მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ირწმუნება, რომ ბათუმში ჩიქოვანის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“

20.09.2021
„ოცნება“ ირწმუნება, რომ ბათუმში ჩიქოვანის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“

დღეს, 20 სექტემბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი რეიტინგებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

მეტიც, „ოცნება“ ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანის რეიტინგი ბათუმში უფრო მაღალია, ვიდრე პარტია „ქართული ოცნების“.

„ოცნების“ ცნობით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ 54.1 პროცენტი, გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,6 და ირაკლი მიქელაძე, „საქართველოსთვის“ – 4,6 პროცენტი.

ბრიფინგზე „ოცნებამ“ წარმოადგინა პარტიული რეიტინგებიც, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბათუმში 49.2 პროცენტია.

განსხვავებული რეიტინგი გამოაქვეყნა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა 2021 წლის ივლისში.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ – 39%, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 20%, ენმ – 16%, ევროპული საქართველო – 5%, ლელო – 3%, ლეიბორისტები – 3%, ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე) – 3%, პატრიოტთა ალიანსი – 3%, გირჩი – 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

აქამდე ბათუმში მხოლოდ ერთ არჩევნებზე გახდა შესაძლებელი ქალაქის მერის პირველივე ტურით არჩევა  – 2017 წელს ბათუმში ლაშა კომახიძემ 55.95 მიიღო. კომახიძეს უფლებამოსილების ვადა წელს ეწურებოდა, თუმცა, 2020 წელს, კომახიძე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აიძულეს გადამდგარიყო და მერის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: