კონკურსი 200 ათასი ლარით – ბლექსის ადგილას ახალი სკოლის პროექტის შესაძენად

ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ყოფილი შენობის ადგილას, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება.

დ. თავდადებულის N61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 200 ათასი ლარია.

კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.

„მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული თვის ვადაში (ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის ჩათვლით). [შემდგომში] საავტორო ზედამხედველობის გაწევის ვადა განისაზღვრება სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადით. საავტორო ზედამხედველობას მიმწოდებელი განახორციელებს უსასყიდლოდ,“ – აღნიშნულია საკონკურსო პირობაში.


„ბლექსის“ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებული ისტორიული შენობა სამინისტრომ მერიას მოსთხოვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“  თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

„ბლექსისთვის“ ახალი შენობა განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება.

ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

 

ხვალ ღამით თამარის დასახლებას წყლის მიწოდება შეეზღუდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 16 ივლისს, 22:00-დან 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება თამარის დასახლებაში.

ხვალ, დღის განმავლობაში, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებასა და ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთს, ლერმონტოვიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.

ტიკარაძე მედპერსონალის სავალდებულო აცრაზე – არ განვიხილავთ, მაგრამ შეიძლება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ გუნდში ეს საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, ვაქცინაციაზე აქტივობა მზარდია, აცრის შესახებ გადაწყვეტილება კი გააზრების დონეზე უნდა მოხდეს. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება შეიძლება შეცვალოს:

“მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯერ გუნდში არ ვსაუბრობთ, ვინაიდან ბოლო პერიოდში ჩვენ ვამჩნევთ საკმაოდ მაღალ აქტივობას როგორც სამედიცინო პერსონალიდან, ასევე სხვადასხვა ჯგუფის მოქალაქეებისგან. ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სურვილი, რომ აქ გარკვეული სავალდებულოობა ჩავრთოთ.

თუმცა ეპიდემიის განვითარებიდან გამომდინარე და ასევე იმ დაკვირვებით, თუ როგორი იქნება აქტივობა, შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ალბათ არ დაიგეგმება სავალდებულობის შემოღება”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით სამედიცინო პერსონალისთვის, დაგეგმილი სამედიცინო მაჩვენებელი იყო დაახლოებით 45 000 პირი, აქედან დღეს მხოლოდ 12 000-მდე პირია აცრილი. მისივე თქმით, ამ ჯგუფში ყევლაზე მეტი, ექიმები არიან.

https://netgazeti.ge/news/550574/?fbclid=IwAR0IeT-05xVHDNZkOcumSSjjVVfldUKiyGlzJybuapLNbc4jhGM-y6T92as

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ “ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული, ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად,  ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში წერია, რომ ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია (69%), რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს.

2018 წელს მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი – 24%.

“2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები (2,9%) ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (4,9%) დაბალია”, – წერია ანგარიშში.

ჯანმოს ანგარიშში განხილულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2013 წელს დაინერგა და რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა. შესაბამისად, რეფორმებმა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, “მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6-დან 1 ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის. ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება”, – წერია ანგარიშში.

„ანგარიშში მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ამბულატორიული მედიკამენტების საკმარისი დაფარვა, რაც ჯიბიდან კატასტროფული გადასახადების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია… ჯიბიდან გადახდა ჯანდაცვაზე მთლიანი გაწეული ხარჯების 48%-ია, რაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე (30%) მეტია”, – ტრინ ჰაბიხტი, ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი ჯანმოს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების ბარსელონას ოფისში.

რეკომენდაციის სახით ჯანმო აცხადებს, რომ მხოლოდ დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროში არ არის საკმარისი მოსახლეობის ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად. ასევე საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის უკეთესი პოლიტიკა და ფასების (მათ შორის მედიკამენტების ფასების) რეგულირება. “ჯანდაცვაში ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია უნდა იქნეს მიმართული ღარიბი ოჯახებისა და ჯანდაცვის სერვისების რეგულარული მომხმარებლების უფრო ძლიერი დაცვისკენ”, – წერია ანგარიშში.

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/202462/?fbclid=IwAR2NtHmGFZqrfZfklr84l4OW6oUy6-2zcAHdIRWCPW6PnziGOXkTfkOo4bA

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის 2 ნაკვეთს და შენობებს ყიდის

ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას გასაყიდი ქონებები შეემატა – განახლებული ნუსხა  საკრებულომ დღეს დაამტკიცა. მერიამ გასაყიდი ქონებების ჩამონათვალში შეიტანა ბათუმში, ჯინჭარაძის #1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [471კვ.მ.] და მასზე დამაგრებული შენობა ზღვასთან ახლოს [1224.70კვ.მ].

მერიის ინფორმაციით, ეს ქონება პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდება, საწყისი ფასი 252 000 ლარი იქნება, პირობა კი საპრივატიზებო საფასურის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში გადახდაა.

ამ ქონების მომიჯნავედ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა შპს „ნექსთ გრინმა“.

მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა ასევე 12 506კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის სანაპიროზე [ მეგობრობის ქუჩა #40]  და ამავე ნაკვეთზე არსებული შენობა[9127,07კვ.მ].

მერიის ინფორმაციით, ნაკვეთი პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდება და საწყისი ფასი 5 მილიონ  400 000 ლარი იქნება. პირობის თანახმად, საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა გადაიხადოს მყიდველმა.

მერიამ გასაყიდი ობიექტების ნუსხაში შეიტანა ასევე მახვილაურის მეურნეობაში მდებარე 187 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც 39 500 ლარია.

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 16 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში.

ასევე, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:00-დან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, ლერმონტოვიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს.

 

 

გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა

მერი მამუკაშვილი, რომელმაც ბათუმის ბულვარში პოლიციელები დაწყევლა, როცა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს, მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა.

„არ ველოდი, თუ ბათუმის სასამართლოში ასე მოხდებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი მამუკაშვილმა. ის „გირჩის“ მხარდამჭერია და სასამართლო პროცესზე იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა.

პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მერი მამუკაშვილის წინააღმდეგ 15 მაისს შეადგინეს. პოლიციელების შეფასებით, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა. შემთხვევა ბათუმის ბულვარში მოხდა.

„ზღვაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და როცა გადმოვდიოდით, წყალი უნდა გვეყიდა, პირბადე ხელში გვეჭირა და მანქანიდან დაგვიძახა პოლიციელმა, პირბადე არ გიკეთიათ, გაჯარიმებთ 20 ლარითო. გავბრაზდი. ვუთხარი, რომ გაფრთხილება საკმარისი იყო და რა საჭირო იყო ჯარიმა, როცა გაფრთხილებასაც გავითვალისწინებდი. დაახლოებით 40 წუთი დაგვაყოვნეს, ვიდრე ოქმს ადგენდნენ და ვუთხარი ისიც, რომ მათი მიზანი უსაფრთხოება კი არ არის მოქალაქეების, არამედ დაშინება.

შევყევით საუბარს და ვუთხარი, რომ უნამუსოები ხართ-მეთქი, სამარცხვინოები, სასაცილოები, ტერორისტები. ბოლოს ვუთხარი, ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ-მეთქი. ეს მიიჩნიეს პოლიციელებმა ჩემგან წყევლად. მოსამართლემ ვერ გაიგო, რატომ იყო წყევლა ის, რაც ვთქვი,“ – აღნიშნა მერი მამუკაშვილმა „ბათუმელებთან“.

მერი მამუკაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც მოიცავს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“.

თუკი მერის მოსამართლე სამართალდარღვევას დაუდგენდა, მას 2 ათასიდან 3 ათასამდე ლარით  დააჯარიმებდნენ. ეს მუხლი ითვალისწინებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც.

გაბუნია „ფაიზერის“ დაჯავშნაზე: არ იყო საჭირო ნერვიულობა და აჟიოტაჟი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინისთვის რეგისტრაციის ხარვეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ის საწყისი დოზები, რაც გაიხსნა, არის მხოლოდ დასაწყისი, ნამდვილად არ იყო საჭირო ამდენი ნერვიულობა და აჟიოტაჟი” და რომ მომდევნო კვირაში საქართველოში ფაიზერის ვაქცინის მომდევნო დოზები ჩამოვა:

„გუშინ დაიწყო მოწოდება ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში.

გუშინ იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია. ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით.

ეს არის საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან, მე ვფიქრობ ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება საჭირო მსგავსი [აჟიოტაჟი] …

ჩვენ სულ რამდენიმე დღე გვჭირდება იმისთვის, რომ დოზების რაოდენობა იქამდე გაიზარდოს, რომ ყველა, ვინც ამას ელოდებოდა, აიცრას. აუცილებლად მოახერხებს დარეგისტრირებას ვისაც ეს სჭირდება.

გარდა ამისა, მუშაობა მიდის ამერიკის მთავრობასთან დონაციასთან დაკავშირებით, აქ ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს ინფორმაცია, აქაც საუბარია ამერიკული წარმოების ვაქცინებზე, რომელიც ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა შემოვიდეს. ესეც იქნება დამატებითი შესაძლებლობა”.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მილიონი დოზა ნახევარი მილიონი ადამიანისთვის განკუთვნილ ორ დოზას მოიცავს.

 

ხელვაჩაურში ოჯახს ასახლებენ, კაცმა თავის დაწვა სცადა

ხელვაჩაურში ჯაყელების ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სახლიდან ასახლებენ.

სახლი ოჯახს სასამართლო გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციის გზით ჩამოართვეს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს სახლი ხელს უშლის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას.

დღეს, 15 ივლისს, ჯაყელების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრის ინფორმაციით, სახლი საჯარო რეესტრში ოჯახს რეგისტრირებული არ აქვს, როგორც საკუთრება. ამის მიუხედავად, გზების დეპარტამენტმა ამ ოჯახს მაინც გადაუხადა კომპენსაცია, დაახლოებით 200 ათასი ლარი.

თავად ოჯახის წევრები დღეს ჟურნალისტებს არ ესაუბრებიან. ისინი აცხადებენ, რომ მათი ოჯახი ათწლეულებია ამ სახლში ცხოვრობს.

დღეს გამოსახლების დაწყებამდე ოჯახს გამოფენილი ჰქონდა ბანერი – „რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, „ქართული ოცნება“ – ჩვენი ოჯახის“.

თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლთან მწნილი და ღვინო მიუტანეს – აქცია პერფორმანსი

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ აქტივისტებთან ერთად დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, მწნილი და ღვინო მიუტანა მთავრობის სახლთან. აქტივისტების თქმით, გუშინ თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად რესტორანში ქეიფობდა. „ნაბახუსევზე იქნება დღეს და მოუხდება მწნილი და ღვინო“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

„მაშინ, როცა მთელი ქვეყანა დაღუპულ ოპერატორს გლოვობს, ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ, როცა უნიათო ხელისუფლებამ ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და სამუშაო დააკარგვინა ათასობით ადამიანს, მთავრობის თავმჯდომარე რესტორანში ქეიფობს „ოცნების“ წევრებთან ერთად,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებიც მიიტანეს.

ბოლქვაძის თქმით, აჭარისწყალზე რესტორანში გუშინ თორნიკე რიჟვაძემ ყოფილი პოლიციელი მერობის კანდიდატად წარუდგინა მმართველი პარტიის წევრებს.

„სწორედ ამას აღნიშნავდნენ რესტორანში. 80-მდე ადამიანი იყო დაპატიჟებული – მოქმედი დეპუტატები, მერიის თანამშრომლები, აიპის ხელმძღვანელები, სამსახურის უფროსები, კულტურის სახლის, ბაღების წარმომადგენლები, ყველა ჰყავდათ მიპატიჟებული და ჭიქით ხელში წარუდგინეს ზაზა დიასამიძე, ყოფილი პოლიციელი, მერობის კანდიდატად, რომელიც ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. მე როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ბიუჯეტის ხარჯზეა გაკეთებული, ამიტომ გამოვითხოვ დოკუმენტებს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ბოლქვაძის თქმით, რესტორანში არც კოვიდრეგულაციები იყო დაცული.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა.

“გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს.

პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგმეს. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ჟურნალისტებს.

———————————

ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა, სულ, 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

5 ივლისს მიზანმიმართული, მასობრივი ძალადობის სამიზნე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი გახდა, რომელთა ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ხელვაჩაურში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე იმსჯელეს

14 ივლისს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალსა და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში დაახლოებით 46 მლნ ლარია.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა. სოფელ ჯოჭოში, სადაც გასულ წელს გვქონდა მეწყერი, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა, ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გაამაგრებს დამეწყრილ ადგილებს და მეწყერსაშიშ ზონებში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის ჩვენ წელს გათვალისწინებული გვაქვს 3 მილიონზე მეტი ლარი.

გაგრძელდება ჭოროხის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს. სამრეწველო გზასთანაც გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება. წელსაც კაპრეშუმსა და ერგეში განხორციელდება ახალი სოციალური სახლების მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჭახელაში ეთნოსოფლის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს მუნიციპალიტეტში შექმნის მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 11 397 000 ლარს დახარჯავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 კმ.მდე გზას. განხორციელდება 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოეწყობა ინფრასტრუქტურა დამეწყრილი ადგილების გამაგრებისთვის. ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის დამატებით 3 648 64 5 ლარი დაიხარჯება.

 

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელვაჩაურში დაიწყო სამრეწველო ზონის განვითარება. ამ ეტაპზე 20 ობიექტის პრივატიზება უკვე განხორციელდება, რაც ჯამში არანაკლებ 25 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ეკონომიკური გათვლებით აღნიშნული ზონის განვითარება მოიზიდავს დაახლოებით 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციას და შექმნის დაახლოებით 1 500 სამუშაო ადგილს. ახალი ინდუსტრიული ზონის პროექტი მოიცავს 90 ჰექტარ ფართობს, სადაც ძირითადად განთავსებული იქნება გადამამუშავებელი და მწარმოებელი საწარმოები.

მაჭახლის ხეობაში ხორციელდება „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის რეგიონში. დასკვნით ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. „ეთნოსოფლის“ პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მოიცავს ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას.

გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. გასულ წელს 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინები ახალაშენებულ სოციალურ სახლში. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

მნიშვნელოვანი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სკოლების მშენებლობისთვის ხელვაჩაურში 7,5 მლნ დაიხარჯება. 7 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. განხორციელდება ქვემო ახალშენის, მახინჯაურის, ზემო წინსვლის, ქვემო მახოს სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ და სააქტო დარბაზებს.

მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალშენში, რისთვისაც 2 მლნ-მდე ლარია გათვალისწინებული.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალი წყლის სისტემები მოეწყობა, რისთვის 6,531,902 ევრო დაიხარჯება.
სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობისა და ადგილზე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების 42 პროექტი. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 5 პროექტი. მოხდება ინოვაციური და ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდაჭერა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში, სხვადასხვა პროექტის განხორციელდება.2021 წლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 348 811 ლარით გაიზარდა და შეადგენს 26 022 017 ლარს.

სილქნეტის 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა

ერთი წელი შესრულდა, რაც  მილიონზე მეტ მომხმარებელს  სილქნეტი უახლესი გიგაბიტ LTE ტექნოლოგიით ემსახურება.

სერვისს 7-ჯერ უფრო სწრაფი მონაცემები გააჩნია, ვიდრე ბაზარზე არსებულ მობილურ ინტერნეტს. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, უზრუნველყოფილია ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტ კავშირი გიგაბიტ LTE – ის სიგნალით.  

პანდემიის პერიოდში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და 200-ზე მეტი მაღალტექნოლოგიური საბაზო სადგური დაამონტაჟა თბილისსა და რეგიონებში. 

ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის, აბონენტმა ონლაინ რეჟიმში  UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს შეუფერხებლად უყუროს; დიდი მოცულობის ფაილები ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოს;  ოპერატიულად გაცვალოს მონაცემები ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან.

ამერიკული კომპანია Ookla, ექვსი თვის მანძილზე აწარმოებდა სილქნეტის ქსელის ტესტირებას.  მოხდა მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა ქსელის სისწრაფე და ხარისხი. ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით და უნიკალური მეთოდოლოგიით, სილქნეტის მობილურმა ქსელმა OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. 

სილქნეტი, როგორც ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია,  ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისს და ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს. 

ბათუმში ბანკიდან 3,5 მილიონის მოპარვის საქმეზე მენეჯერი დააკავეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს. საუბარია დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის მოპარვის საქმეზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

ბანკის მენეჯერს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მას სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მიხედვით ედავებიან.

აჭარაში კოვიდის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 15 ივლისი

15 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 200 ადამიანი მკურნალობს, მათგან 2 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 267 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 1122 ინფიცირებული.

14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.

დადასტურდა კოვიდის 1398 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 326, აჭარაში – 200, იმერეთში – 431. ამ ეტაპზე ქვეყანაში 756 მძიმე პაციენტია.

14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.

აჭარის მთავრობა დაემალა ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომაზე საპროტესტო პერფორმანსს გეგმავდნენ

დღეს, 14 ივლისს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურში გაიმართა, თუმცა სხდომა მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ და „მაესტრომ“ გააშუქა – ჟურნალისტებისთვის ბათუმში მთავრობის სხდომის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მთავრობის სხდომის პირდაპირი ეთერი ჩაირთო.

ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობა სხდომის შესახებ არ ატყობინებს ჟურნალისტებს.

გასვლით სხდომებს აჭარის მთავრობა საკმაოდ ხშირად მართავს და აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს ყოველთვის წინასწარ აყენებს საქმის კურსში.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს აჭარის მთავრობა ფაქტობრივად დაემალა ჟურნალისტებს? – მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს.

ნატო გოგელია, „TV პირველის“ ჟურნალისტი აჭარაში, მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ბოლო დღეების მოვლენებია, 5 ივლისის აქცია, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტები დაარბიეს და 11 ივლისს აქციაზე სასტიკად ნაცემი „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი, რასაც მთელს ქვეყანაში ჟურნალისტების მასობრივი პროტესტი, აქციების სერია და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა.

„მთავრობის სხდომების შესახებ ყოველთვის ვიცოდით, როგორც სპეციალური ჩატით, ასევე სატელეფონო ზარით გვატყობინებდნენ. დღეს, სხვათა შორის, კითხვაც კი დავსვი, როდის იყო მთავრობის სხდომა და პასუხი ვერ მივიღე.

ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ბოლო დღეების მოვლენები.

ნატო გოგელია, ჟურნალისტი

აჭარაში ჟურნალისტებს დაგეგმილი გვქონდა პერფორმანსი. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მივიდა მთავრობასთან. ძალიან ცნობილი ამბავია, რომ ხელისუფლება დაკავებულია ჩვენი მესიჯების კითხვით, ამას არც უარყოფენ. სავარაუდოდ, ეს გაიგეს და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩუმად ჩაეტარებინათ სხდომა.

როგორც ჩანს, ჟურნალისტების გაერთიანებამ ძალიან შეაშინა ხელისუფლება. მათ არ უნდათ, რომ დისკომფორტში იყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, უარესი გააკეთეს ამით. არ იფიქროს ვინმემ, რომ თუ სხდომებს დაგვიმალავენ, შეხვედრებზე არ მიგვიწვევენ, ამით რაიმე შეიცვლება.

აჭარის მთავრობა დაემალა მედიაკორპუსს, შემიძლია თამამად ვთქვა. 

მაგრამ გამორიცხულია კითხვებს დაემალონ. ამ კითხვებს ყოველთვის დავსვამთ.

დავსვამთ იმ კითხვასაც, რომ გუშინ, როდესაც ლექსოს დაკრძალვის დღე იყო და მას მიწას აყრიდნენ, ვგულისხმობ 3-დან 4 საათამდე შუალედს, როცა უამრავი ადამიანი აცილებდა ლექსოს, ქართული ოცნების აქტივისტები ფეისბუქში, ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ პარტიულ დავალებებს და ვიცით მათი სახელები და გვარები, ფეისბუქზე მიცვალებულის დისკრედიტაციას ახდენდნენ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არ იყო სახელისუფლებო დავალება. მერე რამდენიმემ წაშალა სტატუსი, როგორც ჩანს, პრობლემები შეექმნათ“, – ამბობს ნატო გოგელია.

მან გვითხრა ისიც, რომ საგანგებოდ გადაამოწმა, ვინ იყო მთავრობის სხდომაზე:

„ერთადერთი, ვისაც შეატყობინეს, ეს იყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაესტროს“ ჰქონდა ლაივი. როგორც აგვიხსნეს, ეს თვითონ მიაწოდეს. სხვა არც ერთი მედიასაშუალება იქ არ ყოფილა, არც „იმედი,“ არც „პოსტტივი“, ის მედიები, რომელთაც ვიღაცები განიხილავენ სახელისუფლებოდ. ანუ იმდენად მომზადებული იყვნენ, იცოდნენ ყველა ჟურნალისტის პოზიცია“.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს აჭარის მთავრობის სხდომის გასაიდუმლოებას მარიკო კეკელიძეც, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი აჭარაში.

„ალბათ ცდილობს ადგილობრივი მთავრობა, რომ თავი აარიდოს კითხვებს. თითქმის ათი წელია ვმუშაობ და ასეთი ფაქტი, რომ მთავრობის სხდომის შესახებ არ ეთქვათ, არ მახსოვს.

სამწუხაროა, რომ ვერ დავესწარით დღეს სხდომას, ალბათ მათთვის სასურველ მედიასაშუალებას შეატყობინეს მხოლოდ. ამ დრომდე ვცდილობთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია მთავრობის პრესსამსახურისგან“, – გვითხრა მარიკო კეკელიძემ.

სულხან მესხიძე, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მთავრობას არც კრიტიკული კითხვების მოსმენა სურდა დღეს და არც ჟურნალისტების სოლიდარობის და პროტესტის პერფორმანსის ნახვა.

„მათ არ სურთ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. დღის წესრიგში ახლა არის ჩვენი კოლეგის გარდაცვალების საკითხი და ამის შესახებ ჩვენ გვექნებოდა კითხვები, დავინტერესდებოდით მთავრობის თავმჯდომარის პოზიციითაც. გარდა ამისა, გვექნებოდა ერთგვარი პერფორმანსი, ამის ორგანიზებას ვაპირებდით ჟურნალისტები და სავარაუდოდ ინფორმაციამ გაჟონა ჯგუფიდან“, – ამბობს სულხან მესხიძე.

სულხან მესხიძე

მართალია, მესხიძე მთავრობის სხდომას ვერ დაესწრო, თუმცა კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა ხელვაჩაურში იმ ადგილას, სადაც სხდომა იმართებოდა.

„პირდაპირ ეთერში როცა ვნახეთ ეს სხდომა, ათ წუთში გამოვედით ტელევიზიიდან და 40 წუთში ვიყავით რესტორანში, სადაც მთავრობის სხდომა გაიმართა.

როგორც კი დაგვინახეს, დაიკეტა კარი, დაიწყეს ფარდების ჩამოფარება, რომ კადრები არ გადაგვეღო გარედან. ავტოპარკზე იყო აჭარის მთავრობის ავტომანქანები, ველოდებოდით დაახლოებით 2 საათი მათ გამოსვლას.

თორნიკე რიჟვაძე გააპარეს ავტომანქანით, რომელიც იყო დაბურული და სანომრე ნიშნების მიხედვით, სავარაუდოდ ძალოვანი უწყების ავტომანქანა იყო. გადავიღეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც გაგვექცა და ჩვენს კითხვებს არ უპასუხა,

ჩვენ გასაუბრების საშუალება მოგვეცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან დავით თედორაძესთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მთავრობის სხდომა იყო, რის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, დალიეს, თუმცა რატომ არ იყო მედია ინფორმირებული, ამის შესახებ ვერ მან ვერ გვიპასუხა.

რესტორანში დავინახეთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხელვაჩაურის მერი, რომელთანაც გვინდოდა გასაუბრება, მაგრამ ის არ გამოვიდა ჩვენი თხოვნის მიუხედავად გარე პერიმეტრზე.

ადგილიდან ჩავერთე და როცა პირდაპირ ეთერში ვყვებოდი რა ხდებოდა, მაშინ რამდენიმე მინისტრი გააპარეს, მე ვხედავდი ამას, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხე კამერის მიტრიალება“, – ამბობს სულხან მესხიძე.

კოლეგების მსგავსად, იგი დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობა კითხვებს ვერ დაემალება.

მედია არ იღლება, მედია ამას მიჩვეულია.

თემა არის დღის წესრიგში, ერთი კვირა გავა თუ ერთი თვე, ვპირდებით მთავრობას, აუცილებლად დავსვამთ კრიტიკულ კითხვებს“, – ამბობს TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

____________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გამიხარდა, როცა აჭარის 60 სოფელში წიგნების მიწოდების კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს

ავტორი: სერგო რატიანი
_________________

ბორხესი ერთგან წერს, რომ იმპერატორს, რომელმაც ჩინეთის კედლის აგების განკარგულება გასცა, მანამდე არსებული ყველა წიგნის დაწვა უბრძანებია. წიგნების განადგურება და კედელი – საკუთარი თავისა და საზოგადოების გამოკეტვა – ერთი რიგის მოვლენაა.

მიუხედავად ჩანაფიქრისა და ქმედებების მასშტაბურობისა, ეს მბრძანებელი არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. ყველა ტირანის ვნებას საფუძვლად უდევს პრემოდერნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი რწმენა, ან უფრო ზუსტად – ცრურწმენა, რომ სხვა (ერთადერთისგან განსხვავებულ) წიგნს საზოგადოებისთვის ხიფათი მოაქვს. რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი წიგნი, ერთი „სწორი წაკითხვა“ და, შესაბამისად, სწორი წაკითხვის მცველებიც, რომლებიც ერს „ცრუ წაკითხვისგან“ მომდინარე შფოთისგან იცავენ.

ზოგიერთი წიგნი ან წიგნები, შესაძლოა, მართლაც აერთიანებს ხალხებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ებრაელთა სამშობლო თორაა, იტალია დანტეს ენამ გააერთიანა, დონ კიხოტმა – ესპანეთი და სხვა.

ჩვენ რუსთაველის ქვეყანა ვართ. ოღონდ, ყველა დიდი წიგნი სწორედაც რომ უსასრულო წაკითხვებისა და სხვა მრავალი წიგნისკენ გვიბიძგებენ.

ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ, ვიცით, რას ნიშნავს წიგნის აკრძალვა და გამოკეტვა. წიგნების აკრძალვამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა მხოლოდ გადაადგილების სივრცე არ შეგვიზღუდა.

საზღვრებს მიღმა, იქ, სადაც წიგნებს კითხულობდნენ, ცივილიზებულმა სამყარომ მეოცე საუკუნეში იცხოვრა – თავისუფლების, პროგრესისა და კეთილდღეობის საუკუნეში. ჩვენ – წიგნების ამკრძალავთა გამოგონილ ბნელ საუკუნეში.

აღარც საბჭოთა კავშირია და თითქოს აღარც შეზღუდვები, თუმცა, ფაქტობრივად, ტრადიცია ვერ დაიძლევა, სანამ წიგნებთან სრულფასოვანი წვდომა არ იქნება უზრუნველყოფილი.

გამიხარდა, როცა ჩემმა მეგობარმა, კარგმა მკითხველმა და საინტერესო ავტორებისა და წიგნების მომძიებელმა ზურა ჭიაბერაშვილმა, ამ თითქოს უიმედო, აპათიურ ვითარებაში, იმედისმომცემ, ილიასა და იაკობ გოგებაშვილის ღირს კამპანიაში ჩამრთო, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტი სოფლის სკოლისა თუ ბიბლიოთეკისთვის თანამედროვე მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის საჩუქრად მიწოდებაა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერი არ ჰყავს და ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საქართველოში 5 ივლისსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. პედაგოგის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე შეტევა არის დემოკრატიაზე შეტევა, ხოლო ქვეყანას უნდა ჰყავდეს პრემიერი, „რომელსაც ადამიანური ღირებულებები ექნება“.

  • ბატონო ლადო, როგორია თქვენი განცდები, განწყობა იმ ძალადობების შემდეგ, რაც ვნახეთ რუსთაველზე. რა პროცესები მიდის ჩვენს ქვეყანაში, თქვენი აზრით?

ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლიდან აღარ გავსულვარ, რადგან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ვცდილობდი მეფიქრა როგორც დაზარალებულ ადამიანებზე, ასევე მოძალადეებზეც. ის მოძალადეც ქართველია და თურმე რამდენი ყოფილან. ახალგაზრდები, ჯანიანი ადამიანები.

იმ მოძალადეებთანაც უნდა ვიმუშაოთ, რადგან თუ ამდენი მოძალადე ახალგაზრდა გვყავს, რომელიც არც მემეტება დასაჭერად, მაგრამ როცა ასეთ საქმეებს სჩადიან, როცა გამეტებით შეუძლიათ თავში ჩაარტყან, მოკლან, დაუზიანონ ჟურნალისტებს აღჭურვილობა, რა ვიცი აბა.

ვინც გადაამეტა უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა. იფიქროს და მოინანიოს. მაგრამ იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ამ ძალადობრივი მუხტით ივსებოდნენ. რაღაცნაირად, პრევენციის გზებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, რადგან ძალიან ბევრი მოძალადე ახალგაზრდები ვნახეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ამ დოზით ძალადობის და აგრესიის მოტივი, საიდან გაიდგა ფესვი?

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია. ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რომელიც არ მუშაობს, ვერ რეალიზდება, ვერც აღიარება დაინახეს რაიმე საქმეში, ვერ შედგა და ამიტომ იქ იპოვეს თავიანთი ადგილი, სადაც ძალადობრივი ნაპერწკლები გაჩნდა. ამის გამო ვიღაცამ შეაქო. სხვადასხვა მოძალადე ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი და იქ ისეთ თემებზეა საუბრობენ, არც კი უკვირდებიან რას საუბრობენ, რას ლაპარაკობენ.

აი მაგალითად, ჩვენ ვაჟკაცები, ჩვენ ქართველები  და ასე შემდეგ. ვაჟკაცობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალს ხელი დაარტყა ან თუნდაც კაცს.

  • როგორ ფიქრობთ, ამ „ვაჟკაცობას“ სკოლაში, ცხოვრებაში არასწორად ვასწავლით ბავშვებს, თუ რატომ აიგივებს კაცების უმეტესობა ამ სიტყვას ძალადობასთან?

განათლებაშიც არის პრობლემები, სტერეოტიპული დამოკიდებულებები კიდევ არის შემორჩენილი ქვეყანაში. პატრიოტობაც ამ ადამიანებს სწორად არ უსწავლიათ, რადგან ჩვენ, ყველა ვინც ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვართ პატრიოტები და ქვეყნის დამცველები, ყველა ვშრომობთ და ყველა ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვიღაცას ჰგონია, რომ თვითონ უფრო პატრიოტია, იმიტომ, რომ მას სჭირდება რაღაცნაირად ეს აღიარება. ვერსად ვერ იპოვა ეს აღიარება და ვიღაცამ ფეისბუკზე რომ დაუწერა, „რა მაგარი ბიჭი ხარ“ და „ყოჩაღ შენ“, ამითაც წახალისდა. საზოგადოებაც ახალისებს ასეთ ადამიანებს.

  • ესე იგი ღირებულებებში გვაქვს პრობლემა?

დიახ, ღირებულებებში გვაქვს პრობლემა და განათლებაშიც იმიტომ არის პრობლემა, რომ მარტო ცოდნაზე ვართ ორიენტირებული და მოსწავლეებს ადამიანური ღირებულებები, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები უნდა შევუცვალოთ.

ემპათია არ არსებობს ადამიანებში – ამიტომაცაა, რომ მასწავლებლებმა ბევრი და კარგი პროექტები უნდა გავაკეთოთ, რომელიც ემპათიის გრძნობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება ახალგაზრდებს. მართალია, იმ რუსთაველზე ჩემი არცერთი მოსწავლე არ ძალადობდა, მაგრამ მე პირადად როგორც მასწავლებელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

  • სოციალურ ქსელებში, ბევრი პედაგოგი ამართლებდა ძალადობას. საჯაროდ წერდნენ – „აბა გარყვნილება გინდათ?“ რატომ არის ემპათიის ნაკლებობა, გნებავთ ვაჟკაცობის არასწორი გაგება თუნდაც პედაგოგებში?

ფაქტია, რომ მასწავლებლებშიც რაღაც შესაცვლელია. ამიტომაცაა რომ ჩვენს მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაც უჭირთ. ასეთი მასწავლებლების გამო. „ვეფხისტყაოსანი“ სადმე ძალადობისკენ მოგვიწოდებს? ან რომელიმე პოემა რაც სკოლის პროგრამაშია, ძალადობისკენ მოგვიწოდებს? – არა რა თქმა უნდა, მასწავლებელს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს.

ვიღაცამ დაუწერა, „რა წმინდა და სუფთა მასწავლებელი ხარ“ და ამ დროს, სტატუსს წაიკითხავ და ისეთი საშინელებები უწერია, თუნდაც ევროპაზე. ამიტომაცაა რომ არ ვჩერდებით ჩვენთან სკოლაში, ტოლერანტობის სამეზობლო გავაკეთეთ, გუგულის ბუდეები დავკიდეთ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით, რადიკალიზაციის საწინააღმდეგო პროექტები გავაკეთეთ ბოლოს, მაგრამ მეზობელი სოფელი არ გაღიარებს, არ უნდა შემოგიერთდეს ამ საქმეში.

  • ამ ყველაფერს სჭირდება ალბათ შინაგანი ტრანსფორმაცია და არა მხოლოდ მოსაჩვენებელი პროექტები, რასაც ვხედავთ ხოლმე ბევრგან. რატომ ვერ ხერხდება რეალური ცვლილებები?

რუსული მანქანა ძალიან  მაგრად მუშაობს. ძალიან ჩუმად. ამასწინათ, ევროპასთან დაკავშირებულ პროექტში ვმონაწილეობდი, ეკა გიგაური, ბათუ ქუთელია და სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩემთან ერთად ჩართული. ოზურგეთშიც ვიყავი და იქ მღვდლები შეგვხვდნენ, სახეში კინაღამ დამარტყეს ხელი. ევროკავშირზე ნუ ლაპარაკობ, მაგენი გათახსირებულებიო და ახლა ეს მღვდლები ხომ ქადაგებენ ეკლესიებში?

ეს „მამაო“ მე რომ დამესხა თავს, სასულიერო გიმნაზიიდან გააგდეს ბავშვზე ძალადობის გამო. ამ სასულიერო პირმა რომ დაინახა, რომ 50 მოსწავლე ჩავაბი აქტივობებში, ისე დაიბოღმა, ისე დაიბოღმა, მოიყვანა კიდევ სხვა სასულიერო პირები და დამიწყო ძალადობა – „შენ ამ ტელევიზიებს ეძახი“, „შენ ევროპა გინდა და მაგენი ლიბერასტები“ და რაღაც საშინელებები. თუმცა, ამ „მამაოს“ ერთ-ერთი მედავითნე, შემდეგ აღმოვაჩინე თბილისში ჩემთან ერთად ევროპის სახლში ტრენინგზე.

ამიტომ გაუგებარი იყო ჩემთვის, როცა ეს მღვდელი ერთ რიგით მასწავლებელს თავს ესხმის და მისი მეფსალმუნე ევროკავშირის მიერ გამართულ ღონისძიებას ესწრება…

  • თქვენ ფიქრობთ, რომ სასულიერო პირებს ორმაგი სტანდარტი აქვთ?

ალბათ, არ ვიცი. 2017 წელს, როცა პირველად ავიღე ეროვნული ჯილდო და ლანჩხუთში მიმიწვიეს, მაშინაც იოლ ფარგლებში შეეცადნენ ეს გამარჯვება გაეტარებინათ. მაშინ თქვა ერთმა მღვდელმა, ასეთი რამეები კი არ უნდა იზეიმოთ, რადგან მრევლი მოაკლდა ეკლესიასო. მე ვუთხარი, მრევლი რომ ეკლესიას მოაკლდა, ეს საზოგადოების ბრალი არ არის და იქნებ თქვენც დაიდანაშაულოთ თავი-მეთქი.

მერე რესურსცენტრის ხელმძღვანელს ეტაკა – რას ჰქვია შარვალი გაცვიაო. შეურაცყოფებზე გადავიდა ასეთ პატარა სივრცეში. იმის თქმა მინდა, რომ სასულიერო პირებიც ხომ უნდა დაფიქრდნენ – მათ ადამიანების სულიერი განათლება ევალებათ და არა ის, რაზეც გადადიან ხოლმე ხშირად. ზედმეტ ხიბლში არიან.  მე პატივისცემით ვექცევი მათ და მათ უკეთესად არ უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტი არ არის საჭირო.

  • როცა ასეთი იდეოლოგიის სასულიერო პირები ჰყავს ქვეყანას, აქეთ კიდევ ხელისუფლება, რომელიც ახალისებს სიძულვილს, ასეთ პირობებში რამდენად შეუძლია სკოლას ამ იდეოლოგიების ტყვეობიდან გათავისუფლდეს?

ახალგაზრდები ასე ადვილად აღარ მოტყუვდებიან – დღეს მომავალი თაობა უფრო მეტ კითხვებს სვამს. თუ მოსწავლეს არ აუხსნი, რატომ უნდა ადგეს, გამოვიდეს დაფასთან და ან გააკეთოს ესა თუ ის აქტივობა, არ მოგისმენს. როცა ადამიანი შეკითხვებს სვამს და კრიტიკული აზროვნება აქვს, იმას ადვილად ვეღარ მოატყუებ.

ამიტომ გართულდა დღეს მასწავლებლობაც. მოსწავლეები კითხვებს გისვამენ. სახელმწიფომაც უნდა იფიქროს, მოძალადეები დასაჯოს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამ მოძალადეებზეც და მისი პრევენციის გზებზეც ვიფიქროთ.

  • როცა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „მარში არ უნდა ჩატარდეს“, რომ „უმრავლესობას არ მოსწონს“, რომ „ტრადიციების ქვეყანა ვართ“ და ასე შემდეგ, რა შეფასება შეიძლება ამას მისცეთ?

მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება, ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები.

ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები.

  • როდესაც ადამიანები ამბობენ: „ძალადობას ვგმობ, მაგრამ…“ ამ „მაგრამს“უნდა  ჰქონდეს გაგრძელება, თუ უნდა შევთანხმდეთ, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება? 

ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება, ეს არის რუსული სტილი, როცა ცდილობენ ადამიანები ტრადიციების თუ მართლმადიდებლობის ანკესით დაიჭირონ. ამიტომ პრევენციის ერთ-ერთი გზა არის განათლება, გასაგებ ენაზე უფრო მეტი მუშაობა, თუნდაც არასამთავრობო სექტორის და თუნდა ხელისუფლების. მაგრამ ხელისუფლება პრევენციულ ღონისძიებებზე კი არ საუბრობს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ძალადობა, „სხვა ქვეყნებშიც ხდებაო“, – გვეუბნება. ნორმა ყოფილა თურმე.

ფურცელზე დაწერა „არა ძალადობას“ და ფეისბუკში დადება, ეს არა პრევენცია, ეს მოძალადემაც შეიძლება გააკეთოს. ამიტომ, იმის გააზრება უნდა შეგვეძლოს, მსხვერპლი რა დღეშია, მოძალადეს რა თვისებები აქვს და რა უნდა შევცვალოთ. ამაზე ვისაუბროთ. გადაცემები შეიძლება გააკეთოს მედიამ ამ თემებზე და ბევრი სხვა აქტივობებია საჭირო, სადაც ავტორიტეტული ადამიანებიც იქნებიან ჩართული და საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე იფიქრებენ.

  • მედიაზე რას ფიქრობთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა რისი მანიშნებელია თქვენთვის? 

ვინც ამხელს იმას სჯიან. ის, რაც ჟურნალისტებმა გააკეთეს ამ დღეებში, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჟურნალისტებზე შეტევა, არის დემოკრატიაზე შეტევა. თუმცა რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ვიდეოკამერებს თავში ურტყამენ, მოძალადემ ისიც არ იცის, რომ ჟურნალისტის მოვალეობა კითხვების დასმა და პროცესების გაშუქებაა. ისინი კი აქეთ ასწავლიან, „მე რომ გეტყვი კომენტარი არ მინდა გავაკეთო, შენ აღარ უნდა მოხვიდე“.  „შენ ასეთ თემებზე არ უნდა ისაუბრო“ და ასეთი სისულელეები.

ვიმედოვნებ, საზოგადოებაში მაინც არსებობს საღი აზრი და თუ ამ ეტაპზე საზოგადოების ნაწილი ჩუმად არის, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. ეს დროებითი სიჩუმეა, რომელიც ხელისუფლებისთვის არ იქნება ძალიან კარგი.

„ოცნების“ შემწირველს მერია უსასყიდლოდ უთმობს 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს

შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ადლიის დასახლებაში, 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უზურფრუქტის წესით, უსასყიდლოდ ითხოვს. კომპანია ალექსანდრე ბაღათურიას ეკუთვნის. ის „ოცნების“ აქტიური შემწირველია.

ალექსანდრე ბაღათურიამ მმართველ პარტიას სხვადასხვა არჩევნებზე ჯამში 130 000 ლარი შეწირა.

ნაკვეთი ადლიის დასახლებაში, ანგისა/აეროპორტის გზატკეცილზე, რომელსაც  „ოცნების“  შემწირველის კომპანია ითხოვს, ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ს, „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ აქვს სარგებლობაში 2018 წლიდან.

უფრო დაზუსტებით კი ეს არის ბათუმის ავტოდრომის ტერიტორია ზღვასთან ახლოს. თუმცა, ეს გარემოება კომპანიას ბარიერს არ უქმნის, მით უმეტეს თუ თავად ნაკვეთის მესაკუთრესაც სურს ის „ოცნების“ შემწირველს გადასცეს.

როგორც მერიის განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმის მერიას ჰპირდება, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთს საავტომობილო სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს.

ჩაატარებს ეროვნული და საერთაშორისო რანგის საბავშვო კარტინგის ჩემპიონატებს, ტურნირებს და სხვა მსგავს  ღონისძიებებს… მერია საკრებულოს ატყობინებს, რომ კომპანია გეგმავს „საავტომობილო სპორტში ახალი თაობის გაზრდას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.“

მერიის ინფორმაციით, კომპანია ასევე ჰპირდება ქონების მესაკუთრეს, რომ ბავშვებს უსაფრთხო მოძრაობის წესებს ასწავლის. ექსტრემის მოყვარულებს კი უსაფრთხო ადგილს შესთავაზებს და  მათ ქუჩიდან გაიყვანს.

დაპირებებშია ასევე დასაქმების პრობლემის დაძლევის ხელშეწყობაც, თუმცა რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს კომპანია, ეს არსად წერია. დიდი ალბათობით უზურფრუქტით ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში უნდა ჩაწერონ.

მერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს ასევე, რომ ქონების მოსარგებლე ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრი“ არ არის წინააღმდეგი მიწის ნაკვეთები დათმოს, იმ პირობით, რომ მომავალში უზურფრუქტუარი კომპანია შესაბამისი ღონისძიების ჩატარების დროს „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ გადაადგილებას არ შუზღუდავს.

„იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება ავტოდრომის ფუნქციური დანიშნულების შესაბამისი ღონისძიებების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრის“ მიერ გამართვისას  ავტოდრომის ტერიტორიაზე ა(ა)იპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ შეუზღუდავი, უსასყიდლოდ დაშვება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მერიაში საკითხი განიხილეს, დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღე და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. საკითხს საკრებულო ხვალ, 15 ივლისს სხდომაზე განიხილავს.

მთავარი ფოტო: ბათუმის სპორტული ცენტრი

ბათუმსა და თბილისში „ფაიზერის“ ყველა დოზა დაჯავშნილია

დღეს, 14 ივლისს, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა შემოიტანეს და დღეს, დღის 3 საათზე, დაიწყო რეგისტრაცია ვაქცინაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ვებგვერდი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობდა, ამ დროისთვის [20:20 სთ] აჭარაში „ფაიზერის“ ყველა ვაქცინა დაჯავშნილია.

„ფაზერის“ ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია თბილისშიც.

„ფაიზერის“ აცრა ბათუმში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი.

დღეს საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის 28 ათასი დოზა, რაც 14 000 ადამიანის ასაცრელადაა საკმარისი.

„ესაა პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულების, მეორე-მესამე პატრია უნდა შემოვიდეს თანდათან და მილიონი დოზა უნდა ჰქონდეს ქვეყანას წლის ბოლომდე“, – განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

ბათუმში სულ 2240 ჯავშანია ამ დროისთვის. მოქალაქეებს რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 კაბინეტში შაბათ-კვირის ჩათვლით აცრიან. ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს და ოთხ კვირას გაგრძელდება.

ქუთაისის ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა | ფოტო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, შემთხვევაზე დაწყებულია მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

ფოტო: როინ გუნდაძე, „ბათუმელები“

__________

 

ჰომოფობი ჯგუფები ჩვენზე უკვე სახლებშიც ნადირობენ – ტრანსგენდერი ქალები

საქართველოში არსებული ჰომოფობიური ფონი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა, შიში გაამწვავა 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულმა “ღირსების მარშის” კონტრაქციამ, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი ორგანიზებული ჯგუფები, ლგბტ ადამიანების ძიებაში, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

პოლიციამ ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული და პოლიციის რესურსი ვერ ეყოფოდა უსაფრთხოებას. ლგბტ თემის წევრები, ისევე როგორც არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განმარტებებსა და უმოქმედობას ძალადობის წახალისებად აფასებენ. ამ მოსაზრებას ამყარებს თავდასხმებისა და შევიწროების ის შემთხვევები, რომლებიც ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხდება ლგბტ ადამიანების თავს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფი, ტრანსგენდერი ქალები, კვლავ ყველაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. საქართველოში ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობისთვის სექსსამუშაო გადარჩენის ერთადერთი გზაა, ისინი სხვა სამსახურში ვერ საქმდებიან. ქვეყანაში ექსტრემალურად გაზრდილი ჰომოფობიური განწყობების ფონზე, სექსსამუშაოსთვის კლიენტების მოძიება არც ონლაინ და არც ე.წ. პლეშკაზე აღარ არის უსაფრთხო.

“იდენტობა იუსის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის მარიამ ქაჯაიას თქმით, “5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი ქმედებების კვალდაკვალ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ და თემის წევრების ცხოვრება გვაჩვენებს ამას, რომ ჰომოფობიური ფონი არის გაზრდილი. შესაბამისად, ძალადობისა თუ შევიწროების შემთხვევებიც გაზრდილია. მაგალითად, ტრანსგენდერი გოგოები ლაპარაკობენ ჯგუფურ თავდასხმებზე, თავდასხმების საფრთხეებზე, გაითიშა საიტი, საიდანაც ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალები ახერხებდნენ მუშაობას, ახლა ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ. ასევე ვიცით, რომ საჯარო სივრცეებში, ე.წ. პლეშკებზე მობილიზდებიან ჰომოფობები და იქმნება თავდასხმების საფრთხე, თბილისში მოხდა კიდეც ასეთი რამდენიმე ფაქტი”.

23 წლის ტრანსგენდერ ქალს, ეკა ოსოვსკას 7 და 8 ივლისს ორჯერ დაესხნენ თავს პლეშკაზე. ეკა ბათუმიდანაა, თუმცა ახლა თბილისშია. ის ჰყვება, რომ 7 ივლისის საღამოს ნასვამი კაცები უმიზეზოდ წაეჩხუბნენ და საბოლოოდ სახეში გაარტყეს. 8-ში კი ეკას უკნიდან მიეპარნენ და თავში ჩაარტყეს.

“სამმა გამოიარა, ერთი ნორმალურად მელაპარაკა, მეორემ დამიწყო დაცინვა. ვთხოვე გამეშვი-მეთქი. ყელში დანის გამოსმით დამემუქრა. პატრული რომ გამოვიძახე, უკვე წასულები იყვნენ და გავაუქმე, რადგან საათობით მაყურყუტებენ შემდეგ, წასულ მოძალადეებს კი ვეღარ პოულობენ.

მეორე საღამოს სულ მარტო ვიდექი, უკნიდან რამდენიმე მომეპარა, იქნებოდნენ ასე 19-20 წლის ბიჭები პირბადეებით. მანქანა გაჩერდა, მუსიკა ჰქონდათ ჩართული და მანქანის ნომერზე რაღაც ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული, კამერას რომ არ დაენახა. თავში ჩამარტყეს. ღებინება მქონდა. სისხლდენა არ მქონია, პატრულში არ დავრეკე, სახლში წავედი, წამლები დავლიე. ძალიან მძიმედ ჩამარტყეს, ხელში ქვას იჭერენ, რომ მძიმე მუშტი მოგხვდეს”, – ჰყვება ეკა.

“თბილისში ორ ტრანს ქალს წერეთელზე, სახლში აუვარდნენ და იქ სცემეს, ერთი ავარიაში მოყვა, მაგრამ შიშისა და უსახსრობის გამო კლინიკაში ვერ მიდის. სამი დღის წინ ბათუმში, ჩემთანაც ჰქონდათ ამოვარდნის მცდელობა, მაგრამ ისეთ კორპუსში ვცხოვრობ, არ გამოუვიდათ. მანამდე მირეკავდნენ დაფარული ნომრით, როგორც კლიენტები, არ მივიღე, რადგან შეშინებული და დაეჭვებული ვარ. მერე სხვა ნომრიდან დამირეკეს და მაინც არ მივიღე. შემომდიოდა მუქარის ზარები, ამოვალ, გადმოგაგდებ, დაგჩეხავ, მაგრამ ამ კორპუსში ვერ შემოვლენ, კამერებიც აყენია, თუმცა მე მაინც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”, – ამბობს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა.

“მათ აქვთ ჩვენი სახელები, გვარები, ნომრები, ფოტოები და ნადირობენ. არ არიან უბრალო მოქალაქეები, ესენი არიან დაჯგუფების წევრები, დაგვსდევენ, სახლებში გვაკითხავენ”, – ამბობს დადუ კარა.

დადუ ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციის უმოქმედობისა და პრემიერის განცხადების შემდეგ, მთავრობის დაცვის იმედად ვერ იქნება.

ტრანსგენდერი ქალი ითხოვს, რომ გაზრდილი ჰომოფობიური ფონის გამო პოლიცია იყოს უფრო ფხიზლად და მეორე მხრივ, მობილიზდეს ქვეყანაში რამე რესურსი საიმისოდ, რომ უმუშევრობის პირობებში ტრანსგენდერმა ქალებმა თავის გატანა შეძლონ.

“სახლში ვზივარ აგერ მთელი დღე, მაღაზიაში ჩასვლაც მეშინია, იმ დონეზე ვარ დაძაბული.

ფსიქოლოგიურად ცუდად ვარ, მე ეს შიში ადრე არ მქონდა, ვერ ვგრძნობდი ხალხისგან. სხვა გოგოებიც იმავეს გეტყვიან, ვერ ვმუშაობთ, სახლიდან ვერ გავდივართ, საკვების ფული არ გვაქვს, ან მშიერი მოგვკლავენ, ან ვინმე შემოგვივარდება და ისე მოგვკლავს… საიტები გაგვიუქმეს, ქუჩაში კი ვერ გამოვალთ. გაგვწირეს ყველანაირად და ყველაფრისთვის.”

გუშინ ვესაუბრე გოგოებს, რომ იქნებ ბათუმის პოლიციას დავურეკოთ, თუნდაც იქ, სადაც ვცხოვრობთ და ვთხოვოთ, რომ უფრო ფხიზლად იყვნენ – ჩვენ რომ გამოვიძახებთ, 20-30  წუთი მაინც უნდათ, რომ ადგილზე მოვიდნენ. ახლა ისეთი განუკითხაობაა და ისეთი რაღაცები ხდება, ერთი ტრანსის სიკვდილი კი არა, კლავენ აგერ ხალხს და პასუხი არავის არ მოეთხოვება.

ზარები არის მუდმივად, სად ცხოვრობ, ზუსტი მისამართი რა არის?! ალბათ რომ მოვიდნენ. ისეთ არარეალურ ფასებს გვთავაზობენ, რაც არ ყოფილა არასდროს. დარეკა მაგალითად ერთმა და მეუბნება, ზუსტი მისამართი მითხარი, რომელი სადარბაზო, რომელი სართული, რომელი კარია, მოვდივარ და 500 დოლარს გიხდიო, ეს არადამაჯერებელია… თან ამათი ფსიქიკა/ლექსიკაც ვიცი, საუბრის ფორმა ჩემთვის გასაგებია… რისკის შემცველია ახლა მუშაობა, იმათაც კი ვერ ვენდობი, ვინც დადიოდა ჩემთან – აქციის მოპირდაპირე მხარეს ბევრი ისეთი ვნახე, ვინც ჩვენი სისტემატური კლიენტი იყო. იქ იდგნენ. ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ”, – ამბობს 29 წლის სესილი სამაია, ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ავტომანქანა დაეჯახა. ის ამბობს, რომ შიშის გამო ვერც ექიმთან მიდის ტკივილის გასაყუჩებლად და ვერც გარეთ გადის.

“შაბათს დამეჯახა მანქანა, პოლიციაც მოვიდა, სასწრაფოც, ახლა დაჟეჟილობები მაქვს და ტკივილები, მინდა ექიმთან მისვლა, მაგრამ კლინიკებში ვერ მივალ: რა გარანტია მაქვს, რომ იქ არ იქნება ვინმე აქციიდან, ცოცხალი ვერც გამოვასწრებ. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის გვიჭირს ტრანსგენდერ ქალებს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად შიშის გამო ვერ გავდივარ, ცხოვრებაში ასე დაუცველად თავი არასოდეს გვიგრძვნია, მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც პირდაპირი წახალისებაა ძალადობის და ჩვენი დაცვის არანაირ გარანტიას არ იძლევა. პირიქით… მთავრობის ხელმძღვანელი რომ  მოუწოდებს ძალადობისკენ, ტრანსი რომ ხარ, შიშის საფუძველი გაქვს”, – ამბობს ის.

გაუსაძლისი სიტუაციაა, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს გვესმის: ნახეთ, მოკალით, დაინახავთ გამოეკიდეთ და რა ვიცი, კატასტროფაა – სესილი.

ლგბტ თემი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობა, იმავე მწვავე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას –  სიღარიბე, უსახლკარობა, განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა. ოღონდ ამ ყველაფერს ამძიმებს ის ჰომოფობიური ფონი, რომლის გამოც მათ არც ოჯახების მხარდაჭერა აქვთ, არც სანათესაოსი.

სესილი ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტრანსგენდერი ქალები კვლავ ერთმანეთის იმედად არიან და ცდილობენ მცირედი დანაზოგითა თუ ერთმანეთთან გადაცხოვრებით გაიტანონ თავი: “ჯერჯერობით მცირედი დანაზოგი გვაქვს, ერთმანეთს ვეხიდებით და გაგვაქვს თავი. მაგალითად, მე მარტო ვცხოვრობდი, ახლა კი ორნი ვცხოვრობთ, რომ მაქსიმალურად ცოტა იყოს ხარჯი, ზოგან სამნი ცხოვრობენ, მეგობრებმაც გამოგვიგზავნეს უცხოეთიდან ვინც არიან იქ, მაგრამ 1, 2 კვირაში არანაირი გარანტი არ გვაქვს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ქუჩაში მოვახერხებთ გასვლას სამუშაოდ”.

მარიამ ქაჯაია ჰყვება, რომ თემის წევრების შევიწროების ფაქტები ბათუმშიც დაფიქსირდა: “აედევნენ სეირნობისას, ფიზიკურად ეხებოდნენ, უხამს შეთავაზებებს აკეთებდნენ გოგოების მისამართით.., თავდამსხმელებმა ჩათვალეს, რომ ისინი ლესბოსელები არიან. გოგოები გაერიდნენ მოძალადეებს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ”.

რატომ ერიდებიან თემის წევრები პოლიციისთვის მიმართვას? – ამ კითხვის პასუხად მარიამ ქაჯაია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

“რაც უფრო მაღალია ძალადობის მოლოდინი და აწეულია აგრესიის დონე, მით მეტია შანსი, რომ პოლიციაშიც დაგხვდებიან მოძალადეები. ჩნდება იმის რისკიც, რომ სამართალდამცველმა უწყებამ დაგაქამინგაუთოს უნებურად და ეს უარესი პრობლემის წინაშე დაგაყენებს.

ასეთ მძიმე პერიოდებში უფრო მაღალია პოლიციის მხრიდან არაადეკვატურად სუსტი რეაგირების მოლოდინი, რომ სათანადოდ არ დაისჯება მოძალადე და მეორე დღეს კიდევ გადაეყრები სადმე. ეს მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მთავრობა არა თუ არ სჯის, არამედ თავად გეშავს ფაშისტურ ჯგუფებს.

სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ისევ პოლიციას შევატყობინოთ საფრთხეების და უკვე ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ეს ერთადერთი გამოსავალია.

მაშინ, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტია ნაცემი და სულ 20 კაცი დააკავეს, ანუ როცა ადეკვატური ზომები არ გატარებულა ძალადობის აღსაკვეთად, შიში და ტერორი არის პირველი, რაც  წარმოიშვა თემში. როცა ასე დაშინებული და დატერორებული ხარ, რა გასაკვირია, რომ დაცულობის გარანტიებს ეჭვის თვალით უყურებდე და უიმედოდ იყო.

ძალიან მეშინია, დღე და ღამე არ მძინავს, რომ სახლში ვინმე არ შემომივარდეს და არ მომკლას. ძალიან გამძაფრდა სიტუაცია. მე ბათუმში, ქუჩაში ჩვეულებრივად დავდიოდი, შემოხედვები იყო აქამდეც, მაგრამ შეურაცხყოფა მე არ მიგრძვნია უბრალო ხალხის მხრიდან. ეს არის კონკრეტული ჯგუფები, ვინც მუშაობს ჩვენზე, ვისაც ამუშავებენ ჩვენზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან მოდის ეს ყველაფერი” – ამბობს დადუ.

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში. სამივე მათგანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

დღეს, 14 ივლისს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ვიდრე გამოაცხადებდა, მოსამართლემ აღნიშნა: “ამ საქმეში მთავარი იყო დადგენილიყო, თქვენ გქონდათ თუ არა ნებართვა. თქვენ ასეთი ნებართვა არ გქონდათ”.

“ნორმა მიგვითითეთ, კანონის ნორმა, რის საფუძველზე ამბობთ ამას?” – სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“მზად ვიყავი ასეთი შოუსთვის,” – თქვა მოსამართლემ და შენიშვნა მისცა ადვოკატს.

“დაასახელეთ ნორმა,” – ბრაზი აღარ დამალა ადვოკატმა. -“რა არის შოუ, ნორმას გთხოვთ და ეს არის შოუ?”

ადვოკატს მოსამართლის მითითებით მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი.

ადვოკატის შემდეგ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმაც დატოვა და მისმა ოჯახის წევრებმაც.

მოსამართლემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რა იყო ბრალდებულების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის მიზანი.

კონკრეტული სამართლებრივი ნორმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ვერც პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ დაასახელა. მან რამდენიმე სამართლებრივი აქტი მოიშველია და განმარტა, რომ “საკითხი კომლექსურად უნდა შევაფასოთ”.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შურისძიება, რომ თუ ვინმე მსგავს რამეს გაბედავს, დაისჯება… ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,” – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უკვე სასამართლოს ეზოში.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილას, ახალი, რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანს ააშენებენ.

რაგბის მოედნის საერთო ზომა უნდა იყოს 112X74 მეტრი. მოედანზე აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და, ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისათვის ადგილებიც.

ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს და ფართობი 15 058 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შემდეგ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის და ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ვინაიდან იგეგმება სტადიონის რეაბილიტაცია, ის ჩვენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით, იმ პირობით, რომ აქ რაგბის მოედანი აშენდება“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ვერულიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ.

დავით ვერულიძის თქმით, არსებულ სტადიონს დღეს ჩაქვში რაგბის გუნდი სარგებლობს, რომელიც შპს სარაგბო კლუბ „პონტოს“ დაქვემდებარებაშია. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დამფინანსებელი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტია.

ბოლო უახლოეს წლებში არსებული სტადიონით ჩაქვში რაგბისტებიც სარგებლობდნენ და ფეხბურთელებიც.

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი თოთლაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე საფეხბურთო გუნდი ჩაქვში, რომელიც არსებული სტადიონით სარგებლობდეს, ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული.

ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის თქმით კი, თუ ჩაქვში საფეხბურთო გუნდი [თუნდაც კერძო] იქნება სამომავლოდ, მას არ შეექმნება პრობლემა ისარგებლოს რაგბის სტადიონით.

„მუნიციპალიტეტის პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც რაგბის კლუბები ფუნქციონირებს და იქ ფეხბურთის გუნდებს არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საჭიროება უდგათ სტადიონით სარგებლობის, არავითარ პრობლემას არ უქმნიან.

მაგალითად, ხუცუბანში არის სტადიონი, რომელიც „პონტოზე“ გვაქვს გადაცემული და იქ თუ ფეხბურთის კლუბებს სტადიონზე შესვლა სჭირდებათ, არაერთი გუნდი შედის და ვარჯიშობს ურთიერთშეთანხმებულად. ეს სპორტის 2 სახეობაა, რომლებიც საკმაოდ მეგობრობენ ერთმანეთთან და პრობლემა არ იქნება არც ჩაქვში, სადაც თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედანი გვექნება“, – გვითხრა დავით ვერულიძემ.

ჩაქვში ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფასის დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს უკვე იკვლევს.

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • საპროექტო სივრცეების დეტალური რეკომენდაციები და მოთხოვნები უნდა დამუშავდეს და შეთანხმდეს საქართველოს რაგბის კავშირთან;
  • რაგბის მოედანი შემოიღობება მთელ პერიმეტრზე 14-16 მეტრომდე სიმაღლის ღობით;
  • ხელოვნური საფარი უნდა იყოს მწვანე და ღია მწვანე [2 ფერში დაზოლილი მოედანი + რაგბის სათამაშო მოედნის ხაზების მსოფლიო რაგბის რეგულაციების მიხედვით ჩაკერება]
  • უნდა მოეწყოს ადმინისტრაციული სივრცე, ძალოსნობის დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მწვრთნელების, მსაჯების და ექიმის ოთახები/ანტიდოპინგის ოთახი, კაფეტერია/საპრესკონფერენციო;
  • საპარკინგე სივრცე.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია დაინტერესებული პირებისგან შეთავაზებებს 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით მიიღებს. შეთავაზება, სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიწოდების სავარაუდო ვადაზე.

_________________

მთავარი ფოტო: რაგბისტების ვარჯიში ჩაქვის სტადიონზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს

„საპენსიო სესხი გამოვიტანე 1080 ლარი და 2681 ლარს მახდევინებენ.

ხელშეკრულება პანდემიის დროს ისე შემიცვალეს, ბანკიდან არაფერი მკითხეს, ჩემი ხელმოწერაც არ დასჭირდათ და 47 თვის ნაცვლად 80 თვე მექნება სესხი გადასახდელი,“ – გვიყვება ბადრი ჯინჭარაძე. ის პენსიონერია, ქობულეთში ცხოვრობს და საპენსიო სესხი 2019 წლის ნოემბერში აიღო.

ბადრი ჯინჭარაძის საპენსიო სესხი, როგორც ყველა პენსიონერის ამ ქვეყანაში, მაღალპროცენტიანია. მას „ლიბერთი ბანკმა“ სესხი 35 %-ად მისცა.

ბადრი ჯინჭარაძესთან 2019 წელს  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას სესხი 47 თვეში უნდა გადაეხადა და ყოველთვიურად საპენსიო ბარათიდან 40 ლარს აჭრიდნენ. 4 წლის თავზე პენსიონერი ჯამში თავდაპირველი 1080 ლარის სანაცვლოდ 1858 ლარს გადაიხდიდა, საიდანაც 778.66 ლარი სესხის პროცენტია.

„პენსიაზე ავტომატურად მაჭრიდნენ 40 ლარს, მაგრამ 2020 წლის აპრილში, როცა პანდემია გამოცხადდა, ეს ფული აღარ ჩამომაჭრეს,“ – გვიყვება პენსიონერი, – „მითხრეს, რომ სამ თვეს გადასახადი აღარ მექნებოდა. სამი თვის შემდეგ კი, ისევ ჩამომაჭრეს სესხის ფული ცოტათი უფრო ნაკლები, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება.

ერთი თვის წინ შევიარე ბანკში, მოვიკითხე ჩემი სესხის ამბავი და მითხრეს, თქვენი სესხი 47 თვეში კი არა, 80 თვეში დაიფარება, შეიცვალა პირობებიო,“ – ამბობს ბადრი ჯინჭარაძე.

პენსიონერის თქმით, მისთვის ბანკიდან არავის შეუტყობინებია ის, რომ როცა სესხის გადახდა სამი თვით პანდემიის მიზეზით გადაუვადეს, ამ დროს ხელშეკრულების პირობა შეიცვალა. იგი ამბობს, რომ მას ხელი არაფერზე მოუწერია. ერთი თვის წინ, როცა ბადრი ჯინჭარაძემ გაიგო, რომ მისი სესხი 4 წლიდან თითქმის 7 წლამდე გაუზრდიათ,  ბანკიდან მხოლოდ სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი გამოატანეს.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ბადრი ჯინჭარაძის სესხი მართლაც 80 თვემდეა გაზრდილი. მას ამჯერად 1858 ლარის ნაცვლად, უკვე 2681 ლარის დაფარვას სთხოვენ. თუკი ხელშეკრულების თავდაპირველი პირობის მიხედვით პენსიონერის სესხის პროცენტი 778 ლარი უნდა გადაეხადა, ახლა მას მხოლოდ პროცენტში – 1460 ლარი დასჭირდება.

პენსიონერს ერთადერთი შეღავათი დაუტოვეს – მას ყოველთვიურად 40 ლარის ნაცვლად, საშუალოდ 36 ლარს და 32 თეთრს ჩამოაჭრიან.

„ბანკში მითხრეს, მთავრობა დაგეხმარათ და ამიტომ მოხდა ასეო, პანდემიის დროს ხომ გქონდათ შეღავათიო. დახმარება რა არის, თუ მე სესხს გამიზრდი და 4 წლის ნაცვლად 7 წელს მახდევინებ?“ – კითხულობს პენსიონერი.

ბადრი ჯინჭარაძის თქმით, მას ბანკისთვის ასევე მოუთხოვია პასუხი, რა უფლებით და რომელი სამართლის მიხედვით არ დასჭირდათ მისი თანხმობა, როცა 1080 ლარი სესხის სანაცვლოდ უკვე 2681 ლარს სთხოვენ?

„მითხრეს, სმს მოგივიდოდათო. არ ვიცი მე სმს-ები, არ ვკითხულობ. ხომ უნდა დაერეკა ვინმეს,“ – ამბობს პენსიონერი.

რატომ გაუზარდეს პენსიონერს სესხი და ჰქონდა თუ არა ბანკს კლიენტის თანხმობა, როცა 47-თვიანი სესხი 80 თვემდე გაზარდა? – კითხვებით „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრს მივმართეთ, მაგრამ აქ კონფიდენციალობის მიზეზით პასუხზე უარი გვითხრეს.

ბანკში დაგვპირდნენ საკითხის გარკვევას და გვითხრეს, რომ თავად დაუკავშირდებოდნენ პენსიონერს.

ბადრი ჯინჭარაძის თქმით, მისთვის ამ დრომდე [14 ივლისი] არავის დაურეკავს.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდები დაიწყო

დღეს, 14 ივლისს, მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია.

დღეს პრაქტიკოსი პედაგოგები ტესტირებას გაივლიან  პროფესიულ უნარებში.

მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება პედაგოგებს შეუძლიათ შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.

ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 2 800-მდე მსურველია დარეგისტრირებული.

როგორც მასწავლებელთა სახლში აცხადებენ, წელს, პრაქტიკოს მასწავლებლებს ბოლო შანსი ექნებათ იმისთვის, რომ თავიანთ საგანში საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაძლოა სკოლა დატოვონ.

___________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

შემოსულია „ფაიზერის“ 14 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა – გამყრელიძე

[crosslist]

  • Item 1
  • Item 2
  • Item 3

[/crosslist]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე შემოსულია „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა, რაც საკმარისია 14 ათასი ადამიანის ასაცრელად.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ეს პარტია საქართველომ მიიღო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად.

„ესაა პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულების, მეორე-მესამე პატრია უნდა შემოვიდეს თანდათან და მილიონი დოზა უნდა ჰქონდეს ქვეყანას წლის ბოლომდე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერით“ აცრები ამ ეტაპზე დაიწყება სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ამ ბმულზე. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.

სამინისტრო აცხადებს, რომ ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

 

იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში

გლემფინგი გლამურულ კემპინგს ნიშნავს. ეს ველურ გარემოში მოწყობილი, მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა.

ბათუმთან ახლოს და აჭარის მაღალმთიანეთში უკვე არაერთი ასეთი კემპინგი და სახლია. მყუდრო, დიდი და კომფორტული კარვები, ხის სახლები – მსუბუქი და ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი გარემოთი.

სამუშაო დღეების შემდეგ ასეთ სახლებში დასვენება ნამდვილი ნეტარებაა. ხის სახლები ძირითადად ტყეებსა და სიმწვანეშია.

გლემფინგის მთავარი სიკეთე ის არის, რომ ბუნებას და სიმშვიდეს მონატრებული ადამიანები შეუძლია გააბედნიეროს ისე, რომ მათ არც კომფორტი მოაკლდეთ.

ამჯერად რამდენიმე საინტერესო გლემფინგს მიგასწავლით აჭარაში.

ბუკნარი – არის  ასეთი სოფელი ბათუმთან ახლოს, სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ტრანსპორტით. ნამდვილი საოცრებაა, გაგახსენდებათ კუნძული კორფუ ჯერალდ დარელის წიგნიდან „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ამ წიგნში ლონდონის ნისლისგან დაღლილი ინგლისელების დიდი ოჯახი 4 შვილით მზიან საბერძნეთში მიემგზავრება ზაფხულში, გემით. სახლდებიან კუნძულ კორფუზე, მარწყვისფერ სახლში, რომელიც ციტრუსის ბაღშია ჩაფლული, ეზოში უამრავი მწერი ფუთფუთებს, ჰამაკებია გაბმული, მზე ჩახჩახებს და იქვეა ზღვა.

ზუსტად ასეთი სოფელია ბუკნარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ წიგნში ვიყავი.

„სანლენდი“/Sunland

სახლი ხისაა, „სანლენდი“ ჰქვია, შიგნითაც ყველაფერი ხის ფერია.

დიდი აივნიდან მოჩანს მხოლოდ ზღვა და ფორთოხლის ბაღები. როცა ციტრუსი შემოვა, აქ ყოფნას შემოდგომაზეც არაფერი სჯობს.

არსაიდან არავის ხმა არ ისმის, სიჩუმეა და შორს ჩანს ბათუმი – შენობებით, ნეონის განათებებით, პორტითა და ზღვაში ნელა მცურავი გემებით.

აქვეა ჩაქვის პლაჟიც – ფეხით ჩაირბენ ბილიკით ზღვამდე, იბანავებ და შენს მყუდრო ხის სახლში დაბრუნდები.

ვისაც ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება სურს, ბუკნარში უნდა წავიდეს.

„სანლენდი”

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ტერაბითია“

„ტერაბითია“ ხეზე აშენებულ ხის სახლს ჰქვია, რომელიც ქედის სოფელ დანდალოშია.

სახლი ნაძვნარშია ჩაფლული და შიგ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველაფერს გაეთიშოთ, თავი ბუნებრივ, ველურ გარემოში იგრძნოთ და ასეთ გარემოშიც კომფორტულად იცხოვროთ.

ხის სახლებში ორადგილიან ნომრებს გთავაზობენ კინოთეატრითა და მცირე ბიბლიოთეკით, ასევე – ამფითეატრს კოცონისთვის, მოსასვენებელ სივრცეებს და სპაზონას ჯაკუზითა და საუნით. მოკლედ, ეს ის ადგილია, აუცილებლად რომ ღირს წასვლა.

„ტერაბითია”

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ეკო ჰაუსი“

ქედის მუნიციპალიტეტშია ასევე ლუქსის ტიპის კოტეჯი „ეკო ჰაუსი”, კერძოდ, სოფელ სალიბაურში.

კოტეჯის ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.

დამსვენებელს აქ სთავაზობენ: ტრანსფერს, ექსკურსიას მერისის ხეობაში და აჭარული კერძების მასტერკლასს. მთებში, ბუნებრივ გარემოში, ადგილობრივებისთვის ჩვეულ კერძებს აქვე ამზადებთ თავად და აგემოვნებთ მეგობრებთან ერთად.

„ეკო ჰაუსი”

„ეკო ჰაუსის” ხის კოტეჯია ასევე „ემილი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. კოტეჯიდან ხეობის ულამაზესი ხედები იშლება. საძინებელი პირდაპირ ტყეშია გადაკიდებული, თითქოს ხის კენწეროებზე გძინავს.

კოტეჯთან ახლოსაა ასევე: მერისის ჩანჩქერი, მეძიბნას ჩანჩქერი, გვახას საპიკნიკე, მთა ნაკონაღვარი და ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

„ემილი”

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ჰილ ინნ“/Hill in

ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი ლაშქრობაში მძიმე ზურგჩანთით, ნაცნობი გრძნობა იქნება თქვენთვის, როცა დაქანცული მწვერვალებზე მიაბიჯებ და ნატრობ სადმე კომფორტული, უკვე გაშლილ-გამართული კარავი დაგხვდეს აბაზანით, ცხელი წყლით და იქვე პატარა კინოთეატრითაც, ოღონდ ისე, რომ მთის ხედი არ შეიცვალოს.

ასეთი ნატვრის ახდენაა სწორედ „ჰილ ინნ“-ის კეთილმოწყობილი კარვები ბათუმიდან სულ რაღაც 21 კილომეტრის დაშორებით.

აქ დაგხვდებათ დიდი ხის კასრებში მოწყობილი საუნა და ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, მცირე კინოთეატრი ფილმების დიდ ეკრანზე სანახავად, სრული კომფორტი და რაც მთავარია,  უზარმაზარი ტყე და პანორამული ხედები თვალწინ.

„ჰილ ინნ”

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„გლემფინგ თაგო”

Glamping Tago სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი კეთილმოწყობილი კარვების ,,დასახლებაა” სოფელ თაგოში. ეს სოფელი ხულოშია და იქამდე ძველი, წითელი საბაგირო მოძრაობს. გარდა იდეალური დასვენებისა და მწვანე სიმშვიდეში გატარებული დღეებისა, გლემფინგ თაგოში შემოგთავაზებენ საუზმესა და სადილს – ადგილობრივი მოსახლეობისგან შეძენილი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ვუდჰაიდი”/Woodhide

ეს კი ვუდჰაიდია, სასტუმრო-კოტეჯები აჭარაში, მაჭახლის ხეობაში, კერძოდ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ თქვენი პროდუქტით უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ადგილზე ყველაფერია: მაცივარი, კომფორტული სამზარეულო, შესანიშნავი სასადილო გარემო ვერანდასა და სახლში.

მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე

„ვუდფექერი”/Woodpecker

ესეც ხის კომფორტული ეკოკოტეჯებია აჭარის ბუნების წიაღში მთისა და მდინარის  ხედებით. ბუნებრივი სარეკრეაციო ადგილებით ტყის მასივში. ვუდფექერი ბათუმიდან 25 წუთის სავალზეა.
აქ არის ვერანდა მზის აბაზანებისთვის, ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, საპიკნიკე ადგილები, ნადირობისა და თევზაობის ტურები, სარელაქსაციო ღია ზონები, ჰამაკები, საქანელები და ადგილი შუაცეცხლისთვის, ასევე სასეირნო ბილიკები ველურ ბუნებაში.
კოტეჯში დაგხვდებათ: ადაპტირებული შესასვლელი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, პანორამული საძინებელი, აბაზანა, თეთრეული, კონდიციონერი, ტელევიზორი, ინტერნეტი და ყველა საჭირო ნივთი უზრუნველად დასვენებისთვის.
მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე
გლემფინგი სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა აჭარაში, ეს არის როგორც ზურგჩანთიანი მოგზაურებისთვის შესაფერისი გარემო, ასევე გლამურული დასვენების მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილი სივრცე, სადაც ისვენებთ ამ სიტყვის ყველაზე ნამდვილი გაგებით.
გლემფინგის ტიპის დასასვენებელ გარემოში იდეალურად გაატარებენ დროს წყვილები და მეგობრები, შესაძლებელია ოჯახთან, ბავშვებთან ერთად დასვენებაც, მაგრამ საჭიროა წინასწარ დარეკოთ ამა თუ იმ ადგილას, რათა გაარკვიოთ არის თუ არა კონკრეტულ სივრცეში ბავშვებისთვის შესაფერისი გარემო.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მწვანე გარემო და ბუნებაში დასვენება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. გლემფინგი მომავლის ტურიზმია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმშვიდე, პირველსაწყისებთან დაბრუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, ტყეში სეირნობა და ყველასგან შორს ყოფნა ენატრება.

„ფაიზერით“ აცრა ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი

დღეს, 14 ივლისს, საქართველოში შემოვიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“. ამ დრომდე უცნობია „ფაიზერის“ კონკრეტულად რამდენი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში.

„ფაიზერით“  იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია:

  • „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი“
  • „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“
  • „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“
  • ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“
  • ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“
  • ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ამ ბმულზე. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.

სამინისტრო აცხადებს, რომ ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებები და აქციები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

სილქნეტს ახალი და არსებული აბონენტებისთვის საზაფხულო აქციები და მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს . 

აქცია ინტერნეტი + ყველა ტელე არხი

ახლა კარგი დროა, რომ სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩაერთოთ, რადგან ახალ აბონენტებს საჩუქრები ელით. დარეგისტრირდით ორმაგ შეთავაზებაზე ინტერნეტი +ტელევიზია  და დასაჩუქრდით  ორი თვით ყველაზე მაღალი ტვ პაკეტით „პრემიუმ+“.შეთავაზებაში ჩართვა სილქფონით მოსარგებლე აბონენტებსაც შეეძლებათ, თუ ანგარიშზე დაიმატებენ ოპტიკურ ინტერნეტსა და სატელევიზიო სერვისს.

ტელე პაკეტში  200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტის და სეტანტას არხები, ასევე  საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი კონტენტი. ტელე სერვისზე დამატებით შეგეძლებათ გაიაქტიუროთ კინოკატალოგი Amediateka, სადაც HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებს და ახალ ეპიზოდებს მიადევნებთ თვალს. ასევე შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში,  პაკეტის შეუცვლელად, ინტერნეტი მეტი სიჩქარით გააძლიეროთ. „ბუსტი“, თვეში 4 ლარად, 20მბ/წმ-ით გაგიზრდით სიჩქარეს. 

ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით, გადაამოწმეთ თქვენი მისამართი, აგარაკი, რეგიონი სილქნეტის ოპტიკური ზონებში და შეუკვეთეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელევიზია გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით. ინსტალაცია უფასოა!

დაპორტირდი სილქნეტის მობილურ ქსელში და მიიღე ყოველთვიურად საჩუქარი!

თუ სილქნეტის მობილურ ქსელში დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე,  ყოველთვიურად, 2GB ინტერნეტ პაკეტს საჩუქრად მიიღებთ. პორტირება უფასოა!

აქციით სარგებლობა მხოლოდ  ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.
პორტირება შესაძლებელია, როგორც მომსახურების ცენტრებში, ისე ონლაინ

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ – სიმ ბარათს მსურველი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებს.  თბილისის მასშტაბით ბარათის მიწოდება უფასოა!

პორტირება სილქნეტში
პორტირება სილქნეტში
გადაეშვი საზაფხულო თავგადასავლებში სილქნეტის მობილური შეთავაზებებით

სილქნეტმა თქვენზე მორგებული პირობები „სილქ კოსმოში“ გააერთიანა.  შეგიძლიათ აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პაკეტები და მოარგოთ თქვენს აქტივობებს, დღის რეჟიმს. მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით, შეთავაზებებში დაბრუნდა ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად. ასევე შეგიძლიათ: 5 დღით ულიმიტოდ ინტერნეტის გამოყენება 4 ლარად და ერთი თვით, ღამის საათებში ინტერნეტის შეუზღუდავად სარგებლობა – 4,9ლარად. 

თვალი ადევნეთ საზაფხულო „სილქფესტებს“. ეს შეთავაზებები საშუალებას მოგცემთ მინიმალურ ფასად  ჩაირთოთ ულიმიტო ინტერნეტი და უსასრულო სასაუბრო დრო მთელი თვით, ან გაიაქტიუროთ ის შერეული კომბინაციები, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ზაფხული უფრო შინაარსიანი გახდება თუ National Geographic-ის ახალ ნომრებს გაეცნობით

ივლისის ნომერი სრულად ეძღვნება სეზონის ცხელ რეალობას; გლობალურ დათბობას; სიცხესთან გამკლავების მარტივ საშუალებებს.  ჟურნალი გვიყვება ესპანეთში, კან-მატაფას ნაგავსაყრელზე აღმოჩენილ ფასდაუდებელ არტეფაქტებზე, რომელთა შესწავლას პალეონტოლოგთა ალბათ 3-4 თაობა დასჭრიდება. ასევე, ჩრდილოეთ კენიის კონსერვაციაში ჩატარებულ ექსპერიმენტზე, რომელიც ამტკიცებს ადამიანებსა და ველურ ცხოველებს მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. 

National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა 2012 წლიდან სილქნეტის მხარდაჭერით გამოდის და ამიტომაცაა, რომ კომპანიის აბონენტებს ჟურნალი სპეციალურ ფასად მიეწოდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. გამოწერა შესაძლებელია ცხელ ხაზზე 2100100 დარეკვით ან SilkTV-ის მენიუდან, კატეგორიაში აპლიკაცია – ჟურნალის გამოწერის განყოფილების მეშვეობით.  

National Geographic
National Geographic
Silk GO – ტელევიზია სმარტფონში

სადაც არ უნდა იყოთ, ტელევიზიის ყურებას შეუფერხებლად შეძლებთ. დასასვენებლად მთაში, ბარში, ზღვაზე  თუ მიდიხართ, მაუწყებლობა  სმარტფონზე, პლანშეტზე გადაიტანეთ ან  ვებ ბრაუზერით უყურეთ. ამისათვის ჩამოტვირთეთ SilkGo აპლიკაცია.  

თქვენთვის სასურველ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან თვალი ადევნეთ სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას.  გაართეთ პატარები და გზაში საბავშვო არხები  ჩაურთეთ. სერვისს კინოკატალოგი Amediateka მოჰყვება, სადაც რეიტინგული სერიალები დაგხვდებათ, რომელსაც ასე სათუთად ინახავდით ზაფხულის შვებულებისთვის. აპლიკაციისთვის მთავარია ინტერნეტთან წვდომა! 

თუ გავითვალისწინებთ, რომ სილქნეტმა უახლესი ინტერნეტ ტექნოლოგია დანერგა საქართველოს ყველა კუთხეში და 7 ჯერ სწრაფ ინტერნეტს ერთი წელია აწვდის ქსელში ჩართულ მომხმარებელს, გაჯეტებში ტელეეთერის ყურება ისეთივე კომფორტული ხდება, როგორც პლაზმურ ეკრანზე. 

16 ივლისს იწყება „ფაიზერით“ აცრა, ვაქცინა საქართველოშია – სამინისტრო

დღეს, 14 ივლისს, საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

__________

ინფორმაცია განახლდება.

აჭარაში კოვიდის 107 ახალი შემთხვევაა | 14 ივლისი

14 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 183 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 242 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 1 010 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 1663 ახალი შემთხვევა – გასული დღე-ღამის მონაცემები

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1663 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3 753 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 721 მძიმე პაციენტია.

13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.46%.

გაიაქტიურეთ სილქფესტის ინტერნეტ და სასაუბრო მრავალფეროვანი პაკეტები მთელი თვით

  სილქნეტმა ინტერნეტ მოცულობები და სასაუბრო წუთები 14 ივლისის სილქფესტის  პაკეტებში გაანაწილა.  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ერთი ან რამდენიმე პაკეტი და მთელი თვით გაიაქტიუროთ სასურველი პირობა კომბინაციით *202#: 

[checklist]

  • 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 5 ლარად
  • 400 ლოკალური წუთი – 6 ლარად
  • 10 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 9 ლარად
  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად

[/checklist]

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. 
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს ადგილას – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16-17 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

Exit mobile version