მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება

21.09.2021 • 1526
ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს 3,000,080 ლარამდე ზრდის. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობის ზრდაა. სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა, პროგრამა ყოველწლიურად იხვეწება და ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული ხდება. 2022 წლიდან ჩვენ ვზრდით სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას. მომავალ წელს გაზრდილი ბიუჯეტითა და თანადაფინანსებით ეკომიგრანტებისათვის 100 უსაფრთხო საცხოვრებელი სახლის შეძენა იგეგმება“, – აცხადებს მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

დღემდე ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.

აჭარის მთავრობისათვის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა პროგრამული დაფინანსებისა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან იღებენ. მიმდინარე წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სარეზერვო ფონიდან ფინანსური დახმარება გაეწია 281 ოჯახს.

2013 წლიდან დღემდე ამავე მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი დახმარება გაიცა 3 960 ოჯახზე.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ეკომიგრანტ ოჯახებს ეხმარება, სოციალური სახლების მშენებლობა და საცხოვრებელი ფართებით უსასყიდლოდ მიღებაა. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 14 სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, სადაც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა 719 ოჯახი.

აჭარაში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება, მალე 20 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა ქედის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

2013 წლიდან აჭარის მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი. ასევე ფინანსური დახმარება გაეწია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც აქტიური მეწყრული პროცესია განვითარებული.

მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, კერძოდ, ძალაში შევიდა აჭარის ა/რ მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ – სამართ­ლებ­რივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციისა და გადატანის მიზნით. წესი არეგულირებს ასევე, სოციალურ სახლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართობების განაწილებისა და გადაცემის კრიტერიუმებს. აღნიშნული დადგენილებით, პირველად ქართულ სამართლებრივ სივრცეში  განხორციელდა ოჯახთა დაყოფა სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად.

ამოქმედდა განკარგულება,  რომელიც უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც სრული საჯაროობის დაცვით ხორციელდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა დაზარალების კატეგორიების და ხარისხების კლასიფიკაციის განსაზღვრა და შესაბამისი მიზნობრივ/ქმედითი  დახმარების გაწევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: