მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ყოველდღიურად ათობით ათასი ლარის ღირებულების ხრეშს იპარავენ. „ბათუმელებმა“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ სერიულ ქურდებს არც პოლიცია უშლის ხელს, არც ფინანსთა და არც გარემოს დაცვის სამინისტროები.
კონკრეტული მაგალითებით და ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით მოგიყვებით სქემაზე, რომელშიც ჩართული არიან მძღოლები, გადამზიდავები, პოლიციელები, გარემოსდამცველები, მაღალი თანამდებობის პირები და „კანონიერი ქურდები“ თუ მათი დამხმარეები.
„გლეხი აქედან ერთ ურიკა ხრეშს ვერ ამოიღებს. მამაჩემის საფლავის გაკეთებისთვის მინდოდა ხრეში და დამაჯარიმეს“, – უყვება „ბათუმელებს“ თხილნარის ერთ-ერთი მკვიდრი. – „თქვენც გირჩევთ, დაანებოთ ამის დევნას თავი, ამ ტბებში ისე დაგმარხავენ, ვერავინ გიპოვით“, – აგრძელებს კაცი და თვალს ავლებს სივრცეს ჭოროხის სანაპიროზე.
ტერიტორია ნაომარ ველს ჰგავს უზარმაზარი ორმოებით, წვიმიან ამინდში ტბად რომ გადაიქცევა. ზღვიდან და მდინარიდან შემოსულ წყალს მოჰყვება თევზიც.
აქაურები ამბობენ, რომ მართალია, მათი საცხოვრებელი გარემო ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანეს კერძო კომპანიებმა კორუმპირებული მოხელეების ხელშეწყობით, მაგრამ ერთი სიკეთე მაინც მიიღეს – ამ ადგილებს თევზი შემოეჩვია, რომელსაც იჭერენ, ბაზარზე ყიდიან და ასე არჩენენ ოჯახებს.
სქემის თანახმად, ხრეშის სერიული ქურდები აუცილებლად გაჩვენებენ ლიცენზიას, რომელიც გურიის მუნიციპალიტეტებშია გაცემული ან ზეპირსიტყვიერად გეტყვიან, რომ აქვთ ეს ლიცენზია.
საქმეში ჩახედულები გვიყვებიან, რომ გურიაში 1 კუბი ინერტული მასალის მოპოვება, ლიცენზიის ჩათვლით, 90 თეთრი ჯდება. აჭარაში ეს 5 ლარს უტოლდება. შესაბამისად, გურიაში ლეგალურად მოპოვებული ქვიშა-ხრეშს ქედაში ან ხელვაჩაურში, მდინარეების – ჭოროხის ან აჭარის წყლის სანაპიროზე ასაწყობებენ. შემდეგ კი, აქვე, უკანონოდ მოიპოვებენ ათასობით კუბ ინერტულ მასალას.
„ბათუმელების“ მონიტორინგის თანახმად, ხრეშის სერიულ ქურდებს ხელს არც პოლიცია უშლის და არც გარემოს დაცვის სამსახური.
იოლი გასაგები რომ იყოს, თუ რა თანხებზეა საუბარი, გთავაზობთ ბაზარზე არსებულ ფასებს და სქემას: 1 კუბი დამუშავებული ინერტული მასალის ფასი 30-35 ლარია ადგილზე მიტანით. დაუმუშავებლის – 15-20 ლარი.
დღე-ღამის განმავლობაში, მდინარეებზე – ჭოროხსა და აჭარისწყალზე 100-150 ათასი ლარის ღირებულების ინერტულ მასალის ამოღებაა შესაძლებელი. ერთ სატვირთო ავტომანქანაზე თავსდება 20 კუბი ინერტული მასალა;
- ეპიზოდი I
„ერთი კენჭი ვერ გავა ჭოროხიდან ქურდების ნებართვის გარეშე“ – უყვება „ბათუმელებს“ ერთ–ერთი ბიზნესმენი. გოგა [სახელი და სხვა ყველა მაიდენტიფიცირებელი მონაცემი შეცვლილია] თავადაც იყო მომპოვებელი და ამბობს, რომ ბიზნესის წილები პირადად მას მოსთხოვა „კანონიერმა ქურდმა“ „ენცომ“.
მოთხოვნაზე უარის შემდეგ მას ესროლეს.
გოგა ამბობს, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ეშინია, რომ შეიძლება მოკლან. გოგა გაზაფხულზე ერთხელ უკვე დაჭრეს. ის ინერტული მასალების ბიზნესით იყო დაკავებული – მოპოვება, გადაზიდვა. ბიზნესს თავი დაანება, რადგან, როგორც ამბობს, სხვა გზა არ დაუტოვეს.
„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მე როცა შემომთავაზეს მინდიასთან [ლავასოღლი] მუშაობა, უნდა დავთანხმებულიყავი. არ ვიცოდი, რომ მთავრობას ეს ყველაფერი ქურდებზე ჰქონდა მიცემული. „თანამშრომელიც“ რომ იყო და შეხვიდე, თუ პატრონი არ გყავს, დაბადების დღეს გაწყევლინებენ“, – ასე დაიწყო თავისი ამბის თხრობა გოგამ.
გოგა გვიყვება, რომ ვიდრე ესროდნენ, მანამდე მის დაჭრაზე გამოაცხადეს „პრაგონი“ [ნებართვა ქურდული სამყაროს ენაზე – ავტ].
„მე როცა „ენცოს“ უარი ვუთხარი ბიზნესიდან პროცენტების მიცემაზე, გამაფრთხილეს ძველმა ბიჭებმა, რომ აპირებდნენ სროლას. არადა ძალიან მაღალი პროცენტი მომთხოვა და მუშაობა აზრს კარგავდა. სადღაც ერთი თვე მდევდნენ. პოლიციასაც ვუთხარი ყველაფერი.
ვფიქრობდი, რომ ფეხში დამჭრიდნენ. შავ სამყაროში ყველასთან ურთიერთობა მქონდა, ვიცნობდი, ამიტომ მაინც არ მეგონა, რომ ბოლომდე გამიმეტებდნენ“, – გვიყვება გოგა.
გოგას თქმით, ამ საქმეში ქურდებს ყველაზე მსხვილი ბათუმური კომპანიები ჰყავთ პარტნიორებად:
„ერთ–ერთი ასეთი დიდი კომპანია ხელშეკრულების პირობების დარღვევას მომედავა – ვერ მივიტანე იმდენი ხრაში, რამდენიც უნდა მიმეტანა: ქურდს წილები რომ არ მივეცი, ხან მძღოლები ამიბუნტეს, ხან სხვა პრობლემები შემიქმნეს.
კომპანიაში დამიბარეს და მითხრეს, რომ პირობის შეუსრულებლობის გამო, რაც მივიტანე იმის ფულსაც აღარ გადამიხდიდნენ. 80 ათას ლარამდე იყო. ეს ფული უკვე ერთ–ერთი ქურდის ანგარიშზეაო. მერე იყო საქმის გარჩევა. გარჩევის შემდეგ იმ ქურდმა ფული დააბრუნა, მაგრამ „ენცომ“ დაიბრალა, რომ თითქოს მან დააბრუნებინა და ფული ჩემიაო“.
გოგაც საუბრობს სქემაზე, რომლითაც, მისი შეფასებით, ყოველდღიურად 100-150 ათასი ლარის ღირებულების ინერტულ მასალებს იღებენ აჭარისწყალსა და ჭოროხზე. სქემა, რომელზეც გოგა და ასევე რამდენიმე საქმეში ჩახედული პირი გვიყვება, იდენტურია:
„გათვლა არის გურიის საბუთზე: კომპანიას რამდენიმე მანქანა ხრეში მოაქვს გურიიდან და დასაწყობება ხდება ჭოროხზე ან აჭარისწყალზე. გურიაში 40 თეთრში გაქვს ეს საბუთი [ლიცენზია] ნაყიდი და მაქსიმუმ 90 თეთრი ჯდება ერთი კუბის აქ ჩამოტანა. ბათუმში ლიცენზია ღირს 5 ლარი. ეს ძალიან დიდ ფულადი სხვაობაა. ეს რომ არა, რატომ წაიღებ ხრეშს ხელვაჩაურში და მით უფრო ქედაში.
შესაბამისად, გურიიდან მოგაქვს ხრეში და ასაწყობებ ჭოროხზე. პარალელურად იწყებ ხრეშის ამოღებას მდინარიდან. იღებ მთლიანად და მერე გადადიხარ მდინარის სხვა მონაკვეთში. თუ ვინმე უცხო მოგაკითხავს, მაგალითად ჟურნალისტი, ეტყვი, რომ გურიიდან ჩამოიტანე და ლიცენზიას აჩვენებ.
გარემოს დაცვას შეუძლია ამის კონტროლი, მაგრამ გარემო მთლიანად შეკრულია მაგათთან, ფინანსურიც“ – აცხადებს გოგა.
„ბათუმელები“ ესაუბრა პოლიციელებს, რომლებმაც დაადასტურეს გოგას დაჭრის ფაქტი.
ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
- ეპიზოდი II
„არ უნდა გადაიღო წესით“ – იმპერატიულად ითხოვს ახალგაზრდა კაცი ჭოროხზე ერთ-ერთი მორიგი გასვლისას. ის მას შემდეგ გამოჩნდა ჭოროხის სანაპიროზე, რაც „ბათუმელების“ ჯგუფი შენიშნეს. „ზედმეტ აჟიოტაჟს იმას იზამ“, – ასეთია მისი პასუხი კითხვაზე, რატომ არ უნდა გადავიღოთ.
____
„ბათუმელებმა“ ამ თემაზე მუშაობა მაისის თვეში დაიწყო და ისევ აგრძელებს.
გაგრძელება იქნება
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.