მთავარი,სიახლეები

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

20.04.2021 • 7781
მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქართველმა სასულიერო პირებმა სამართლის საძიებლად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართონ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი წმინდა სინოდი, რომელიც აღდგომის შემდეგ უნდა შეიკრიბოს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებს დაკისრებულ სასჯელს არ გაუუქმებს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან (1917 წელი) დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა საპატრიარქოს აპელაცია მიეღოს თავის მიერ დასჯილი სასულიერო პირისგან და შემდეგ ამ სასულიერო პირს აპელაცია გაეგზავნოს მსოფლიო პატრიარქთან.

რა მოხდა?

2021 წლის 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში 16 სასულიერო პირის სააპელაციო მიმართვა შევიდა. აპელაციის ხელმომწერები ითხოვდნენ, მეორე ინსტანციის სასამართლომდე ანუ სინოდის სხდომამდე, წმინდა სინოდს შეეჩერებინა ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანება, რომლითაც ოთხ მღვდელს მსახურება აუკრძალა, ერთი კი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.

8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც 15 მღვდელმთავარი ესწრებოდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები იყო.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანახმად, შეკრებაზე მყოფმა მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მიტროპოლიტ სტეფანეს. ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე ამბები კი შეაფასეს, როგორც „გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებები, უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ“.

„იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს,“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

რატომ დასაჯა მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირები

მიტროპოლიტმა სტეფანემ 11 თებერვლიდან დღემდე 6 ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებების თანახმად, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი დაადო – ზოგს ღვთისმსახურება აუკრძალა, ზოგს – ზიარების მიღების უფლება, არქიმანდრიტ ათინოგენს წოდება ჩამოართვა და სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, გადააყენა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა, მოგვიანებით კი მისი სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. მიტროპოლიტი სასულიერო პირებისთვის დასჯას „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის“ მოტივით ხსნის.

თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ მიტროპოლიტის ბრძანებები პროცედურული ნორმების დარღვევითაა გამოცემული, რაც ამ გადაწყვეტილებებს უკანონოს ხდის.

„[მეუფე სტეფანეს ბრძანებებში] პროცედურული დარღვევებია, რადგან მეუფე სტეფანემ არ მოიწვია ადგილობრივი სასამართლო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა, სადაც გამოკითხავდა მამა ათინოგენესა და სხვა სასულიერო პირებს, მოუსმენდა მათ, გაიგებდა რაზე იყო საუბარი. თუ მოწმეები არსებობდა, მოწმეებს მოუსმენდა. ამ მოსმენის შემდეგ, თუკი ჩათვლიდა საჭიროდ, როგორც მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება ეს [საეკლესიო სასჯელის დადება] ერთპიროვნულად გადაეწყვიტა. მაგრამ რადგან მან პროცედურები დაარღვია, ეს ფაქტი უკანონოს ხდის მის გადაწყვეტილებას,“ – ამბობს თეოლოგი.

თეოლოგის თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ პროცედურული დარღვევებით გადააყენა დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან მონაზონი სოსანაც.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას წინამძღვრობა 29 მარტს ჩამოართვა.

„მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობა ჩამოართვა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, სჯულის კანონი აქ თავისუფლებას აძლევს ეპისკოპოსს. ამ ნაწილში მეუფე სტეფანეს ვერ შევედავებით, მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ არა ისე, როგორც მან გააკეთა. მან ეს გააკეთა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყოველგვარი დაწვრილებითი გამოკითხვისა იმ პრობლემებისა, რაც დედა სოსანას ჰქონდა. ეს იყო მიკერძოებითი, დედა სოსანასადმი წინასწარი ნეგატიური განწყობით მიღებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც პროცედურების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

მიტროპოლიტი სტეფანე აკეთებს ყველაფერს ვითომ კანონით, მაგრამ კანონით დადგენილ პროცედურებს არ ითვალისწინებს. წინამძღვრობა რომ ჩამოართვა, იქ მხოლოდ მონაზვნები არ უნდა ყოფილიყვნენ. იქ უნდა ყოფილიყო ყველა, ეპარქიის სამღვდელოებიდან, ყველა მონაზონი. ეს გაწერილია როგორც სჯულის კანონში, ისე დებულებაში. საეპარქიო საბჭოზე უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება იმის შემდეგ, რაც დედა სოსანას მიეცემოდა თავის მართლების საშუალება,“ – განმარტავს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და ორი მონაზონი ლასურიის დედათა მონასტერში გადაიყვანა. ბრძანება უჩვეულო ვითარებაში გამოიცა – მაშინ, როცა მონაზონი სოსანა მორჩილ ნინოსთან ერთად დედათა მონასტრის კართან იდგა და მონასტრის კარის გაღებას ითხოვდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზვნის და მორჩილის სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება, 1-ელ აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე გამოსცა. ბრძანებაში, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 23:18 საათზე გამოქვეყნდა, წერია: „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაში ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“.

ბრძანება კომენდანტის საათის დროს გამოიცა. მაშინ, როცა მონაზონი და მორჩილი მარტვილის დედათა მონასტრის კართან იდგნენ და კარის გაღებას ითხოვდნენ. მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ არ გაუღეს იმ მონასტრის კარი, რომლის აშენებაშიც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი, როგორც სასულიერო პირებს.

ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, 4 აპრილს, მიტროპოლიტმა სტეფანემ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისათვის“ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი) და ჩამოართვა არქიმანდრიტის წოდება. ასევე მღვდელმსახურება აუკრძალა 4 სასულიერო პირს – იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია კალანდიას.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სასულიერო პირების სააპელაციო მიმართვა, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დასაშვებად ცნო და მიიღო.

როგორც თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს – „სჯულის კანონის მიხედვით, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუკი დასჯილი პირები წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იქნებიან, სრული უფლება აქვთ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს საბოლოო განაჩენისთვის. საპატრიარქოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ პროცესის შესაჩერებლად“.

სად მდებარეობს და ვინ მართავს ჭყონდიდის ეპარქიას

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ორ მუნიციპალიტეტს – მარტვილს, აბაშას და ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს მოიცავს.

დღევანდელი ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) სახელს უკავშირდება. ის 13 წლის განმავლობაში, 2006 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ეპარქიის ხელმძღვანელი. თეოლოგთა თქმით, მეუფე პეტრე იყო პატრიარქის ფავორიტი მღვდელმთავარი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ეპარქიის პარალელურად მეუფე პეტრე 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“.

მიტროპოლიტ პეტრეს შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო. მიტროპოლიტი გრიგოლი ეპარქიაში 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაწესეს.

წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიას ორი თვის წინ კიდევ ერთხელ შეეცვალა მმართველი. ეპარქიას 2021 წლის 11 თებერვლიდან მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ხელმძღვანელობს. ის ამავდროულად არის ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსიც.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე

რა მოხდა 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე

2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის მაშინდელ ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) მღვდელმთავრობა ჩამოართვეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ პატრიარქმა, მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”.

თუმცა მიტროპოლიტ პეტრეს ჩამოშორების პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. 2008 წლიდან 2017 წლამდე მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრემ საქართველოს საპატრიარქოში არსებული სიტუაციის საჯარო კრიტიკა დაიწყო, სინოდმა ის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა.

რა აკავშირებთ მიტროპოლიტ პეტრესა და დასჯილ მღვდელმსახურებს 

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ათეულობით სასულიერო პირი საჯაროდ თუ პირად საუბრებში ჰომოფობიური ენის გამოყენებით ამბობენ, რომ საქართველოს პატრიარქი ჰომოსექსუალია.

იმ მღვდელმსახურთა უმრავლესობა, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა, მიტროპოლიტ პეტრეს უჭერს მხარს. ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები სვამენ კითხვებს, ითხოვენ სინოდმა გამოიძიოს და განიხილოს ის ბრალდება, რომელიც პატრიარქს აქვს წაყენებული. თუმცა ამ დრომდე საკითხის განხილვა არ დაწყებულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებებზე საუბრისას სასულიერო პირები ამბობენ, რომ არსებობენ მოწმეები, ვისაც პირადი ისტორიები აქვთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. მათივე თქმით, ასევე არსებობს კადრები, რომლებიც პატრიარქის პირად ცხოვრებას ასახავს.

რატომ არ სურთ სასულიერო პირებს მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად მღვდელმსახურება

ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი ღიად ამბობს, რომ მათ აქვთ კითხვები და სჭირდებათ ამ კითხვებზე პასუხები.

სამი თვის განმავლობაში, რაც მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიას ხელმძღვანელობს, მიტროპოლიტსა და სასულიერო პირებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.

პატრიარქის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ კითხვების დასმა გახდა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მონაზონ სოსანას დასჯის მიზეზიც.

სასულიერო პირთა ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს ღიად უწოდებს „ცრუ მიტროპოლიტს“. ისინი უარს აცხადებენ მასთან ერთად მსახურებაზე. ზოგიერთი კი ითხოვს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ნება დართოს, თავიან ლოცვებში აღარ მოიხსენიონ პატრიარქი.

რის საფუძველზე უყენებენ ბრალდებას სასულიერო პირები პატრიარქს – ბერი ათინოგენის მონაყოლი

ბერი ათინოგენი (მდივანი) ბალდის მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარია. მას მღვდლობა 2020 წელს შეუჩერეს, მაშინ, როცა ეპარქიას მიტროპოლიტი გრიგოლი (კაცია) მართავდა.

2021 წლის 4 აპრილამდე არქიმანდრიტის ხარისხი ჰქონდა, თუმცა მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით ის სამღვდელო ხარისხიდანაც განკვეთეს.

ახლახან ბერმა ათინოგენმა მონაწილეობა მიიღო „გირჩი TV“-ის გადაცემაში „დიდი ამბები“. ის სწორედ ამ გადაცემაში ჰყვება, რომ ყველაფერი, რაც ახლა საპატრიარქოს ირგვლივ ხდება, 2016 წელს „მისგან“ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სტიქაროსანი მასთან მივიდა და საპატრიარქოში მომხდარი ამბავი მოუყვა.

„ეს ადამიანი [სტიქაროსანი], თავისი ხელსაქმით შრომობდა, ცხოვრობდა. საპატრიარქოში სამუშაოდ მიიყვანეს, სადაც თავისი ხელსაქმით დაკავდა და უხაროდა, რომ იქ ადამიანებთან ურთიერთობით მეტი გაიცნობდა და თან პატრიარქთან ურთიერთობაც ექნებოდა,“ –  ასე ახასიათებს ბერი ათინოგენი სტიქაროსანს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მომხდარი ინცინდენტის შესახებ მოუყვა.

„როცა ის საპატრიარქოში შრომობდა, ერთ დღეს დაიბარეს მარხვის პერიოდში… [სტიქაროსანი] ამბობს: – „უშუალოდ პატრიარქმა მე ეს საძაგელი ცოდვის განცდა შემომთავაზაო“. შემეხოო, ასე ვთქვათ და მან ძლივს გამოასწრო იმ ოთახიდან. [ეს სტიქაროსანი] მივიდა ერთ-ერთ ეპისკოპოსთან, მოუყვა და მან უთხრა – შენ უშიშროების მოგზავნილი ხარ. მეორე ეპისკოპოსთან იყო მისული, მოუყვა თავისი გასაჭირი. ისევ უთხრეს, შენ ფული გაქვს ამაში აღებული და მოგზავნილი ხარო. მოკლედ, ეს ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში [იყო]. მთხოვა მეუფე პეტრემდე მიმაწვდენიე ხმაო“, – ჰყვება ბერი ათინოგენი.

ბერი ათინოგენის თქმით, თავდაპირველად თვითონ აპირებდა წასვლას საპატრიარქოში. თუმცა შემდეგ თავისი ეპარქიის მღვდელმთავართან, მიტროპოლიტ პეტრესთან (ცაავა) მივიდა და ყველაფერს მოუყვა.

„მეუფემ მითხრა: „მამაო, ვიცი მე ეს თემები, რამდენიმე ადამიანი არსებობს ასეთი. გპირდები, რომ აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და სინოდზე ამას განვიხილავთ“. სამი წელი დასჭირდა ამას. მანამდე, ამ სამი წლის განმავლობაში მე ვხედავდი, როგორ იყო ზრუნვა, რომ ეს ყველაფერი შიდა სამზარეულოში დარჩენილიყო და იქ გვესაუბრა ამ ყველაფერზე. შემდეგ ამ ციანიდის საქმე დაერთო ამ ყველაფერს,“ – ჰყვება ბერი ათინოგენი.

ბერი ათინოგენი და მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილის ეპარქიაში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს

სამი წლის შემდეგ, 2019 წელს, ამ საკითხის სინოდზე დაყენებას მიტროპოლიტ პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენება მოჰყვა. სინოდმა პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გაუშვა „მოსანანიებლად“.

ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი დანიშნეს – მიტროპოლიტი გრიგოლი. 2019 წლის შემდეგ ის სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიაში მდებარე სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდნენ, პერიოდულად ხვდებოდნენ მიტროპოლიტ გრიგოლს და ითხოვდნენ – სინოდს განეხილა ის ბრალდებები, რომლებიც პატრიარქის მიმართ არსებობს. ბერ ათინოგენს კითხვების დასმა მღვდლობის შეჩერებად დაუჯდა.

„ჩემს ეკლესიაში, რომელთანაც მივედი და მთელი ჩემი ცხოვრება ეკლესიის წინაშე გავშალე, გავფინე და მივენდე, ამ ეკლესიაში ასეთი ბრალდებების ნაკადი ისმის. მე ვეღარ გავუძელი ამას. ჩემს ადგილას სხვა რას იზამდა? ასეთი ბრალდებების განცდაში როგორ უნდა ვილოცო? როგორ დავდგე ტრაპეზის წინ? ვერ წარმომიდგენია, იდგე, იძახოდე ტიტულებს, თან იცოდე, რომ ეს ბრალდებებია და არავის გამოძიება არ უნდა. თან გეუბნებიან – შენ ვინ გეკითხება ამას? როგორ მეუბნებით ამას, რომელიმე იერარქი, როცა ქრისტემ თავის მოწაფეებს ასე უთხრა – „მე ყოველივე განგიცხადეთ თქვენ, ამიტომ მონებს არ გიწოდებთ. მონამ არ იცის რას აკეთებს თავის ბატონი. მე თქვენ მეგობრად გიწოდეთ, მე თქვენ ყოველივე განგიცხადეთო“.

როგორ მეუბნებით რომელიმე იერარქი ამას, რომ მე არ უნდა ვიცოდე რა ხდება ჩვენს ოჯახში. როგორ მეუბნებით ამას, რომ მე არ უნდა ვიცოდე თქვენ როგორ ცხოვრობთ? ვერ დავეთანხმები, როდესაც იერარქი მეუბნება – ვინ გეკითხება შენი პატრიარქი როგორია. მე ვფიქრობ, რომ ეს ქრისტიანული სწავლება არ არის.

აქედან გამომდინარე მივედი მეუფე გრიგოლთან და ვუთხარი – მე ვეღარ ვლოცულობ, ვეღარ მოვიხსენიებ [ლოცვებში] ამას [პატრიარქს]. აქედან გამომდინარე გაარკვიეთ, მიშველეთ, მეც, რადგან მეც ეკლესიის შვილი ვარ. [მეუფე გრიგოლმა] მითხრა ასეთი რამე – მოხსენებითი ბარათი დაწერე და მე უფროსებთან წავიღებო. გამოვართვი ეს. მოხსენებითი ბარათი დავწერე, აღვწერე ყველაფერი და ვითხოვე – მომეხმარეთ, ვეღარ ვლოცულობ, ვეღარ ვიხსენიებ ამ ადამიანს [პატრიარქს]. არ ვიხსენიებსა და ვეღარ ვიხსენიებს შორის ხომ არის განსხვავება? არ შემიძლია ასე. წაიღო ეს უფროსებთან. რამდენიმე დღეში ფურცელი მომიტანეს, სადაც ეწერა, რომ მღვდლობა შემიჩერდა,“ – იხსენებს ბერი ათინოგენი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ამბებს.

რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ

თეოლოგი ზვიად ცაბაძე განმარტავს, რომ კანონიკურად, როდესაც ღვთისმსახური შეწყვეტს პატრიარქის მოხსენიებას ლოცვებში, რომელიც მისი ვალდებულებაა, ის ექვემდებარება მღვდელმთავრისგან სასჯელს.

„ვისაც ადანაშაულებს ეს მღვდელი და არ იხსენიებს [ლოცვებში], სანამ მას [ბრალდებულს] კრება არ განსჯის, მღვდელს არ აქვს უფლება, რომ მასზე ლოცვა შეწყვიტოს.

ჩვენ რა ვითარება გვაქვს – ბრალდებულია პატრიარქი. გამოდიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, იგივე მეუფე სტეფანეც, სხვადასხვა მღვდელმთავრები და ამბობენ, რომ კრება, რომელმაც პატრიარქის ბრალეულობა უნდა განიხილოს, არ გაიმართება. ლაფსუსია ეს კანონიკურად. არ შეიძლება ბრალდებული ეპისკოპოსი დარჩეს ბრალდებულად და კრებამ ეს არ განიხილოს.

ამ შემთხვევაში იმ მღვდლებს ნამდვილად ჰქონდათ უფლება, როდესაც ეს ფაქტები გაჟღერდა, რომ მასზე ლოცვა შეეწყვიტათ. იმიტომ, რომ მათ წინასწარ უთხრეს – კრება ამას არ განიხილავს. მათთვის რომ ეთქვათ, რომ კრება განიხილავს ამ ამბავს და სანამ კრება განიხილავდა, მანამდე შეეწყვიტათ, მაშინ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ საეკლესიო სასჯელს,“ – განმარტავს თეოლოგი.

სინოდის მოლოდინში – რა მოხდება თუკი სინოდი არ განიხილავს დასჯილი სასულიერო პირების საკითხს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სინოდის სხდომა აღდგომის შემდეგ გაიმართება. ჯერ არ არის ცნობილი საკითხები, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ სინოდი დასჯილი სასულიერო პირების აპელაციასაც განიხილავს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სინოდი აღდგომის შემდეგ დადგენილ კრებაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ დასჯილ სასულიერო პირებს არ მოუსმენს. თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ ამ შეთხვევაში მღვდელ-მონაზვნებს საშუალება ექნებათ აღარ დაელოდონ სინოდს და პირდაპირ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს.

„პირველ რიგში წინასწარ უნდა იყოს ცნობილი სინოდის თარიღი. ამის გაჭიანურება ეკლესიაში სიმშვიდის დასამყარებლად არ შეიძლება. თუ წმინდა სინოდი ამ საკითხს არ განიხილავს და იტყვის, რომ აი, მერე, მომდევნო სხდომაზე განვიხილავ, ეს უკვე სრულ უფლებას აძლევს დასჯილ მღვდლებს, რომ პირდაპირ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს. აღარ უნდა დაელოდონ მომდევნო სინოდს იმიტომ, რომ ეს არის ბრალდების/საჩივრის აცილება, უარის თქმა. დასჯილ სასულიერო პირებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეს სინოდის განჩინების გამოქვეყნებისთანავე,“ – განმარტავს თეოლოგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: