ჯუმბერ ბერიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. ის 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც კი იყო. ამბობს, რომ „ოცნების“ ერთგული იყო ბოლომდე, თუმცა არ დაუფასეს. რას აპირებს მერობის შემთხვევაში და როგორია მისი საარჩევნო გეგმები – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს.
- ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, 2015 წელს თქვენ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე, რას საქმიანობდით ამის შემდეგ?
არაფერს, მოძულებული პიროვნება ვიყავი და ვიჯექი სახლში.
- უმუშევარი ხართ, რითი არსებობთ?
არაფერი, ცარიელი ჯიბე. ყანა მაქვს, ბაღჩა ახალსოფელში… ამ ქვეყანაში ადამიანი არ არის დაფასებული.
- მომიძულესო ამბობთ, ვინ მოგიძულათ?
ისევ საკუთარმა პარტიამ.
- რის გამო, შეგიძლიათ გვითხრათ?
არაფერი ისეთი, ხომ იცით, პორტირებული „ნაციონალები“, ისინი, ესენი და მე არ ვაწყობდი. შიგადაშიგ არჩევნები რომ ტარდებოდა, მეძახდა „ოცნება“ და ვეხმარებოდი. ბოლომდე არ მიმიტოვებია, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეხმარებოდი.
- მომიძულესო ამბობთ და მაინც ეხმარებოდით, რატომ, რა ტიპის ურთიერთობა იყო ეს?
დაგავალებთ ათასნაირ დავალებას, შეგასრულებინებ და მერე ჩემსას რომ მივაღწევ, მავიწყდები.
- იმის თქმა გინდათ, რომ ხელფასს არ გიხდიდნენ?
მე გადახდებზე არ ვმუშაობ. მე ასეთ რაღაცებს არ ვითხოვდი, მე ვეხმარებოდი უბრალოდ პარტიას. „ოცნებას“ აღარ აინტერესებდა ხალხი, ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდნენ. ხალხი რომ გაღარიბდა, არც ეს აინტერესებთ, არ არის პრიორიტეტი მათთვის. მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული. ამიტომ გავემიჯნე მაგათ.
- გახარიამ თქვენზე რატომ გააკეთა არჩევანი, კარგად იცნობდით?
გახარიას არ გაუკეთებია არჩევანი, მე შევთავაზე ჩემი კანდიდატურა. მე მაინც ვიყრიდი კენჭს და შევთავაზე.
- მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ ბოლომდე მუშაობდით?
ბოლომდე ვიყავი, მაგრამ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს. 2020-ის არჩევნებზე აღარ მივეხმარე. მე პიროვნება ვარ და ავტორიტეტიც ვარ. „ოცნებას“ გავემიჯნე, რადგან აღარ ზრუნავდა ხალხზე და გადავედი გახარიას პარტიაში. გახარია ორიენტირებულია ხალხზე. მის გარდა დღემდე არავის არ უთქვამს, რომ ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია გაკეთდეს. ხალხმა უკეთ იცის, როგორ მოიხმაროს თავისი ბიუჯეტი და გაანაწილოს.
ბიუჯეტი ხალხზე უნდა იყოს მორგებული. ბიუჯეტით უნდა განისაზღვროს ყველა ის პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს და მაქსიმალურად უნდა განაწილდეს მოსახლეობაში სოფლების მიხედვით, რომ რაღაც სარგებელი ნახოს მოსახლეობამ.
ტენდერები ტარდებოდა და ადგილობრივი მოსახლეობა არ საქმდებოდა, შემოსავლები არ ჩნდებოდა სოფელში. 20 მილიონი იყო ტრანსფერები, მაგრამ როგორც მიცვალებულს „დაკრუგავ ზალაში“ და გამოდიხარ გარეთ, ასე „დაკრუგავდა“ ეს თანხები ბიუჯეტს და ისე ქრებოდა, კაცმა არ იცოდა სად. ინფრასტრუქტურაში იყო გაბნეული, რომელიც უხარისხოდ იყო შესრულებული.
- თქვენ ფიქრობთ, რომ კორუფციაა მერიაში?
მე არაფერს არ ვამტკიცებ. ეს უნდა აინტერესებდეს კომპეტენტურ ორგანოებს.
- თუ აგირჩევენ მერად, თქვენ როგორ გაანაწილებთ ბიუჯეტს?
მე პრობლემების ნუსხა მაქვს. პირველი პრობლემა ეს არის მიწის საკუთრების აღიარება. აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ბიუროკრატიული მიდგომა და მიწა გლეხს უნდა გადაეცეს. თუ სადავო მიწა არ არის, გლეხს უნდა გაუფორმდეს მიწა.
მეორე – სოფლის მეურნეობის ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელშიც ჩაიდება ბიუჯეტიდან 3-დან 5 მილიონამდე ლარი. ამ ფონდით ხილ-წვენების საწარმო აშენდება, რომელიც მოემსახურება არა მარტო ხელვაჩაურის მოსახლეობას, არამედ ქედასაც.
- რამდენად სწორია საბიუჯეტო სახსრებით საწარმოს გახსნა?
აიპი იქნება ან შპს. ხალხს რაც აწყობს, იმას ვაკეთებთ. ბიუჯეტი ზემოდან არ უნდა იგეგმებოდეს, არამედ ქვემოდან. მთელი წლის განმავლობაში გავაფორმებთ ხელშეკრულებებს კომპანიებთან და გავყიდით პროდუქციას.
- შემოსავალი როგორ განაწილდება?
ეს თანხები განაწილებული იქნება მოსახლეობაზე.
- ასეთი მოდელი სადმე გინახავთ, თუ რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?
ადრე კეთდებოდა.
- როდის, საბჭოთა კავშირის დროს?
რა მნიშვნელობა აქვს, როდის იყო და სად იყო, არ მაინტერესებს. ამ თანხებით დავეხმარებით მოსახლეობას, მივაწვდით პესტიციდებს, ტრაქტორებს შევიძენთ და დავეხმარებით მოსახლეობას. ეს ყველაფერი მოემსახურება ხალხს. ამით სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის დონეც ამაღლდება.
- ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურის პრობლემაცაა, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?
ინფრასტრუქტურა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ეგ ისედაც გაკეთდება, ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება სოფელი.
ასევე გვინდა, რომ ხელმოწერები შევაგროვოთ სოფლებში და მოვითხოვოთ, რომ 5 ათასზე მეტი ლარის განკარგვის უფლება გვქონდეს ტენდერის გარეშე. სულ ცოტა 60 ათასი ლარის მაინც, რომ ეს თანხები სოფლებში შევიტანოთ.
- ხელვაჩაურში არის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, დაბინძურებულია ჰაერი, მდინარეებიდან უკონტროლოდ ამოაქვთ ინერტული მასალა. რა გეგმები გაქვთ ამ პრობლემებზე?
ეკოლოგიისთვის ბრძოლა ყველას გვევალება. არავითარი ინერტული მასალის ამოღება არ მოხდება 20 კილომეტრის ფარგლებში. მთები დგას უკვე ინერტული მასალების, წყალქვეშა ნავი დაიმალება, ისეთი ორმობია ამოთხრილი, უკვე საქონელიც იხრჩობა.
- როგორც ირკვევა, ინერტული მასალების ბიზნესს მაღალჩინოსნები და კრიმინალური ავტორიტეტები მფარველობენ, როგორ აპირებთ მათთან დაპირისპირებას?
მე არ მაქვს მაგის მტკიცებულებები, არ ვიცი. ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავკრძალავ ინერტული მასალის ამოღებას. მე გავლენიანებს არ ვემორჩილები. მე ხალხის ნების აღსასრულებლად მოვდივარ და არა ვიღაცების ნების.
- ხალხზე უნდა ვიზრუნოო ამბობთ, ჯოჭოს ტრაგედია გახსოვთ ალბათ, რა გეგმები გაქვთ ფერდსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ბევრი ოჯახია მეწყრის საფრთხის წინაშე.
ამ ოჯახების ადგილმონაცვლეობა ძალიან რთული იქნება, რადგან თავის დროზე ძალიან არაგეგმაზომიერად გასხვისდა მიწები. კერძო საკუთრებას ხომ ვერ შევეხებით, ამიტომ ამ კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინები უნდა აშენდეს. ასევე ძალიან ბევრია სოციალურად დაუცველი და ვფიქრობ, ამ ხალხისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული ბინები.
კიდევ გადაწყვეტილი მაქვს ტურისტული სააგენტოს შექმნა, საოჯახო სასტუროების განვითარებას შევუწყობთ ხელს. ზღვისპირი აღარ გვაქვს, ფაქტობრივად, სარფის გარდა ფერდობებზე შეფენილი სოფლები გვაქვს, მაგრამ ტურისტმაც ისწავლა, რომ ღამის გათევა სოფლად სჯობს, დასვენება კი – ზღვაზე. ამიტომ საოჯახო ტურიზმის განვითარებით სოფელიც განვითარდება. ასევე ვაპირებ, რომ ბიუჯეტის სახსრებით ავაშენოთ მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქი.






