერვატორული იდეოლოგია კი ამბობს რომ – არა: არსებობს დადგენილი წესრიგი და მას უნდა დაემორჩილოს თითოეული ადამიანი, მიუხედავად იმისა, მას უნდა თუ არა ასე ცხოვრება. რა თქმა უნდა, კონსერვატორულ ინსტიტუციებს აღიზიანებს და აშინებს ადამიანის უფლებების გაზრდა, მათ შორის ბავშვების უფლებებისაც, რადგან მათ ერთმევათ კონტროლის მექანიზმები.

როცა სასულიერო პირი ამბობს, რომ შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დაიწყებენ ბრძოლას ამ უფლებების გაზრდის გამო, ეს არის დაუსაბუთებელი შიში, რადგან არსად არ ხდება მსგავსი რამ, მით უმეტეს ისეთ გარემოში, სადაც ბავშვები უფრო თავისუფლები არიან და აცნობიერებენ საკუთარ უფლებებს.

  • ხშირად გვესმის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. რატომ ხდება, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები სხვა რამეს ტირაჟირებენ?

ბევრი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამას, რადგან ქრისტიანობის სხვადასხვაგვარი გაგება არსებობს დღესაც. ქრისტიანობის სახელით ადამიანების დასჯა არც ადრე ყოფილა უცხო, ქართველი სასულიერო პირების შემთხვევაშიც ეს არის კონტროლის და ძალაუფლების დაკარგვის შიში საზოგადოებაზე.

მეორე – შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ზოგადად იმის შიშს, რომ თავისუფლებას მოაქვს უპასუხისმგებლობა, რაც გვესმის რელიგიური პირების, მასწავლებლების, მშობლების ნაწილის მხრიდანაც, რომ ბავშვები ლაპარაკობენ თავიანთ უფლებებზე, მაგრამ არ საუბრობენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. თუმცა, სკოლაში სამოქალაქო განათლებაში ასწავლიან ბავშვებს, რომ ისინი აქტიური მოქალაქეები უნდა იყვნენ, ეს კი გულისხმობს, როგორც საკუთარი უფლებების დაცვას, ასევე სხვებისაც. თუმცა, შესაძლოა ვინმე ფიქრობდეს, რომ სჯობს ეკლესიის გავლით მოაგვაროს ცხოვრებისეული საკითხები.

  • მასწავლებლებიც აპროტესტებენ ხოლმე ბავშვის უფლებების გაზრდას. ეს რატომ ხდება, მათ ხომ ესმით ამის მნიშვნელობა?  

დედაჩემს ჰქონდა ასეთი შემთხვევა, გადაიხედა ეზოში და დაინახა, რომ ჩვენი გარაჟის სახურავზე მეზობლის ბავშვი იჯდა. სახურავი არ არის მაინც და მაინც მყარი, ამიტომ დაუძახა ჩამოდიო. ბავშვმა უთხრა, მე უფლებები მაქვს და სადაც მინდა იქ დავჯდებიო.

დედაჩემს გაეცინა, არ გაბრაზებულა, მაგრამ მასწავლებელი შეიძლება გაბრაზდეს – რას ჰქვია ეს ბავშვი მე არ მიჯერებს, როგორ მელაპარაკება, შეიძლება გაბრაზდეს იმაზე, რომ ბავშვმა იპოვა რაღაც ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლია მას უპასუხოს.

ის, რომ ბავშვი ამბობს – „მე მაქვს უფლება“, არ არის თავისთავად ცუდი, თუმცა შესაძლოა არ ესმოდეს რა განსხვავებაა კეთების უფლებას და იმ უფლებას შორის, რომ იყოს დაცული და განათლებული. ეს პრობლემა ცხადია არის, მაგრამ მასწავლებლობა იმას ნიშნავს, რომ ბავშვების აღზრდის დროს ესაუბროს ასეთ საკითხებზე.

ღირებულებების ნაწილს უნდა შევხედოთ ხოლმე და არა ინსტრუმენტებს. ის, რომ ბავშვს შეუძლია დარეკოს პოლიციაში, ეს არის ინსტრუმენტი, მაგრამ რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს განათლების უფლება, ეს არის ღირებულებითი ნაწილი. ზოგი ამასაც არ აღიარებს და თვლის, რომ მისი გადასაწყვეტია ექნება თუ არა განათლება ბავშვს.

ზოგიერთი პოლიტიკოსიც თვლის – მშობელი თუ გადაწყვეტს, რომ ბავშვი ყანაში უკეთესად მიიღებს განათლებას, ვიდრე სკოლაში, მაშინ ჯობია ყანაში იმუშაოს. ზოგი თვლის, რომ ბავშვი აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მიეჩვიოს წესრიგს და ეს შეიძლება გულისხმობდეს ქამრით ცემასაც.

მე სკოლის ფსიქოლოგებიც მინახავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არაუშავს თუ ბიჭი ერთხელ დაიჩაგრება, მერე გაიზრდება ვაჟკაცი – ისწავლის, როგორ დაიცვას თავიო. ამ დროს უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთ ძალადობაში ჩართულ ადამიანებს აქვთ ფსიქიკური პრობლემები, თვითონ ხდებიან მოძალადეები, შემდეგ ძალადობენ სხვებზე, თავიანთ ცოლებზე, ბავშვებზე, უფრო მარტივად მიდიან კრიმინალურ სამყაროში, უფრო მარტივად ჩადიან ტერორისტულ აქტებს და ასე შემდეგ.

აუცილებელი არაა ბავშვზე პირდაპირ იძალადო, შეიძლება თვითონ მშობელი იყოს ძალადობის მოდელი და ბავშვი ხედავდეს, როგორ ექცევა მშობელი მეზობელს, პერსონალს სამსახურში, როგორ ლაპარაკობს ტელეფონზე და ასე შემდეგ.

  • ერთ-ერთი მასწავლებელი ინტერვიუში ამბობდა, რომ თუ მე სკოლაში ვასწავლი ერთ რამეს, მაგრამ სახლში ან სხვა გარემოში ასწავლიან სხვას, ვერაფერს მივაღწევთო. ჩვენ ვდგავართ ამ რისკების წინაშე დღეს. რა გვჭირდება, რომ არ დაზიანდეს ბავშვის ფსიქიკა და ღირებულებები?

მაგალითად, რუსეთში ჰქონდათ მშობლებს ეს პრობლემა, როცა 90-იან წლებში ზოგიერთ სკოლაში რელიგიის და რელიგიურად ცხოვრების სწავლება დაიწყეს, მაშინ მშობლებმა ეს გააპროტესტეს, რადგან ბავშვების სახლში რომ მიდიოდნენ, ასწავლიდნენ მშობლებს, როგორ უნდა ეცხოვრათ. იქ პროტესტი ჰქონდათ მშობლებს სკოლებში რელიგიის შეტანის გამო. ეს არის იმის მაგალითი, რომ თუ საზოგადოების ღირებულებები არ ემთხვევა იმ ღირებულებებს, რომელიც სკოლაში პრიორიტეტულია, შეიძლება გაჩნდეს კონფლიქტი სკოლასა და მშობლებს შორის. შემდეგ მასწავლებელსაც უჭირს და ბავშვიც გაორებულია.

შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე მოხდეს, რაღაც ტიპის ღირებულებებზე შეთანხმება.  მაგალითად, ქაღალდზე არ წერია, რომ მოხუცს ადგილი უნდა დაუთმო, როდესაც ეს სჭირდება. ასეთივე ინსტიტუციონალიზებული პრაქტიკა უნდა გახდეს ის, რომ წავახალისოთ ბავშვი, რომელიც კარგად იქცევა.

  • ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა ჩვენთან საზოგადოება სკოლებში სექსუალურ განათლებაზე. ერთმა არასამთავრობომ სასამართლოსაც მიმართა მოთხოვნით, რომ სამინისტრომ ესგ-ში შეიტანოს ეს თემა. რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხზე შეთანხმება, ესეც ხომ ბავშვის უფლებაა?

მაგალითად, საბჭოთა კავშირში შეიძლება საზოგადოებას ჩაეთვალა, რომ ბავშვები საბჭოთა მოქალაქეებად უნდა აღზრდილიყვნენ, მაგრამ მშობლებს მიეჩნიათ, რომ საქართველოს პატრიოტებად უნდა გაზრდილიყვნენ. ასეთ შემთხვევაში მშობლის წუხილი თავის დროზე იყო გამართლებული. ახლაც, როცა ვსაუბრობთ ამ დაპირისპირებაზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა შეთანხმება, რა არის ის საკითხი სინამდვილეში, რის შესახებაც მიმდინარეობს ბრძოლა.

რა არის ის „გარყვნილი საკითხი“, რასაც სთავაზობს ის ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მოდით ვასწავლოთ ბავშვებს. რა იგულისხმება მაგალითად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, რისკენ განაწყობს ის ბავშვებს, მაგალითად ნაკლები სქესობრივი კონტაქტისკენ თუ პირიქით. თუ ნახავენ მშობლები, რომ პირიქით, თავის დაცვისკენ მოწოდებისა და რაღაც პასუხისმგებლობის აღებისკენ, მათი შიშებიც, რომელიც ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, გაქრება.

ცალკე საკითხია ის, რამდენად მიზანშეწონილია ამის შეტანა სკოლაში მაშინ, როცა მიმატება-გამოკლებას ვერ ვასწავლით სათანადოდ. ძალიან დიდია იმის საფრთხე, რომ თუ მასწავლებელს არ ესმის, ეს საკითხების დისკრედიტაციას გამოიწვევს და შესაძლოა ისინიც კი ნეგატიურად განეწყონ, ვინც ახლა მომხრეა.

ჯერ ერთი, სკოლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ასწავლო, შეიძლება იყოს სასკოლო სისტემასთან მიბმული საინფორმაციო წყაროები, ვიდეორესურსებიც. ან გრძელვადიანი გეგმა გავწეროთ და უნივერსიტეტში ასწავლონ ეს საკითხები მომავალ მასწავლებლებს. სკოლას ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, თუმცა შეუძლია ხელი შეუწყოს პრობლემების შემცირებას – იქნება ეს ქუჩაში ნაგვის დაყრა, კონფლიქტები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, შრომის უფლებები, ქუჩის არასწორად გადაჭრა, არასწორი ურბანული განვითარება თუ სხვა.

ხანდახან ამას ეძახიან განათლების რელიგიას და სჯერათ, რომ განათლებას შეუძლია საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემა მოაგვაროს. თუმცა ეს რწმენაც არ არის დასაბუთებული. არის ქვეყნები, სადაც კარგი განათლების სისტემები აქვთ და ეს პრობლემები მაინც მოუგვარებელია და პირიქით.

  • ევროპაში ხომ შეთანხმდნენ, რაღაც საერთო ღირებულებებზე, ჩვენ რატომ გვიჭირს?

ევროპაში არსებობს ძლიერი ინტელექტუალური ფენა, რომელიც განსაზღვრავს ფილოსოფიის საფუძვლებს და აჩვენებს გზას, რა არის უკეთესი და ეს არის მხოლოდ რეაქციები, ეს არის მსჯელობები, კვლევები და ა.შ.

მეორე, ევროპაშიც დასჭირდათ დიდი ძალისხმევა ამის მისაღწევად. ჰოლოკოსტი არის ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომელმაც შემდეგ განსაზღვრა ევროპის ქვეყნების ღირებულებები. მაგალითად გერმანიის კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი. იმისთვის, რომ აქამდე მისულიყვნენ დასჭირდათ საკონცენტრაციო ბანაკების გავლა. საკონცენტრაციო ბანაკების ისტორია ჩვენი ისტორიაც არის, თუმცა ესეც იმდენად გაუცნობიერებელი გვაქვს, რომ ვერ იქნება ათვლის წერტილი იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩაში ძალადობდა. ეს ისტორია მათთვის არ არსებობს.

პრობლემაა ის, რომ ჩვენ არც საკუთარი ისტორიიდან ამოვდივართ, იმ სამარცხვინო ამბებიდან, რომლმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ასეთია სტალინური რეპრესიები, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საფუძველი უნდა იყოს იმის, თუ როგორ უნდა ვიღებდეთ დღეს გადაწყვეტილებებს. ამ რეპრესიების გახსენება თუ რას ნიშნავს, როცა გაბატონებული ინსტიტუტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერორიზება საზოგადოების, ან რა არის მასების დიქტატურა, რაში გადაიზრდება ეს ხოლმე და ასე შემდეგ. საფუძველი იდეოლოგიების საკუთარ ისტორიაში უნდა ვეძებოთ.

გერმანელებმა ეს მოახერხეს და როცა ისინი საზოგადოების მოწყობაზე საუბრობენ, პირველ რიგში მსჯელობენ იმაზე, როგორები არ უნდათ, რომ იყვნენ. ამას ნახულობენ საკუთარ ისტორიაში და ჩვენც ეს მოდელი უნდა ავიღოთ ჩვენს სასარგებლოდ. რა არის ის, რასაც გვინდა, რომ დავცილდეთ და რა არის დღევანდელ გადაწყვეტილებაში ისეთი, რაც ამას გვაახლოებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ წარსულით ვამაყობთ.

  • რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ განათლების სახით იმ აგრესიას, რაც თუნდაც ახლახან ვნახეთ რუსთაველზე?

ბავშვებს ვასწავლოთ ძალიან მტკივნეულ საკითხებზე რაციონალურად მსჯელობა – დისკუსიების გამართვა და გაწიწმატების გარეშე საკუთარი პოზიციების ახსნა.

მაგალითად, ჩვენს სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლების მეთოდებში არის დისკუსიები და ბავშვები მსჯელობენ ყოველდღიურად სხვადასხვა საკითხზე.

დემოკრატიული სწავლების ფორმები იმას კი არ გულისხმობს, რომ ყველაფერი მისაღებია, არამედ იმას, რომ ის უნდა იყოს გააზრების შეჯიბრის ადგილი, ფიქრის ადგილი და არა სხვების ნაფიქრალის გადაცემის ადგილი. ეს ნაწილი არის გასამდიდრებელი სკოლებში, რაც ძალიან დაგვეხმარება. სხვა საკითხია შინაარსი როგორ იქნება შერჩეული. თუ ვიტყვით, რომ ყოველთვის გმირია მართალი, ყოველთვის პატრიოტი ან მასწავლებელი, ბრმად დაუჯერონ, არ დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე და საკუთარი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ან სხვა გადააბარონ, ასე არა.

„მაგთიკომის“ სერვერებს თავს დაესხნენ – შსს

შსს ინფორმაციით, „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა. აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას“-აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან

მინდია ბაჟუნაიშვილი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და გიდად მუშაობს, ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული პროცესების გამო, შვედმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს და ჯავშნები გააუქმეს.

წერილში, რომელსაც გიდმა გამოაქვეყნა, მას ტურისტები წერენ, რომ თვალს ადევნებენ დაძაბულ ვითარებას საქართველოში და ფიქრობენ, რომ მათთვის ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლა სასურველი არ იქნება, რადგან შესაძლოა პრობლემები შეუქმნან მხოლოდ იმის გამო, რომ ვიზუალურად განსხვავებული სტილი აქვთ. წერილში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ისინი თურქეთში გაემგზავრებიან.

როგორც მინდია ბაჟუნაიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, ტურისტები მოლაშქრეები არიან და სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიზნით მოგზაურობენ, ასევე, პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა ტურისტულ ადგილს.

„10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე ამ ჯგუფისგან. 8 ადამიანია ჯგუფში და 14 000 ევროს ღირებულების ტური დაჯავშნეს. უნდა მოენახულებინათ ზემო აჭარა, გომისმთა, სვანეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი და რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე, 4 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში.

ეს ადამიანები არ არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მოლაშქრეები არიან, თუმცა თავიანთი განსხვავებული სტილი აქვთ, პირსინგსაც ატარებენ, საყურესაც და დრედებსაც, ამის გამო რომ ვინმე მათ ქუჩაში დაესხათ, ნამდვილად არ სურთ“ – გვეუბნება მინდია ბაჟუნაიშვილი.

შვედი ტურისტების აზრით, მათი უსაფრთხოება საქართველოში შესაძლოა დაცული არ იყოს. 

მისი თქმით, ჯავშნები სხვა დროსაც შეიძლება გაუქმებულიყო და იყო ამის შემთხვევებიც, მაგალითად აპრილში, როცა კომენდანტის საათის გამო გაუუქმდა ჯავშნები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულის მიუღებლობა არის ხაზგასმული.

„ჩემი პოსტი რომ გადააზიარეს ფეისბუკში, იქაც კი, სხვადასხვა კომენტარებში წერდნენ რომ „რას ჩამოგყავთ გეები და ასე შემდეგ.  პოლონელი ტურისტის ამბავიც გააშუქა ევრონიუსმა და სხვა ევროპულმა მედიებმა და შესაძლოა იფიქრეს, რომ ამ ტურისტის მსგავსად, შესაძლოა, საყურეს ტარების გამო ვიღაც მათაც დასხმოდა თავს“ – ამბობს მინდია.

მისი თქმით, ტურისტებს ზოგადად არ აფერხებთ დემონსტრაციები, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გაჩნდა დაუცველობის განცდა სახელმწიფოს მხრიდან.

„მაგალითად, თურქეთში რამდენიმე ტერაქტი რომ განხორციელდა, მაშინაც კი არ გადამიდია ტური და წავედი თურქეთში, რადგან იქ მქონდა სახელმწიფოსგან დაცვის შეგრძნება, საქართველოს შემთხვევაში კი ეს განცდა ტურისტებს არ აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომ ქუჩაში არ იქნება მათი უსაფრთხოება დაცული.

აქამდე არ გვქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ამ აქციების შემდეგ რა იქნება არ ვიცით“ – ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

მინდიას ფეისბუკის პოსტის ქვეშ გაჩნდა კომენტარები – „ათი ნაბიჯით უკან დავიხიეთ“, „ეკონომიკა მინუსებშია“. მინდიაც მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოს საერთაშორისო იმიჯი  არ გამოსწორდა, პანდემიის შემდეგ შესაძლოა ტურისტული სექტორი სიძულვილის რიტორიკამ სერიოზულად დააზარალოს.

„როდესაც ევროკავშირის დროშას წვავ, ჟურნალისტებს აზიანებ სასტიკად, ტურისტი დაჭრეს… როცა ასეთი ინფორმაცია ჟღერდება, მით უმეტეს აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ამას ვერ გადაფარავ ვერცერთი რეკლამით მოკლე დროში.

უსაფრთხოების შეგრძნება არ უნდა დაკარგოს ადამიანმა ამ ქვეყანაში. ბრალდება იყო, რომ პოლიცია არაფერს აკეთებდა, როცა ჟურნალისტებს ესხმოდნენ, არაფერს აკეთებს სხვა უწყებები ხომ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ არასტაბილურობის განცდა.

მე თუ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ისინი ასეთ ფაქტებს დამიდებენ, რაც რუსთაველზე მოხდა, სათქმელი არაფერი მექნება და ჩვენს ტურიზმს სერიოზული პრობლემა შეექმნება“ – ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

მისი თქმით, ამ ჯავშნის გაუქმებით ზარალი მიიღო არა მხოლოდ მან, ასევე სხვა ბიზნესობიექტებმაც.

„ჩემს გარდა დაზარალდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა.

ასე ჩამოიქცევა ეკონომიკა, ხავსი მოედება ძეგლებს და მერე ირბინეთ ჩოხით. ჰო, ჩოხის კალთის ქამარში ჩადება არ დაგავიწყდეთ და ტაბურეტკაზე მყარად დაჯექით.

მესამე წელია უაზრო ქმედებებით ქვეყანა ჩავაქვესკნელეთ აქტიური სეზონის წინ.  არ გაჩერდეთ, ჯერ სული გვიდგას მაინც და ეგეც ამოვართვათ ხალხს“ – წერს მინდია ფეისბუკზეც.

მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება განვითარებულ პროცესებზე.

„უნდა ვაჩვენოთ რომ განსხვავებულის მიმღებლები ვართ, დაგვჭირდება ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობა, რეკლამები, მთავრობის დონეზე განცხადებები, თუმცა ფაქტები მაშინებს“ –  ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

ბათუმში დააკავეს მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დააკავეს 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

დაკავებულს ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ზ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა“ – წერს შს სამინისტრო.

ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

აჭარაში კოვიდის 81 ახალი შემთხვევაა | 10 ივლისის მონაცემები

10 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 160 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 204 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 714 ინფიცირებული.

კოვიდის 1364 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა

10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  33 629 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 22 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3364 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 694 მძიმე პაციენტია.

9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.07%.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ქედის გაზრდილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვანი პროექტები წარადგინეს

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. გარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა, ქედაში სტრატეგიული პროექტები განხორციელდება საქართველოს და აჭარის მთავრობის დაფინანსებით.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქედის მუნიციპალიტეტის სწორი, სისტემური განვითარება.

,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც გულისხმობს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას თითოეული ქედელისთვის.

გავზარდეთ ბაღის თანამშრომლების ხელფასი ქედაში. ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში, გაიზრდება ხელფასები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამბაქოს დარგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის თამბაქოს დარგის ხელშეწყობა არის პრიორიტეტი. ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საკანონმდებლო დონეზე, მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს დარგი და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ გლეხებს და ფერმერებს.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში დაახლოებით 60-ზე მეტ მეწარმეს კონკრეტული ფინანსური გრანტებით, საშუალება მივეცით დაეწყო ან განევითარებინა ბიზნესი და ინტენსიური გამხდარიყო მათი ფერმერული მეურნეობა.

ჯამში, აჭარაში, ფერმერთა მხარდაჭერის ფარგლებში 250-ზე მეტი ბენეფიციარი შევარჩიეთ და 60-ზე მეტი სწორედ ქედაში დაფინანსდა. აქ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქედაში მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყლის სისტემების მასშტაბური პროექტები. ასევე, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქედის ცენტრის რეაბილიტაცია.

ქედაში მზარდია ახალი ტურისტული, ინოვაციური პროექტების რაოდენობა, რომელიც სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი კომუნიკაციის შედეგია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აფინანსებს დანადგარების შეძენას 100 000 ლარის ფარგლებში. მიმდინარე წელს ღვინის ლაბორატორია ამოქმედდება. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა მშრალი ხილის საწარმო სოფელ ძენწმანში, რომელიც 100 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 40 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული. შენდება რამდენიმე საწარმო, მათ შორის ფრი-ს საწარმო და სპირტის საწარმო.

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 10 616 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის წყლის ალიანსის მიერ განხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქედის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების მოსაწყობად 5 664 809 ევრო დაიხარჯება.

ქედაში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სოციალური სახლი. მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაბის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დონორი ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით, ქედის ყველა საჯარო სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდება. მიმდინარეობს დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც 1 444 441 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილია 6 სპორტული მოედნის მშენებლობა – რეაბილიტაცია, რისთვისაც 443 690 ლარი დაიხარჯება.

სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის კინოჩვენების სივრცე. დაბა ქედაში განხორციელდება ისტორიული მუზეუმის მშენებლობა.

13 წლის ანეტას ცხოვრება ეტლით | ვიდეო

ავტორი: ანა შენგელია

13 წლის ბათუმელი ანეტას ოთახი მისი ასაკის სხვა გოგოების ოთახის მსგავსია – სათამაშოები, სამუშაო მაგიდასთან კედელზე გაკრული რუკა, წიგნები და იქვე ფოტოები ახლო წარსულიდან, როცა ანეტა ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ცეკვავდა. მაშინ ანეტას გადასაადგილებლად არც ერთი ბორბალი არ სჭირდებოდა.

თითქმის ორი წელია ანეტა ტაკიძე ეტლით მოსარგებლეა. 11 წლის იყო, როცა 25-დღიან კომაში ჩავარდა და გაღვიძების შემდეგ გავლა ვეღარ შეძლო.

„ერთ დღეს ამტკივდა მუცელი. წავედით ბავშვთა საავადმყოფოში, განმივითარდა სეფსისი, დამჭირდა დიალიზი და  რეანომობილით წავედით თბილისში.

ჩასვლისას თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა გავითიშე და 25 დღე კომაში გავატარე. გამოღვიძებისას მივხვდი, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი,“ – ჰყვება ანეტა.

მოცეკვავე პატარ ანეტა მეგობრებთან ერთად

თავიდან ძალიან ძნელი იყო. ანეტა იხსენებს, რომ ეტლში ჩაჯდომაც არ უნდოდა:

„დედაჩემი დაჟინებით მთხოვდა, გარეთ გავყოლოდი. მაძალებდნენ სახლიდან გავსულიყავი, შეხვედროდი მეგობრებს და არ დავნებებულიყავი.

როცა გარეთ გასვლა დავიწყე, ვხვდებოდი, როგორ მაკვირდებოდნენ გამვლელები, თვალს არ მაცილებდნენ… თუმცა ესეც გადავლახე“, – ჰყვება ანეტა.

ეტლით გადაადგილებისას მან აღმოაჩინა როგორი არამეგობრულია გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რა რთულია წინაღობების გადალახვა, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ადამიანი ყველა ფეხის ნაბიჯზე აწყდება:

„ბათუმში თითქოს ადაპტირებულია გარემო, მაგრამ ისეთი წესებია დარღვეული, როგორიცაა: ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანები, პანდუსების ნაკლებობა, ქვაფენილები, რომლებზეც ეტლს დამოუკიდებლად მოძრაობა უჭირს…“.

პანდემიას არც ანეტას შემთხევაში ჩაუვლია უკვალოდ. სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ანეტას ფიზიოთერაპევტი შესაბამის მასაჟს უტარებდა და ავარჯიშებდა, პანდემიის დროს დაიკეტა, ამიტომ ამ პროცედურების ჩატარება ანეტას დედას მოუხდა ფიზიოთერაპევტის დისტანციური დახმარებით.

რთული იყო ონლაინსწავლებაც.

„თავიდან 15-წუთიანი ონლაინგაკვეთილები გვქონდა და ვერაფერს ვიგებდი, მერე 30-წუთიანი გახდა“, – გვიყვება ანეტა.

სარეაბილიტაციო ცენტრში ანეტამ ერთი ბანაკის შესახებ გაიგო, სადაც აუცილებელი უნარები შეიძინა:

„იქ ვისწავლე ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება დაგჭირდეს ქუჩაში ან სახლში.  მაგალითად, როგორ მოვიტანოთ ჭიქა ისე, რომ არ დაგვეღვაროს წყალი ან როგორ ვიმოძრაოთ ქალაქში ისე, რომ არ დაგვჭირდეს პანდუსი.

ეს არის ძალიან რთული და დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამ მოქმედებების შესრულება, რომ გადალახო სულ მცირე ბარიერი მაინც“, – ამბობს ანეტა.

დაახლოებით ერთი თვეა ანეტა ფარიკაობამ გაიტაცა. წრეზე დადის, ვარჯიშობს და ცდილობს, შეჯიბრებებზე ასპარეზობისთვის მოემზადოს.

ანეტა ფარიკაობაზე

„ძალიან საინტერესო სპორტია და მომეცა სტიმული, რომ ამ სფეროში ჩავბმულიყავი.

ვიღებ მაგალითს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სპორტში წარმატებულები არიან და კარიერა აქვთ.

არა მარტო კარიერისთვის, არამედ ჯამრთელობისათვისაც კარგი სპორტია. უფრო დატვირთული ხარ და გაქვს რაღაც მიზანი, რომ შეასრულო“, – ამბობს ანეტა.

ახლა მას უნდა ეტლით მოსარგებლე იმ ადამიანებს დაეხმაროს, რომლებიც თავს არიდებენ სხვებთან კონტაქტს. ანეტას უნდა, რომ ფსიქოლოგი გახდეს.

ჯერ პროფესიის არჩევამდე რამდენიმე წელია, მაგრამ ანეტას უკვე აქვს მთავარი რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მისთვის კარგად ნაცნობ პრობლემებთან ახლა უწევთ გამკლავება:

„ნუ მიაქცევენ ყურადღებას სხვის აზრს, ნურასდროს დაყრიან ფარ-ხმალს და იცოდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია“.

 

მეტი წიგნი ადამიანებს | ზურაბ ჭიაბერაშვილი

ავტორი:ზურაბ ჭიაბერაშვილი

საზოგადოება ზიარჭურჭელია. ყოველი ინდივიდი ივსება, როგორც ამ ზიარჭუჭლის ერთი ნაწილი და მერე მისი ცოდნა, გამოცდილება, ნაფიქრი, განცდილი გასასვლელს სხვა ნაწილებისკენ ეძებს.

ასე ვავსებთ ადამიანები ერთმანეთს.

წიგნი ამ ზიარჭურჭლის სითხეა. მხატვრობაც. მუსიკაც. ქანდაკებაც. კინოც.

მას ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. გაზიარება, მთელი ზიარჭურჭლის მოვლა, ყველა ნაწილის ავსება მისი თანდაყოლილი თვისებაა.

ყოველი ჩვენგანი სხვა ადამიანების ნაფიქრსა და განცდილს წიგნებიდან ვიგებთ და ვიღებთ. ყველაზე უიმედო წუთებში ის გვახსენდება, სხვა ადამიანებმა როგორ გაუძლეს განსაცდელს. და ეს სწორედ წიგნებში გვაქვს ამოკითხული. მუსიკით გვაქვს განცდილი. ეკრანზე გვაქვს ნანახი.

წიგნი და, ზოგადად, ხელოვნება – ზიარჭურჭლის ეს სითხე – დროის შეზღუდულობას არღვევს. წიგნის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ისევე განვიცადოთ საუკუნეების წინ მომხდარი ამბები, გამარჯვების სიხარული, დამარცხების სიმწარე, სიყვარულის სიტკო, განშორების სევდა, როგორც გუშინ და დღეს მომხდარი ამბავი. წიგნი აერთებს ჩვენს სისხლძარღვებს წარსულთან და აბამს მას მომავალთან.

იმისათვის რომ ავივსოთ – ფიქრით, ემოციით, განცდით, რწმენით, იმედით – წიგნს ვკითხულობთ, მუსიკას ვუსმენთ, ქანდაკებას ვუცქერთ. იმისათვის, რომ სხვა ავავსოთ – ასევე ფიქრით, ემოციით, განცდით, რწმენით, იმედით – ამბებს ვყვებით. თუ კალამი გვიჭრის, წიგნების მეშვეობით.

ყველა დიდი მწერალი დიდი მკითხველია. ის სულ კითხულობს – ამბებს, ისტორებს, წიგნებს. რაც მთავარია, ადამიანებს.

როცა ვკითხულობთ, ადამიანების ამბებს ვკითხულობთ. თავად ადამიანებს ვკითხულობთ.

როცა ადამიანებს ვკითხულობთ, თანავუგრძნობთ კიდეც მათ. გვესმის მათი. მათი დახმარების სურვილით ვიმსჭვალებით.

სწორედ ამ კითხვაში, წიგნების კითხვაში, ადამიანების ამბების კითხვაში, ადამიანების კითხვაში გვივითარდება მოყვასის სიყვარული, თავისუფლების შეგრძნება, ბედნიერებისკენ სწრაფვა, თანასწორობის განცდა.

სწორედ ამ კითხვაში გვიჩნდება სურვილი, სხვამაც წაიკითხოს, განიცადოს, გაიგოს, გაიზიაროს. რადგან წიგნი მოუსვენარი სითხეა, ჩვენ კი – ზიარჭურჭელი, რომელშიც ეს სითხე ნაწილიდან ნაწილში, ადამიანიდან ადამიანში, მკითხველიდან მკითხველში, ამბიდან ამბავში დადის და გადადის.

ამიტომაც გამიხარდა, როდესაც კარგმა მოქალაქემ, მკითხველმა და აწ უკვე თავადაც ავტორმა, სულხან სალაძემ ჩამრთო კამპანიაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტ სოფელში, სკოლისა თუ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის  თანამედროვე მხატვრული და სპეციალობების შესაბამისი წიგნების საჩუქრად მიწოდებაა.

მეტი სითხე ჩვენს ზიარჭურჭელში.

მეტი წიგნი ადამიანებს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბუქმობილი bookmobile

წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა

უსკოს ახალი წევრი ირაკლი გვარამია, რომელიც უპარტიო წევრის სტატუსით რამდენიმე დღის წინ შევიდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ის 2013 წლიდან უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობს და არ მალავს, რომ „ოცნების“ დეპუტატ დავით ბაციკაძესთანაც მეგობრობს.

„ნათესავიც არის, ის ჩემი შვილის ნათლია,“ – გვიპასუხა ირაკლი გვარამიამ. უპარტიო წევრის შეფასებით, მისი ამ პოზიციაზე არჩევა კავშირში არაა იმასთან, რომ გასულ არჩევნებზე „ოცნების“ ინტერესებს იცავდა უმაღლესი საარჩევნო კომისიაში [უსკო] და არც იმასთან, რომ დავით ბაციკაძე მისი მეგობარია.

„ჩემს თავს ვთვლი პროფესიონალად საარჩევნო ადმინისტრაციაში, არასდროს პარტიის წევრი არ ვყოფილვარ…“, – ამბობს ირაკლი გვარამია. მას ვუთხარით, რომ ადამიანები ხშირად ისე ხდებიან ამა თუ იმ პარტიის სახელით დეპუტატებიც, რომ პარტიის წევრი ოფიციალურად არ არიან.

ირაკლი გვარამია 2008 წელსაც იყო უსკოს წევრი. ამ პერიოდში იგი „კონსერვატიული პარტიის“ ინტერესებს იცავდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. მაშინ ამ პარტიის რეგიონული ლიდერი დავით ბაციკაძე იყო.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, 2013 წლიდან ირაკლი გვარამია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმდა უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

„თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე იყო, მაგრამ მალე გადააყენეს და შემდეგ სამი წელი ვაკანტური იყო ეს პოზიცია. შემდეგ ვმუშაობდი მერაბ კარანაძის და ბოლოს ტიტე აროშიძის სამდივნოში,“ – გვიყვება ირაკლი გვარამია.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აჭარაში უსკო ატარებს, სადაც საარჩევნო წელს სულ 13 წევრია, საარჩევნო წელს კომისიის 7 წევრს პარტიები ირჩევენ, დანარჩენი 6 წევრი კი, უპარტიო უნდა იყოს და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. მათ ხუთი წლის ვადით ირჩევენ და წესით არჩევნების კვალიფიციურად ჩატარებაზე უნდა მუშაობდნენ.

ირაკლი გვარამიას შევახსენეთ „უპარტიო წევრის“ სტატუსის ეს კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პირი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. „როგორ უნდა გენდოთ ამ დროს ამომრჩეველი, როცა თქვენ უპარტიო წევრი გქვიათ და წინა არჩევნებზე „ოცნებას“ წარმოადგენდით?“ – ვკითხეთ ირაკლი გვარამიას.

„ასე მე, როცა აბაშიძის რეჟიმს ვებრძოდით, სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი კომისიაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიასთან მაქვს კავშირი… ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, „ოცნებიდან“ ვიყავი კომისიაში, თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“: მე ვასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას, არა მგონია, ეს ვინმესთვის უხერხულობას ქმნიდეს… ახლა მე ოპოზიციონერმა მედეა ვასაძემაც დამიჭირა მხარი, სხვებმა ოპოზიციიდან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს,“ – აღნიშნა ირაკლი გვრამიამ „ბათუმელებთან“.

ირაკლი გვარამიამ უსკო-ში სოფიო კახაძე ჩაანაცვლა.

უსკოს წევრის ხელფასი 3300 ლარია. საარჩევნო წელს კი, ისინი გაორმაგებულ ხელფასს იღებენ.

ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად 45 მილიონი ლარი დაიხარჯება 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონ 32 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ([ხარჯთაღრიცხვა] ცესკომ 8 ივლისს დაამტკიცა.

ცესკოს დადგენილების მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხიდან ნახევარზე მეტი – 24 188 100 ლარი ხელფასებში დაიხარჯება, 1 012 100 ლარი კი – არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში.

არჩევნები-2021 / ხარჯები / წყარო: ცესკო

 

PHR სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების სწავლებას ითხოვს

დღეს, 9 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR ) სასამართლოს მიმართა იმ მიზნით, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.

ორგანიზაცია წერს, რომ „საქართველოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია.

ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება“.

PHR-ი, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, ადმინისტრაციული სარჩელით ითხოვს:

„დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2024 წლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანა და სწავლების დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ასაკს და დაფუძნებული იქნება ბავშვის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე“.

მალე დაბა შუახევს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“-ს მიერ 2021 წლის 09 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩა N49ბ-ში მდებარე (ს/კ 24.02.32.063.028) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის მოწყობა, შესაბამისი სადრენაჟე სისტემებით. ასევე გათვალისწინებულია 500 ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნის, მათ შორის შშმპ პირთათვის განკუთვნილი პანდუსებით მოწყობილი სამაყურებლო ადგილებით, სათადარიგო ფეხბურთელთა და მწვრთნელთა დასაჯდომების, ფეხბურთისა და რაგბის კარებების, გასახდელებისა და საშხაპეების, გარე განათების, 198 გრძ. მეტრი საყრდენი კედლისა და დამცავი ბადეების მოწყობა, ასევე მოედნის სრული შემოღობვა.

შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 788 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

წინადადებების მიღება სრულდება 2021 წლის 30 ივლისს.

ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=410686&lang=ge

ევროპაში კოვიდის შემთხვევების 33%-იანი ზრდაა – ჯანმო

„არ ვართ კარგ პოზიციაში… ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში ეპიდემიური მრუდი ახლა თითქმის სრულად ვერტიკალურია” –  აცხადებს მარია ვან კერჰოვი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგიის მიმართულების ტექნიკური ხელმძღვანელი.

„აფრიკაში ბოლო 7 დღის განმავლობაში 16.7% -ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში – 16.4% -ით. ევროპაში შემთხვევების 33% -იანი ზრდაა. 8.6% – ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიაში. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში 10% -იანი ზრდაა.

ამ ეტაპზე ორ ათეულზე მეტი ქვეყანაა, რომელთა ეპიდემიური მრუდი თითქმის სრულად ვერტიკალურია. როდესაც ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, ეს არ არის სიტუაცია, რომელშიც უნდა ვიყოთ ახლა”, – განაცხადა მან 8 ივლისს ჯანმოს ბრიფინგზე.

მარია ვან კერჰოვი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევათა გლობალური ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზს უკავშირდება: ვირუსის ახალ ვარიანტებს, გაზრდილ სოციალურ კონტაქტებს და მობილობას, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეკომენდაციების არასათანადო დაცვასა და ვაქცინების არასწორ გადანაწილებას.

„თუ თქვენთან ცირკულირებს ვირუსის ახალი ვარიანტები, თუ თქვენთან გაზრდილია სოციალური კონტაქტები, თუ არ ხდება ნორმების სათანადოდ დაცვა და თუ მოწყვლადი მოსახლეობა გყავთ – ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდება. ეს არ არის თეორია. ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ სიტუაციაზე – „რა მოხდება“. ეს ახლა ხდება.

მოდით, გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, რომლებიც გავრცელების შესამცირებლად გვაქვს და ვიყოთ გონიერები. გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ინდივიდუალურ დონეზე, ყველამ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, რომ შევამციროთ გავრცელება. ახლა ვირუსს ვყავართ ხელში გამოჭერილი. საჭიროა, ჩვენ დავიბრუნოთ კონტროლი მასზე“, – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა. 

რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა

„თურქული ქუჩები ხიბლს მატებს ჩვენს ქალაქს,“ – ეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ რესპონდენტს უთქვამს კვლევის დროს. ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“ კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო, თუ როგორია დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თურქების მიმართ.

კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქების მიმართ აჭარაში კონტრასტული დამოკიდებულებაა. რესპონდენტების ერთი ნაწილის დადებითი შეხედულება ეფუძნება თურქების პოზიტიურ როლს აჭარის თანამედროვე ყოფაში, ხოლო მეორე – არაკეთილგანწყობილი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თურქების უმრავლესობას „აჭარის მიმართ იმპერიული ზრახვები აქვს“.

„თურქების მიმართ ნეგატიური განწყობა ფოკუსჯგუფის რესპონდენტებმა დიდწილად დაუკავშირეს რეგიონში მათ მომრავლებას, კომპაქტური დასახლებების გაჩენას, აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას. ღრმად არის ფესვგადგმული აღქმა, თითქოს ისინი გამომწვევად იქცევიან და აქვთ იმპერიალისტური ზრახვები, რაც ეფუძნება მათ მოსაზრებას, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილია. ფოკუსჯფუფების მონაწილეებმა მაგალითად მოიყვანეს ქუთაისის ქუჩა, სადაც „ფაქტობრივად, მინითურქეთია“, როგორც ბათუმისთვის უცხო, არაორგანული ელემენტი: „ქუთაისის ქუჩაზე მომუშავე ქართველებიც კი თურქულად ელაპარაკებიან ქართველებს. პატარა თურქეთია, რა“, – წერია კვლევაში.

აჭარაში ამ საკითხზე, კვლევის ფარგლებში, სულ 600 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ რესპონდენტების იმ ნაწილზეც, ვისი აზრითაც თურქები აჭარის რეგიონის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს.

„სულ არ მაწუხებს თურქული რესტორნები ქუთაისის ქუჩაზე. პირიქით, ძალიან მომწონს ეს ქუჩა და სტუმრებიც მიმყავს ხოლმე მანდ,“ – უთქვამს ერთ რესპონდენტს გამოკითხვის დროს ბათუმში.

რა იწვევს აგრესიას ბათუმში თურქების მიმართ? – კვლევის ავტორებმა ეს კითხვაც დასვეს – რამდენიმე არგუმენტი გამოიკვეთა, მათ შორის, ანტითურქული
პროპაგანდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომლებიც, ასევე მანიპულირებენ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვით, რაც თითქოსდა თურქეთისთვის ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს, ასევე რელიგიური ფაქტორი, ვინაიდან „საქართველო ითვლება მართლმადიდებელ ქვეყნად“.

აქ წაიკითხეთ ინტერვიუ – „რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე“

რესპონდენტების ნაწილის აზრით, ანტითურქულ განწყობას რადიკალური პოლიტიკური ძალები კვებავენ, რომლებიც აგრესიულ აქციებს მართავენ ბათუმში.

„საგულისხმოა, რომ ამ რადიკალური ჯგუფების ყურადღების მიღმა რატომღაც რუსები რჩებიან, რომლებიც „ბევრად მეტნი არიან ბათუმში, ბევრად მეტს აქვს მიღებული მოქალაქეობა და ბევრად მეტი ფლობს უძრავ ქონებას,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

რესპონდენტები საუბრობენ ფინანსებზეც, რასაც, მათი მტკიცებით, თურქეთი გამოყოფს „რეგიონში გავლენების განმტკიცებისთვის“.

„თურქეთი გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიას, თუ შეისწავლი თეოლოგიას. ეს თურქული პროპაგანდის ნაწილია,” „ბეჭდავენ ქართულ ენაზე წიგნებს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რას ასწავლიან ე.წ. მედრესეებში, არ ვიცით პროგრამები. თურქებს აქვთ კავშირი მუსლიმურ სამმართველოსთან,“ „მედრესეების სასწავლებლები ზედმეტად ბევრია. თურქეთი ფულითა და რელიგიით ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას,“ – უთქვამთ რესპონდენტებს ბათუმში.

ამ მხრივ კონტრარგუმენტები უთქვამთ ფოკუსჯგუფებში გამოკითხვის დროს მუსლიმ რესპონდენტებს. მათი მტკიცებით, მედრესეებში რელიგიურ რიტუალებს ასწავლიან კვირაში 2 – 3 საათი, ხოლო ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება:

„კვლევამ გამოავლინა მცირედი განსხვავება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, როცა საქმე ეხება თურქი ხალხისა და მათი საქართველოსადმი დამოკიდებულების შეფასებას. კერძოდ, თურქების უმრავლესობაზე უფრო ცუდი წარმოდგენა მუსლიმ ქართველებს აქვთ, ვიდრე – ქრისტიანებს, მაგრამ მოსაზრებას, რომ თურქებს საქართველოსთვის ცუდი უნდათ, უფრო მეტად ქრისტიანები ემხრობიან ვიდრე – მუსლიმები,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, აჭარაში 50%-მდე მერყეობს მათი რაოდენობა, ვინც ნეიტრალურ ველში ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენილი თურქების მიმართ. სამ რეგიონს შორის [თბილისი, სამეგრელო, აჭარა], აჭარაში ყველაზე დიდია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება თურქების მიმართ: 16.3% დადებითად უყურებს ამ საკითხს (თბილისი – 15.4%, სამეგრელო – 11.7%), ხოლო 38.2% – უარყოფითად (თბილისი –
29.7%, სამეგრელო – 35.5%).

საქართველოში ჩამოსული თურქების მიმართ დადებითად განწყობილი უფრო მეტად მუსლიმები არიან (25.7%), ვიდრე – ქრისტიანები (10.9%). მეორე მხრივ, ნეიტრალურ დამოკიდებულებას ქრისტიანების 51.0% და მუსლიმების 32.2% ავლენს.

„გამოკითხულ რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა (73.6%) მიიჩნევს, რომ თურქებს, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება. მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მომხრეთა რაოდენობა კი 23%-ია. ნეგატიურადაა ასევე განწყობილი რეგიონის ქრისტიანების 70.9% და მუსლიმების 78.6%,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქებისადმი ამ დამოკიდებულებებში განსაკუთრებულად კატეგორიული ქალი რესპონდენტები იყვნენ.

„თურქები კალიებივით არიან მომრავლებული, რაც მაღიზიანებს“, „ერთხელ გავიარეთ ქუთაისის ქუჩაზე და თურქი მამაკაცებისგან ისეთი მზერა ვიგრძენით, რომ იქ გავლა მეორედ აღარ მომინდება“, – უთქვამს გამოკითხვის დროს რესპონდენტს.

კვლევის მიხედვით, აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა უცხოელებისთვის და მათ შორის თურქებისთვის მოქალაქეობის გაცემის მომხრეა, თუმცა სხვადასხვა პირობით: გამოსაცდელი ვადა, კვოტები ცალკეული ქვეყნებისთვის და ასე შემდეგ.

„მოქალაქეობის მიღების უფლების მინიჭების ჭრილში, ახალგაზრდები გარკვეულ სიფრთხილეს მხოლოდ თურქებისა და რუსების მიმართ იჩენენ. გამოიკვეთა ამ ერების, განსაკუთრებით თურქების, საქართველოში მომრავლების შიშის განცდაც, რამაც შეიძლება მათი დომინირება გამოიწვიოს, ხოლო მოქალაქეობის მასობრივად მიღება იმ კუთხითაცაა საფრთხილო, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური საკითხები დადგეს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ამ მაჩვენებლების პარალელურად რესპონდენტებს, თბილისისა და სამეგრელოს ფოკუსჯგუფებისგან განსხვავებით, უთქვამთ, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია.

საქართველოს მთავარ მეგობრად აჭარაში უკრაინა დასახელდა. მეგობრებად შემდეგი თანმიმდევრობით, ასევე დასახელდნენ: ამერიკა, რუსეთი და თურქეთი.
სხვა რეგიონებთან შედარებით, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს მთავარ მეგობრად ყველაზე მეტად აჭარაში გამოკითხული რესპონდენტები ასახელებენ.

ამ თემაზე:

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

რაზე მიუთითებს ფეხზე ჩალურჯება ტრავმის გარეშე – „პრევენცია ზღვა და ცურვაა“

თუ ფეხებზე ხშირად გიჩნდებათ უცნობი წარმოშობის ჩალურჯება, გამომწვევი მიზეზი კი არ გახსენდებათ, შესაძლოა ეს ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე მიანიშნებდეს. ანგიოლოგი მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს ექიმთან ვიზიტია საჭირო, რათა სისხლის შემდედებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გამოირიცხოს.

  • ბატონო მერაბ, რა შეიძლება იყოს ქვედა კიდურებზე ტრავის გარეშე გაჩენილი ჩალურჯებების მიზეზი?

ტრავმის გარეშე ჩალურჯებების ძირითადი მიზეზი არის ვენური  წნევის მომატება ქვედა კიდურებში, ანუ ვენური ჰიპერტენზია.

ვენური ჰიპერტენზია ეს არის ვარიკოზული დაავადების პათოგენეზურ რგოლში ერთ-ერთი წამყვანი. ასეთ დროს ვენაში  წნევა იზრდება და ჩნდება ვარიკოზული დაავადება. წვრილი კაპილარები, შესაძლოა, მაღალი წნევის ფონზე  გასკდეს და განვითარდეს ჩალურჯება, ანუ ჰემატომა.

ჩალურჯება ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საშიშროებას, იმიტომ, რომ ის თავისით გაიწოვება ან, შესაძლებელია, მედიკამენტოზური დახმარების ფონზე გაიწოვოს, თუ ეს არ არის მასიური და მსხვილი ჩალურჯებები, ანუ სისხლჩაქცევები, მაგრამ ცხადია, მაინც საყურადღებოა.

თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ჩალურჯება ხდება თუ არა ვენური ჰიპერტენზიის გამო, უნდა შევამოწმოთ, ხომ არ არის პრობლემები სისხლის შემდედებელ სისტემაში – კოაგულოგრამაში, თრომბოციტების რაოდენობა ხომ არ არის დაქვეითებული, ხომ არ არის დაბალი პროთრომბინის მაჩვენებელი და ა.შ.

ანუ ჩალურჯება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ზაფხულში, არის განპირობებული ვენური წნევის მატებით და ვარიკოზული დაავადებით.

თუ ეს არის ჩალურჯება, სისხლჩაქცევა და არ გვეშლება სიმპტომურად სხვა რამეში, ეს თრომბის განვითარებასთან კავშირში არ არის.

  • რაზე მიანიშნებს, როცა ჩალურჯებები ტრავმის შედეგად ჩნდება, მაგრამ უფრო ადვილად და ხშირად, ვიდრე აქამდე ხდებოდა?

მექანიზმი პრინციპულად იგივეა. თუ ადამიანს ვენური წნევა აქვს, ამ შემთხვევაშიც მიკროტრავმის დროს მალე განვითარდება ჩალურჯებები.

ქვედა კიდურის სისტემაში ვენური წნევა თუ არ არის მომატებული, მიკროტრავმის შემთხვევაში ჩალურჯებები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს ან შეიძლება უფრო პატარა ზომის იყოს. სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის.

  • როგო გამოიყურება? 

ხშირად ეშლებათ ჰემატომა/სისხლჩაქცევა კაპილარული ქსელის განვითარებაში, რომელმაც შეიძლება მოლურჯო ელფერი მიიღოს.

კაპილარული ქსელი დარჩება ხანგრძლივად, მუდმივადაც კი, პროცედურებით თუ არ გაქრა. შესაბამისად, ეს არ არის ჩალურჯება.

სისხლჩაქცევა/ჰემატომა კაპილარული ქსელისგან განსხვავდება, თუმცა მიზეზი ქვედა კიდურებში, როგორც წესი, არის ერთი და იგივე – ვენური ჰიპერტენზია და ვარიკოზული დაავადება.

  • ვინ არიან რისკჯგუფში?

ვენური წნევის მომატება, როგორც აღნიშნეთ, ვარიკოზული, ანუ ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, შესაბამისად, ასეთი ჰემატომების წარმოქმნის რისკჯგუფში არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უვითარდებათ ქრონიკული ვენური დაავადება.

ძირითადად, სქესის მიხედვით, ეს ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ასაკიც წარმოადგენს რისკფაქტორს. კერძოდ, რაც მეტია ასაკი, მით მეტია ვენური ჰიპერტენზიისა და ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკი.

რისკფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია წონა, გარკვეული პროფესიები, მაგალითად, სამსახურები, სადაც ადამიანებს უწევთ დიდ ხანს ფეხზე დგომა, ან მთელი დღით ჯდომა. ასევე, ზოგადად არააქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები.

Mayo Clinic: ზოგიერთი ადამიანი – განსაკუთრებით ქალები – სისხლჩაქცევებისადმი უფრო მიდრეკილია. ასაკის მატებასთან ერთად კანიც უფრო თხელი ხდება და კარგავს დამცავ ცხიმოვან ფენას, რომელიც სისხლძარღვების დაცვას უწყობს ხელს.

  • პრევენცია როგორია?

განსაკუთრებით ზაფხულში, ბათუმში, როცა ვენური ჰიპერტენზიის და ქრონიკული ვენური დაავადების პრევენციაზე ვსაუბრობთ, უპირველესი რეკომენდაციაა ზღვა და ცურვა, ოღონდ ცურვა დილით და საღამოთი – გარუჯვის გარეშე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ზოგადად პრევენციაა აქტიური ცხოვრების წესი – ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ დიდხანს არ იდგეს, არ იჯდეს, თავისუფალ დროს ფეხი მაქსიმალურად დაასვენოს, ქალებმა ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ატარონ, მამაკაცებმა – ძალიან უქუსლო. სადღაც 3-5 სმ არის ოპტიმალური სიმაღლე ფეხსაცმლისათვის.

უნდა შევეცადოთ, არ მოვამატოთ წონაში.

საერთოდ, ვენური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით ზაფხულში, უნდა განვიხილოთ, როგორც ვარიკოზული დაავადების არსებობა, ქრონიკული ვენური დაავადების უკვე პროგრესირების ნიშანი და პაციენტმა უმჯობესია დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ოჯახის ექიმთან სხვა მიზეზით მისული 10 ადამიანიდან მინიმუმ 7-ს აქვს ვარიკოზული დაავადება/ქრონიკული ვენური დაავადება, აქედან გამომდინარე, უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმმა უნდა მართოს ეს სიტუაცია.

Exit mobile version