მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია არ ამხელს, ვინ აშენებს 7 კორპუსს უკანონოდ და რა იქნება გოგოლის #11-ში

20.09.2021
ბათუმის მერია არ ამხელს, ვინ აშენებს 7 კორპუსს უკანონოდ და რა იქნება გოგოლის #11-ში

ბათუმში, გოგოლის #11-ში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქ 7 კორპუსი აშენდა და მშენებლობა გრძელდება. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რაც დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაავრცელა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე და გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი.

ადგილზე გამოიძახეს მუნიციპალური ინსპექცია და პოლიციის ეკიპაჟი. აქ კომპანიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დაძაბულობა მალევე განიმუხტა.

16 სექტემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა თქვა, რომ მესაკუთრეს პროექტის პირველი ეტაპის შესათანხმებლად მერიას მიმართა, თუმცა ნებართვა გაცემული არ არის. მირიან მეტრეველმა „სასაწყობო მეურნეობები“ ახსენა.

17 სექტემბერს ჩვენ დავუკავშირდით მერიის პრესსამსახურს და ვთხოვეთ საკითხის დაზუსტება, კერძოდ:

ვინ მიმართა პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის მერიას და რას ითვალისწინებდა პროექტი როგორც ფუნქციური თვალსაზრისით, ასევე როგორი იყო პროექტის მასშტაბები.

დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურმა ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის პასუხი გადმოგვცა: „ინფორმაცია გამოითხოვონ“ .

15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც უკანონო მშენებლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ   გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება “მეტრო ტერმინალის” მიმართ დაიწყო.

„მითითების შეუსრულებლობის გამო კი დაჯარიმდა 6000 ლარით. კომპანიას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა [დემონტაჟი]. მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი, მას შემდეგ სამართალდამრღვევი კანონის შესაბამისად 6-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით. თუმცა ვინაიდან დადგენილებები გასაჩივრებულია კომპანიის მიერ სასამართლოში, შესაბამისად აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“

ვიდრე სასამართლოში გაირკვევა, უნდა გადაიგზავნოს თუ არა მსგავსი მოთხოვნა აღსრულებაში, გოგოლის #11-ში მშენებლობა გრძელდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გოგოლის #11-ში ხუთ ჰექტარზე მეტი ფართობი ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო ტერმინალს“, გოგოლის #11ბ – კი სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ საკუთრებაა.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/365480/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: