Batumelebi | რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები – Batumelebi
RU | GE  

რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები

მეჭეჭი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევა, მის სამკურნალოდ ყოველთვის ექიმს არ მიმართავენ და ხშირად მის გაჩენას სხვადასხვა მითსაც კი უკავშირებენ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ მეჭეჭი ვირუსული დაავადებაა და მას ახასიათებს გადადება, გავრცელება როგორც სხვის, ისე საკუთარ სხეულზე. 

  • ქალბატონო ნატალია, რა ვირუსი იწვევს მეჭეჭს?

მეჭეჭი ვირუსული დაავადება, იგი გადის ვირუსულ-დერმატოზებში და მისი გამომწვევია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ადამიანის პაპილომა ვირუსი არსებობს რამდენიმე სახის.

ზოგადად, საზოგადოებას ალბათ სმენია, რომ პაპილომავირუსი საკმაოდ საშიშია, მაგრამ უნდა განვმარტო, რომ პაპილომავირუსის ის ფორმა, რომელიც ონკოგენურ პაპილომებს იწვევს ქალებში, განსხვავდება პაპილომავირუსის იმ ფორმისგან, რომელიც იწვევს მეჭეჭებს. ეს სხვადასხვა სახის პაპილომავირუსებია.

  • მეჭეჭი გადამდებია?

დიახ, მეჭეჭები ძირითადად დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გზით და საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის. ოღონდ ეს ხდება მაშინ, როცა კანის მთლიანობა დარღვეულია, ანუ კანზე არის რაიმე ნაკაწრი, ან ატოპიური დერმატიტის მოვლენები. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორები, რომ გაჩნდეს მეჭეჭები.

  • როგორ ამოვიცნოთ მეჭეჭი?

მეჭეჭის 4 სახეობა არსებობს: არის უბრალო მეჭეჭები, ბრტყელი, იგივე ახალგაზრდული მეჭეჭები, მახვილკიდეებიანი და ტერფის მეჭეჭები.

უბრალო მეჭეჭები შესაძლოა გაჩნდნენ ნებისმიერ ადგილას – სახეზე, ხელებზე… ძირითადად, ეს არის ხელის მიდამო, შეიძლება ტუჩებზეც იყოს და ძალიან იშვიათად – პირის ლორწოვან გარსზეც. ვიზუალურად ეს არის წარმონაქმნი, რომელიც დიამეტრში შესაძლოა იყოს 1 სანტიმეტრი, იგი წამოწეულია კანის დონიდან, ფერი აქვს მორუხო ან  ხორცისფერი. არის მკვრივი. 

მეჭეჭებს აქვთ მიდრეკილება შერწყმისკენ. შეიძლება გაიზარდოს ზომაში, ან თუ რამდენიმე ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან, შეიძლება წარმოიქმნას დიდი ბალთა.

ბრტყელი მეჭეჭები ძირითადად გვხვდება ბავშვებში. იგი დიამეტრით სადღაც 3 მილიმეტრამდეა და კანის დონიდან სულ ოდნავ არის წამოწეული. აქვს კანის ფერი, ნორმალური კანისგან შეიძლება არც განსხვავდებოდეს.  ძალიან ხშირად ლოკალიზდება სახეზე. პაციენტები ძირითადად არ უჩივიან წვას ან ტკივილს, თუმცა ბრტყელ მეჭეჭებს ზოგჯერ ახასიათებთ უმნიშვნელო ქავილი. 

ტერფის მეჭეჭები ძირითადად მოზრდილებში გვხვდება, მათ ახასიათებთ ტკივილის შეგრძნება. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის კოჟრი, მაგრამ მისგან განსხვავებით ამ ტიპის მეჭეჭს ძალიან ძლიერი ტკივილის შეგრძნება ახასიათებს, რომელიც, რაღაც მომენტში, სიარულის დროს, ზეწოლის შედეგად ვითარდება. ტერფის მეჭეჭი არის მკვრივი, შეიძლება ირგვლივ ჰქონდეს რქოვანა რგოლი. დერმატოლოგი მარტივად მიხვდება, რომ მეჭეჭია, მას აქვს განსხვავებული, არასწორი ზედაპირი. 

კანდილომები, მახვილწვეტიანი მეჭეჭები წარმოადგენენ ცომისებრი კონსისტენციის წარმონაქმნებს. იგი ფორმით ჰგავს ყვავილოვან კომბოსტოს. სხვა მეჭეჭებისგან განსხვავებით, იგი განლაგებულია წვრილ ფეხზე და აქვს უფრო მოვარდისფრო ფერი. უმეტესად ლოკალიზებულია ბუნებრივ ნაოჭებში და მუდმივი ტრავმატიზაციის შედეგად ფერს იცვლის, შესაძლოა გახდეს წითელი ფერის. გაღიზიანების შედეგად შესაძლოა ჰქონდეს გამონაჟონი სითხის სახით. კანდილომებსაც აქვთ მიდრეკილება ზრდისკენ და შერწყმისაკენ.

  • როგორ მკურნალობენ მეჭეჭს?

 არსებობს მეჭეჭის მოშორების რამდენიმე მეთოდი, მათ შორის ქირურგიული, როცა ელექტროდანით ხდება წარმონაქმნის მოშორება, ელექტროკოაგულაცია და კრიოდესტრუქცია – თხევადი აზოტით მოყინვა. თუმცა შესაძლებელია რეციდივი.

მაგალითად, კრიოდესტრუქციის ანუ თხევადი აზოტით მოყინვისას იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა სათანადოდ ღრმად არ მოხდეს მოყინვა.

რეციდივი შესაძლოა განვითარდეს სხვა ადგილებშიც. მაგალითად, თუ დროის რაღაც შუალედებში კიდევ ჰქონდა ამ პაციენტს შეხება დაავადებულთან, შესაძლოა კვლავ გადაედოს, რადგან ამ დროს იმუნიტეტი არ ვითარდება, როგორც სხვა დაავადებების დროს.

თუ არის მეჭეჭი დიდი რაოდენობით და ინტენსივობით, მაშინ შესაძლოა იმუნოთერაპიაც დაინიშნოს.

ქირურგიული მეთოდისას შესაძლოა დარჩეს კანის დეფექტი. თუ პაციენტს აქვს მიდრეკილება ნაწიბურებისკენ, შესაძლოა ამ ადგილას შეიცვალოს კანის ფერი ან ჩალაგდეს  შემაერთებელი ქსოვილი. როცა გამოვიყენებთ თხევად აზოტს, არანაირი დეფექტი კანზე არ რჩება. ერთადერთი, რაც ვითარდება, არის ჰიპოპიგმენტაცია, ანუ ღია ფერი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში გადადის და ამ ადგილს ჩვეულებრივი კანის ფერი უბრუნდება.

  • რამდენად საშიშია მეჭეჭის თვითნებური მკურნალობა?

ძალიან ხშირად მკურნალობისას ხალხურ მეთოდებსაც იყენებენ, მაგრამ მერე მაინც მოდიან ჩვენთან. თუ შეამჩნიეთ, რომ სხეულზე არის მეჭეჭი, საჭიროა მისი მოშორება, რადგან მეჭეჭებს აქვთ მიდრეკილება დაბანისას ღრუბლის გამოყენებით გამრავლდეს, რადგან ვირუსულია და გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე, ანუ დაავადება ვრცელდება და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ  თავისით მორჩება.

როცა პაციენტი ხედავს, რომ კანზე აქვს რაღაც წამონაზარდი, არ არის თვითმკურნალობა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ყოველთვის სჯობს მიმართოთ სპეციალისტს დიაგნოსტიკისთვის.

მეჭეჭები ზოგჯერ ჰგავს სიმსივნურ დაავადებას, ამიტომაცაა აუცილებელი დიაგნოსტიკა. რიგ შემთხვევაში, თუ საჭიროა, ჰისტოლოგიური კვლევაც უნდა ჩატარდეს.

რამდენიმე რჩევა მეჭეჭის არსებობისას
  • მოერიდეთ მეჭეჭთან უშუალო კონტაქტს. მათ შორის თქვენს მეჭეჭებთანაც.
  • არ შეეცადოთ მათ ხელით მოშორებას, ამან შეიძლება უფრო გაავრცელოს ვირუსი.
  • არ შეახოთ მეჭეჭს ის ქლიბი, მაკრატელი და სხვა ხელსაწყოები, რითაც ჯანსაღ კანსა და ფრჩხილზე მუშაობთ.
  • მოერიდეთ ე.წ. „ფრჩხილების ჭამას“. მეჭეჭები უფრო ხშირად ჩნდება დაზიანებულ კანზე. ფრჩხილების ირგვლივ კანის დაზიანება ვირუსებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან