Batumelebi | როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის – Batumelebi
RU | GE  

როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაღვარევი ზღვის დონიდან 1347 მეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. საჯარო სკოლაში 23 ბავშვი სწავლობს. წელს ამ სოფელში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სკოლას თავისუფლად შეეძლო სწავლა სასკოლო გარემოში განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ნაღვარევის სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ტელეფონის სიხშირე ძალიან ხშირად სუსტია და მასწავლებლებთან არათუ ინტერნეტით, არამედ სატელეფონო კავშირიც კი ჭირს. „ბათუმელები“ გოგოებთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა. მათი ტელეფონები ძირითადად მიუწვდომელი იყო და მხოლოდ პერიოდულად ირთვებოდა.

ნანო ბერიძე ამ სოფლის მცხოვრებია, ის მეთერთმეტე კლასში სწავლობს და როგორც გვეუბნება, რადგან სოფელი მაღალმთიანია, ჭირს როგორც ინტერნეტი, ისე სატელეფონო კავშირი. „ინტერნეტი ფაქტობრივად არ გვაქვს“, – გვეუბნება ნანო.

„ტელეფონზე გვირეკავს მასწავლებელი და ასე გავდივართ გაკვეთილებს. ძალიან არაკომფორტულია, რადგან ტელეფონის სიხშირეც წყდება ხშირად – ხმა არ ისმის. არც დავალებების გადაგზავნა ხერხდება მასწავლებელთან. უბრალოდ ტელეფონში ვეუბნებით, როგორ გავაკეთეთ დავალება და ვუკითხავთ რა გავაკეთეთ.

კლასში ორი ბავშვი ვართ. ინგლისური კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ მათემატიკა ძალიან რთულია ტელეფონით ისწავლო. ცდილობს მასწავლებელი, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია ყველაფერი სწორად გაიგო. დიდები რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ პატარა ბავშვებმა ტელეფონით როგორ უნდა ისწავლონ, ვერ წარმომიდგენია.

შესაბამისად, ამ სოფელში ბავშვები ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ სარგებლობენ 10-ლარიანი შეღავათიანი ინტერნეტით, – ტელეფონის სიხშირე ან არ არის, ან ძალიან ცუდია. ნანოს თქმით, ამის გამო 3-4 მოსწავლე თითქმის ყოველ დილით სოფლის ცენტრში გამოდის, რომ როგორმე სიხშირე დაიჭირონ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ.

თითოეულ კლასში, ძირითადად, ორი მოსწავლეა, ზოგან – ერთი. მოსწავლეების თქმით, დისტანციის დაცვა პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მათ მაინც ტელეფონით უწევთ გაკვეთილების მოსმენა.

ნანო ამბობს, რომ სოფელში ტრანსპორტის პრობლემაცაა, ამიტომ თუ მოსწავლემ რეპეტიტორთან მეცადინეობა გადაწყვიტა, სოფლიდან დროებით მაინც უნდა გადასახლდეს.

„დილით რომ გაყვე „მარშრუტკას“ ბათუმში და საღამოს დაბრუნდე სახლში, ამის საშუალება არ არის. სოფელში მხოლოდ სამი საათისთვის ამოდის „მარშრუტკა“ და უკან მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდება. ამიტომ, თუ ნაშუადღევს გაყვები, სადმე უნდა დარჩე. ეს, ბუნებრივია, პრობლემაა. ან მეზობელ სოფელში, ინწკირვეთში უნდა გახვიდე, რომ ტრანსპორტით იმგზავრო“, – ამბობს ნანო.

ნაღვარევში ცხოვრობს ხატია ქათამაძეც, ის მეთორმეტეკლასელია, შესაბამისად, აბიტურიენტია. ნანოს მსგავსად მასაც გაკვეთილების მოსმენა ტელეფონით უწევს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სიხშირე არის. თუმცა არის შემთხვევები, როცა გაკვეთილები ვერც ტელეფონით ტარდება, რადგან დარეკვაც შეუძლებელია.

„ინტერნეტი იჭერს ძალიან ცუდად, გაკვეთილზე ვერ ვახერხებთ ონლაინ დასწრებას.  მასწავლებლები გვირეკავენ ტელეფონზე, რაც სწავლების ხარისხსაც უშლის ხელს. ხშირად მობილურის სიხშირეც არ არის, ძალიან რთულად იჭერს ტელეფონი. ცუდ ამინდშიც ძნელად იჭერს და ზოგადად, ცუდი კავშირია მთელ სოფელში. აქედან გამომდინარე, ხშირად ვერც ტელეფონით გვიტარდება გაკვეთილი. მეორე დღეს ორმაგი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, თუ სიხშირე იქნა. მეთორმეტეში ოთხი მოსწავლე ვართ სულ.

კერძო მასწავლებლებთან ჯერჯერობით არ დავდივართ, მაგრამ ოთხივე ვაპირებთ. ალბათ მეორე სემესტრიდან ვივლით“, – ამბობს ხატია.

მათი ოჯახებისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება, რადგან რეპეტიტორის ანაზღაურების გარდა მგზავრობის ხარჯებიც უნდა გაითვალისწინონ – ბათუმამდე და უკან მგზავრობა 16 ლარი ღირს.

იმის გამო, რომ სოფელში ინტერნეტის პრობლემაა, შარშან ექვსი თვით სოფლის მიტოვება მოუხდა დიანა ბერიძეს. „ქობულეთში ნათესავთან დავრჩი, რადგან სოფლიდან ყოველდღე ვერ ვახერხებდი რეპეტიტორთან სიარულს.

თითქმის მთელი წელი დისტანციურზე ვიყავით, ვიდეოჩართვები არ გვქონდა, ვერც დავალებები მოწმდებოდა სათანადოდ. ამიტომ მომიხდა რეპეტიტორთან მომზადება. ჩავაბარე და წელს უკვე სტუდენტი ვარ“, – გვეუბნება დიანა.

განათლების სამინისტრომ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად მიიღო და არა ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამის გამო სამინისტროს მიმართ გაჩნდა კრიტიკა მშობლების მხრიდან. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა მინისტრმა, რომ სწავლას სასკოლო გარემოში 4 ოქტომბერს განაახლებენ, ოღონდ მხოლოდ პირველკლასელებისთვის, უფროსკლასელები კი მხოლოდ იმ სოფლებსა და რეგიონებში შეძლებენ სკოლაში სიარულს, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლი 4%-ზე დაბალია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com