მთავარი,სიახლეები

სააგენტო ადასტურებს, რომ „ამბასადორი“ ბულვარში უკანონოდ აშენებს

20.09.2021 • 1573
სააგენტო ადასტურებს, რომ „ამბასადორი“ ბულვარში უკანონოდ აშენებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტს სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. ეს კომპანია ძველ ბულვარში უკანონოდ აშენებს მე-17 სართულს: დაწყებული აქვს კოლონების ჩამოსხმისა და გადახურვის სამუშაოები. „ამბასადორის“ დამტკიცებული პროექტი 16-სართულიანი იყო [დამატებით სამი მიწისქვეშა სართული].

უკანონო სართულის მშენებლობა „ბათუმელებმა“ 17 სექტემბერს აღმოაჩინა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დღეს, 20 სექტემბერს, ბრიფინგი სწორედ ამის საფუძველზე გამართეს.

„დაფიქსირდა პროექტისგან გადახვევა, სართულებს შორის გადახურვების ზომები არის მცირედით გაზრდილი. თითო სართულის ფილა უნდა ყოფილიყო 26 სანტიმეტრი და არის 27. ამან მოგვცა სხვაობა სიმაღლეში. სხვა ყველაფერი პროექტის შესაბამისია. გარდა ამისა, მეთექვსმეტე სართულის ზემოთ მოწყობილია კოლონები, რაც არ შეესაბამება პროექტს. ეს კოლონები არ არის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული“, –  განმარტა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლეგ ბოლქვაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დარღვევასთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება – „ვამზადებთ გაფრთხილებას სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეჩერებას“.

სააგენტო ვარაუდობს, რომ კომპანია პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდება. „ასევე თუ არ მოხდა პროექტის კორექტირება, მოვითხოვთ დემონტაჟს. ცვლილების გარეშე ეს არის უნებართვო სამუშაოები და ექვემდებარება დემონტაჟს“, – განმარტავს ოლეგ ბოლქვაძე.

აპირებს თუ არა კომპანია მიმართოს სააგენტოს პროექტის კორექტირების მოთხოვნით, თუნდაც პოსტფაქტუმ, სართულის აშენების შემდეგ? – სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ არ იციან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ამბასადორს“ ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი სივრცის მოწყობა სურს. თუმცა უცნობია, ეს მეჩვიდმეტე სართული იქნება, თუ პირობითად მეოცე. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა სიმაღლეზე აპირებს კომპანია შეჩერებას.

ბათუმში 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, რომ 7 კორპუსი შენდება უკანონოდ გოგოლის ქუჩაზე. პროტესტის მიუხედავად, ეს მშენებლობა დღემდე ვერ შეაჩერა მერიამ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია დააჯარიმეს.

არ არის გამორიცხული, იგივე განმეორდეს „ამბასადორის“ შემთხვევაშიც.

___

ძველ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ბათუმის მოსახლეობა რეგულარული საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა. ამის მიუხედავად, სააგენტომ მაინც გასცა ამ მასშტაბის მშენებლობის ნებართვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: